ნაწარმოებები



ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
2 დეკემბერი, 2017


თურმე ისევ ...

დილით გამოღვიძება ისე არ გამჭირვებია, როგორც საწოლიდან წამოდგომა და  სააბაზანოში გასვლა.
თავი მტკიოდა.
ასპირინი დავლიე და  ისევ მივწექი.
გუშინდელი დღე  კარუსელივით ტრიალებდა და  ჩემს თავში დაბუდებულ  ბურუსს ფანტავდა.

რამდენი წელია ვეძებდი და აგერ ცხვირწინ მყოლია...
მობილურის ხმამ გამომარკვია.
- სამსახურში არ უნდა წავიდე_გამიელვა უცებ
- ჰო ნატა, ავად ვარ,  თავისუფალ დღეს ვიღებ დღეს - მომზადებული წინადადება შევაგებე.
- მოხდა რამე? - უინტერესოდ მკითხა.
- არ ვარ ჯანზე -  სიმწრით გამეცინა.
-  თვეში რამდენჯერ ხარ მასე? - გესლიანად მომესმა ტელეფონში.
ტელეფონი გავთიშე და  შევეცადე, რამე გამეხსენებინა.
რაც ეს ნევროზი ამეკიდა, ძილი და ჭამა მეზარება.
ჩავიცვი, კბილები გავიხეხე და უსაუზმოდ გავედი გარეთ.
ციოდა.
საყელო ავიწიე და ჯიბეები მოვიჩხრიკე.
ათი ლარი აღმომაჩნდა.
მეტროთი წავალ, ვიმყოფინებ. მთავარია შვიდი ლარი დამრჩეს.
ხვალ სესხს ავიღებ, ყველაფერს გავყიდი. ფულს ვიშოვი.
რადგან ჯანმრთელადაა, რადგან ისევ ატარებს სეანსებს, რადგან მივაგენი...
ვიტრინასთან გავლისას შევამჩნიე, რომ ვიღიმოდი.
უფრო მეტად გამეღიმა.
ჩემს დაულაგებელ ცხოვრებას დაალაგებს...ასეთი იმედიანი არასდროს ვყოფილვარ.
იქ ყველა ნიუანსი მნიშვნელოვანია.ჩემს უკან რომ ქალი იჯდა, სეანსის  დროს ეძინა. 
ნეტავ მე თუ ჩამეძინება როდესმე.
გზა გადავჭერი და პირდაპირ მეორე სართულზე ავედი.
უკვე თერთმეტი საათი სრულდებოდა.
შვიდი ლარი მაგიდაზე დავდე და ფსიქოთერაპიულ სეანსზე შევაბოტე.








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები