ნაწარმოებები



ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პროზა
30 ნოემბერი, 2017


სიკვდილზე შურისძიება ( I ნაწილი -ინდუისტური საგალობელი)

ლილემ "დაო დე ძინი"-ს მეორე ნაწილში - ალიმონაკისეულ განმარტებებში ვივეკანანდას ციტატა ამოიკითხა. დაინტერესდა, კომპიუტერი ჩართო და youtube-ზე მშვენიერი დოუმენტური ფილმი აღმოაჩინე ამ გამორჩეული ადამიანის შესახებ. "საოცარია პირდაპირ,  როგორ ვარსებობდი აქამდე, როცა არაფერი ვიცოდი მასზე?!გაიფიქრა და ახალმა ინფორმაციამ რამა კრიშნამდე მიიყვანა. სხვა ბმულიც გახსნა. გახსნა და ინდუისტური რელიგიის საგალობელს წააწყდა, კი არ წააწყდა, არამედ ინდური საგალობელი დაატყდა თავს.  გაურვეველი ემოციით გადაივსო. უცნაურად ჩაითრია მარტივმა და სევდიანმა მელოდიამ. საგალობელი  დაახლოებით ასე ჟღერდა:
რამა კრიშნა პრაბჰუდუ,  საი რამ, საი რამ, ჯეია რამ.
ზის ლილე მონუსხულივით და ანგარიშმიუცემლად უბრუნდება და უბრუნდება მელოდიას. სხვა, უსაყვარლესი მელოდიაც კი ორჯერ მოსმენითაც აკმაყოფილებს-ხოლმე. აქ კი რაღაც ემართება, არ ბეზრდება. ეს მელოდია არ არის, ეს რაღაც სხვაა, რაღაც, რაც მის გულში და არსებაში ხმიანობს. მოედინებოდა. მორაკრაკებს მარტივი, მელოდიური და უცხოდ სევდიანი. მორაკრაკებს, მშვიდ სევდად გაცხადებული. იქვე, ეკრანზე საგალობლის თარგმანიც ამოდის, მაგრამ ლილეს არ სჭირდება თარგმანი. მას მელოდიის ენა ესმის. ესმის კოსმიური სუნთქვა: "იდიდე ღმერთო, იდიდე, რომელიც ხარ სადღაც და რომლისთვისაც მე- ადამიანი, ვარ სათამაშო, იდიდე ღმერთო და ინებე ხანდახან მაინც ჩამოიხედო ამ ცოდვის საცხობში, იდიდე ღმერთო იდიდე, რადგან შეგიძლია და არ გსურს მოარღვიო უბედურების არტახები ამ საკირეს, აღკვეთო ცეცხლი ტანჯვისა ამ ქვაბში, იდიდე ღმერთო იდიდე, რადგან შეგიძლია და არ გსურს გაუნათო სული სიკეთით ყოველ ადამიანს... " მოედინება, მორაკრაკებს სევდა, დარდი, ნაღვლი, საუცხოოდ მარტივ და მელოდიურ გალობიდან. " იდიდე ღმერთო, რადგან ჩვენ აგვირჩიე გზად  შენი დაკარგული შვილი-სატანის სახლში დასაბრუნებლად. იდიდე ღმერთო, იდიდე.…"
მოედინებოდა, მადლობად და სავედურად, სევდად, სიხარულად.  მოდიოდა და მოყვებოდა ბავშვობის სურათები, ტვინის ფსკერზე ჩალექილი მოგონებები. მოედინებოდა, შლიდა და ყალყზე აყენებდა ჩაწოლილ კადრებს...

დღეს სამშაბათია, - ფილმის დღეა სკოლა-ი
ნტერნატში. “ბობი”უნდა მოიტანონ, განმეორებით. ჯიმიზე ყველა გოგო შეყვარეულია, ისევე როგორც - ლილე. ჯიმი ჯადოსნური სამყაროდანაა, სამყაროდან, სადაც ყოველი მცირე უბედობა  ბედნიერებით სრულდება. სადაც აუზებში წყლის მაგივრად ლოტოსის ყვავილები ასხია და სხეულს ელამუნება მისი ნელსურნელება. სამყაროდან, სადაც მხოლოდ სიკეთე და სიცოცხლე  ზეიმობს.  ჯიმი  დაუბრუნებს ლილეს წარსულის მიერ წაჰგვრილ სიყვარულს, რასაც ბავშვობა უნდა შეევსო. ის გადმოვა ეკრანიდან და იქ, ზღაპრულ ინდოეთში წაიყვანს ლილეს.

კინოდარბაზი და სასადილო დარბაზი ერთ შენობაშია მოთავსებული, ეზოს აღმოსავლეთ ნაწილში.
გაკვეთილები დამთავრდა და მეხუთე კლასის აღმზრდელმა – ჟენია მასწავლებელმა კლასი ჩაიბარა. ახლა მისი თავში სახლელები არიან, ათ საათამდე, სანამ მათ, საძინებელ კორპუსში მიიყვანს და ძიძებს გადააბარებს. (აქ ყველა შენობას კორპუსს ეძახიან)
-აბა, ორ მწკრივად დადექით და წავედით სასადილოში.
ფილმის დღეს ბავშვების მოთოკვას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. შედარებით მშვიდად არიან სასიამოვნო წუთების მოლოდინში. ისე კი აქაურები სხვა ბავშვებს არ გვანან.  თითქოს ამათზე ამბობს დოსტოევსკი: .“ცალ-ცალკე ყველა ბავშვი ანგელოზია, ერთად შეყრილები კი,ხშირად დემონებს ემსგავსებიან.”    ძალიან რთულები არიან... თუმცა, რა გასაკვირია, საბრალო ბავშვები...90%-ს ერთ-ერთი მშობელი აკლია. დანარჩენი 10% მშობლებისთვის ზედმეტი ტვირთია.
ეზოს დასავლეთ ნაწილში, სკოლის შენობასთან მოასფალტებული სათამაშო მოედანია, იმის იქეთ პატარა ფიჭვნარი, წიწვების ნოხით. საძინებელი კორპუსი სკოლის შენობიდან აღმოსავლეთით, ორმოცდაათ მეტრში დგას. მის წინ ედემივით უმშვენიერესი ბაღია: ბზის ბუჩქებისგან გაკეთებული, სიმეტრიულად განლაგებული დიდი და პატარა წრეები, კოინდარშემოყოლებული, დაფხვნილი აგურის ბილიკები; წითლად, თეთრად, ვარდისფრად მოყვავილე კამელიები.

ჟენია ხუთი წელია, პირველი კლასიდან მოყოლებული, ამათი აღმზრდელია. ყოველ დღე, გაკვეთილების შემდეგ ათის ნახევრამდე, სანამ ძიძებს ჩააბარებს კლასს, მისი საზრუნავები არიან. ვერც მერე, სახლში მისული ახერხებს ამ ბავშვებისგან განთავისუფლებას.  სულ მათი მოქმედებები უდგას თვალწინ.
ორ რიგად დაწყობილებს გვერდით მიყვება ჟენია მასწავლებელი. სასადილო დარბაზისკენ მიემართებიან.
-ჩაკიდე გოგო ხელი ამ საცოდავს და მიხედე, თორემ მოკლეს ცემით – ბოლო რიგიდან მობუზული ავთო გამოიყვანა და ლილეს მიუყვანა. მანაც ხელი ჩაკიდა მომცრო ტანის ბიჭს და უკანა რიგებს რისხვიანი მზერა მოავლო.
მასწავლებელი დაელოდა, როცა “წრუწუნამ” ჩაუარა, ყურში სტაცა ხელი და მსუბუქად გადაუგრიხა.
-რატო ვერ ისვენებ ბიჭო შენ, რატო?!
ლილე ყველა ბიჭს კინკრიხოზე დაჰყურებს. მაღლები სხვა გოგოებიც არიან, მაგრამ ის ჯანითაც გამოირჩევა. გარდა ამისა, ყველა სუსტის მოსარჩლეა. ჟენია მასწავლებელმა იცის, რომ მისი თანდასწრებით ძალადობა ვერ იზეიმებს.  ამასწინათ ასეთ ამბავს შეესწრო:
ტატოს მეშვიდე კლასელ ვახოსთან მოსვლია ჩხუბი. გაკვეთილები დამთავრებული იყო და ზოგი ეზოში თამაშობდა, ზოგი - კლასის ოთახში. ტატო საკლასო ოთახში გამოიქცა, ალბათ ძმაკაცების დახმარების იმედით. შემოყვა ვახოც და რომ მიხვდა, ტატო მის წინააღმდეგ მარტო არ იქნებოდა, პატარა, დასაკეცი დანა გახსნა. დაფრთხნენ ბავშვები. ეს პირველ სართულზე ხდებოდა და ჟენიამ ფანჯარაში მოკრა თვალი, წრეზე როგორ ტრიალებდნენ ტატო და ვახო. შევიდა და რას ხედავს, ლილე შუაში ჩამდგარა და ვახოს ტუქსავს: ხომ არ გაგიჟდი! ვიცი, რომ მაგ დანას არ გამოიყენებ, მაგრამ ამ სივიწროვეში ვინმეს რომ მოხვდესო?!  ის კი იდგა, დამშვიდებული და ყურებჩამოყრილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები