ნაწარმოებები



ავტორი: ქეთიკა
ჟანრი: პროზა
30 ნოემბერი, 2017


მზის ჩასვლა 12

    მივუყვებოდი ურეკის ვიწრო ქუჩას და ვფიქრობდი. რა უცნაური იყო იმ მაღაზიაში რამ შემიყვანა?! იქნებ მართლა არსებობს მაგიური ძალები, რომლებიც ჩვენ გვმართავენ?! როგორ თქვა, ლალი ყველაფრის შეძლების უნარს ანიჭებს ადამიანსო?! მართლაც რა უცნაურია. სახელის გამო მისი ყველა თვისება თუ არა ნახევარიც რომ გქონდეთ ეგეც ბევრი იქნება თქვენთვისო. კიდევ რაღაცას ამობობდა სიყვარულზე და ვნებაზე, ჰო მოხიბლვის უნარი აქვს ლალისო. თან მეცინებოდა თან დაჯერებაც მიჭირდა. უცნაური რამაა რწმენა. მას სჯეროდა ქვების მაგიური თვისებების. უკან მივიხედე. თითქოს მინდოდა დავბრუნებულიყავი. სახელი მაინც მეკითხა. მე თუ ლალის ქვა ასე ძალიან მგავდა თავისი აღწერით, მასაც ექნებოდა თავისი ქვა, რომელიც მის ხასიათს მაგიური თვისებებს გადასცემდა. რაც მეტს ვფიქრობდი, მით მეტად ვიაზრებდი და მომწონდა. სისულელეც რომ ყოფილიყო მე მაინც კმაყოფილი ვიყავი. ყველა ადამიანს თავისი გატაცება აქვს უნდა გჯეროდეს და გიყვარდეს შენი თავი. ისევ საკუთარ თავზე გადავერთე, რა იყო ისეთი რაც ჩემს ინტერესებს წარმოადგენდა?! ბევრი ვიფიქრე მაგრამ მსგავსი ვერაფერი აღმოვაჩინე. რამე განსაკუთრებულის კეთების უნარი ნამდვილად არ მქონდა. ძლიერი თვითკონტროლის უნარი თუ შეიძლება რომ განსაკუთრებულად ჩაითვალოს, მაშინ ეგ ყოფილა ის რითიც მე ვიყავი გატაცებული მთელი ცხოვრება. ეგეც ლალის ქვის თვისება რომელიც მგავდა. გამოდის მართალი იყო ის მაგიური აღწერა, რომელზეც მოხუცი მესაუბრა. ოთარი? თუ ოთარსაც ჩავთვლით და თუ მართლა გულწრფელად მოხიბლული იყო ოთარი ჩემით, მაშინ ეს ლალის ქვის მეორე თვისება იქნებოდა. ნელ-ნელა ქვების მაგიურ მნიშვნელობას მართლაც ვიჯერებდი. ცრუ იყო თუ ნამდვილი რწმენა რწმენააო ეგეც ხომ მითხრა. უკან მივიხედე. ნეტავ ჯადოქარი ხომ არ იყო, ან რმე ჰიპნოზისმაგვარი ხომ არ გამიკეთათქო გავიფიქრე. საბოლოოდ გადავწყვიტე რომ იმ მაღაზიაში აუცილებლად დავბრუნებულიყავი.
    ბევრი ვიარე და ძალიან მომშივდა. ერთი მყუდრო კაფე შევარჩუე და ყავის დასალევად შევედი. ახალგაზრდა გოგო შემომეგება, რას მიირთმევთო მკითხა.
- რა გაქვთ მენიუ მომიტანეთ რა. - გოგონამ ლამინირებული ფურცელი მომაწოდა. გადავხედე მენიუს და წესიერი ვერაფერი ვნახე, მხოლოდ „სენდვიჩი“, „ჰამბურგერი“ და „ჰოთდოგი“ ჰქონდათ. - ქართული არაფერი გაქვთ? - ვკითხე მე. გოგომ დამცინავად შემომხედა და მიპასუხა.
- ქართულია ყველაფერი, აქ ვამზადებთ.
- ხაჭაპური ან ლობიანი არ გაქვთ?
- არა. ყველიან სენდვიჩს გაგიკეთებთ და ხაჭაპური გამოვა.
- კარგი, გამიკეთეთ.
- რას დალევთ?
- ლატეს.
- კარგი, ახლავე. - მიპასუხა და მკვირცხლად გაუჩინარდა. სხვაგან მოვხვდი აშკარად, მაგრამ გასვლაც არ გამოდიოდა. 15 წუთიანი ლოდინის შემდეგ ჩემი გათანამედროვებული ხაჭაპური და ყავა მომიტანეს.
- გემრიელად მიირთვით!
- მადლობა. - ყავა მართლაც ძალიან კარგი იყო, „სენდვიჩს“ არაუშავდა. ყავა ისე მომეწონა მეორეც მოვითხოვე. ვსვამდი და გავყურებდი ზღას როგორ ღელავდა და დიდი ტალღებით ეხეთქებოდა სანაპიროს. თითქოს გაბრაზებული იყო და უნდოდა წაელეკა მთელი ნაპირი. ალაგ-ალაგ ხალხიც შესულიყო ზღვაში.
    კაფედან გამოვედი და ზღისკენ დავეშვი. სანაპიროთი ვაპირებდი უკან დაბრუნებას. საკმაო მანძილი გამომევლო.
    საოცარია ზღვა როცა ღელავს. ისე ბობოქრობს თითქოს გაბრაზებულია. ცა იქუფრება, მუქი ღრუბლებით იფარება. ზღვაც მუქდება და ნაცრისფერი ხდება. ღელავს და ბობოქრობს. თითქოს უნდა ერთბაშად ამოიღოს გულიდან ყველაფერი და მიწაზე გადმოანთხიოს. აქაფებული ტალღები ძლიერი შხუილით, მოდის ეხეთქება ნაპირს და ისევ უკან ბრუნდება. ზღვის და მიწის ერთგვარ შერკინებას ჰგავს. ამ შეტაკებას ზემოდან ცაც ავბედითად დაჰყურებს. თითქოს პირი შეუკრავთ.
    ვიდექი ნაპირზე და გავყურებდი, როგორ იქმნებოდა ტალღა, ზვირთდებოდა და ნაპირზე ერთბაშად იღვრებოდა. ქაფის ფუშტუკები მრავლდებოდა და იფარებოდა სანაპირო ზოლი. ჩემს სიახლოვეს არავინ იყო. მე კი მეჩვენებოდა, რომ ნაცრისფერი ზღვა თითქოს ჩემზე ბრაზობდა და მეჩხუბებოდა. ერთბაშად ამოჰქონდა სიღრმეში თუ რამე ჰქონდა და ქვიშაზე ყრიდა. ზღვა თავისთან არაფერს იტოვებდა და თავისუფლდებოდა. ვუყურებდი და ვგრძნობდი როგორ მითრევდა თავისკენ. მეძახდა. მიწვევდა. ზვირთდებოდა და დიდი ტალღებით ცდილობდა მომწვდომოდა. დიდხანს ვიდექი და დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ზღვა შემხებოდა. ვერც ერთი ტალღით შეძლო ჩემი დასველება. მიახლოვდებოდა და უკან იხევდა. კიდევ და კიდევ. თანდათან უფრო ბრაზობდა. ისე ჩავერთე ამ ჭიდილში მართლაც დავიჯერე რომ ზღვა მე მეჩხუბებოდა. დავიხარე, კენჭი ავიღე და ვესროლე. კიდევ ვესროლე უფრო დიდი კენჭი. იქვე პატარა ტოტი ეგდო თავისივე გადმონთხეული და ისიც უკან დავუბრუნე. რაც ხელში მომხვდა ყველაფერი უკან გადავუყარე. აგონიას დაემსგავსა ჩემი საქციელი, სველ ქვიშაში კენჭებს დავეძებდი. სწრაფი მოძრაობით ვიხრებოდი, მერე წელში ვსწორდებოდი და ხელის ძლიერი მოძრაობით უკან ვუბრუნებდი თავისივე გადმონთხეულ ნაგავს. არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა ეს მდგომარეობა, გიჟივით ვიქნევდი ხელებს. ამასობაში ახლოს მივსულვარ ზღვასთან და ერთმა ძლიერმა ტალღამ ტერფები კოჭებამდე დამისველა. მაინც მომწვდა და გამომაფხიზლა. ცივი იყო და უსიამოვნო. გავჩერდი და ერთ ადგილზე გავიყინე. ვეღარ გადავდგი ნაბიჯი. ზღვასთან ყოველი ახალი შეხება ჟრუანტელს მგვრიდა. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა არაფერს ვცდილობდი. აღარც ვფიქრობდი. ყველაფერი ისედაც ცხადი იყო.
    ნელ-ნელა მოვეგე გონს და უკან დავიხიე. სველი ფეხსაცმელი გავიხადე და ფეხშიშველი ნელი სვლით გავუყევი სანაპიროს. გზადაგზა მხვდებოდნენ დამსვენებლები, რომლებიც ჩემგან განსხვავებით კი არ ჩხუბობდნენ ზღვასთან, ისხდნენ და სანახაობით ტკბებოდნენ. მე კიდევ თითქოს ძალა გამოცლილიც ვიყავი და ენერგიით სავსეც. ჩემს შიგნით სიცარიელე იყო, მაგრამ ამ სიცარიელეში ვგრძნობდი სისავსეს. თითქოს მეც ზღვასავით დავიცალე და განახლებული ველოდებოდი მომავალს. მივუყვებოდი სველ ქვიშას და უკან არაფერი რჩებოდა, ზღვა ჩემს ნაკვალევს შლიდა. მხოლოდ წინ და წინ იყო სავალი და მეც მივდიოდი.
    სასტუროს ტერიტორიას რომ მივუახლოვდი, ხალხი იყო შექუჩებული, ყველა ზღვის სიღრმისკენ იყურებოდა. ახლოს მივედი და ვიკითხე:
- რა ხდება?
- ვიღაც არის ზღვაში შესული და ვერ გამოყავთ მაშველებს. - მიპასუხა ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც პატარა ბიჭის მკლავი ძლიერად ჩაებღუჯა.
- ლალი! - ამასობაში ნერვიული შეძახილი მომესმა. ხალხს ოთარი გამოეყო და ჩემსკენ წამოვიდა. - სად იყავი?
- რა მოხდა?
- რამდენი გეძებე?!
- სასეირნოდ ვიყავი. - ის ისე ღელავდა აშკარა იყო, რომ თავის გაკონტროლება უჭირდა.
- რას ქვია სასეირნოდ? რა აღარ ვიფიქრე. - ხელი მომკიდა მკლავში და გვერდით გამიყვანა. გავბრაზდი და გავუძალიანდი. ხელი გავაშვებინე.
- მოიცა, რას აკეთებ?
- ვერ წარმოიდგენ როგორ ვინერვიულე.
- ვერ ვხვდები რა გქონდა სანერვიულო?
- შენ ხომ სასაუზმოდ უნდა ჩამოსულიყავი. გელოდებოდი.
- ხო ვიცი. გასეირნება გადავწყვიტე.
- მერე არ უნდა გეთქვა? მე ხომ გელოდებოდი.
- გადამავიწყდა შენი გაფრთხილება.
- აი, თურმე რა, გადაგავიწყდა გაგეფრთხილებინე. - ძალიან უხეშად და აგრესიულად მითხრა მან.
- ოთარ, ერთი წუთით. რას მეჩხუბები და საერთოდაც ხმას დაუწიე თუ შეიძლება.
- არ გეჩხუბები ლალი. უბრალოდ ძალიან შემეშინდა და ვინერვიულე.
- რატომ შეგეშინდა ვერ ვხვდები.
- რას ქვია რატომ. აბაზანაში შედიოდი, როცა დაგტოვე. რომ არ ჩამოხვედი, ვიფიქრე რომ რაღაც შეგემთხვა და ამოვედი.
- მერე?
- გეძახე და რომ არ გამაგონე იძულებული გავხდი, სათადარიგო გასაღებით გამეღო კარი.
- რაა? შენ ჩემს ნომერში შემოხვედი?
- რა უნდა მექნა ლალი?! აბაზანაში რომ წაქცეულიყავი მერე?
- როგორც ხედავ აბაზანაში არ წავქცეულვარ!
- მივხვდი მაგას.
- კიდევ რა გამოძიება ჩაატარე ჩემს ოთახში?
- ტელეფონი ვნახე.
- რაო? - ისე გავბრაზდი, თავზე ცეცხლი მომეკიდა.
- მაპატიე ლალი, სხვა გზა არ მქონდა. შენ რომ რამე მოგსვლოდა, თავს არ ვაპატიებდი.
- ეგ ყველაზე საზიზღარი საქციელია. სხვის ოთახში შეჭრა და მისი ტელეფონის შემოწმება ამორალურია.
- მესმის, მაგიტომ გთხოვე პატიება. ხომ შემეძლო, საერთოდ არ მეთქვა.
- ხო, ჯობდა არ გეთქვა.
- არ მინდოდა შენი მოტყუება ლალი. - როლები გავცვალეთ. მე ვყვიროდი ის ჩუმად მელაპარაკებოდა. - დამშვიდდი რა გთხოვ, მე ხომ ცუდი განზრახვა არ მქონია. მართლა ძალიან ვინერვიულე.
- ტელეფონი რომ შეამოწმე, დამშვიდდი?
- ცოტა. მერე სანაპიროზე გამოვედი და აქ გეძებდი. ხედავ? - ზღვისკენ ხელი გაიშვირა. - იქ ვიღაც არის, გასაბერი რგოლით შევიდა აშკარად და ეტყობა ზღვამ გაიტაცა. მეგონა შენ იყავი.
- მე რა მინდოდა ასეთ ამინდში ზღვაში?!
- მე ხომ არ ვიცოდი ლალი?! მაშველები რომ შევიდნენ, ისინიც ვერ გამოდიოდან. მოვკვდი კაცი ნერვიულობით.
- კარგი, სანერვიულო არაფერი გაქვს. როგორც ხედავ კარგად ვარ. წავედი მე. - წამოსვლა დავაპირე, მაგრამ ისევ მკლავში მომკიდა ხელი.
- მოიცადე!
- გამიშვი ოთარ და ხელის ხლება მეორედ არ გაბედო!
- ცუდად ნუ გამიგებ...
- ყველაფერს ისე გავიგებ როგორც საჭიროა. - ამ დროს ვიღაცამ დაუძარა. მოგვეშველეო. სანაპიროზე შეგროვილი ხალხი ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას და ზღვაში შესვლას აპირებდა. ოთარიც მაშინვე მათკენ გაემართა. მოტრიალდა და მითხრა.
- შენც მოგვეშველე ლალი. ნაპირთან ახლოს იყავი ოღონდ. - მეც სწრაფად გავყევი უკან. კაცები მკლავებით ჩაეჭიდნენ ერთმანეთს და ზღვაში შევიდნენ. ხალხი კიდევ მოგროვდა. თითოეულ ადამიანს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ახალგაზრდა კაცი მომიახლოვდა, ბავშვი მომიყვანა და მთხოვა ხელი არ გამეშვა. თვითონ კი ჯაჭვში ჩაება და ზღვაში შევიდა. ნელა მიიწევდა წინ ცოცხალი ჯებირი. ცოტაც და მაშველებს მიწვდებოდა. ვიღაცამ სასწრაფო გამოიძახა და უკვე მოსულიყო. მე ვიდექი და პატარა ბიჭს ვიხუტებდი. მეშინოდა. ზღვა ძალიან ღელავდა. ოთარს უკვე ვეღარ ვარჩევდი ისე ღრმად იყო შესული. თითო-თითოდ შედიოდნენ მამაკაცები ზღვაში და ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდნენ დახრჩობისთვის განწირულ ადამიანებს. ბოლოს როგორც იქნა მიწვდნენ. სამი მაშველი და ერთი დამსვენებელი, შუახნის მამაკაცი ნელ-ნელა მოიწევდნენ ნაპირისკენ. ისევ თითო კაცობით პატარავდებოდა ცოცხალი ჯაჭვი და თანდათან იშლებოდა. ისეთი ამაღელვებელი სანახავი იყო, გული ამიჩუყდა. პატარა ბიჭი რომ მამას ჩავაბარე და დავინახე როგორ ჩაიკრა კაცმა ბავშვი გულში, თავი ვერ შევიკავე და ავტირდი.
    ოთარის გამოსვლის ჯერი რომ დადგა, მისკენ წავედი და ხელი შევაშველე. გული ისეთი აჩქარებული ჰქონდა, სუნთქვა უჭირდა.
- დაჯექი, დაისვენე. - ვუთხარი მე. ხელი მომკიდა და ჩემზე დაყრდნობილი ნელა დაიხარა დასაჯდობად. - კარგად ხარ ოთარ? ექიმი ხომ არ გინდა?
- არა, მალე გამივლის. კარგად ვარ. - თქვა და ქვიშაზე გადაწვა. მე გვერდით მივუჯექი. ვერ დავტოვებდი. ჯერ სასწრაფოც არ წასულიყო და იმ კაცს ასულიერებდნენ, რომლის გამოც მოხდა ეს ამბავი.
- ესეიგი, ის ჭაღარა ბებერი მე გეგონე? - ოთარმა თავი წამოსწია, გახედა და თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.
- რაღა მიჭირს აწი. - ვთქვი მე და ხუმრობასა და ღიმილში ვცადე სიტუაციის განმუხტვა.
- სხვა არჩევანი რომ მქონოდა იმას ავირჩევდი.
- კიდევ კარგი, არ გქონდა ეგ სხვა არჩევანი და მადლობა ღმერთს რომ ყველაფერი კარგად დასრულდა.
- ხო. მაშველებიც ისეთი დაღლილები იყვნენ გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ.
- ძალიან ღელავს ზღვა. ახლა ბანაობა როგორ შეიძლება?!
- ისეთი სიძლიერით გვარხევდა, თავს ძლივს ვიმაგრებდით. კიდევ კარგი შენი ჩართვა არ გახდა საჭირო. ვერ გაუძლებდი.
- გაჭირვებაში ყველაფერს შეძლებს ადამიანი. - მას აღარაფერი უთქვამს. ჩუმად ვისხედით. სანაპირო ხალხისგან დაცარიელდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები