ნაწარმოებები



ავტორი: მეომარი
ჟანრი: პროზა
5 დეკემბერი, 2017


ხვამლის საიდუმლო (ნაწილი V) - შესწორებული

ქუთაისის გარეუბნის ვიწრო ქუჩებს მიუყვებოდა მინივენი. უცებ, წინ თითქოს მიწიდან ამოიმართაო, ქუჩის ბოლოში ბაგრატის ტაძრის დიდებული ხედი ამოიმართა. მძღოლმა მინივენი ტაძრის წინ მდებარე, პატარა მოედანთან შეაჩერა და ბექას შეხედა, რომელიც წინ იყო გამოჭიმული.

- მოვედით, აქ მითხარით ხომ?
- კი, ბაგრატის ტაძართან ვიკრიბებით. აქ დაველოდოთ და უკვე სადაცაა, ისინიც მოვლენ, წეღან რომ დავურეკე, ზესტაფონს გამოვცდითო, - მოუბრუნდა ბექა დანარჩენებს.
მძღოლმა მანქანა იქვე,ღობის ძირას, ხის ჩრდილში მიაყენა და სადგომი მუხრუჭი ამოსწია. ბექამ არემარეს მიმოავლო თვალი და მოედნის გადაღმა, მაღაზიას მოჰკრა თვალი.
- აბა, ვინ რას დალევს? - ხმამაღლა იკითხა მან და მანქანიდან ჩამოხტა, - შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ, ცოტა გაიშალოთ, ტაძარში ჯერ ნუ შეხვალთ, დაველოდოთ ზურას და ერთად შევიდეთ, დრო რომ არ დავკარგოთ.
- მე წყალს დავლევ, დანარჩენზე არ შეწუხდეთ - გაეპასუხა მძღოლი და სიგარეტს მოუკიდა. მანუჩარმა ნაღვლიანად გააყოლა თვალი ცისკენ დაძრულ კვამლის ზოლს. სიტყვა სიტყვა იყო და ბექაზე მიცემულ პირობას არ ეღალატებოდა.  ნიაც და თიკოც ჩამოვიდნენ და არემარე მოათვალიერეს. ზაფხულის შუადღე იყო, მზე ისე აჭერდა, რომ არა მსუბუქი ნიავი, რომელიც მათ თავზე გადმომდგარ კაკლის ფოთლებს აშრიალებდა, სიცხე აუტანელი იქნებოდა.
- რა ლამაზია, ახლოდან პირველად ვხედავ - აღფრთოვანებული იყო ნია ბაგრატის ტაძრის ხილვით, - ალბათ შიგნიდანაც დიდებული სანახავი იქნება.
- მეც პირველად ვარ, - დაეთანხმა თიკო, - მახსოვს სკოლა რომ დავამთავრეთ, გვინდოდა აქ ამოსვლა, მაგრამ სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა და არ შემოგვიშვეს.
- მოვა ეხლა ჩვენი ყოვლისმცოდნე და გაგვიძღვება, - გაუღიმა მანუჩარმა გოგონებს, - ისტორიაზე და სიძველეებზე როცა მიდგება საქმე, აქ სანდროს ვერავინ დაუდებს ტოლს.
მოედნის მეორე მხრიდან ბექა გამოჩნდა, რომელსაც პოლიეთილენის პარკით დაახლოებით, მაღაზიის  მაცივრის შიგთავსის ნახევარი  მოჰქონდა.
- ეს თქვენ წყალი, - პირველი მძღოლს გადასცა დანაბარები, - ეხლა დანარჩენი თქვენთვის მომინდია არჩევანი - მოუტრიალდა  პარკით  ახალგაზრდებს.
- რა ამბავია, ბექა, რად გინდოდა ამდენი - გაეცინა თიკოს, - უდაბნოში ხომ არ მივდივართ?
- აბა, არ მითხარით ვის რა გინდოდათ და მეც ავდექი და ყველაფერი წამოვიღე, რაც კი ცივი იყო - იღიმებოდა ბექა. ჯერ თიკოს და ნიას აცადა, ამოერჩიათ რამე , მერე უცებ, მოხერხებული მოძრაობით ცელოფნიდან ქილა ამოაძრო და მანუჩარს ილუზიონისტივით ცხვირწინ გაუჩერა: - რედ ბული აფრთიიანეებს, - წაუღიღინა ბექამ და ქილა ხელებში მიაჩეჩა, თვითონაც ანალოგიურად, მეორე ქილა გახსნა და მიუჭახუნა მანუჩარს, - გაგვიმარჯოსო და მოიყუდა.
ამ დროს იმავე ქუჩიდან, რომლითაც ისინი ამოვიდნენ მოედანზე, ზურას მანქანა გამოჩნდა.
- აი ისინიც! - ბექას სახე სიხარულით გაებადრა, - როგორც იქნა, მოაღწიეს.
ზურას არ გასჭირვებია მეგობრების ცნობა, პრინციპში მათ გარდა სიახლოვეს არც არავინ ჩანდა და მინივენს თავისი მანქანა გვერდით ამოუყენა. ახალგაზრდები სწორედ ისე შეხვდნენ ერთმანეთს, როგორც ბავშვობის მეგობრებს შეეფერებოდათ. რამდენიმე წუთიანი მოკითხვის და ბეჭებზე ხელის ტყაპუნის შემდეგ ბექამ,  ჯგუფის ახალი წევრების წარადგინა და უცებ ჩამოვარდნილი პაუზის და უხერხულობის გასაფანტად, სანდროს მიუბრუნდა.

- გაგვიძეხი ეხლა, ჩვენო ყოვლისმცოდნე, დაგვათვალიერებინე ტაძარი, სი ვუ პლე - პათეტიკით შემოუძახა ბექამ და ისეთი დახვეწილი რევერანსი გააკეთა, ლუდოვიკოს დროინდელ მსახურებს შეშურდებოდათ. სანდროს თავპატიჟი აღარ გამოუდია, გეზი ტაძრის შესასვლელისკენ აიღო. დააცადა ყველას შემოსვლა და მის ირგვლივ განლაგება და სერიოზული მოუბრუნდა ჯგუფს, - ყურადღებით, მეგობრებო, თქვენს წინაშეა ბაგრატის ტაძარი, რომელიც თერთმეტ საუკუნეს ითვლის და თავისი გრანდიოზულობით დღესაც ხიბლავს დამთვალიერებელთ.
ტაძარი საქართველოს მეფის, ბაგრატ მესამის დროს აშენდა და ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა იყო, გაუძლო სისხლიან საუკუნეებს და მეჩვიდმეტე საუკუნეში ოსმალების მიერ იქნა დანგრეული, რაც ოსმალებმა დააკლეს, რუსების, ვითომდა ჩვენს დასახმარებლად მოსულმა მეზარბაზნეებმა დაასრულეს, დღეში დაახლოებით ასზე მეტ ყუმბარას ესროდნენო, მემატიანე ამბობს, აი იქიდან - სანდრომ ტაძრიდან სამხრეთ აღმოსავლეთით, რიონს გაღმა მდებარე შემაღლებული ზეგანისკენ გაიშვირა ხელი, - ასეთმა ქმედებამ კი სწორედ იმ მდგომარეობამდე მიიყვანა ტაძარი, როგორშიც ამ სულ რამდენიმე წლის უკან შეგვეძლო გვენახა..

      სანდროს მოსმენით მოხიბლულმა ახალგაზრდებმა, ვერც კი შეამჩნიეს როგორ ჩამორჩათ ნია, რომელიც ტაძრის მთავარი შესასვლელის თვალიერებაში გაერთო და სვეტებზე შესრულებულმა ჩუქურთმების სილამაზემ დაატყვევა. ვიღაცის მადლიან ხელს ისეთი რუდუნებით და გულმოდგინებით ემუშავა, რომ ადამიანი, რომელიც ოდნავ მაინც ერკვეოდა ხუროთმოძღვრებაში, გულგრილად ვერ ჩაუვლიდა ამ სვეტებს.

        ბაგრატის ტაძარის მდებარეობა საშუალებას იძლეოდა ულამაზესი პანორამით დამტკბარიყავი ადამიანი. იმდენად ამაღლებულ განწყობაზე გაყენებდა თვალწინ გადაშლილი ხედი, უნებლიეთ სუნთქვაც კი გავიწყდებოდა ადამიანს და მხოლოდ ჟანგბადის უკმარისობა გაიძულებდა, ღრმად ჩაგესუნთქა, მანამდე კი სუნთქვა შეკრული ადევნებდი თვალს არემარეს. ნია ცოტა ხანს იდგა ამ სილამაზით მოხიბლული. ემოციებისგან რომ გამოერკვა, აღმოაჩინა რომ მეგობრები აღარ ჩანდნენ და ტაძრის უკანა მხარისკენ აიღო გეზი ფეხაჩქარებით. რამდენადაც ლამაზი იყო ირგვლივ ყველაფერი, იმდენად იდუმალი ეჩვენებოდა და ეს იდუმალება, ცოტა არ იყოს აკრთობდა.

        სანდრო მოწოდების სიმაღლეზე იყო და იმდენად იყო როლში შესული ტაძრის მშენებლობის და ზოგადად, იმ პერიოდის საქართველოს მდგომარეობის მოყოლით, ნიას არც ჩამორჩენა შეუნიშნავს და არც მისი დაბრუნება. ისევ თვითონ გამოერკვა, საათს დახედა და დღეისთვის საკმარისიაო, წამოიძახა. საქმე იმაში იყო, რომ მამიდა გაფრთხილებული ჰყავდა და მისი გამომცხვარი ხაჭაპურები უტრიალებდა ცხვირწინ.

როდესაც ახალგაზრდები გამოვიდნენ, მინივენის მძღოლი დოინჯშემოყრილი გასცქეროდა ამტვერებულ გზას.
- რაო ბიძაჩემო, ხო მშვიდობაა? - გაეპასუხა ბექა.
- ჰო რა ვიცი, აი სამი  შენისთანა მანქანა იყო, შუშებდაბურული, შემოვარდნენ, არც გაჩერებულან, ისე დაარტყეს წრე და ისევ უკან გაცვივდნენ, თითქოს ვიღაცას მოსდევდნენ ან გაურბოდნენო. აი ასეა, იყიდიან ამ უშველებელ ჯიპებს და ისე დაჰქრიან, ქვეყანა თავიანთი ჰგონიათ, - მოღუშულმა გახედა მძღოლმა იმ მხარე, საითაც მანქანები მიიმალნენ და სიგარეტი ნერვიულად მოქაჩა.
- არა უშავს, ბიძაჩემო, - ბეჭზე ხელი დაუტყაპუნა ბექამ, - სამაგიეროდ ჩვენ არ დავდივართ ეგრე.
- ღმერთმა ამრავლოს თქვენისთანა ახალგაზრდები, - მძღოლს აშკარად აღარ ახსოვდა გაუჩინარებული მანქანები, ისე გაუღიმა ახალგაზრდებს.
ბექამ არ შეიმჩნია, მაგრამ გულში გაჰკრა ამ უმნიშვნელო ამბავმა. ზურას გადახედა და მიხვდა, ზურასაც ენიშნა ამ ჯიპების უეცარი გამოჩენა და ისევ გაუჩინარება. ბექას თვალი ჩაუკრა და გვერდზე გაიწივნენ, ვითომ გალავანიდან გადასახედად.
- გვაკვირდებიან ვითომ? - ზურა მოღუშული გასცქეროდა შორეთს, - ვის რაში უნდა აინტერესებდეს ჩვენი მოგზაურობა?
- არ ვიცი, ზურა. ქობულეთში შევნიშნე ერთი ტიპი, დარწმუნებული ვარ ჩვენ გვაკვირდებოდა. ვერ ამოვუსწარი, თორემ კი ვკითხავდი, რა უნდოდა. დამაეჭვა, ცოტა არ იყოს.
- ერთი რაღაც უნდა გაგანდო - თბილისში, ერთი ტიპი გავიცანით, თენგო ჰქვია, სანდროს ბიძის ძმაკაცი, ძალიან უცნაური კაცი იყო. არ ვიცი, რატომღაც ასე მომეჩვენა. თან აქ ნამყოფი ყოფილა, ხვამლზე. რუკაც მოგვცა, თავისი შედგენილი. ქვაბულში დაკარგულა და რა ვიცი მოკლედ, კაცი ცოცხალი თავგადასავალია. არა მგონია ეგ მოგვდევდეს, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს, რომ რაღაც კავშირშია ეგ ტიპი.
- დაშავებით არაფერს ვაშავებთ და თუ ვინმეს რამე უნდა, მოვიდეს და საკადრის პასუხსაც გავცემთ, - მოიღუშა ბექა და უზარმაზარი მუშტები შეკრა, - მერე ვნახოთ, ვინ არიან და რა დამალობანას გვეთამაშებიან.

          ბიჭები ახალგაზრდებს დაუბრუნდნენ, რომლებიც  სურათების გადაღებით იყვნენ გართულნი და  მათი განცალკევება და ხანმოკლე საუბარი არც კი შეუნიშნავთ. ცოტა ხანში ყველამ დაიკავა კუთვნილი ადგილები და ნახევარი საათი არ იქნებოდა გასული, მანქანები უკვე სოფელ დერჩის გრუნტიან, ოღროჩოღრო გზაზე მიხტუნავდნენ. წინ ზურას, ნათიას და სანდროს ეკიპაჟი მიდიოდა. სოფლის განაპირს რომ გავიდნენ, ხვამლის მთა მარცხნივ დარჩა.

          ზურას მანქანა მოსახვევში გაუჩინარდა და მეორე მანქანის მძღოლმაც იქით აიღო გეზი და მალევე შეჩერდა. სანდრო მანქანიდან ჩამოსულიყო და დიდ, ორნამენტებიან ჭიშკარს ეჯაჯგურებოდა გასაღებად. ჭიშკრის მიღმა ულამაზესი ხედი გამოჩნდა. სტუმრებმა პირდაპირ დიდ, იმერულ ეზოში ამოჰყვეს თავი. მართლა სამოთხე იყო ეხლა ეს ადგილი. ჭიშკრიდან სახლამდე დაახლოებით ორასიოდე მეტრი იქნებოდა და ეს მანძილი მთლიანად, მწვანე, ხავერდოვანი ბალახით იყო დაფარული. სახლი ბელეტაჟზე შემდგარ, ქვისა და ხის მასალით ნაშენ კოხტა ოდას წარმოადგენდა, ტიპიური აივნით და მოჩუქურთმებული მოაჯირებით. წითელი კრამიტის სახურავი ძალიან უხდებოდა ძველებურ კოხტა ნაგებობას. სახლის გვერდით საკმაოდ მხცოვანი ცაცხვის ხე შრიალებდა. ცოტა მოშორებით კი ჭის ოწინარი მოჩანდა, რომელიც ასეთ სიცხეში ყველაზე სასურველი დასანახი იყო.

          როგორც ჩანდა, სანდროს მამიდა ელოდა სტუმრებს და შესაბამისი თადარიგიც დაეჭირა - ჰაერში მადისმომგვრელი სურნელი ტრიალებდა. მანქანების დანახვაზე სახლის გვერდით მდგომი, მომცრო სამზადიდან, შავებში ჩაცმული, შუა ხნის ქალი გამოვიდა და მათკენ გამოეშურა. სანდრო მანქანიდან ჩამოხტა, მისკენ გაექანა და მამიდამისი ჯერ გადაკოცნა და მერე ხელში აიყვანა და წრეზე დაატრიალა.

- მაცადე შე გადარეულო, ხალხი დევინახო და მივესალმო მაინც - ქოთქოთობდა ნელი მამიდა და წინსაფარი გაისწორა, როცა სანდროს მკლავებიდან დააღწია თავი, - გამარჯობათ შვილებო, ამან ხომ სულ ასე იცის, არ დაგაცდის არაფერს და უნდა შეგარცხვინოს ყველასთან. აქეთ წამობრძანდით, ჩრდილში - ცაცხვის ჩრდილისკენ მიუთითა მან სტუმრებს.
ცაცხვის ქვეშ ხისგან გამოთლილი მაგიდა და სკამები იდგა. მაგიდიდან დასავლეთით, სოფლის თავზე დარაჯად წამომდგარი მთის მიღმა, მოჩანდა ხვამლის მთის დაკბილული ქოჩორი. ასეთ ხედზე სადილობას კი არაფერი სჯობდა. მაგიდას უკვე ამშვენებდა თეთრი გადასაფარებელი ზედ კოხტად დალაგებული თეფშებით.  ნელი მამიდა ეტყობოდა წინასწარ ფლობდა ინფორმაციას სტუმრების შესახებ  და თეფშების ზუსტი რაოდენობით გაეწყო მაგიდა.

- აბა, ჯერ აქეთ მობრძანდით, - სანდროს ჭიდან წყალი ამოეღო უკვე, კოხტად გვერდებშეჭეჭყილი ვედროთი და ხელის დასაბანად ეძახდა ახალგაზრდებს.
სულ რამდენიმე წუთი იქნებოდა გასული, უკვე მაგიდას უსხდნენ და გემრიელად ილუკმებოდნენ სანდროს მამიდის გამომცხვარ ხაჭაპურებს. უცებ სამზადიდან ნელი მამიდა გამოვიდა და თავში ხელი შემოიკრა:
- ასე უნდა ბიჭო მასპინძლობა? გაიქეცი, ღვინო გამოიტანე და ოჯახი დაალოცვინე ამ კეთილშობილ ხალხს.
სანდროს ბევრი არ უფიქრია, წამოხტა და ცოტა ხანში სამზადიდან გამოჩნდა პატარა ბოცით ხელში და სტუმრებისკენ გამოემართა. სახეზე უცნაური, საზეიმო  გამომეტყველება დასთამაშებდა, გეგონება ღვინო კი არა, ოლიმპიური ცეცხლის ჩირაღდანი უჭირავსო ხელში.

        სანდროს ბექაც ბავშვობიდან იცნობდა და ბევრჯერ ჰქონია მომენტი, როცა სანდრო სულ სხვა ადამიანად წარმოედგინა ხოლმე. სადმე, ძველი ეგვიპტის ან შუამდინარეთის ქურუმთა კასტის ხელმძღვანელად, როცა სანდრო მის საყვარელ ამპლუას - მქადაგებლის როლს მოირგებდა ხოლმე. ახლაც უყურებდა სანდროს და უცებ წარმოიდგინა, როგორ მიაბიჯებდა სანდრო თავსარქმელით და წამოსასხამით შემოსილი, როგორ მისდევდა უკან ურიცხვი ქურუმების ამალა და ჩაეცინა.

      მშვენიერი ციცქა-ცოლიკაურის ღვინოს მარნის სიგრილე ჰქონდა გამოყოლილი და იმდენად სასიამოვნო დასალევი იყო, გოგონებსაც არ უთქვამთ უარი. ცოტა ხანში მაგიდასთან გიტარაც გაჩნდა და ცაცხვის ფოთლების შრიალს ახალგაზრდების ღიღინი შეერია. იმდენად მშვიდი და საამური გარემო იყო, უნებლიეთ ცაცხვის ძირას წამოწოლა და უძირო, ლაჟვარდოვან ცაში ყურება მოუნდებოდა ადამიანს. ბექა ასეც მოიქცა, იქვე მაგიდასთან მწვანე მინდორზე გაიშოტა, ხელები თავქვეშ ამოიწყო და თვალები დახუჭა. „ვერხვის ფოთლებს“ ღიღინებდნენ სანდრო და ნათია. მინივენის მძღოლი აშკარად ტკბებოდა მათი ცქერით, შემდეგ წამოდგა,  დიდი მადლობა გადაუხადა მამიდასაც, ახალგაზრდებსაც, მის საბარგულში დაწყობილი ბარგი იქვე, ხის ძირში მიაწყო კოხტად, ყველას დაემშვიდობა და მალევე მისი მანქანა  მოსახვევში გაუჩინარდა. სუფრა უკვე აელაგებინა სანდროს მამიდას. ზურა მანქანაში იქექებოდა და დატვირთულ აღჭურვილობას დაბლა ალაგებდა.

          ნელ-ნელა მოსაღამოვდა. ზურაც როგორც იქნა, მორჩა ბარგის ამოლაგებას. ყველამ თავისი აღჭურვილობა მოამზადა და ჩაალაგა, რათა მეორე დღეს ადრიანად შედგომოდნენ გზას. წინ საკმაოდ რთული მარშრუტი ელოდათ, ვინაიდან ჯგუფისთვის ეს პირველი სერიოზული ლაშქრობა იყო და გოგონებიც არ იყვნენ გამოცდილი მოლაშქრეები, სანდრომ გადაწყვიტა, შორი მარშრუტი აერჩია. სიურპრიზი ჰქონდა მეგობრებისთვის მომზადებული - გამყოლს ელოდებოდა დილისთვის. წინ გასავლელი თხუთმეტ კილომეტრზე ცოტა მეტი იყო და დაღამებამდე დაბანაკება აუცილებლად უნდა მოესწროთ.

          სანდროს მამიდას დასასვენებელი ოთახები უკვე მოემზადებინა. ბიჭებს ერთ ოთახში მოუწევდათ ძილი, ფართის სიმცირის გამო. ზურა და ბექა ისევ ცაცხვის ქვეშ ისხდნენ და განვლილ დღეზე საუბრობდნენ. როდესაც ინტუიცია რაღაცას გკარნახობს და აღმოაჩენ, რომ ზუსტად მსგავსი ვარაუდი სხვასაც გააჩნია, სულ უცხოც რომ იყოს, თითქოს მონათესავე სული ხდება და უხილავი კავშირი მყარდება ასეთი ადამიანების შინაგან ბუნებას შორის. ასე იყო ბექას და ზურას შემთხვევაშიც.

          უცებ ხვამლის მხრიდან, თითქოს სასიგნალო მაშხალა ისროლესო, რაღაც განათდა, ელვასავით და შემდეგ ჩრდილოეთის ციალივით მოედო ცას და ეს კაშკაშა შუქიც ნელ-ნელა ცის სიღრმეში, ჩაბნელებულ კოსმოსში ჩაიკარგა. იმდენად უცბად მოხდა ეს ყველაფერი და იმდენად მოულოდნელად, ვერც ერთმა ხმის ამოღება ვერ მოასწრეს. ცოტა ხანი ისხდნენ მდუმარედ. სახლში რომ შევიდნენ, ბექამ გაიგონა როგორ უყვებოდა სანდროს მამიდამისი ვიღაც პარლამენტარის სტუმრობის ამბავს სოფელში. ალბათ არც არაფერი იყო გასაკვირი, არჩევნები ახლოვდებოდა, მაგრამ ბექას ყურადღება სულ სხვა რამემ მიიქცია - პარლამენტარი სამი შავი მანქანით იყო და ხალხსაც არ შეხვედრიაო, ბოლოს ესეც დააყოლა ნელი მამიდამ. აშკარა იყო, ვიღაც მათ ნაკვალევს მოუყვებოდა, ან რაღაც უცნაურ დამთხვევას ჰქონდა ადგილი. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი წინ იყო. ბექამ უდარდელად ჩაძინებულ მანუჩარს გადახედა, რომელიც უკვე ყურებამდე იყო თიკოზე შეყვარებული და კიდევ ერთხელ დაუდასტურა საკუთარ თავს, რომ კარგად იქცეოდა, როცა მის ვარაუდებს ყველას არ უმხელდა. „ვნახოთ, ვნახოთ, ჩვენო აპოკალიფსის მხედრებო, მალე გამოჩნდება ვის ან რას დაეძებთ და მერე ვისაუბრებთ“- ეშმაკურად ჩაიცინა გულში ბექამ და სინათლე ჩააქრო.

            დილით სანდროს ქოთქოთმა გააღვიძა ახალგაზრდები. ნელი მამიდას უკვე ხაჭაპურების გამოცხობაც მოესწრო. ახლად ამოსული მზის სხივები ოთახში იჭყიტებოდა და თუ ვინმეს თვალდახუჭულს იპოვიდა, თვალებში უძვრებოდა ეშმაკურად და მოსვენებას აღარ აძლევდა. ზურამ საათს დახედა, ექვსი ხდებოდა. ბექას და მანუჩარს გადახედა და ხმამაღლა დაამთქნარა. სანდროს წყალობით ისინიც ძილ-ღვიძილის სტადიაში იყვნენ და ცოტა ხანში ყველა ფეხზე იყო, ხელ-პირი იქვე, ჭასთან დაიბანეს, მავთულზე კოხტად გადაკიდული პირსახოცით შეიმშრალეს და სათანადო პატივი სცეს სანდროს მამიდის კულინარიულ შემოქმედებას. უცებ ჭიშკრიდან ვიღაცამ დაიძახა, ნელიო.
- მამიდა, გეძახიან - გასძახა სანდრომ სამზადში მოფუსფუსე მამიდამისს.
- მობრძანდიი - გაეპასუხა ნელი.
ჭიშკრის კარები გაჟღარუნდა და ეზოში საშუალო ტანის, ჭაღარათმიანმა მამაკაცმა შემოაბიჯა. სანდრომ დაინახა თუ არა, ოთარი ბიძიაო, წამოიძახა და შესახვედრად გაემართა.
ცოტა ხანში ბიჭების წინაშე ხანში შესული, ხმელ-ხმელი აგებულების მამაკაცი წარსდგა. მანუჩარს, ბექას და ზურას მაგრად ჩამოართვა ხელი და გაიხარეთ ბიჭებოო, ჩაილაპარაკა და სანდროს მიერ მიწოდებულ სკამზე დაჯდა.

- ოთარი ბიძია ჩვენი ნათესავია,- გააცნო სანდრომ სტუმარი ბიჭებს, - აქ დაბადებული და გაზრდილია, პროფესიით ისტორიკოსი. არაერთხელ არის ნამყოფი მთაზე და ზეპირად იცის იქით მიმავალი ბილიკები.
- ათასი ისტორია და მითქმა მოთქმა არსებობს და თქვენ რას ფიქრობთ, ბატონო ოთარ, არის რამე ისეთი, რაც შესაძლოა მკვლევართა ყურადღებას იქცევდეს? - შეეკითხა ბექა. 
- აბა როგორ გითხრათ, ჩემს ახალგაზრდობაში უფრო ნაკლები ყურადღება ექცეოდა ხვამლის კვლევას. ნამდვილად სასიხარულოა, რომ ბოლო პერიოდებში უფრო გაცხოველებული ინტერესი შეინიშნება და ექსპედიციებიც გახშირდა. თუმცა აქვე დავამატებდი, რომ ხვამლის მთა არა მარტო ჩვენი სამშობლოს ისტორიულ წარსულს ინახავს, არამედ ის მომსწრეა იმ უძველესი რიტუალების და ხალხის, ვინც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა.
- ალბათ ალიოშა ჯაფარიძის ექსპედიციაზე გაგონილი გექნებათ, ოთარი ბიძია - ჩაერთო სანდრო.
ოთარი ჩფიქრდა, პატარა პაუზა გააკეთა, თითქოს რაღაცას იხსენებსო და დაიწყო:
- ალიოშა ძლიერი მთამსვლელი იყო. როგორც მოარული ხმები ამტკიცებენ, სტალინის დავალებით ყოფილა ხვამლზე, ჯერ კიდევ 1939 წელს, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. სტალინს რომ სდომოდა, ამ ექსპედიციას წლები არ დასჭირდებოდა.  მეორედ 1945 წელს ავიდა, საგანძურის მხრიდან და საუბედუროდ, იმავე წლის შემოდგომაზე დაიღუპა კიდეც უშბის ექსპედიციაზე. 12 წლის შემდეგ იპოვეს მისი ცხედარი და ვერის ბაღში დაასაფლავეს.
            ალბათ, გაგონილი გექნებათ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, კავკასიონის მთებში გერმანელთა მიერ გადმოსხმული იქნა დესანტი ცნობილი სამთო მსროლელი ბატალიონი, რომლების შეჩერებაც ჩვენმა მებრძოლებმა შეძლეს კავკასიონის უღელტეხილებზე. ჰოდა როგორც შემდეგ გამოითქვა ვარაუდი, ეს ხალხი უშუალოდ ჰიტლერის ბრძანებით რაღაცას ეძებდნენ კავკასიის მთებში. ნაცისტები ძალიან იყვნენ გატაცებულნი ოკულტიზმით და მათი, ჯერ ისევ ფარდააუხდელი საიდუმლოებები დღესაც მისტიკითაა მოცული.

            ოთარი საინტერესო მოსაუბრე ჩანდა და როგორც ეტყობოდა, ძალიან ბევრი რამე იცოდა ხვამლის შესახებ. იმდენად გაერთნენ ლაპარაკში, ვერც კი მიხვდნენ, როგორ შემოუერთდნენ გოგონებიც. ბექამ ღიმილით შეათვალიერა სამივე და მერე მანუჩარს გადახედა, რომელიც ალბათ უკვე ვერავის და ვეღარაფერს ამჩნევდა თიკოს გარდა.
- ეს ჩვენი ჯგუფის დამრტყმელი ძალაა, ოთარი ბიძია, - ღიმილით გადახედა სანდრომ გოგონებს, - ნება მომეცით წარმოგიდგინოთ ჩვენი უმშვენიერესი მოგზაურები, - გოგონებს მიუბრუნდა სანდრო, - ოთარი ბიძია ჩვენი გამყოლი იქნება, ჩვენთან ერთად წამოვა და დღეიდან ჩვენი ჯგუფის წევრი იქნება.

            ნათიამ დაარღვია ის მცირე უხერხულობა, რომელიც წარდგენამ გამოიწვია, ოთარი ბიძიას მიუახლოვდა, მისთვის ჩვეული უშუალობით და გახსნილობით, გამარჯობათო მიესალმა და ხელიც ჩამოართვა. ნათიას თიკომ და ნიამაც მიბაძეს და სულ ცოტა ხანში ყველა ერთად იცინოდნენ ოთარი ბიძიას მიერ მოყოლილ სასაცილო ისტორიაზე.
          ამასობაში გასვლის დროც მოახლოვდა. პირადი ჩანთების გარდა, იყო დამატებით ორი ზურგჩანთა, რომლებშიც ამ დღეებისთვის საჭირო საკვები პროდუქტების მარაგი ელაგა. რას არ ნახავდით აქ: თხილ-ჩირის პაკეტები, ჩურჩხელები, ორი მოზრდილი ქილით თაფლი, მშრალი ნამცხვრები, შესქელებული რძე ქილებით, კონსერვები, შებოლილი ძეხვი და კიდევ რამდენიმე დასახელების პროდუქტი, რომელზეც ბუნებრივი პირობები დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს და რამდენიმე დღის განმავლობაში თავისუფლად ინახება.
სანამ წამოიშლებოდნენ და გზას გაუდგებოდნენ, სანდრომ მრავალმნიშვნელოვნად ასწია ხელი და ერთი წუთითო, ყველა გააჩუმა. შემდეგ თავის ზურგჩანთას გვერდითა ჯიბე გაუხსნა, პლასტმასის ცილინდრი ამოიღო და ზურას თვალი ჩაუკრა. ზურამ იცნო ეს ნივთი, ის უცნაური თენგო ძიაც გაახსენდა და გულში უსიამოვნოდ გაკენწლა რაღაცამ. სანდრომ ცილინდრი გახსნა და ოთარი ბიძიას მოუბრუნდა:
- ეს ერთმა ჩვენმა ახლობელმა გვაჩუქა, ოთარი ბიძია, - დაიწყო მან და წყალგაუმტარი ქსოვილი მაგიდაზე დააფინა, - მაინტერესებს თქვენი აზრით რამდენად ზუსტადაა მარშრუტები დატანილი.

          ოთარმა რუკას თვალი ჰკიდა თუ არა, უცნაურად წამოჭარხლდა, თვალები აენთო და რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ უცებ თავს მოერია, ახალგაზრდებს მზერა მოავლო და რუკას დააკვირდა. ზურამ როდესაც ოთარის მზერა დაიჭირა, მოეჩვენა რომ ეს თვალები ადრეც ენახა. ოთარის ნაპერწკლიანი თვალები წყლის წვეთივით ჰგავდა იმ უცნაური კაცის, თენგოს თვალებს.

          მის გარდა ამას ვერც ვერავინ შეამჩნევდა, სანდრო რუკას ჩაჰკირკიტებდა, დანარჩენები კი თენგოს არ იცნობდნენ და შესაბამისად, ვერც ამ მსგავსებას დაიჭერდნენ. ოთარმა უცებ მოავლო თვალი რუკაზე დატანილ კლაკნილებს და აღნიშვნებს, პროფესიონალის შედგენილიაო, ხმადაბლა ჩაილაპარაკა და შუაგულისკენ მიმართულ ხაზს დაადო თითი.
- ეს გამოქვაბულის შიგნითაა, აქ არავინ შესულა ჯერ და საინტერესოა, ვინ არის ასეთი ის თქვენი ახლობელი, რომელმაც ეს შეძლო, - გადახედა მან სანდროს.
- ბიძაჩემის მეგობარია, ავღანეთში ერთად იბრძოდნენ, თენგო ქვია, - დაიწყო სანდრომ, ზურას მრავლისმეტყველ მზერას რომ მოჰკრა თვალი, - ნამყოფია ხვამლზე, უბედური შემთხვევა რომ მოხდა და ერთი ადამიანი უგზო უკვლოდ დაიკარგა, იმ ექსპედიციაში იყო.
- გამიგონია, - ჩაილაპარაკა ოთარმა, - ხვამლზე არის ერთი ქვაბული, რომელიც გადმოცემის თანახმად არ პატიობს არავის მის სტუმრობას. იქ ვინც ჩავიდა, ან ვეღარ დაბრუნდა, ან კიდევ თუ დაბრუნდა, უბედური შემთხვევის გამო ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე.
          ბექას უსიამოდ გააჟრჟოლა ამ სიტყვებზე. რაღაც უცნაური ადამიანი ჩანდა ოთარი. ამ ერთი შეხედვით უწყინარი და მშვიდი კაცის ხმაში უცებ ისეთი სიცივე და ფოლადი ჟღერდა, უსიამოვნო გრძნობას ბადებდა.

ამასობაში სანდრომ რუკა დაგრაგნა, თავის ადგილას მოათავსა და ჩანთა რომ მოიგდო ზურგზე, მის თავზე ირმის რქასავით იყო აშვერილი GoPro-ს კამერა.
- აბა, წინ მეგობრებო, - განაცხადა სანდრომ საზეიმო ხმით, - გარდასულ საუკუნეთა აჩრდილები გველოდებიან.
- გული მიგრძნობს, რომ არა მარტო აჩრდილები, - ზურამ ოდნავი ირონია გაურია ხმაში და ოთარს გადახედა შეუმჩნევლად. ოთარი გულზე ხელდაკრეფილი იდგა და ხვამლის კლდოვან ქოჩორს ცოტაარ იყოს, მოღუშული გასცქეროდა. ბრწყინვალე ხედი იყო, ძალიან უხდებოდა მთის ფონს ჭაღარა მამაკაცი. კიდევ ერთი დეჟავიუ ჰქონდა ზურას, მოეჩვენა რომ ეს დგომიც ადრე ჰქონდა ნანახი სადღაც.
          სანდრო დაწინაურდა, კამერა ისე დაიჭირა, რომ უკან მომავალი ჯგუფის წევრები გამოჩენილიყვნენ და პირველი ჩანაწერის გაკეთება დაიწყო:
- მოგესალმებით ყველას, დღეს 21 ივლისია, შვიდი საათი და ათი წუთი, ვიწყებთ მოგზაურობას ხვამლის მთისკენ. ჩვენს ჯგუფს ერთი წევრი შეემატა, ბატონი ოთარ ბანძელაძე, რომელიც გაგვიწევს მეგზურობას და ამ ხუთი დღის განმავლობაში იქნება ჩვენთან ერთად.
          ოთარის სახლი სოფლის განაპირას იდგა. სწორედ მის სახლის გვერდით გადიოდა გზა, რომლითაც ადგილობრივებიც და მოგზაურებიც მთაზე ადიოდნენ. ადგილობრივები ხე-ტყის და შეშის გამოსატანად, ხოლო მოგზაურები თავგადასავლების საძიებლად. ოთარი დაწინაურდა და სანამ ახალგაზრდები აღმართს ამოივლიდნენ, უკვე კარებთან იდგა ზურგჩანთით ხელში და რამაც ყველას ცოტა არ იყოს, შიშნარევი გაკვირვება გამოიწვია, ხელში ნახევრად ავტომატური, რუსული წარმოების შაშხანა ეჭირა. ახალგაზრდების გაფართოებული თვალები რომ დაინახა, ჩაეცინა.
- ამ პერიოდში მგლები ძალიან აქტიურები არიან, შესაშინებლად დაგვჭირდება - ჩაილაპარაკა მან და შაშხანა ხელში შეათამაშა. შემდეგ საკმაოდ მოზრდილი ზურგჩანთა ზურგზე მსუბუქად მოიგდო და ნელი, მოზომილი ნაბიჯით შეუყვა მთისკენ მიმავალ გზას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები