ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: იუმორისტული
4 სექტემბერი, 2018


ღმერთი, ტაქსი და 022

           
          ამას წინათ, ერთმა აქაურმა და  მართლაც რომ კარგმა ავტორმა, საკუთარი  კარგი წიგნის წარდგინებაზე დასასწრებად მოსაწვევი გამომიგზავნა და გულითადი სიტყვებიც მოაყოლა, ანუ როგორც ახლა ამბობენ "პრეზენტაციაზე" დამპატიჟა. 

          ერთ თბილისურ,  მჟავე  და წვიმიან საღამოს,  დაუგვიანებლად გამოვცხადდი  დაგეგმილ ღონისძიებაზე და წიგნის მყიდველების რიგში ჩავდექი.  მაგრამ წიგნი ისე დაიტაცეს, ყიდვა ვერ მოვასწარი და გუნება ამინდივით გამიფუჭდა. ესეც არ იყოს,  რამდენიმე, ჩემთვის არასასურველ  პერსონასაც  მოვკარი თვალი და დარჩენა გადავიფიქრე. რაკი პატარა დარბაზში ჩამოსაჯდომი კი არა ფეხის დასადგმელი ადგილიც კი არ იყო, ავტორს მივესალმე, გავეცანი,  წიგნის გამოსვლა მივულოცე და მშვიდად დავტოვე თავშეყრილი  საზოგადოება.

        გარეთ ციოდა.
სასტუმრო მერიოტის  ცივ სინათლეს და არაჟუჟუნა წვიმას თავი ავარიდე და ქაშუეთთან გადმოვინაცვლე. ტაქსს ხელი ავუქნიე. რამდენიმე მანქანამ დაამუხრუჭა, ერთი  ზედ ჩემს ფეხებთან გაჩერდა, მეც ყველაზე ახლო მდგომის კარი გამოვაღე და შიგნით შევხტი. 

          მოვირწევით სანაპიროზე.
          ბნელა.
          ლამპიონები უჟმურად იბჟუტებიან.
          საზიზღად წვიმს და  ნისლიც გვარიანად მობოლავს.
          მძღოლი ისეა დაზაფრული თითქოს პირველად უზის საჭეს.
          მეც უხასიათოდ ვარ, მინდოდა იმ ავტორის წიგნის ყიდვა. 

      - საით?  - როგორც იქნა მკითხა მძღოლმა. 
      - მცხეთაში.
      - ასე შორს?
      - ღმერთამდე ყოველთვის შორია...
      - თბილისში ეკლესია დაილია? 
      - ქაშუეთთან არ გაგაჩერეთ?
      -აბა მცხეთაში რაღა გინდა?! 
      - ბავშვობაში მეგონა რომ ღმერთი  სვეტიცხოველში ცხოვრობდა. ყოველთვის იქ მირჩევნია. 
      -  მერე ამხელა რომ გაიზარდე, ვეღარ მიხვდი რომ ღმერთი ყველგანაა? 
      -  ფული მაქვს და გადაგიხდით, თუ მუშაობა გეზარება?
      - იქედან მარტო სიარული მეზარება.
      - საშოვარზე გამოსული არ ხარ?
      - ცოლს ვეჩხუბე...
      - ცოლ-ქმრის ჩხუბი მხოლოდ რეგვენს ჰგონია ნამდვილი.
      - მე მგონია ნამდვილი. ესე იგი  რეგვენი ვარ?!
      - რეგვენი სალანძღავი სიტყვა არ არის, ფრინველის ჯიშია და "მაღალს" ნიშნავს.
      - მაღალი და რეგვენი მიშაა...
      - არა მარტო...
      - შენც...
      - ცოლს ეჩხუბე. ახლა მე მეჩხუბები? ! კარგი... ვიჩხუბოთ!
      - უკვე ვჩხუბობთ.
      - კაცმა რომ თქვას, რატომ?
      - იმიტომ რომ ახლა, მცხეთაში  ვინუჟდენში უნდა წაგიყვანო, იქედან მარტო უნდა დავბრუნდე და სახლში მივიდე, სადაც ჩემ
        ცოლს დედის ტ...კი  დავახურე თავზე!!! 
      - მხოლოდ დედის?
      - დისაც  და დის დეიდის ტუფლის ქუსლის გამომთლელისაც!..
      - ღრმა ნათესაურ კავშირში შესულხარ. ეგ ინცესტია და ღმერთი დაგსჯის.
      - გინეკოლოგი ხარ? 
      - არა, იურისტი...
      - ხოდა ეხლა, თუ არ გაჩერდები, იურდიულად დაგახურავ დედის ტ..კს!  გაიგე?!
      - გავიგე.
      -კარგად?
      - ძალიან. ტელეფონშიც კარგად  ჩავიწერე, ახლა ვნახოთ  ვის დაეხურება იურიდიულად მცხეთის პოლიციაში!
      - პროკურორი ხარ?!
      - უარესი...
      - მაგაზე უარესი რაღაა?!
      - ადვოკატი!
      - რატო?!
      -ადვოკატს ადვოკატი არ ჭირდება და იმიტომ. სამაგიეროდ შენ დაგჭირდება ცოტა ხანში. 
      - სად გადამეყარე მე შენი... 
      - ქაშუეთთან. ტაქსის გაჩერება მინდოდა და ლამის ზედ გადამიარე ისე დაამუხრუჭე.
      - იქ რა გინდოდა?
      - რა შენი საქმეა?!  ტაქსაობ?  მისამართზე მიმიყვან და გადაგიხდი, მეტი რა გინდა?
      - ვინ ტაქსაობს გოგო?
      - ვინ და შენ...
      - გოგო, თავი არ მომაკვლევინო ახლა...
      - მოიკალი მერე,  თავი შენია და არც მე შეგიშლი ხელს! 
      -  რაო?!..
      -  აბა ერთი საათის გულისთვის წუწუნებ? კაი ჰა,  რამდენი გინდა? ცინცხალი 20 ლარიანები მაქვს, ულვაშებდაწკეპილი
          "ფინქი" ილია ჭავჭავაძით. თუ  გინდა დოლარით ან ევროთი გადაგიხდი.  მომემსახურები და მიიღებ. 
    - რაის ერთი საათი, რაის მომსახურება გოგო, რაის  დოლარი და ევრო, პრასწიტუტკა ხო არ გგონივარ?
    - ქუჩის კაცები ჩემი ჰობი არ არის მესირ!

        ზედ აღმაშენებლის ძეგლთან  მანაქანა მკვეთრად დამუხრუჭდა და პირდაპირ მისი ბედაურის კვერცხებს გაუსწორდა.
საქარე მინაზე მონავარდე წვიმის ჭავლებმა  პოლიციის სამმართველოს სახურავზე დამაგრებული 022 ანარეკლი ააციმციმეს. 

    -  ვინაა გოგო შენი სირი?! გადადი მაქანიდან!
    - ამ წვიმაში ფეხსაც არ მოვიცვლი.  წყალგაუმტარი კი არ ვარ!
      - შარი გინდა? - ჩემსკენ მობრუნდა და კარგად დამაცქერდა. 022-მა ახლა მის შუბლზე გადმოინაცვლა.
      - შარი პირდაპირ შუბლზე გაწერია. სახლში წასვლა მაინც არ გინდოდა, ჰოდა იგორავე "კამერაში"  სამი დღე  და ცოლიც შეგირიგდება.
      - უხ მე შენი ადვოკატ... -  პოლიციის სამმართველოს ცათამბჯენზე გაეყინა თვალი და სიტყვა პირში გაუწყდა. 
      - ოოო, დაინახე ხო? ხოდა ეგ იქნება შენი მისამართი. 
    - ვინ ხარ გოგო შენ?
    - შენი ტაქსის მგზავრი!
    - ეს შენთვის ტაქსი აღარ არი...
    - აბა რა არი? 
    - რა არი და.... ვახ ღმერთო... დიდი მადლობა, მეგონა ჩემ ცოლზე უარესი ქალი არ იყო ამ ქვეყანაზე... რა უცბად მასწავლე
      ჭკუა ამას რომ გადამყარე... -  და ტელეფონს ეცა.
    - ელენიკო გენაცვალე, მაპატიე, დამნაშავე ვარ, ახლავე მოვდივარ შენთან და სულ მუხლები უნდა გიკოცნო შენი ჭირიმე...   
    - ავარიულები მაინც ჩართე  რეგვენო! 
    - რატო?!
    - პატრული მოგადგა...
    - უუუ მე შენი!..
                                                                        ...
      სახლში ფეხით მივედი.
      კიდევ კარგი მაიაკოვსკის ძეგლთან ახლოს ვცხოვრობ და ძალიან არ გავლუმპულვარ.
      ვერც იმ დღეს მივაღწიე ღმერთამდე.
      ასეა, როგორც კი მისკენ მიმავალ გზას დაადგები, აუცილებლად რაღაცამ  უნდა შეგიშალოს ხელი.
                                           
                                  + + +

    პ.ს. ის წიგნი დღემდე ვერ ვიყიდე.

2016-04-03 22:54:32

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები