ნაწარმოებები



ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
1 დეკემბერი, 2017


სევდასთან ერთად!

დღეს ისევ ნისლი ჩაიფერფლა  ჩემს კულულებში...ისევ გაწვიმდა...წლებივით გახუნებულმა, მაგრამ მაინც ბუნებრივმა სევდამ დამისველა ხელოვნურად აკინძული კულულების დროგათვლილი სუნთქვა. გავნაცრისფერდი... გონება ნებაზე მივუშვი და გულის ყრუ ჟღერადობას ზედიზედ მრავალჯერ ავაყოლე...ისე... გაუაზრებლად და უსულოდ...უხეშად მოხვდა ყურს ცარიელი გულის ყალბი ნოტები...უსიამოვნოდ გაჟღერდა სივრცეში ცელქი მარტოობა და მეც ამ საოცრად ცივი და მეტყველი დუმილის ფონზე საკუთარი თავი გავიცანი, ღრმად  ჩავაცქერდი ჩემს ნიღბად ქცეულ ღიმილს და მივხვდი რომ გაცვეთილიყო, სევდა ვეღარ დაეფარა, ცხოვრებასთან ჭიდილში ფეხი რეალობისთვის წამოეკრა და გაუყუჩებელი ტკივილი წამწამთქვეშ მიმოეფანტა.
თვალებმა გასცა ჩემი სისუსტე, ჩემი უმოქმედობა, ქვეყანას მოდო ჩემი ხალხმრავალი, მაგრამ მაინც მარტოსული მარტოობა.
და, დღეს მე მარტო ვარ...მარტო... გუშინაც მარტო ვიყავი, გუშინწინაც და კიდევ იმის წინათაც, მაგრამ დღეს ყველაზე მარტო ვარ, ყველაზე მარტო ამ სიცარიელით განებივრებულ და მზეგანელებულ სამყაროში...
თუმცა...რატომ მარტო?.. - სევდასთან ერთად!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები