ნაწარმოებები



ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2017


დაუგეგმავი

მე მეოთხე შვილი ვარ,
სტატისტიკურად დაბალშემოსავლიანი ოჯახიდან
არა ღარიბიდან,
(დედას და მამას სძულს ეს სიტყვა,
არადა
ის ყველაზე ობიექტურად ასახავს
მათ მდგომარეობას  საზოგადოებაში.
რომელიც სასტიკად პირდაპირპრორორციულია
მაღაზიაში ნაყიდი საჭმლის ჩეკებსა და
საშინელ ვახშამს შორის)
რაღა შორს წავედი
მე მეოთხე, დაუგეგმავი, შვილი ვარ
და  როცა  მესმოდა სიტყვები
"შეცდომა"
"რა მექნა"
"უკვე გვიანია"
არ ვიცოდი რომ ეს
საღამოს სახლში დაგვიანებით მოსვლას  კი არ უკავშირდებოდა,
არამედ  ეს შეცდომის გამოსწორების
ალტერნატიულ გზას
ეხებოდა.
მე მეოთხე შვილი ვარ
თუმცა, დაგეგმილი, ჩემი უფროსი დაც, ისეთივე სიღარიბეში ცხოვრობს,
როგორც დანარჩენები,
"სასურველები" და "მოსალოდნელები".

მე არც სიყვარულის ნაყოფი ვარ
რადგან არასდროს დამინახია სიყვარული
იმ ქალსა და კაცს შორის
ჩვენ რომ "გვარჩენენ".
ახლა არც ის მიკვირს
რატომ ეზარება ქალს
მშობელთა  კრებებზე სიარული
და საყვედურის მოსმენა
ჩემი ცუდი ყოფაქცევისა და
დაბალი ნიშნების გამო.

არ გეგონოთ მათი მდგომარეობა
თემში
დასაძრახია
პირიქით, ქალი
ამაყად დადის მრავალშვილიანის
აწებებული
იარლიყით,
ლამაზად იხდენს
თეძოზე კაბას და
მხრებზე მოსასხამს.
თავს დებს
თუნდაც დაუგეგმავი
შვილებისათვის
და
სასტიკად
ეზარება
მათთვის
ვახშმის მომზადება
ანდა  სწავლაში დახმარება.
მით უმეტეს მშობელთა კრებებზე სიარული...
რადგან იქ მათ შვილებს "არაფერს ასწავლიან,"

მე მეოთხე დაუგეგმავი შვილი ვარ
და მტკივა ჩემი მომავალი
რადგან როდესაც  ჩვიდმეტის ანდა თხუთმეტის გავხდები.
იძულებული გავხდები, დავუშვა
დაუგეგმავი შეცდომები.










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები