ნაწარმოებები



ავტორი: ზურა ბანი
ჟანრი: პროზა
1 დეკემბერი, 2017


გადიკო სოფელში.

                                                          გადიკო სოფელში

            იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ბიჭი, სახელად გადიკო.  მას კომპიუტერები და პროგრამირება  უყვარდა ძალიან. ნიჭიც ჰქონდა დამადლებული.  თუ ვისგან ჰქონდა დამადლებული ეს ნიჭი, თვითონაც არ იცოდა, რადგან ბუნებრივად იყო ნიჭიერად დაბადებული. ერთხელ, დიდ ბაბუასთან გაუწია სოფელში სულმა , რომელიც მისი საარსებოდან რამოდენიმე სინათლის წლით იყო დაშორებული.  მას  ყოველთვის უხაროდა ბაბუასთან  ჩასვლა,. რადგანაც იცოდა რომ დიდი ბაბუა  რაიმე საჩუქარს დაახვედრებდა. ამჯერად მან  კომპიუტერი აჩუქა შვილიშვილს.
          გადიკო საჩუქარმა ძლიერ გაახარა და მაშინვე თავის ოთახში განმარტოვდა კომპიუტერთან. პირველი რაც გადიკომ შექმნა კომპიუტერზე, იყო უბრალო წერტილი, რადგან დიდმა ბაბუამ ურჩია საქმე ყოველთვის მარტივიდან დაეწყო. სანამ მომდევნო ეტაპზე გადავიდოდა, ანუ წერტილის გადიდებას დაიწყებდა, რამოდენიმე საუკუნე გავიდა. მაგრამ გარჯამ თავისი გამოიღო და გადიკოს შექმნილი პროგრამით წერტილმა ნელ-ნელა გაფართოება დაიწყო. გადიკოს მობეზრდა მუდმივად ერთი წერტილის ყურება  და გადაწყვიტა ეს წერტილი რამოდენიმე წერტილად დაეშალა და პატარა აფეთქების პროგრამა დაწერა. როდესაც წერტილი აფეთქდა და რამოდენიმე პატარა წერტილად დაიშალა, გადიკოს ისე მოეწონა ეს, რომ გადაწყვიტა რომ უფრო მეტ ნაწილაკებად დაეშალა წერტილი, რისთვისაც მას პროგრამის ახლიდან დაწერა მოუწია და წერტილს ეხლა დიდი აფეთქების პროგრამა დაუწერა. ახალი პროგრამით პატარა წერტილი უამრავ კვინტილიონ ნაწილად დაიშალა .ხოდა იჯდა ჩვენი გადიკო საუკუნეობით და უყურებდა თავისი პატარა წერტილიდან შექმნილი მიკრო სამყარო როგორ ფართოვდებოდა ნელ-ნელა, თან ის ხომ უზომოდ ნიჭიერი იყო და შეეძლო იმ უამრავ კვინტილიონ წერტილიდან თითოეულ პატარა წერტილს დაკვირვებოდა ყურადღებით.
          ამასობაში ერთხელაც ბაბუამ დახედა გადიკოს და გამოკითხა, რას აკეთებო. როდესაც გადიკომ თავისი ნამუშევარი აჩვენა, ბაბუამ მოუწონა ნაშრომი და იდეაც მისცა, ეგებ რამოდენიმე წერტილისთვის რაიმე საინტერესო მიკრო პროგრამები დაწეროო. გადიკოს ჭკუაში დაუჯდა ბაბუას ნათქვამი და რამოდენიმე მილიარდ წერტილზე გადაწყვიტა რაიმე განსხვავებული მოვლენები განევითარებინა. ასეთ წერტილებს გალაქტიკები დაარქვა (თავისი დის საპატივცემლოდ, რომელსაც გალია ერქვა). თითოეულ გალაქტიკაზე შექმნა თავიანთი მიკრო სამყარო, (რა თქმა ყველა განსხვავებული).ზოგან თხევადი, ზოგან მყარი, ზოგან ნარევი, ზოგან ცხელი, ზოგან ცივი და ასე შემდეგ მილიარდობით განსხვავებული გალაქტიკა შექმნა. თან ისეთი პროგრამა გააკეთა, რომ ეს გალაქტიკები თავისით ვითარდებოდნენ, ისე რომ გადიკოს ჩარევა არ ჭირდებოდა. როდესაც რამოდენიმე მილიონი საუკუნის შემდეგ ისევ გადახედა თავის ნაშრომს, მეტად გაკვირვებული დარჩა, რადგან გალაკტიკები ისე გალამაზებულიყვნენ რომ თვალს ვერ მოწყვიტავდით. მან რამოდენიმე წამში გადაავლო თვალი მილიარდობით გალაქტიკას და გადაწყვიტა რომ კიდევ რაღაც ახალი დაემატებინა, რაღაცნაირად გაეხალისებინა. მაგრამ რადგან ვერაფერი ახალი ვერ მოიფიქრა, თავის დას, გალიას დაუსკაიპა და თავისი ნაშრომი გააცნო. გალიაც საკმაოდ ნიჭიერი გახლდათ და იმავ საუკუნეში მოუვიდა იდეა, რომ მოძრავი და მოაზროვნე ობიექტები დაემატებინა პროგრამაში. გადიკასაც მოეწონა ეს იდეა და რამოდენიმე მილიონ გალაქტიკაზე გადაწყვიტა მოესინჯა, ოღონდაც პირდაპირ მოძრავი და მოაზროვნე ობიექტების დამატებისგან თავი შეიკავა და ჯერ უმარტივესი ობიექტები დაამატა და გადაწყვიტა დაკვირვებოდა მისგან დამოუკიდებლად როგორ განვითარდებოდნენ ისინი და როგორ გარდაიქმნებოდნენ თვითმოაზროვნე ელემენტებად.
        როდესაც რამოდენიმე მილიონი წლის შემდეგ ისევ დაუბრუნდა თავის ნაშრომს, ნახა რომ მხოლოდ რამოდენიმე მილიონ გალაქტიკაზე იმუშავა მისმა პროგრამამ, ხოლო დანარჩენ გალაქტიკებზე ობიექტები თვითგამქრალიყვნენ, ზოგან ერთმანეთი ჰქონდათ განადგურებული, ზოგან პროგრამას ვარდნა ჰქონდა, ზოგან გარემო პირობები არ მუშაობდა და ზოგანაც მთლიანად გალაქტიკები წაშლილიყვნენ. გადიკო ცოტათი უკმაყოფილო იყო ამ შედეგით, მაგრამ ახალი პროგრამის დაწერა დაეზარა და გადაწყვიტა რომელიც კარგად მუშაობდა,  მხოლოდ იმ გალაქტიკებს დაკვირვებოდა, მაგრამ განადგურებული გალაქტიკების მაგალითზე გადაწყვიტა რომ  ობიექტების თვითგანვითარება გარკვეულ ჩარჩოებში ჩაესვა. თითოეულ მათგანს განვითარების საკუთარი ჩარჩოები დაუწესა, რომ რომელიმე მათგან განვითარებით სხვებზე წინ არ წასულიყო და ისევ სავალალო შედეგით არ დამთავრებულიყო.
          ერთხელაც გადიკო სოფლელ ბიჭებთან ერთად წყლის პირას არყის დასალევად წავიდა და სახლში მისვლისას მთვრალი მიუჯდა კომპიუტერს.  თავის ნაშრომს რომ გადახედა,გადაწყვიტა რომ ზოგიერთი გალაქტიკის განვითარება კიდევ უფრო საინტერესოდ გაეხადა,  მათში ახალი უხილავი ობიექტები შეიტანა და ამ ობიექტებს ღმერთები დაარქვა. მართლაც ცოტა ხნის შემდეგ, ამ გალაქტიკების განვითარება მართლაც უფრო საინტერესო გახდა, თან ისეთი საინტერესო და სახალისო, რომ ნასვამ გადიკოს მათი ყურებისას ისტერიული სიცილი აუტყდა.  ბაბუას  გადიკოს სიცილი რომ მოესმა, მიზეზის გასაგებად მის ოთახში შევიდა და როდესაც სასმელის სუნი იგრძნო ძალიან გაუბაზრდა გადიკოს, რადგანაც გადიკოს სიტყვა ჰქონდა მიცემული ბაბუისთვის რომ სანამ სოფელში იქნებოდა, სასმელს არ მიეკარებოდა. გაბრაზებულმა ბაბუამ  კომპიუტერი გამოართვა  და  ყველა გალაქტიკა წაუშალა გადიკოს. ასე უშედეგოდ დამთავრდა გადიკოს პირველი გაცნობა კომპიუტერთან. ეს ამბავი  კიდევ მილიარდობით წელი ახსოვდა გადიკოს, მაგრამ შემდეგ წამოიზარდა, ცოლი მოიყვანა და მისი პირველი კომპიუტერი და პირველი პროგრამაც დავიწყებას მიეცა.
      ჭირი იქა, ლხინი აქა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები