ნაწარმოებები



ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2017


და მერე, როცა...

მე ახლა ჩემს თავს სარკის მიღმა მსუბუქად ვხედავ,
ვხედავ სიანცეს ბაგეებზე გაფენილ ღიმში,
ჯერ ახალგაზრდას არ მაფიქრებს სიკეთის ძებნა,
ჯერ გულუბრყვილო ვერ ვგრძნობ წლები, როგორ დგას ჯიბრში.
ამ, ჩემს მზერაში ნაწარსულევ ბავშვობას ვამჩნევ,
წამწამზე კეკლუც აწმყოს ვუცქერ ცელქს, ალმურაშლილს,
და მომავალი?-ყველაზე ვრცელ სინათლეს ბადებს
მზეს ანაცვალებს
სიყმაწვილეს ყანწებად დაცლილს.
ხვალ წუთისფერი გაზაფხულიც გაყვება იებს,
ვნების სიჭარბეს ვერ გაუძლებს ზაფხული დიდხანს,
გახუნებული შემოდგომა გაცრიცავს სიმებს,
თანდათანობით დაფიფქდება სამყარო ფიქრთა.
და მერე, როცა ჩემს დაღარულ თითებს დავხედავ,
და მერე, როცა თვალთა ირგვლივ ნაოჭს დავითვლი,
ვიტყვი ვიცხოვრე როგორც ბრძენმა ქალად და დედად,
ქალად და დედად, სიყვარულის გაყოფის ნიჭით.
ვიტყვი არც ისე სიძნელეა სიცოცხლის გზებზე
უმადურებით დავაგრძელოთ ბილიკი ცრემლის,
და მყუდრო საბნად გადავაფენ თმას შიშველ მხრებზე,
რომ ზამთრის ფიფქმა დამინამოს ბავშვურად ხელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები