ნაწარმოებები



ავტორი: თაკო წულაია.
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2017


ზარი ტელეფონზე

წკრიალებს ზარი. პასუხობს ქალი -
ოთახში სკდება ბურთი სიჩუმის
და გამყარებულ ჰაერის მიღმა,
მხოლოდ ხშირ-ხშირი სუნთქვა მოისმის.
„ვისაც თქვენ ეძებთ, აქ აღარ ცხოვრობს!
ან შეიძლება არც უცხოვრია.
გთხოვთ, აღარასდროს აღარ დარეკოთ,
ვგონებ ყველასთვის ასე სჯობია.“
როგორც სიცივეს, სიცხეს ან ყინვას,
ისე შეიგრძნობს დაძაბულობას.
თუ თამაშობენ, მხოლოდ პოვნისთვის,
ყოველთვის ყველა დამალობანას!
„მე ვიცნობ ამ ხმას! ამ სევდას ვიცნობ...
ჩემი მგონია მისი ტკივილი.
მე მიყვარს მისი სიცილის ექო
და მიყვარს მისი სევდა, ტირილი.“
როგორც ქარიან ამინდში ფოთლებს,
ისე გააცლის წყენას გულიდან.
(თუ პატიებას აღარ აპირებ,
მაშინ ჩათვალე დაკარგულია!)
„მე მენატრები და მენატრება შენი სიცილის ხმა
და მზე, რომლის პირველი სხივიც შენს გაღიმებას ჰგავს.“
ეპასუხება გულის სიღრმეში, მაგრამ არ უნდა თქმა:
რომ განშორება გააძლიერებს, არათუ გრძნობას კლავს.
„ აღარ დარეკოთ-მეთქი! ვამბობ და
ნუ დააპირებთ გასაჩივრებას!
და მითუმეტეს ნუ მოისურვებთ,
ჩემს თქვენი მხრისკენ გადაბირებას“
ხმაური ჩადგა, როგორც ნიავი.
სახლში სიჩუმემ დაისადგურა...
და წამიერად გაცოცხლებული
გული, კვლავ დარდმა დაისაკუთრა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები