ნაწარმოებები



ავტორი: თუდაგივიწყო
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2017


გამოვრთე, Bullshit!

ჩვენი ღამეები,
შემოდგომის ტყეები,
შენისლული განთიადები.
ხეები ნისლში დაკარგული მონარქები.
მზე ღრუბლებს მიღმა –
იმედის ფრთა
ნაზად ფერმკრთალი,
თუ გამოვა, გამოვა.
თუ არა და,
მივეჩვიეთ სიცივეს.

ფეხქვეშ ფოთოლი იმსხვრევა.
ქარი შუბლზე იღუნება
და ორად გატეხილი
უსხლტება გონებას,
ქარი მიდის უკან, ჩვენ წინ.
მელიის ლეკვი
ფოთლებისფრად შეფერილი
გადმოდის გზაზე,
შეჩერდა.
სუნთქვაშეკრულია,
გვიმზერს.
კიდევ ორიოდე წამი და
უჩინარდება –
ტყე ქვესკნელია.
მხეცი – მეგობარი.
რატომ გვაწუხებს მისი გაუჩინარება?

წარსული, აწმყო, მომავალი
ერთ გუბეში
ირეკლება –
რატომღაც გვსურდა ადამიანები ვყოფილიყავით,
მაგრამ რაც უფრო ძლიერ გვსურდა,
მით მეტი იყო გარეშემო
ვანდალი,
მხეცი,
ბარბაროსი,
წარმართი,
ურჯულო,
რჯულძაღლი,
ბოზი…

მოგვიტევეთ!
ჯერ ვისროლეთ,
მერე დაგიმიზნეთ.
ვისაც დაგიმიზნეთ,
თქვენკენ მოვდივართ –
მაგრამ ვერ ვბრუნდებით.
აქ რომ ვართ
და აქედან გავრბივართ,
აქ ვრჩებით –
წუნწუხი,
ლაფი,
სირცხვილი
და
უიმედობა.

ჩვენებური დემოკრატია:
სიღატაკეა მონარქი,
უწიგნურობა – გვირგვინი და შარავანდედი.
მამონა ქირქილებს,
კოღო – მოლოქი წუის.
გუშინდელ პურს ვლოკავთ
და ყურთასმენას
გვითაფლავს TV.
გამოვრთე,
Bullshit!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები