ნაწარმოებები



ავტორი: თემური მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
7 ნოემბერი, 2017


ზამთარი


აი, ძველებურად გაქრა შემოდგომა,
მყისვე გაიყოლა სითბო უამრავი.
აი, ფანჯარაშიც ისევ შემოთოვა,
როცა ნაცნობ ჩიტებს ლუკმა გავუყავი.

წვეთად შერჩენილი ყინულ-ლოლოებზე
ლუკმა კი არა და სითბოს
ბოლო ბწკარი,
სულში შემორჩენილ ღია ორმოებზე
ცივი ზამთარიც კი მედგრად მივიკარი.

მერე ხის ტოტებში ქარი აწრიალდა,
ერთი ჩასუნთქვა და... სისხლიც გაიყინა,
მერე ნოემბერიც სულში ჩამისახლდა
თეთრად შეფერილი, ცივი აივნიდან.

ახლა მეც შევიგრძნობ, რასაც განიცდიან
მთები დამწყვდეული თოვლის სარკოფაგში,
თითქოს შეუწყვიტეს ფილტვებს ჰაერი და
ხველით გადავედი, სადღაც არ ყოფნაში.

სადაც მიეყინა კანი დედამიწას,
სადაც ჭრელ ყვავილებს სძინავთ გარინდებით,
ალბათ შენი სუნთქვაც თეთრად გაიცრიცა
მე კი სიახლოვეს დღესაც ვერ გპირდები.

მაგრამ მოვა დრო და მიწის იარაც კი,
როგორც დედის სითბო იებს ამოაფრქვევს,
მერე შენს თვალებში თოვა კიარა და
ნორჩი გაზაფხული აპრილს შემოაფრენს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები