ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
7 ნოემბერი, 2017


ვინ დათვლის

რაც ამ ქალაქში ქარს უქროლია,
რაც ამ ქალაქში წვიმა მოსულა,
რაც აქ ამბები მოუყოლიათ,
სიმღერები და ლექსები თქმულა.

მტკვარს მოყოლილი ყველა თოლია,
მთაწმინდის ყველა ახალი მთვარე,
რაც ამ ქალაქში გაუსროლიათ,
გინდა მტერსა და გინდა მოყვარეს.

რაც აქ ზარები დაურეკიათ,
ხან ლხინისა და ხანაც განგაშის,
რაც აქ მიჯნურებს გაურეკიათ
და დაუხრჩვიათ თავები მტკვარში.

რაც ამ ქალაქში ახსოვთ სტუმარი,
ყველა ეზოში და ყველა სახლში.
რამდენი გიჟი, ლოთი, ხუმარა
დაბადებულა აქ, ამ ქალაქში.

დაუწყევლიათ რაც ეს ქალაქი,
რაც ეს ქალაქი დაულოციათ.
მოურჩენია აქ რამდენ აქიმს
და რამდენ ჯალათს დაუხოცია.

უმიჯნურია რამდენ დარეჯანს
და უმეფია რამდენ თინათინს.
ვის დაუთვლია ნეტა, ძმაოჯან?
ანდა ვინ დათვლის?..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები