ნაწარმოებები



ავტორი: მეომარი
ჟანრი: პროზა
2 დეკემბერი, 2017


პირველი სისხლი

    ბატალიონის როტაცია, ანუ ჩანაცვლების პერიოდი აპრილის ბოლოს უკვე დასრულებული იყო და ჩვენმა ბატალიონმა პასუხიმგებლობა სრულად აიღო ოპერაციის რაიონზე, რომელიც ჰელმანდის პროვინციის შუაგულში მდებარეობდა და თავისი განლაგებით და დანიშნულებით თალიბანისთვის სასიცოცხლო დანიშნულების ტერიტორიას, ხოლო კოალიციური ჯარებისთვის ყველაზე ცხელ წერტილს წარმოადგენდა. ბატალიონის ოპერაციის რაიონი ესაზღვრებოდა დაბა სანგინს, ჩრდილოეთით მუსა ქალას ხეობას, თალიბანის მიერ სრულად კონტროლირებად ტერიტორიას, აღმოსავლეთით ნოუზადის ოლქს, ხოლო სამხრეთით კაჯაკის ოლქს, რომელიც თავისთავად პაკისტანისკენ მიმავალ გზას უხსნიდა ნარკოტრეფიკს და ასევე პაკისტანიდან მომზადებული მებრძოლების და შეიარაღების შემოსვლას ჰელმანდში.

    ოპერაციის რაიონი ორ მიმართულებად იყო გაყოფილი, დასავლეთი ანუ „წითელი გზის“ მიმართულება და აღმოსავლეთი, ანუ მუსა ქალას ხეობა. ამ ორ რაიონში მოქმედი ამბოხებულებიც შესაბამისად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან მათ მიერ შერჩეული ტაქტიკით. მაგრამ ორივე მიმართულებაზე ძირითად საფრთხეს როგორც ქვეითებისთვის, ასევე ჯავშანმანქანებისთვისაც ხელნაკეთი ნაღმები წარმოადგენდა. განსხვავება ამ ორ ტაქტიკურ მიმართულებას შორის ის წარმოადგენდა, რომ  წითელი გზის მხარეზე მოქმედი ამბოხებულები არ ერიდებოდნენ პატრულისთვის ცეცხლის გახსნას, ეს იყო ყველაზე დიდი ათი-თხუთმეტი ვაზნა და იმწამსვე ისე ქრებოდნენ, თითქოს მიწამ უყო პირიო. ეს ხუმრობით გამონათქვამი შემდეგ დადასტურდა კიდეც, ისინი ნამდვილად მიწაში ქრებოდნენ. ადგილმდებარეობის შესახებ ცნობებში ნახსენები იყო ეგრეთ წოდებული, კარეზების სისტემა, მაგრამ ვინაიდან ეს სისტემა ჩვენს ოპერაციის რაიონს უბრალოდ ესაზღვრებოდა, განსაკუთრებული ყურადღება არავის მიუქცევია, სანამ უშუალოდ ფაქტის წინაშე არ დავდექით. ბაზა ერედვი, რომელზეც ბრავო ასეული იყო დისლოცირებული, წითელი გზის განაპირას მდებარე ქართული ფორპოსტი იყო და ასეულის ძირითად ამოცანასაც, სწორედ ამ ძირითადი ლოგისტიკური მარშრუტის უსაფრთხოება და დაცვა წარმოადგენდა. სიტუაციის უფრო ცხადად აღსაქმელად დავამატებ იმას, რომ ერედვიდან გასულმა პირველივე პატრულმა ცეცხლი მიიღო. ეს ერთგვარი საბრძოლო ნათლობა იყო ბიჭებისთვის. ეს კანტიკუნტი გასროლები ჩვენი ძალების მიმართულებით ხშირი იყო და ამის საშუალებით ამბოხებულები ცდილობდნენ დაედგინათ, როგორი იყო ჩვენი მოქმედების ტაქტიქა, ვინაიდან წინ იყო კოალიციურ ძალებზე დაწყებული „ნადირობის სეზონი“ და ჩვენი ტაქტიკის ცოდნა მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისა იყო.

    სულ რაღაც ერთი კვირის დაწყებული ჰქონდა ბატალიონს ოპერაციის რაიონში მოქმედება. ბაზა ერედვიდან სამხრეთით, დაახლოებით შვიდ კილომეტრში, მდებარეობდა ბაზა ფაიზელი, რომელიც ალფა ასეულს ეკუთვნოდა და ამ ასეულსაც ანალოგიურად, წითელი გზის უსაფრთხოება ევალებოდა. სანამ ჯარისკაცები მიეჩვეოდნენ და პირველ ფსიქოლოგიურ წნეხს გადალახავდნენ, ვცდილობდით მეც და მეთაურიც, რაც შეიძლება ხშირად ვყოფილიყავით მათ გვერდით, იქნებოდა ეს უბრალოდ, ბაზაზე სტუმრობა თუ მათთან ერთად ოპერაციებში მონაწილეობა.

    ამჯერად ბაზა ფაიზელს ვსტუმრობდით. როდესაც ბაზაზე შევედით, მე და მეთაური ჩამოვხტით სწრაფი რეაგირების მანქანებიდან და ასეულის საცხოვრებელი განლაგებისგენ წავედით, საიდანაც ჩვენსკენ ასეულის მეთაური, ბაჩო მოემართებოდა. ბაჩო დაახლოებით 25-27 წლის ახალგაზრდა მამაკაცი იყო, საშუალოზე მაღალი, ფიზიკურად ძალიან ძლიერი და ყოველთვის უწყინარი ღიმილით სახეზე. ჯარისკაცებს ძალიან უყვარდათ თავისი ასეულის მეთაური, მისი გაწონასწორებული ხასიათიდან და მართვის სტილიდან გამომდინარე. ასეულის მეთაურობამდე ბაჩო სადაზვერვო ოცეულს მეთაურობდა და საკმაოდ გამოცდილი იყო იმ საკითხებში, რაც ქვედანაყოფის მეთაურს სჭირდება.
- გამარჯობათ ბატონო ვიცე პოლკოვნიკო, - მიესალმა იგი მეთაურს, შემდეგ მე მომიბრუნდა და როგორც გვჩვეოდა შეხვედრისას, გემრიელად ჩამომართვა ხელი, - ბატონო სერჟანტო! - და მხარზე დამიტყაპუნა თავისი ტორები, - წამობრძანდით, სიტუაციას გაგაცნობთ.

    მეთაურს თვალით ვანიშნე, რომ მე სხვა მხარეს მივდიოდი და ისიც უსიტყვოდ მიმიხვდა. მივედი პირდაპირ მოსაწევთან. რომ დამინახეს, ჯარისკაცები წამოიშალნენ და მომესალმნენ. დავჯექი, სიგარეტი ამოვიღე და შევთავაზე. საქართველოდან წამოღებული სიგარეტი მქონდა შემორჩენილი, ადგილობრივი კი იმდენად უხარისხო იყო, რომ სიამოვნებით მიიღეს ბიჭებმა შეთავაზება და რომ არა დამატებითი მარაგი ზურგჩანთაში, ალბათ ცოტა ხანში მე მომიწევდა მათგან იგივე შეთავაზებაზე დათანხმება.

      ასეულის სერჟანტი, რამინი  საკმაოდ გამოცდილი სამხედრო იყო, კარგი ადამიანი, სამართლიანი, ზრდილობიანი და რასაც ყველაზე მეტად ვაფასებდი, ჯარისკაცებზე ისე ზრუნავდა, როგორც საკუთარ ოჯახის წევრებზე. რამინი ერთხელ უკვე ნამყოფი იყო ავღანეთში, ვაფასებდი მის გამოცდილებას და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ძალიან მალე დავმეგობრდით. რამინის მოვუსმინე და ყველაფერი ჩავინიშნე, რა პრობლემები იყო ბაზაზე. ფორპოსტის სპეციფიკიდან გამომდინარე, პრობლემებს ძირითადად ლოგისტიკური კუთხით არსებული ნაკლოვანებები ქმნიდა. ცოტა ხნის საუბრის შემდეგ, რამინიმ სადილზე მიმიწვია. სადილს, ჩვეულებრივ მშრალი ულუფა წარმოადგენდა. ჩემი საყვარელი ოცდასამი ნომერი ამოვარჩიე და ის-ის იყო მოხერხებულად მოვკალათდით კარვის კუთხეში, რომ დაზვერვის სერჟანტი მოგვიახლოვდა.
- ბატონო სერჟანტო, ბრძანების გაცემას ვიწყებთ და თუ დაგვესწრებით, შეგიძლიათ ათ წუთში მაკეტთან მოხვიდეთ,- უთხრა მან რამინის, შემდეგ შეგარგოთო, დააყოლა და მაკეტისკენ წავიდა.
- რა ვქნათ, ბატონო სერჟანტო? - მომხედა რამინმა.
- დავესწროთ აუცილებლად, დავუდასტურე მე და ჩემს ულუფას უცებ მოვუღე ბოლო. რამინიც არ ჩამომრჩა და გავემართეთ იქით, საითაც დაზვერვის სერჟანტი წავიდა.  მაკეტი, ეს იყო ასეულის სამოქმედო რაიონის თვალსაჩინოება, შესაბამისი რელიეფის მახასიათებლებით და რაიონში არსებული ყველა ნაგებობით თუ მნიშვნელოვანი ობიექტით. მაკეტთან ხდებოდა პატრულში გასვლის წინ ყველა საჭირო ინსტრუქციების გაცემა პატრულის მეთაურის მიერ და ზუსტად აქ უნდა მომხდარიყო ამჯერადაც ბრძანების გაცემა.

    მივედით მაკეტთან, სადაც ათეულის მეთაური ბრძანებას სცემდა. ბრძანება მოიცავდა პატრულის დავალებას, გადაადგილების მარშრუტს, უსაფრთხოების ზომებს, თითოეული ჯარისკაცის ინდივიდუალურ დავალებას და მოქმედებების თანმიმდევრობას კონტაქტის ან ნაღმზე აფეთქების შემთხვევაში. ვუსმენდი ათეულის მეთაურს და თან ბიჭებს ვათვალიერებდი ჩუმად, რომლებიც მაკეტს დასცქეროდნენ და ცდილობდნენ წარმოედგინათ, სინამდვილეში როგორ მოწევდათ საცეცხლე პოზიციის შერჩევა ამ პატარა კუბიკის კუთხეში, რომელიც მაკეტზე სახლს ან რაიმე შენობას წარმოადგენდა, ვუყურებდი ამ ბიჭებს და გული სიამაყით მევსებოდა. ბევრჯერ გამიგონია სიტყვა გმირი, რომელითაც ძირითადად სამწუხაროდ, მხოლოდ გარდაცვლილებს იხსენებენ, მე კი ცოცხალი გმირებს შორის ვიდექი, მსოფლიოში ყველაზე მაგარი ადამიანების გვერდით, რომელთათვისაც შეიძლება ეს სიცოცხლის უკანასკნელი საათები იყო, მაგრამ წარბშეუხრელად იდგნენ, უსმენდნენ მეთაურს, იმახსოვრებდნენ დავალებებს და მათ მოკუმულ მუშტებს, დაძაბულ სახეებს და სახელდახელოდ მორგებულ აღჭურვილობას რომ ვუყურებდი, ვხვდებოდი, უკან არაფერზე დაიხევდნენ ერთმანეთის გულისთვის. 

    პატრულის ამოცანა სწრაფი ჩეკპოინტის მოწყობა და სათადარიგო გზით მოძრავი ადგილობრივი მოსახლეობის გადამოწმება. ყველას თავისი დავალება ჰქონდა, ზოგი უსაფრთხოება იყო, ზოგი მჩხრეკავი და ზოგიც მონაცემების დამფიქსირებელი სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით.

    ათეულის მეთაურმა დაასრულა უკანასკნელი ინსტრუქციების გაცემა და მოკლე უკუბრიფინგიც გააკეთა, იქით გამოკითხა ბიჭებს, ვის როგორ ჰქონდა საკუთარი დავალებები გაგებული. ამის შემდეგ გასცა განკარგულება და პატრულის ბიჭებმა დამატებითი აღჭურვილობის მორგება დაიწყეს მისი მითითებით. ამ პროცესს ბრძოლისწინა შემოწმება ერქვა. როდესაც ყველა მოემზადა, აღჭურვილობა მოირგო და ერთმანეთიც გადაამოწმეს, ათეულის მეთაურმა მუხლი მოიყარა. ათეულმაც მას მიბაძა.
- მამაო ჩვენო, - დაიწყო მან.
- მამაო ჩვენო, - გაიმეორა ათეულმა.
- რომელი ხარ ცათა შინა........
საოცარი გრძნობა იყო, დავალებაზე გამსვლელი მებრძოლების ლოცვის მოსმენა.

    ბიჭებმა ლოცვა დაასრულეს და იმ წყობით, რომლითაც გადაადგილდებოდა პატრული, დაიწყეს მოძრაობა. სულ პირველი ეგრეთ წოდებული, „სვიპერი“ მიდიოდა. ეს იყო ნაღმმძებნით აღჭურვილი ჯარისკაცი, რომლის მოძრაობები მთიბავის მოძრაობებს მოგაგონებდათ. ის თავის წინ ნახევარწრეზე ამოძრავებდა ნაღმმძებნს და მის უკან მიმავალ ჯარისკაცებს იმ საფრთხის არიდებაში ეხმარებოდა, რომელსაც ამბოხებულთა მიერ ოსტატურად დადებული, ხელნაკეთი ნაღმები წარმოადგენდა. სვიპერს უკან მისი უსაფრთხოება მიჰყვებოდა. ალბათ დაგვაინტერესებს, რაში სჭირდება რომელიმე ჯარისკაცს განსაკუთრებული უსაფრთხოება, როდესაც მას იარაღი უჭირავს და ნებისმიერ მომენტში მოწინააღმდეგესთან კონტაქტს ელის. საქმე იმაშია, რომ სვიპერი, ანუ ის ჯარისკაცი, ვინც ნაღმმძებნით მიუძღვებოდა პატრულის ჯგუფს წინ, არა მხოლოდ ნაღმმძებნის წრიპინზე იყო დამოკიდებული, არამედ განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა მის წინ მდებარე ტერიტორიას და ცდილობდა აღმოეჩინა ნიადაგის რაიმე ვიზუალური ცვლილებები, რაც საეჭვო და სახიფათო გასავლელი იყო ყოველთვის. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ადამიანი ფაქტიურად ვერ აკონტროლებდა ვერც მის წინ და ვერც მის გვერდებზე არსებულ სივრცეს და მოულოდნელად გამოჩენილ საფრთხეს,  სწორედ ამის კომპენსირებას ახდენდა მის უკან მომავალი ჯარისკაცი, რომელსაც როგორც საკუთარი, ასევე სვიპერის უსაფრთხოებაც ევალებოდა. პატრულში თორმეტიდან თოთხმეტ ჯარისკაცამდე შედიოდა და ყველას თავისი ინდივიდუალური დავალება ჰქონდა, პატრულის საერთო ამოცანიდან გამომდინარე.

    როდესაც ბოლო ჯარისკაციც მოეფარა ბაზის გარეთა შემოღობვის ჰესკოებს, მე, რამინი და სოსო (ასე ერქვა დაზვერვის სერჟანტს) უკან, მართვის ცენტრისკენ წამოვედით. რაციაში ატეხილი ხმაური რაღაცას მიანიშნებდა და დამაინტერესა, რა ხდებოდა. როდესაც მართვის ცენტრში შევედით, დავრწმუნდი რომ არ მოვტყუვდი, მართლა რაღაც ხდებოდა. მონიტორზე, რომელიც ასეულის სათვალთვალო საშუალებების მიერ მოწოდებულ გამოსახულებას აჩვენებდა,  ალფა ასეულის ერთი ემრაპი ჩანდა. ეს ჯავშანმანქანა, რომელიც მოძრავის ფუნქციას ასრულებდა და წითელი გზის გარკვეულ მონაკვეთს აკონტროლებდა, შუა გზაზე იყო გაჩერებული. მის წინ, გზის სავალი ნაწილის კიდესთან,  დაახლოებით ოციოდე მეტრში ეგდო ტომარა. 

    ზოგადად, გამომდინარე მათი დახელოვნების დონიდან, ამბოხებულებს ნებისმიერი ნივთი, მათ შორის სიგარეტიც, შეეძლოთ სიცოცხლისთვის საშიშ,  ასაფეთქებელ მოწყობილობად ექციათ, ამიტომ ნებისმიერი ნივთი, რომელსაც გარეთ წააწყდებოდით, საეჭვო იყო და უშუალო შეხებამდე, სპეციალურ გადამოწმებას ითხოვდა. ამბოხებულები აკვირდებოდნენ ჩვენი მოქმედების სპეციფიკას და ამაში ყველა ხელთ არსებულ საშუალებას იყენებდნენ. შორიდან კანტი კუნტი გასროლები და ამაზე ჩვენი რეაქცია, ან რაიმე ნივთის დაგდება და შემდეგ, ჩვენი რეაგირება ნივთის აღმოჩენისას. მოკლედ გვსწავლობდნენ.

    წითელი გზა ძირითადი ლოგისტიკური მარშრუტი იყო და ამ გზით გადაჰქონდათ ყველაფერი, რაც კოალიციური ძალების და ავღანეთის მთავრობის მიერ დაწყებულ, ქვეყნის განვითარებისათვის არსებულ პროექტებს სჭირდებოდა. მოხდა ასეთი შემთხვევა, რომ ერთ-ერთ კონვოის, გზის სავალ ნაწილზე, დაუვარდა ერთი ტომარა ცემენტი, რომელიც ჩვენი მოძრავი მანქანის მიერ იქნა შემოწმებული და შემდეგ სპეციალური ჯოხის საშუალებით,  გზიდან გადაგდებული.

    ამჯერადაც სურათი თითქმის იგივე იყო. ტომარა, რომელიც გზის პირას ეგდო, ძალიან წააგავდა ცემენტის ტომარას. მანქანის მეთაური, სერჟანტი გაბედავა ჩამოქვეითდა, მანქანა უსაფრთხო დისტანციაზე გააჩერა და გადაწყვიტა, შეემოწმებინა ეს ტომარა და შემდეგ ისე მოქცეულიყო, როგორც ზემოთ ხსენებულ ცემენტის ტომარას მოექცნენ. მართვის ცენტრში რაცია ახრიალდა.
- რიონი, ელვა ვარ, მიღება.
- რიონი კავშირზე ვარ.
- ვიზუალურად ცემენტის ტომარას გავს და შევამოწმებ.
- მაქსიმალური სიფრთხილის დაცვით, - გადასცა ბრძოლის კაპიტანმა, ასი თვალი და ასი ყური.

    მართვის  ცენტრში შეკრებილებს თვალი მოვავლე. ყველა განაბული იყო, თითქოს სუნთქვაც კი შეკრული ჰქონდათ და ისე უყურებდნენ მონიტორს. ძალიან ცხელოდა და გახურებული მიწიდან ავარდნილი ალმური, გამოსახულებებს რაღაც ზღაფრულ ფორმას ანიჭებდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ გულმა რაღაც ცუდი მიგრძნო, მაგრამ აღარაფერი ვთქვი, გაბედავა და მეორე, სვიპერით აღჭურვილი ჯარისკაცი უკვე უახლოვდებოდნენ ტომარას. ნაღმმძებნით აღჭურვილმა ჯარისკაცმა გულმოდგინედ შეამოწმა ტომარა, მის გარშემოც მიმოატარა ნაღმმძებნი, მაგრამ რამე საეჭვო ვერ აღმოაჩინა და უკან გამობრუნდა. გაბედავამ მიმოიხედა და როგორც კი მანქანისკენ შემობრუნდა და პირველი ნაბიჯი გადადგა, მის გასწვრივ, გზის ნაპირის გრუნტიანი ნაწილი ჰაერში აიწია აფეთქების ძალისგან. შემდეგ, როდესაც ვიდეოჩანაწერს განმეორებით ვუყურეთ, აღმოჩნდა, რომ ზუსტად იმ ტომრის გასწვრივ, დაახლოებით ხუთი-ათ ნაბიჯში, ყაყაჩოს ხშირი ნარგავები, მოთიბული იყო კვადრატის ფორმაზე და ეს ერთგვარ სანიშნს წარმოადგენდა იმისთვის, ვინც ნაღმზე მიერთებული სადენის მეორე მხარეს იჯდა და ელოდებოდა, როდის შევიდოდნენ ქართველი ჯარისკაცები, მაქსიმალური დაზიანების ზონაში. აფეთქების ტალღიდან გამომდინარე, ნაღმი მიმართულებითი იყო და საბედნიეროდ, გაბედავა იმ ერთი ნაბიჯით სასიკვდილო ზონიდან გამოვიდა, თუმცა როცა მტვერი ოდნავ გაიფანტა და გამოსახულების დანახვა შევძელით, დავინახე, რომ გაბედავა ფეხზე ვერ დგებოდა და მეორე ჯარისკაცი მოათრევდა მანქანისკენ. აქაც შემთხვევამ გადაწყვიტა მათი ბედი, თორემ მათ უკანა გზაზე რომ შეენიშნათ ეს ტომარა და საპირისპირო მიმართულებიდან მიდგომოდნენ, არა მარტო გაბედავას და ნაღმმძებნით აღჭურვილი ჯარისკაცის გადარჩენა დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ, არამედ აფეთქების ტალღა და ნაღმში მოთავსებული ნამსხვრევები მანქანასაც საკმაოდ დააზიანებდა.

    მართვის ცენტრში შეკრებილები რაღაც შეძახილებით ამხნევებდნენ, თითქოსდა ხმას მიაწვდენდნენ მებრძოლებს. ბრძოლის კაპიტანი ცოტა დაბნეული გახლდათ, ვეღარ გადაწყვიტა, ასეულის მეთაურის მითითებებს დალოდებოდა თუ ემოქმედა დამოუკიდებლად. ასეთ დროს,  ასეულის მეთაურის ან ბატალიონის მეთაურის ჩარევა უფრო დაძაბავდა სიტუაციას და ამას ბაჩოც კარგად ხვდებოდა და რომანიც. როცა ბრძოლის კაპიტანმა ბაჩოს კითხით სავსე მზერით შემოხდეა, ბაჩომ მოკლედ უთხრა, იმოქმედეო და ეს მისთვის უკვე იმას ნიშნავდა, რომ სიტუაციის სრული ბატონ პატრონი თვითონ ხდებოდა.
- ავაზა, რიონი ვარ მიღება - დაუკავშირდა იგი სწრაფი რეაგირების ჯგუფს.
- ავაზა გისმენ.
- მომახსენეთ სრული საბრძოლო მზადყოფნა.
- გასასვლელად მზად ვარ, - იყო პასუხი.

    ბაზაზე უკვე ყველამ იცოდა, რომ გარეთ რაღაც ცუდი მოხდა და შესაბამისად, სწრაფი რეაგირებაც უკვე მანქანებში იჯდა. ბრძოლის კაპიტანმა მითითებების მიცემა განაგრძო. სწრაფი რეაგირების ჯგუფის ამოცანა ადგილზე მისვლა, უსაფრთხოება და დაზიანებული ჯარისკაცის ბაზაზე გადმოყვანა იყო. ელვა (გაბედავას მანქანა) კავშირზე არ გამოდიოდა, ვინაიდან მეტყვიამფრქვევე კოშკურიდან პერიმეტრს აკონტროლებდა, ხოლო მძღოლი და მეკავშირე გაბედავას დასტრიალებდნენ თავს და როგორც ჩანდა, ლახტს ადებდნენ. სათვალთვალო კამერების ოპერატორს ვთხოვე, კადრი უფრო ახლოს მოეტანა. დაზიანება მარჯვენა ფეხზე იყო, კარგად ვერ ვარჩევდი, რა სიმძიმის დაზიანება ჰქონდა, მაგრამ მუქად შეღებილი შარვალი მოწმობდა, რომ გაბედავა ბლომად სისხლს კარგავდა და ჭრილობაც საკმაოდ მძიმე უნდა ყოფილიყო.
მართვის ცენტრი სრულ მზადყოფნაში იყო, მიდიოდა მოხსენებები, გაცხოველებული მუშაობა იყო გაჩაღებული ახლო საჰაერო მხარდაჭერის სპეციალისტის მაგიდასთან, რომელიც საზღვაო ქვეითი გახლდათ. თარჯიმანი გაცხოველებით უხსნიდა რაღაცას, სავარაუდოდ სამედიცინო ევაკუაციის საჰაერო გზაზე მსჯელობდნენ და საზღვაო ქვეითიც თავისი მხრიდან უთითებდა ადგილს, სადაც დაჯდებოდა ვერტმფრენი. ბაზის პატარა ფართობის გამო ამ მიზნისთვის, ბაზის წინ არსებული ტერიტორია შეირჩა, რომელსაც ჩვენი სათვალთვალო კოშკურა ზემოდან დასცქეროდა და ფაქტიურად, დასაფრენი მოედნის უსაფრთხოებასაც სწევდა. მონიტორზე ვხედავდი, როგორ მივიდნენ სწრაფი რეგირების ბიჭები აფეთქების ადგილას, როგორ დააწვინეს გაბედავა საკაცეზე და შესვეს მეორე მანქანაში. მიუხედავად შემთხვევისა, გზის კონტროლი უნდა გაგრძელებულიყო და უფრო მეტი ყურადღება იქნებოდა საჭირო, რადგან ამ აფეთქებით თალიბანმა ქულა დაიწერა და ისინი ამ მონაპოვარის გამდიდრებას შეეცდებოდნენ. დაახლოებით ათიოდე წუთში ვერტმფრენის გუგუნი გაისმა, ბაზას სახელგანთქმული Sikorsky UH-60, ეგრეთ წოდებული შავი ქორი უახლოვდებოდა. ბაზიდან გავედი და სწრაფი რეაგირების მანქანებთან მივედი. მედიკებს ეყოჩაღათ და ლახტიც დაედოთ დაჭრილისთვის და სახვევიც. გაბედავა მაჯვენა ფეხში იყო დაჭრილი, მუხლის ზემოთ ნამსხვრევს კარგა მოზრდილი კუნთის ნაჭერი მოეგლიჯა და ჭრილობა თითქმის ძვლამდე იყო დასული. ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებაში იყო და გაბედავაც ტკივილს ნაკლებად გრძნობდა, ერთი ეს უთხრა ექიმს, უთხარი ამათ, ფეხი არ მომაჭრანო. როცა ასეთ მძიმე წუთებში იუმორის გრძნობა შეგრჩება ადამიანს, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. წითელი საკვამლე კოჭის მიერ დაყენებულ კვამლს ვერტმფერნის ფრთებიდან წამოსული ჰაერის ნაკადი ფანტავდა და ცოტა ხანში ისეთი მტვერი დადგა, ვეღარაფერს ვხედავდით. როგორც კი ვერტმფრენი მიწას შეეხო, ლუკი გაიხსნა და იქიდან სამედიცინო ევაკუაციის ჯგუფის წევრმა ხელით გვანიშნა, აქეთო. ბიჭებს გავლილი ჰქონდათ ვერტმფრენთან მიახლოების და დაჭრილის ევაკუაციის სწავლებები და ამჯერადაც არ დაბნეულან. „ერთი, ორი, სამი“ - დაიყვირა წინ მდგომმა ჯარისკაცმა და ერთდროულად ასწიეს საკაცე და ვერტმფრენისკენ დაიძრნენ. 
          საკაცეს რომ წევდნენ ბიჭები, ერთი მომენტი გაკრთა ჩემს ხედვაში და მას შემდეგ ყოველთვის, როცა ავღანურ მიწას მუჭაში მოვიქცევდი და დავცქეროდი, სულ მახსენდებოდა ხოლმე - ავღანეთის ცხელ და გამომშრალ მიწას ქართული სისხლი ეწვეთებოდა. იმასაც ვხვდებოდი, ეს არც პირველი წვეთი იყო და არც უკანასკნელი. მერამდენედ, მაგრამ მაინც, ჯიუტად მეორდებოდა ისტორია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები