ნაწარმოებები



ავტორი: მიცვალებული
ჟანრი: პროზა
3 დეკემბერი, 2017


***

ოთახის ცენტრში დაგდებულ ლეიბზე წევხარ. განათება სუსტია, შენი ნებისყოფაც. ცდილობ საკუთარი თავი არხად ვაქციო, რომელშიც ემოციები მდორედ მიედინებიან.

ემოციებს გამოხატვის ფორმა არ აქვთ, არც ფერი. მხოლოდ სუნი. ამჟავებული რძის და მარტოობის.

ცდილობ ყველაფერს სახელი უპოვო. რა ქვია იმ გრძნობას, როცა სიგარეტის ბოლო ღერიც მთავრდება, როცა სიმშვიდის მარაგი ილევა, როცა ნერვულად იგლეჯ ფრჩხილებს?

რამდენი ხანია ამ ოთახიდან არ გასულხარ? ერთი კვირა? ერთი თვე? ერთი სიცოცხლე?

ალბათ პატარა სივრცეებში უფრო ვიკარგებით ვიდრე დიდში.

სუიციდის რომელი ფორმა ჯობს? დახრჩობა, სიმაღლიდან ხტომა თუ ციანიდის შეყნოსვა? იქნებ ჯობს მჟავა დაისხა და უყურო, შეიგრძნო როგორ იწვის შენი კანი. როგორ იცვლის ფერს. როგორ უყურებს აუღელვებლად ამ პროცესს შენი კატა.

სისხლს ახველებ, რადგან ოთახი ისე ცივია, როგორც იმ ადამიანის გული, რომელიც გიყვარს.

რომელ კუთხეში უნდა მიიყუჟო, რომ ჭრილობებიდან ნეგატივის დენა შეაჩერო?

რას ჯობს ჩაეჭიდო. რას ჯობს გაექცე.

კარებზე ზარია. ხმაური უცებ ავსებს ოთახს, მაგრამ ეს მხოლოდ ყრუ ექოა კარს იქით ცოცხალი არსების ყოფნის.

აღებ კარს. გაზის მრიცხველის შემოწმება სურს მაღალ, ჯმუხ კაცს. რამდენიმე სანტიმეტრის მანძილიდან გრძნობ მის სუნს. ტყავის სუნი, ახალი ფურცლების, საქმიანობის და სიჩქარის. და ხო, მას სახლში ელოდებიან. ვიღაც ყავას მოუმზადებს, საჭმელს გაუცხელებს. გამათბობელთან დაჯდება და ისაუბრებს. ცოლს ეტყვის, რომ დღეს ერთ გოგოსთან იყო სახლში, რომელსაც აბურდული თმა, დაულაგებელი სახლი და ცხოვრება ჰქონდა.

ცხვირიდან სისხლი მოგდის, ზეწარი ისვრება. ხელში მობილურს იღებ და შეტყობინებებს ამოწმებ. ვიღაცამ შენი ორი წლის წინანდელი ფოტო მოიწონა. რა ხდებოდა ორი წლის წინ?

ჭიქაში რძეს ისხამ. რამდენი დღისაა ეს რძე? ინფანტილურობის გემო დაკრავს. არ გადააქცევ. შეინახე, რომ ყოველ ჯერზე, როცა მოსვამ, გაგახსენდეს, როგორ მჟავდება შენი ხასიათი ამ რძის მსგავსად.

დალპი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები