ნაწარმოებები



ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
1 დეკემბერი, 2017


სიკვდილის კოცნა


აი მეც, ამ იდიოტურ გარემოში...



ვცდილობ, ჩემ გუდრონივით შავ ფილტვებზე ჩამწვარი სიგარეტის ღერების გახსენებას... ვცდილობ, გავიხსენო თითოეული ნაფაზის ნეტარება.

ჩემი ცხოვრება დღითიდღე უფრო ემსგავსება სიგარეტის კოლოფებით გაშენებულ კუნძულს, მე კი თოლიათა გუნდს ვუყურებ, ვუყურებ ღრუბლებს, მზის უკანასკნელი სხივებით გაწითლებულს... თითქოს სერაფიმების სისხლით იჟღენთებოდეს ცა... რეალურად კი ეს ჩემი ამონახველია.

საათობით შემიძლია რაღაც იდიოტობას მივაშტერდე და ამით დავტკბე, მაგალითად, როგორ ერწყმის ქალაქში აყრილი მტვერი და მზის სხივები მშენებარე შენობებს; როგორ ელვის სისწრაფით დაჰქრიან უცხო პლანეტელთა ჰომალდები და როგორ მშვენივრად ეფინება გამკრთალებულ ცას – ღამე.

თუმცა ამ ყველაფერთან სხვა რაღაცეებიც არსებობს:

ფრჩხილებქვეშ გამოტენილი ჭუჭყი;

მასტურბაციის დროს რელიგიური სიწმინდეების გახსენება;

ოფიციალურ გარემოში ერექციის დაწყება;

პირღია ძილი და ზეწრის დორბლით გაჟღენთვა;

შენი მეგობრის ახალი გოგო საოცარი მკერდით ტკბობა და რაც ყველაზე მთავარია – კიბო ფილტვში.

– ექიმო, გადარჩენის შანსი არის?!

საქმე იმაზე ცუდად არის, ვიდრე შენ ფიქრობო.

მაგრამ შანსი კიდევ გაქვსო.

– სიკვდილის დამსახურების შანსი...





ღია სივრცეში მატარებლის ხმა გაფანტულია. ეს ხმა თითქმის მთელ ქალაქს ედება, გვირაბში შესვლისას კი ხმაური ერთიანდება – ეს მეტროს ემბიენტია. იდეალური ელექტრონული მუსიკა შეიქმნებოდა აქაურობისგან. ასობით ადამიანის ბუტბუტისა და მიწისქვეშეთისეული ექოს შერწყმით რაღაც მაგარი ტრეკი იქმნება და ყურსასმენების გაკეთებაც არ მიწევს. ასობით სხვადასხვანაირი სპეციფიკური სუნი, სხვადასხვანაირი მზერა და უფრო მეტი, სხვადასხვანაირი აზრი ერთ ადგილას იყრის თავს.

დრო ფარდობითია... აქ უფრო შენელებულ ვარიანტშია ყველაფერი, ვიდრე ზემოთ.

ნებისმიერი ფენის ადამიანი ეტმასნება ნებისმიერი ფენის ადამიანს, მით უმეტეს ორშაბათობით, როდესაც აქაურობა ყველაზე მეტადაა გატენილი – და მგონი ესაა ყველაზე გულწრფელი თანასწორობა.

მხოლოდ ვაგონში შეგიძლია აიტანო გულისამრევი სუნი, აღზნებული მამრი, – თუ როგორ ცდილობს შეუმჩნევლად შეეხოს შენს სხეულს – და მწვავე კლაოსტროფობია.

აქ ისიც კი მომწონს, წარწერა: „ნუ მიეყრდნობი“ – ს რომ ვეყრდნობი.

– როგორ გაფითრებულხარ... – ჩემი ეგოც წარწერას ეყრდნობა – შენი ტუჩები ისეთი ლურჯია, თითქოს დიდი გამყინვარება გკლავდეს.

მას კვლავ ისე გემოვნებიანად აცვია, როგორი ჩაცმაც მე არასდროს გამომდიოდა. მეოცე საუკუნოვან ჰიპსტერულ ტანისამოსს და ოცდამეერთე საუკუნის მოდას ერთ მთლიანობად ქმნის.

მეკითხება:

– ახლა რაღას იზამ?!

არ ვიცი... სახლში წავალ და მანიაკალურ დეპრესიას მივეცემი – მეთქი.

ჩემი ეგო გოგო რომ ყოფილიყო შემიყვარდებოდა.

– ჩვენ მალე მოვკვდებით! – ისტერიულად იცინის. თუმცა მისი არავის ესმის რელსების წივილის გამო. – ჩემო მშვენიერო აზრებო, კიდევ გგონია, რომ ცხოვრება უზენაესი სამართალია?!

მგონი უადგილო კითხვაა მომაკვდავი ადამიანისთვის.

– მითხარი ჩემო აზრებო, ცხოვრება ისევ მშვენიერია?!

– კი, და ამავდროულად სარკასტული... – ვეუბნები გულგრილად – შენსავით სარკასტული.

მან კიდევ ერთხელ აღმაფრთოვანა, როდესაც გოთიკის ზეგავლენის ქვეშ მყოფმა ახალი ნაწარმოების წერა დავიწყე.

– ხო... ვიცი, ვიცი... როგორც აღმოჩნდა, პერსონაჟისთვის განკუთვნილი ფილტვის კიბოს სიმპტომები ძალიან ჰგავდა შენს მშრალ ხველას, გულის უკმარისობასა და ქოშინს... ჩემო საბრალო აზრებო...

ფილტვის კიბო... რა დამთრგუნველი სიტყვაა.

– იმიტომ, რომ ეს დამთრგუნველობა შენს ორგანიზმშია.

მახსენდება, რომ მალე მოვკვდები და ამის არ მწამს...

– მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის არსებობის უამრავი მტკიცებულება გქონდა, ამის მაინც არასდროს გჯეროდა.

იმის ალბათობა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდეს იგივეა, რაც ლატარეაში მილიონი დოლარის მოგება...

– მაგრამ შენ ცხოვრება მილიონი დოლარის ნაცვლად ფილტვის კიბოს გჩუქნის. ცხოვრებით თუ აღვფთოვანდები მხოლოდ იმიტომ, რომ ის მომხიბვლელ ბოროტმოქმედს ჰგავს.

– თუმცა, სიკვდილის წინა დღეებშიც შეგიძლია ცხოვრებით ტკბობა. – ამ იდეაში ყველაზე მეტი სარკაზმი დევს – შენ კი მანიაკალურ დეპრესიას ირჩევ, ჩემო ქაოსურო აზრებო.

რას მთავაზობ – მეთქი.

– იმას, რასაც სიცოცხლეში არ აკეთებდი.

მაგალითად წვეულებებზე არ დადიოდიო.

როდესაც სიკვდილისგან შორს ხარ მისი საერთოდ არ გეშინია, მეტიც, გგონია, რომ როდესაც ის მოვა, უშიშრად შეხვდები.

იგონებ ათასნაირ სულელურ ფრაზას, რომ სიკვდილის გარეშე ცხოვრებისეული მშვენიერებები გაუფასურდებოდა.

რომ დასასრული – ეს აზრს აძლევს ყველაფერს.

რომ სიცოცხლეზე მშვენიერი მხოლოდ სიკვდილი თუა და ა.შ.

რეალურად კი ამ პლანეტაზე არ არსებობს ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც სიკვდილისკენ ილტვოდეს.

უკანასკნელი თვითმკვლელის თვითმკვლელობის მიზეზიც კი სიცოცხლის უსაზღვრო სიყვარულია.

ეს თვით სიკვდილის სამყაროა.... ყველა და ყველაფერი კვდება.

შენ მალე გამოეყოფი მატერიას....

შენ გამოეყოფი იმ ყველაფერს, რაც გიყვარს....

ყველაფერს, მთელ შენს ცხოვრებას, კარგსა თუ ცუდს ტოვებ აქ...

სადღაც ამოვიკითხე, რომ სიკვდილი ჰგავს კარს, რომლის მიღმაც არავინ იცის რა ხდება...

რაც უნდა ხდებოდეს კარს მიღმა, თავს კარგად ვერ ვიგრძნობ, ვინაიდან ყველაფერი ის, რაც მასულდგმულებდა და არსებობას მაყვარებდა, კარს იქით განუყოფელობის ძალას კარგავს.

აღფრთოვანებული ვარ ილუზიებში ცხოვრებით... ისიც კი მომწონს მზეს რომ ვხედავ მაშინ , როცა ის რვა წუთის ჩასულია.

მომწონს ფერების აღქმა, როცა ეს საერთოდ არ არსებობს.

მომწონს ჩემს თავს ზემოთ ცისფერი ფერი, როცა, როგორც ასეთი ცა, საერთოდ არ არსებობს.

ჩემი მთელი ცხოვრება ილუზიაა, მაშასადამე, ყველაფერი ისე იქნება , როგორც მე მინდა, მაგრამ ამ ღვთიურ ძალას მალე სიკვდილი წამართმევს.

– სიკვდილი, ჩემო ზღაპრული აზრებო, საშიში საერთოდაც არ არის, პირიქით, სიკვდილი, ესაა მხნეობა, რომ ცხოვრებით დატკბე – მეუბნება ჩემი ალტერ ეგო – ჩემი მეორე მე – ჩემი ტვინის ნახევარსფეროში ჩაბუდებული პიროვნება, არ ვიცი, ამ რაღაცას 21 – ე საუკუნეში ბევრი სახელი მოუფიქრეს.

შენ სიკვდილის შესახებ საერთოდ რა იცი მეთქი.

– დალახვროს ეშმაკმა , მალე მეც შენთან ერთად მოვკვდები.

ვგრძნობ სიკვდილი როგორ მახვევს თავის სრულყოფილად შავ საცეცებსო.

– მაგრამ ეს მხნეობაა, უფრო მეტად ვისიამოვნო, სიკვდილთან მიახლოებულმა, ვიდრე ამას წარსულ დღეებში ვაკეთებდი.

ცხოვრების შეყვარების ყველაზე დიდი მოტივი სიკვდილია. რაც უფრო ახლოსაა ის შენთან, მით მეტად გიყვარდება ყველაფერი ის, რაც სიცოცხლეშია.

– რაღაც სხვაგვარი ფილოსოფოსი ხარ, ამ საქმის საერთოდ არაფერი რომ არ გაგეგება – ვეუბნები და მატარებლიდან ჩავდივარ.





ქალაქის ბოტანიკურ ბაღში, ხის ნესტიან სკამზე ვზივარ.

– შენი გულის ძლიერი ბიძგების დამშვიდება თავადვე შეგიძლია.

ძალიან ლამაზი ღიმილი აქვს.... უფრო გასაგებად რომ ვთქვა, მისი სახე ღიმილის გარეშე ვერ წარმომიდგენია.

ზეციური არსებასავით ბრწყინავს. მის სხეულს ამ ეფექტს თოვლივით თეთრი კანი აძლევს... ავადმყოფურად თეთრი კანი.

მიკროსკოპის დონეზე რომ შემეხედა მისი თვალებისთვის, დარწმუნებული ვარ, სამყაროს მოდულისგან ვერ განვასხვავებ.

– სიცოცხლე ხარ? – ვეკითხები და ვცდილობ, ყველაფერი ლოგიკის მიხედვით დავალაგო, თუმცა ლოგიკაც ისეთივე ზეციურია, როგორც, მაგალითად, მზის ყვითელი ფერი.

– ესე იგი სიცოცხლე...

თავისი ნაზი ხმით იმეორებს ამ მელანქოლიურ სიტყვას:

– სიცოცხლე...

მე კვლავ სკეპტიკოსივით ვიქცევი:

– სიცოცხლე არავის ჰქვია.

საოცარი სანახავია, თუ როგორ არხევს მისი შავი თმის ბოლოებს ნაზი და ოდნავ ცივი სიო.

ჩემს გვერდზე ჯდება და თვალებში შემომცქერის, რთულია მისი მზერის არიდება.

ხეებს მოდებული გამჭვირვალე ნისლი უფრო და უფრო სქელდება, თითქოს გოთიკის უმაღლეს საფეხურებს ვუახლოვდებოდე.

_იმიტომ ფერკმთალდები რომ გტოვებ – მისი ყოველი სიტყვა მელოდიასავით ჩამესმის.

– საერთოდ რატომ მოხვედი ჩემთან თუ თავიდანვე გქონდა განზრახული ჩემი მიტოვება?!

დასევდიანებული თვალებით მიყურებს...

მე ხომ ძლიერად მიყვარდა შენში მზის ამოსვლა... თბილ ქვეყნებში გადამფრენი ჩიტების გუნდის ულამაზესი ცეკვა..

ვეღარასდროს გავიღვიძებ შუა ღამით და ვერ დავინახავ სირიუსის სიკაშკაშეს.

რა აზრი ჰქონდა სამყაროზე ფიქრს თუ მის საიდუმლოებებს ვერ ამოვხსნიდი.?

მითხარი რატომ უნდა მიმატოვო?!

ისევ მინდა შენი ნაზი სხეულის პატარა თბილი წერტილი ვიყო.

ისევ მინდა შენი ტვინის სიგნალებს წარმოუდგენლად გიგანტ ნისლეულებად ვხედავდე.

მინდა შენი სიზმრები ჩემი რეალობა იყოს.

თუ ჩემი სამყარო შენს სხეულზე ერთი ცოცხალი უჯრედია , მაშინ მე ვინ გამოვდივარ?!

– ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის სხეული – მეუბნება – ნებისმიერი ზედაპირი უსასრულო რაოდენობის უსასრულო სივრცეს ითვლის.

სამყარო შენს ხელის გულებზეა. ხედავ შენს ხელებზე რამდენი გალაქტიკა ბრწყინავს?!

ყოველივე ეს სიკვდილისთვისაა განწირული.

სიკვდილი, ყველაფერ იმას , რაც მშვენიერია, ფასს სძენს.

ადამიანის ბუნება სამყაროსავით ქაოსურია – სიკვდილი რომ არ არსებობდეს, სწორედ ამის არსებობას იოცნებებდი.

– თუმცა ჯერ ადრეა – ვამბობ მე – ძალიან ადრე.

კიდევ მინდა ვფიქრობდე და წარმოვიდგენდე.

– შენც კარგად იცი , რომ რეალურად ადრე და გვიან არ არსებობს.

ის ფერმკრთალდება ...

ფერმკრთალდება და ქრება...

მთელი ზიზღითა და მრისხანებით სკამიდან ვდგები , ბაღის კუთხეებს ფეხს ვკრავ და გარშემო მთელი ფონი კარდონის კედელივით ფარფატით ენარცხება მიწას.

– შემობრუნდი და მაჩვენე შენი სახე! – ირგვლივ სრული „არაფერი“ ისადგურებს.

არაფერი, სადაც სულის გამყინავი სიბნელეც კი იკაშკაშებდა.

ჩემი გონების ნაწილს სჯერა, რომ ჩვენ მომავალში ერთად ვიქნებით.

მომავალი მრავალი ფერითაა განავარდებული.

გხედავ... თითქოს გხედავ, ზღაპრულად მშვენიერ ველზე ფეხშიშველა დადიხარ. ტყისკენ მიდიხარ , მე ამ დროს მინდა დავრწმუნდე რომ მღვიძავს, რომ ეს ყველაფერი რეალურია,

მე ნელა მოგყვები გაუკვალავი ტყისკენ...

ზღვა მღელვარეა...

მზის დისკო ნაზად ეფერება მშვიდ ტალღებს. შენ ჩემს წინ ცეკვავ. მსუბუქ ნიავს აქეთ – იქით დაჰყვები.

მინდა ფილმი გადავიღო...მოკლემეტრაჟიანი. ფილმი ჩემზე და შენზე, სერაფიმებზე, სირინოზებზე, ზღვაზე, ღმერთებზე, სამყაროებზე...

შენ მიანც მიდიხარ...

მე უკანასკნელად გეკითხები არსებობ თუ არა, შენ კი მპასუხობ:

– როგორც შენ გადაწყვეტ

– მაჩვენე შენი სახე! ამ ერთხელ მაჩვენე შენი სახე





თვალს ვახელ და ჩემი ოთახის ჭერს ვაკვირდები, როგორც ყოველთვის, მალე მინდა გამოვფხიზლდე.

დღეს სირიუსი არ მოჩანს. სქელი ნისლი ფარავს ქალაქს.

ზედიზედ ორ ჭიქა წყალს ვსვამ – ეს ჩემი ძველი ჩვევაა, მგონია, რომ ასე ჩემი ორგანიზმი მწყობრში დგება.

ჩემი ეგო ტელესკოპით უცხო ადამიანებს უთვალთვალებს

– დამპალმა ამინდმა არ მომცა იმის საშუალება, რომ იუპიტერს დავკვირვებოდი. – ამბობს ის – მაგრამ ამ გამოსირებულების ყურებაც არანაკლებ საინტერესოა.

არ ვიცი ახლა რა გავაკეთო, დივანზე ჩამოვჯდე და ტელევიზორს მივაშტერდე თუ კბილების გამოხეხვა დავიწყო.

– ჰა, ჰა, ჰა – მის შემზარავ სიცილს ვერ ვიტან – დღედღეზე კვდები და შენ მაინც კბილების გამოხეხვაზე ფიქრობ, ხომ იცი საიქიოში იესო შენი თეთრი კბილებით არ შეგაფასებს.

ჰა, ჰა, ჰა

– თავს როგორ გრძნობ?!

როგორც ფილტვის კიბომდე – მეთქი

დღეს, ჩემო მოსაწყენო აზრებო, გავერთოდო.

რა აზრი აქვს ღამე გაღვიძებას თუ გართობის ხალისი არ გაქვსო.

შენი არ ვიცი , მაგრამ მე ბარში უკვე მელოდებიანო.

ალბათ, იმ მეგობრებს გულისხმობ გარდატეხის ასაკი კატების წამებით რომ გადალახეს.

შენ გოთიკურ მსოფლმხედველობის მქონე მეგობრებთან მაინც ვერ გავერთობი – მეთქი

– შენც მათნაირი ხარ, მათსავით იდეალურად აღიქვამ ხელოვნების მაღალ დონეს, თან ასე ფერწასული დეპრესიულ ვამპირს გავხარ და ნამდვილად მოუხდები გოთურ საზოგადოებას.

ჰა, ჰა, ჰა.

არა, მე სახლში ვრჩები მეთქი, მაგრამ ვერაფერს ვიზამ, ეგო ჩემზე ძლიერია.

ტელესკოპს ფანჯრიდან ისვრის, მზის სისტემაზე აღარ უნდა ვიფიქროთო ამბობს და ინტერნეტით ტაქსის იძახებს.

ხომ იცი, ჩემო საბრალო გონებავ, ჩემთან ლაპარაკი ყველაფერზე შეგიძლია, მე შემიძლია ვიყო შენი გურუ ან შენი ფსიქოლოგი.

მითხარი რაზე გინდა ლაპარაკი, რატომ არ გიმართლებს გოგოებში?! რატომ ხარ ასეთი მოსაწყენი და უიღბლო?!

რატომ გაქვს სექსი წელიწადში მხოლოდ ორჯერ?!

მე ყველაფერზე ლაპარაკი შემიძლია! მაგრამ, ვიცი, რაც გადარდებს: გაინტერესებს ღირდა თუ არა თითოეული ნაფაზის ნეტარება ფილტვის კიბოდ.

გაიხსენე სიგარეტის კოლოფის დამთავრებისას დაბადებული ეშმაკეულივით შფოთვა, შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო მხუთავი აირის სრულყოფილად შეგრძნება.

გაიხსენე როგორი მბრწყინავია შემთხვევით ნაპოვნი ერთი ღერი.

როგორი სასიამოვნო შესაგრძნებია კვამლით სავსე საყლაპავი მილი.

კვამლი – მშვენიერების გამხსნელია , ამის საუკეთესო გაგებით.

და ყველაფერი რაც კი გიკეთებია სიკვდილად ღირდა.

უარესიც შეიძლებოდაო.

– უარესი მაინც რა?!

გეზრუნა სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის და მაინც დროზე ადრე მომკვდარიყავიო.

ნამდვილი ტრაგედია ის არის სიცოცხლეს რომ ებღაუჭები.

ყველაფერს აკეთებ იმისთვის რომ გადარჩე. პარალელურად კი ცხოვრება ბეიზბოლის ბურთის ზომის სიმსივნეს გიმზადებს.

შეიძლებოდა კიბო შენს თავში გაჩენილიყო და არა ფილტვში – ესეც შენი ცხოვრებისეული შეღავათი.

– ეს ცხოვრება კომედიაა! ჰა, ჰა , ჰა.

– ტრაგიკომედია... – ვამატებ მე.

ერთმნიშვნელოვნად ტრაგიკომედიური.

ეს ცხოვრება სასწორია, უნდა აწონ – დაწონოო.

ჩემთვის საკმარისია ერთი დღე ბედნიერად ვგრძნობდე თავს, რომ მერე მრავალწლიან უბედურებას გავუმკლავდეო.

ერთწამიანი ბედნიერება წონის მრავალსაათიან უბედურებას.

რამე უფრო იმედის მომცემი და რეალური მითხარი მეთქი.

არ ვიცი.... წადი ვინმე გაჟიმე და ორგაზმი ისე შეიგრძენი, როგორც ბუდისტი ბერი სიცოცხლესო.





მკრთალად განათებული გარემო თავს კომფორტულად მაგრძნობინებს... ასე არ ვჩანვარ.

მობის “Running” ჩამესმის.

სიცოცხლეს ვხედავ... მუსიკის ფონზე ექსტრასულ ცეკვას ასრულებს და ნელ – ნელა მიახლოვდება.

ეგო ძლიერი ნარკოტიკის კვამლს მაბოლებს და სანახაობა მით უფრო მომხიბვლელი ხდება.

ამჯერად, სიცოცხლეს შავი, სხეულზე მჭიდროდ მომდგარი, სექსუალური საღამოს კაბა აცვია – შავი , როგორც მისი თვალები.

გულის რითმის დარღვევა ჩემში მწვავე ნევროზს აღვიძებს.

მთელი სხეული მიცახცახებს.

სიცოცხლე მიახლოვდება , ნაზად მკოცნის და მე ვხვდები , რომ ის ვიღაც სხვაა.

– მაგალითად სიკვდილი... – ნაზად მეჩურჩულება ის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები