ნაწარმოებები



ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2017


ფონი

ეს იყო ძალიან დიდი სიყვარული.
იმდენად ამაღელვებელი, რომ შეუძლებლია კარგად დამთავრებულიყო.

კარლო კაჭარავა.

შენ ჩემ ცხოვრებას ფონად გასდევ,
ასე მოხდა,
ერთი შეხედვით მთავარი აღარ ხარ,
და მაინც სულ ხარ,
სულ.
როგორც მზიან სურათზე
უკანა პლანზე ხის ტოტები,
დაშვებული, ფოთლებჩამოყრილი ტოტები
და მათი ჩრდილები
სევდიან განწყობას ქმნიან,
ისე გასდევ ჩემს ცხოვრებას,
როგორც რაღაც,
რასაც შეიძლებოდა ჰქონოდა
ბევრად ბედნიერი დასასრული,
უფრო სწორად, მოჰყოლოდა
დაუსრულებელი ბედნიერება.
ახლა კი, როცა თითქოს ფონს გავედი,
მხოლოდ ხანდახან მახსენდება,
რომ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა,
რომ არა ასეთი მიამიტი ჩემი თავი და... გარემოებები.
და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა,
მიუხედავად ტკივილისა,
ჩემი ბედნიერება იქნებოდი,
რომ არა ფონი - სინანული.

ახლა კი, უბრალოდ მესიზმრები
სწორედ მაშინ,
როდესაც ყველაზე ნაკლებად ველი,
აი როგორც წუხელ,
როცა სხვასთან
რამდენიმესაათიანი მესიჯობის შემდეგ
შენ დამესიზმრე...

რა უცნაურია,
დიდი ხნის უნახავი ადამიანის სახე
შეიძლება უცებ ვერც კი წარმოიდგინო,
მაგრამ სიზმარში
ის ყოველთვის ისე გამოიყურება,
როგორც სინამდვილეში,
როგორც მაშინ,
ყველაზე ტკბილად მოსაგონარ დროს,
ჩახუტებას რომ გთხოვდა.

დასრულდა მეთქი - თავს ვიტყუებ,
სიზმრებს კი - ვერა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები