ნაწარმოებები



ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
7 ნოემბერი, 2017


***


რომელი მედიუმი მე ვარ, დედოფალო?! -
ხილულებთან ვეღარ ვსაუბრობ.
აღარც ის ვიცი,
როგორ სხდებიან სანთლის შუქზე
თითებთან ერთად
საიქიოდან მოხმობილი უცხო სულები,
იქნებ, თეფშის ქვეშ მიძვრებიან?..
გკითხავ და მარქვი, დედოფალო,
როგორც წმინდანს, გკითხავ და მარქვი:
რატომ ძიძგნიან თვისტომნი თვისტომთ
ლეშიჭამია სვავებივით,
ფასკუნჯებივით?..
ერთმანეთს რად ანაწევრებენ?
ნუთუ იმიტომ, რომ სქელ-სქელი შრომები უძღვნან
კანიბალებს და სისხლისმსმელებს?
ძვლის კამათლები გამოთალონ,
ვინძლო ბედს გულზე მოეფონოს მათი ჩხაკუნი?
გკითხავ და მარქვი, დედოფალო,
როგორც წმინდანს, გკითხავ და მარქვი,
დღეს პაზლივით ვისაც გაწყობენ:
შენი მარჯვენა შენს მარცხენას როდის იპოვის?
როდის იპოვის თეძო - თეძოს,
ლავიწი - ლავიწს?..
ლისაბონიდან გოამდე და ისპაჰანამდე,
ისპაჰანიდან აქამომდე -
როგორ ჰგავხარ ქრისტეს და მიწას,
მიწას და ქრისტეს,
ვისთვისაც და რისთვისაც ევნე!..
გკითხავ და მარქვი, დედოფალო,
როგორც წმინდანს, გკითხავ და მარქვი:
როდესაც სული გაღმაა და ხორცი - გამოღმა,
ხორცი კიდევ როგორღა დადის,
რა ძალა ზიდავს?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები