ნაწარმოებები



ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პროზა
3 დეკემბერი, 2017


სიკვდილზე შურისძიება (II ნაწილი - სიჯიუტე)

ფილმის შემდეგ საკლასო ოთახში ბრუნდებიან, ისევ ორ რიგად ჩამწკრივებულები და გაკვეთილებს სწავლობენ. ამ დროს დერეფანი რვა საკლასო ოთახიდან გამოსული დუდუნით ივსება.  მერე ერთი საათით მთელ კლასს გაიყვანს ეზოში ჟენია მასწავლებელი. ეს ერთი საათი უსწრაფესად გადის. მერე ივახშმებენ და დასაძინებლად წავლენ.  ასეთია ინტერნატული ცხოვრების გრაფიკი, კვირაში ხუთ დღეს. მეექვსე - შაბათ დღეს გაკვეთილების შემდეგ ზოგს მშობელი აკითხავს, ზოგს - მეურვე და ორშაბათ დილამდე დატოვებენ ინტერნატის ტერიტორიას.
გოგონების საძინებლები პირველ სართულზეა. სულ რვა მოზრდილი ოთახია. ფართო დერეფანში ანგელინა ძიძა დადის. ყურს უგდებს გოგონების მუსაიფს, კისკისს, ტკარცალს. თუ ძალიან გაუგრძელდათ მხიარულება, შედის და მაღალი ხმით ახსენებს მათ, რომ უკვე გვიანია, საათი ათს გადაცდა, ძილის დროა. ისინიც ჩუმდებიან. როცა ანგელინა ძიძისთვის განკუთვნილ ოთახში შედის, გოგონები წამოიჭრებიან. ერთმანეთის საძინებლებში შეიპარებიან, ერთმანეთს თავიანთი კლასის ახალ ჭორებს უზიარებენ.
-იცი, თამოს ტყუილი უთქვამს, რომ ზაზამ სიყვარული აუხსნა? – ეუბნებიან ლილეს მეექვსე კლასის საძინებელში. – ხვალ, დიდ დასვენებაზე ზაზამ უნდა შეგვკრიბოს და საქმე უნდა გაარჩიოს.
ლილე უცნაურმა ფორიაქმა შეიპყრო. ინტუიციით ხვდება, რა მტკივნეული იქნება ეს თამოსთვის - მისი  უახლოესი მეგობრისთვის. ლილეს აინტერესებს რას ნიშნავს სიყვარულის ახსნა. რაღაც, რთული, მრავალუცნობიანი და ჩახლართული ამოცანის ამოსნას უნდა გავდეს.
                           
ჟენია მასწავლებელი უშვილოა და მთელ თავის დედობრივ ბრაზს ამ ბავშვებზე აფრქვევს. კვირაში ერთ დღეს მაინც, ცოტა ხნით ბიჭებს ეზოში ტოვებს და გოგონებს საკლასო ოთახში აღმზრდელობით საათებს უტარებს.
-რომ გადმოყრით, მაგ ეშვებს და ჭიხვინებთ, მთელი სკოლის გასაგონად, არ იცით, რომ გოგოს სიდინჯე და სინაზე უხდება? .
-რას გავს თქვენი სქციელი! თავზე აჯდებით ბიჭებს! – მერე მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითს მარცხენა ხელისგულზე მიიბჯენს და ამბობს, - ეს რომ გაიხვრიტება ვსიო, მორჩა, აღარაფერი ეშველება. ივლით მერე თავმოჭრილები.
მოგვიანებით საძინებელში ბავშვები ერთმანეთს დიდხანს უნმარტავენ,  თუ რას გულისხმობდა ჟენია მასწავლებელი.
დღეს შაბათი არაა, მაგრამ დალის ნათესავმა მოაკითხა სოფლიდან და სახლში წაიყვანა. ლილეს გული სწყდება: რით დაიმსახურა დალიმ ასეთი პრივილეგია? სხვებს უფლებას არ აძლევენ შაბათამდე ინტერნატის ეზოდან ცხვირი გაჰყონ.

დალი ახალი მოსწავლეა მათ კლასში. კაფანდარა, ნაზი გოგოა, ქერა თმებით, ცისფერი თვალებით და ცხვირზე დაყრილი ჭორფლით. დედა ავადმყოფობას ლოგინად ჩაუგდია. მამას კი გაძნელებია ავადმყოფთან ერთად ბავშვის მოვლა აქ მოუბარებია. ეს მასწავლებლების საუბრიდან გაიგო ლილემ.
დალი წყნარი ბავშვია, არასოდეს ცელქობს, მაგრამ საოცრად ჯიუტია. იმ დღეს გეოგრაფიის მასწავლებელი სამყაროს შესახებ უხსნიდა კლასს და წარსულში (სოციალიზმამდე) გაბატონებულ, მცდარ, ბნელ შეხედულეებს აკრიტიკებდა, ღმერთის არსებობის შესახებ. მან თქვა, რომ რელიგია ექსპლოატატორთა კლასმა მოიგონა მშრომელი ხალხის დასამონებლად. დალის გარდა არავის შეუტანია ეჭვი ამ აზრის ჭეშმარიტებაში. დასვენებაზე უმტკიცებდა ბავშვებს, რომ მას საკუთარ თავზე გამოუცდია ღმერთის არსებობა. ერთხელ, როცა დედა სიკვდილის ზღვარზე მდგარა, დალის მისი გადარჩენა შეუვედრებია და ღმერთსაც შეუსმენია.
დალი და მისი ნათესავი თვალს მიეფარნენ და ჟენია მასწავლებელმა ტირილშერეული ხმით აუწყა ბავშვებს, რომ დალის დედა გარდაცვლილიყო.
-ახალგაზრდა, ოცდათორმეტი წლის ქალი! – თქვა და გული ამოაყოლა.
“ჰო, ძალიან ახალგაზრდა ყოფილა.”- ფიქრობს ლილე. სამი წლის წინ მისი დედაც გარდაიცვალა, მაგრამ ის ოცდაჩვიდმეტი წლის იყო. ხუთი წელი ალბათ დიდი დროა, ალბათ... ლილემ თავი აარიდა მოგონებეს. მოგონებებს ტკივილი მოჰქონდა, ინსტიქტი კი ტკივილის არიდებას კარნახობდა. ოცნებებში თავის შეფარება ერჩია, ეს -  მაშინ. ახლა კი, ინდური საგალობლის ფონზე უნდოდა ყველა დეტალი ამოეტანა ზედაპირზე, ყველა მიძინებული ტივილი გაეშიშვლებინა:

-ბავშვები ინტერნატში უნდა მივაბაროთ! – თქვა ლოგინად ჩავარდნილმა დედამ. თქვა და გადაწყვიტა. ვერ დაიყოლია და-ძმამ: მეზოლები რას იტყვიანო; უპატრონოები ხომ არ არიანო.  არაფრის გაგონება არ უნდოდა.
- ჩემს მოთქმა-გოდებას გაერიდებიან. შენ ცოლს მოიყვან, შენ გათხოვდები. - უთხრა და-ძმას, რომელთა ძირითადი საფიქრალი თვითონ გამხდარიყო, აგერ უკვე წელიწადნახევრის მანძილზე.-  ჩემი უბედური ქმარიც ახალგახრდაა ჯერ.  უნდა დაოჯახდეს, ცოდოა მარტო. ბავშვებისთვის კი ინტერნატი აჯობებს.  – თქვა და გადაწყვიტა. ასე დაიწყო ლილეს ინტერნატული ცხოვრება. ერთი წლის მერე მისი უმცროსი დაც შეიყვანეს სკოლა-ინტერნატში.
მას მერე ორი წლის მანძილზე ცოლის სიცოცხლეში და ექვსი თვე მის შემდეგ ყოველ შაბათ დღეს, ჭიშკარს გაიხურავდა, ჯეკას ორი დღით მეზობელს ჩააბარებდა, (რადგან ბავშვები ცოლოურს, ლოგინად ჩავარდნილ დედასთან უნდა წაეყვანა.) და ქალაქისკენ მიმავალ ავტობუსში ჩაჯდებოდა. გული ხელით ეჭირა, როცა ინტერნატის აღმართს შეუდგებოდა. კლასის ოთახის ფანჯრები გზას გადაჰყურებდა და ფანჯარასთან მჯდომი, რომელიმე ბავშვი ხმამაღლა აცხადებდა ვისი მშობელი გამოჩნდებოდა.
-ლილეს მამა მოდიის! – დაიძახებდნენ.
ლილეც ფანჯარასთან მიირბენდა და შენობაში შემოსვლამდე აყოლებდა თვალს ბუთხუზა, დაღვემილ მამას, რომელსაც შვილის დანახვისთანავე სახე ებადრებოდა. ჯერ  მიაკითხავდა და მერე ერთად მიდიოდნენ თეას - საკლასო ოთახისკენ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები