ნაწარმოებები



ავტორი: ნათთია
ჟანრი: პროზა
30 ნოემბერი, 2017


მივიწყებულნი

გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი მინიატურების ჟანრში "ზამთარი მოდის" ( პირველი ადგილი)


    იმ ღამეს , როცა სოფელს უკვე ღრმად ეძინა, ადგა და სახლი გადაწვა. თოვდა და ფერფლი თოვლის ფიფქებში შერეული ცვიოდა ციდან. პირველად ქვრივმა მელანომ შეამჩნია ალმოდებული სახლი და გარიჟრაჟზე კივილი მორთო. მალე ნახევარი სოფელი სახლის წინ შეიყარა. სასწრაფოდ ჩააქრეს ცეცხლი და ლადოს ძებნა დაუწყეს. ლადო არსად ჩანდა. ზოგმა ისიც თქვა, ალბათ სახლში იყო და გამოსვლა ვეღარ მოასწროო.მერე დაიშალნენ და ასე იყო თუ ისე, იმ ზამთრის დიდმა თოვლმა ლადო ყველას გადაავიწყა.
    პატარა სახლი ჰქონდათ, პატარა ეზო და პატარა ყანა, თვითონ ორნი იყვნენ , ლადო და ბებია მართა. ბებია სიყვარულს და მზრუნველობას არ აკლებდა შვილიშვილს , მაგრამ ცას სამუდამოდ ვინ გამოჰკერებია?! ერთ დღეს ბებია მართას ღიმილით ჩაეძინა და მერე ასე ღიმილიანი მიაბარეს მიწას. წელი რომ გავიდა , სოფლის თავკაცებმა დაისვეს ლადო და დაარიგეს, აწი ოჯახს უნდა მოჰკიდო ხელიო . მეზობელ სოფელში შვლის ნუკრისთვალება ნინია უქეს და ლადომაც შვლის ნუკრისთვალება ქალი მიიყვანა  სახლში. სიხარული და სინათლე შეიტანა ნინიამ ლადოს გულში, თავს ევლებოდა, ოჯახობდა. დაქალდა და დამშვენდა ნინია. დავაჟკაცდა და მხარ-ბეჭი გაუმაგრდა ლადოს. ლადომ დურგლობას მიჰყო ხელი. ჯერ სამფეხა სკამებით დაიწყო. ლამაზი გამოსდიოდა. ლამაზი ორნამენტებით ამშვენებდა. მერე ხელი გაწაფა და მალე დურგალი ლადოს სახელი მეზობელ სოფლებშიც იცოდნენ.
    არა და არ უჩნდებოდათ შვილი ლადოს და ნინიას. ჯერ სიყმაწვილეს დააბრალეს და ბევრს არ დარდობდნენ , მაგრამ წლები რომ გადიოდა და ისევ ორნი იყვნენ, თვალებში ნისლი უდგებოდათ. სხვენში შენახულ ხის ცხენებს მტვერი ედებოდათ. ექიმბაშებთანაც იყვნენ, სალოცავებშიც, მკითხავებთანაც, მაგრამ ყველა ლოდინს ურჩევდა. დრო კი გადიოდა.
    ერთ დღეს ლადომ ქალაქიდან ჩამოსვლა დააგვიანა. მესამე დღეს ეზოში სამი-ოთხი წლის ბავშვთან ერთად შემოაბიჯა. დაბრუნება რომ გადაეწყვიტა , მოკირწყლული ქუჩის კუთხეში შეენიშნა მტირალი ბავშვი. ვერც მშობლები უპოვნა და ვერც ის გაარკვია, ბავშვი იქ საიდან მოხვდა, ადგა და სახლში წამოიყვანა. გამოჩნდებიან მშობლები და წაიყვანენო, მაგრამ მშობლები არ გამოჩენილან . ნინიამ ლადოს ჩითის პერანგებით ახალი ტანსაცმელი შეუკერა, ლადომ საწოლი გამოუთალა. სხვენიდანაც ჩამოალაგეს სათამაშოები და მტვერი გადააცალეს. მალე თვალებიდან ნისლი გაუქრათ.
    წინა ზამთარს ერთ სუსხიან დღეს ბავშვი რომ სკოლიდან დაბრუნდა , მიუჯდა ბუხარს და ვერაფრით გათბა. ღამით სიცხემაც აუწია. ააკანკალა. თვალები გადაუტრიალა და უგონოდ დატოვა საწოლში. ნინია წუთით არ მოშორებია , ცივ ტილოებს ადებდა შუბლზე და ფეხებს უზილავდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო. ლადომ ექმიმი ჩამოუყვანა ქალაქიდან. ექიმმა გასინჯა და ლადოს მხარზე ხელი ისე დაადო , არც შეუხედავს. წავიდა ლადო და ფიცრები გადაარჩია. გამთენიას ბავშვმა სული დალია. მიწას ლადოს გამოთლილი კუბოთი მიაბარეს. ზედ ცხენები ამოეტვიფრა.
    ნინია ჩამოდნა. თვალები ჩაუღამდა. ზოგჯერ გამოვიდოდა უთენია ეზოში, დაჯდებოდა ხის ქვეშ და მთელი დღე ერთ წერტილს მისშტერებოდა. მოკიდებდა ლადო მხრებში ხელებს და შეიყვანდა სახლში. მერე ეზოშიც აღარ გამოდიოდა ნინია, მერე საწოლიდანაც აღარ დგებოდა. ერთ დილას ჭერზე მიშტერებული თვალები რომ დაუხუჭა ლადომ, ადგა და ისევ კრიჭაშეკრულმა გადაარჩია ფიცრები . ნინიას კუბოს ყვავილები და პეპლები ამოუტვიფრა.
    მიივიწყა ლადო სოფელმა. იმ ღამეს გაიხსენეს , სახლი რომ გადაწვა და ისიც დიდმა თოვლიანობამ  გადაავიწყათ. ერთხელ კიდევ გაახსენდათ, როცა ტყეში მგლების შეჭმული ადამიანის ძვლების გვერდით ხის პატარა ცხენი იპოვნეს. ალბათ  ლადო იქნებოდაო, იეჭვეს, მიაყარეს მიწა და მერე სხვების სანახებლად წასულებს ადგილიც კი გადაავიწყდათ.
   
       
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები