ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ორპირი ქარი
ჟანრი: პროზა
1 დეკემბერი, 2017


გ ა ქ ც ე ვ ა


- დღეს ჩემი ბოლო სამუშაო დღეა! - თქვა და ჯიბეში ჩადებულ იარაღს ხელი მოჰკიდა. - ნუთუ მეშნია?! - იგრძნო როგორ გაუხურდა სახე, სარკესთნ მივიდა და თავის შევარდისფრებულ ლოყებს დააკვირდა, საშინლად რომ ვერ იტანდა. მერე თავის ანარეკლს ჩააშტერდა არეულ თვალებში და ჩაილაპარაკა: - დღეს ყველაფერი დამთავრდება და ბოლო მოეღება. ნეტავ რა იქნება მერე? ახლა გავიგებ, სული უკვდავია თუ არა. ნეტავ მეტკინება?
- ეს სიგიჟეა! - გამოეპასუხა საკუთარი ანარეკლი სარკიდან. გაუკვრდა. ბევრი არც უფიქრია, აგონიას მიაწერა.
- რა არის სიგიჟე თავს რომ ვიკლავ ის? - უპასუხა მანაც.
- სიკვდილი გაქცევაა. ეგ გამოსავალი არ არის. 
- მკვდარს არაფერი მოეკითხება რა არ იცი?!
- შენ თუ გგონია სიკვდილი გიხსნის პრობლემებისგან, ძალიან ცდები! იცი რას იტყვიან შენზე?! ლაჩარი ყოფილა და ლაჩრულად გაიქცაო!
- ლაჩარიო? შენ იცი რამხელა გამბედაობა სჭირდება თვითმკვლელობას?! ლაჩრებს ეს არ შეუძლიათ!
- საკუთარი თავის წინასწარ გამართლებას ცდილობ?
- მე არაფერს არ ვცდილობ, უბრალოდ ვიკლავ თავს;
- უბრალოდ თავს არ იკლავენ, სულელო?
- რაც გინდა ის თქვი, მე უკვე გადავწყვიტე, ასე უკეთესი იქნება ყველასთვის!
- შენ რა, ხომ არ გგონია ის „ყველა“ „გმირობისთვის“ ძეგლს დაგიდგამს?!
- ნუ დამცინი!
- მეცოდები!
- რაო? ვის, შენ გეცოდები? შე საწყალო! ვინ ხარ ამდენს რომ ლაპარაკობ? შენ შენი თავი ვინ გგონია? ხომ არ გავიწყდება ჩემი ანარეკლო რომ ხარ და ჩემს გარეშე არ არსებობ? შენ კაცი კი არა საცოდავი აჩრდილი ხარ, თან საცოდავი კაცის. შენ ერთი უბადრუკი ბებრის ანარეკლი ხარ, რომელმაც იცხოვრა იმისთვის რომ საყვარელ ქალს გაჯიბრებოდა და საკუთარი ცხოვრება გაენადგურებინა. შენ ერთი უბედური ლანდი ხარ, რომელიც არასდროს იცინის, არც სიხარული იცის და არც სიყვარული. შენ რა გგონა კაცი ხარ? აბა გადაავლე შენს ცხოვრებას თვალი, როდესმე ყოფილხარ ბედნიერი? არასოდეს, გესმის, არასოდეს!
- კარგად დაფიქრდი, იქნებ მაგას საკუთარ თავს ეუბნები?! - ანარეკლი ახარხარდა.
- გაჩუმდი! - დაიღრიალა. დაჭრილი ლომივით დაბრდღვინა. - მეზიზღები. მეზიზღები!
- შენ შენი თავი გეზიზღება, ხვდები ამას?
- გაეთრიე, შენი დანახვაც აღარ მინდა! - დაიყვირა და განრისხებულმა სარკეს მუშტი დაარტყა. სარკე დაიბზარა და ანარეკლი ერთი - ასად იქცა.
- სიკვდილი არაა გამოსავალი.- სიჩუმის შემდეგ ყველა ანარეკლი ერთად ალაპარაკდა. ამაოდ უცდიდა პასუხს. მერე თავი ჩაღუნა და განაგრძო: - ცოტა ხნის წინ მე შენი ყველაზე დიდი პრობლემა ვიყავი, შენ დამარტყი და ამით სცადე ჩემგან გაქცევა, მაგრამ ხომ ხედავ, ახლა ათასად ვიქეცი და ათასჯერ უფრო მეტად გიმწარებ სიცოცხლეს. უბრალოდ დამდგარიყავი ზურგით ან თვალები დაგეხუჭა, ასე ხომ ვეღარ დამინახავდი. ყველა პრობლემას აქვს გამოსავალი, მთავარია იპოვნო ის.
- შენ რა მორალს მიკითხავ?
- განა შენ არ მითხარი არარაობა ხარო, მორალს როგორღა წაგიკითხავ?
- მართალია, შენ არარაობა ხარ და ამიტომ ვიკლავ მე თავს!
- მეგონა შევძელი შენი გადარწმუნება.
- რაც ახლა თქვი ყველაფერი ხომ საკუთარ თავს ვუთხარი, აბა როგორ გადამარწმუნებდი?! - ცოტა ხანს მდუმარედ ათვალიერებდა იატაკს. მერე თავი ასწია და ბავშვური გულუბრყვილობით ჩუმად იკითხა:
- როგორ ფიქრობ მეტკინება?
- არ ვიცი, ვერ გეტყვი! - მშვიდად მიუგო ანარეკლმა. - გეშინია?
- რა ვიცი აბა?! - თავი ისევ დაბლა დახარა. ფეხი კედელს ფრთხილად მიუკაკუნა. პატარა ბავშვივით დაიმორცხვა.
- შენ რა ხომ არ გრცხვენია თავს რომ იკლავ? - არ ეშვებოდა დამსხვრეული სარკის ნაკუწებად ქცეული ანარეკლი.
- არა, არ მრცხვენია!
- აბა რა გემართება?
- მგონი... მეშინია... - ჩაიჩურჩულა. ამ დროს სადღაც მეხი გავარდა, ოთახმა გუგუნი დაიწყო. სარკე აზანზარდა, ანარეკლი ხარხარებდა და ტყვიაც გავარდა...






                                                                                                                                                                ქეთევან ბარნაბიშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები