ნაწარმოებები



ავტორი: ქეთიკა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
4 დეკემბერი, 2017


ცოტა რამ CV-ზე (დასაქმება ქართულად ციკლიდან)

    დაწყება ყოველთვის ძნელია. სულ ერთია რას იწყებ, მაინც ძნელია... საქართველოში კი სამსახურის დაწყებას თავისი სპეციფიკა აქვს.

    ვისაც გჭირდებათ იქნებ გამოგადგეთ.
    თუ სტუდენტი ხარ, შეეცადე ყველა შესაძლო ვარიანტი გამოიყენო. ბოლო წელია წამოვიდა ტენდენცია საზაფხულოდ სტუდენტების დასაქმების. მადლობა ღმერთს მიმბაძველები ვართ ქართველები და კომპანიებმაც აიტაცეს საზაფხულო ვაკანსიების გამოყოფა სტუდენტებისთვის. ასე ვთქვათ მოდაში შემოვიდა და კარგ ტონად ითვლება - კომპანიები ზრუნავენ იმიჯზე, სტუდენტი იღებს სარგებელს. ზოგ კომპანიაში შეიძლება ცოდნა ვერ შეიძინოს სტუდენტმა მაგრამ გამოცდილებად ჩაეთვლება და სამომავლოდ წაადგება.
    ასე რომ სტუდენტებო ყველა შესაძლო ვარიანტი გამოიყენეთ თუნდაც უსარგებლო იყოს ის, რადგან სწავლის დასრულების შემდეგ პირდაპირ გამოცდილებას მოითხოვენ თქვენგან. დამწყები არავის სჭირდება.
    მოდით ახლა შევადგინოთ რეზიუმე.
    მახსოვს მეოთხე კუსზე რომ ვიყავი მეგობრებს ვეკითხებოდი როგორ უნდა შემედგინა სივი და მაშინ ეს ძალიან რთულად მეჩვენებოდა.
    საქართველოში დაახლოებით 2006 წლის შემდეგ დაიწყო რეზიუმეების აქტიური გამოყენება. მანამდე როგორ ეძებდნენ სამსახურებს სამწუხაროდ არ ვიცი (შემიძლია ვივარაუდო - გაკითხვა გამოკითხვით: - „ბუღალტერს ვეძებ გოგო, ხომ არავინ გეგულება?“ ან „ერთი კარგი მდივანი მინდა, მომიძებნეთ ვინმე ახალგაზრდა და ლამაზი“, დაახლოებით ამის მსგავსი იქნებოდა და ა.შ.).
    2007 წლის ტენდენციით რეზიუმე უნდა ყოფილიყო ძალიან მოკლე და კონკრეტული. არ იყო საჭირო ფოტო და მონაცემები ერთ გვერდზე უნდა დატეულიყო.
ერთ-ერთ კომპანიაში HR მენეჯერად ვმუშაობდი და სამსახურმა მოიწვია იმ დროისთვის ყველაზე მცოდნე და გამოცდილი HR მენეჯერი, რომელმაც გვასწავლა როგორ უნდა წაგვეკითხა  და გაგვერჩია გამოგზავნილი რეზიუმე.
    ერთ-ერთი საკითხი რაც მაშინდელი ტრენინგიდან განსაკუთრებით დამამახსოვრდა არის - რეზიუმეში სადაც მითითებულია უმაღლესი განათლება  კონკრეტული სპეციალობით და მითითებულია ტრენინგი მსგავსი ან განსხვავებული პროფესიის, ეს უნდა გაგვეგო შემდეგნაირად - აპლიკანტმა არ იცოდა პროფესია და დასჭირდა დამატებით სხვა კურსის გავლა.
    ახლა ეს სასაცილოა.
    დრო შეიცვალა. განვითარდა ყველაფერი.
    შემდეგ მომრავლდა ტრენინგ კომპანიები და სხვადასხვა კურსების გავლა კარგ ტონად ჩაითვალა. შესაბამისად კომპანიებსაც გაუჩნდათ მოთხოვნები ტრენინგებზე.
    ახლა სრულიად გამოუსადეგარი სხვადასხვა კურსების სერთიფიკატები ძალიან მოთხოვნადს ხდის სამუშაოს მაძიებელს.
დროსთან ერთად შეიცვალა რეზიუმეების მოცულობის მოთხოვნებიც. თანდათან გაიზარდა და რაც უფრო დიდი იქნებოდა სივი, მით უკეთესად ითვლებოდა. ასევე შესაძლებელი იყო სერთიფიკატებისა და დიპლომების მიბმაც.
    ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავარდნილი რეზიუმეები, საბოლოოდ გაშუალდა და ჩამოყალიბებულ სახემდე მივიდა. რეზიუმე უნდა იყოს ლაკონური. მასში განთავსებული ინფორმაცია უნდა იყოს მოკლე და მნიშვნელოვანი. აღარ არის აუცილებელი საცხოვრებელი მისამართის დაწვრილებით მითითება.
    რეზიუმე უნდა იყოს ერთი შეხედვით კარგად აღსაქმელი. არ უნდა იყოს ერთმანეთზე მიბჯენილი. ერთი თვალის გადავლებით უნდა გამოიკვეთოს ყველა პუნქტი და დამსაქმებელს არ უნდა მოუხდეს ძებნა იმ ინფორმაციის რომელიც მისთვის პრიორიტეტულია.
ცხრილები და ხაზები აღარ არის საჭირო. მაგრამ მე ჩემი გამოცდილებიდან ვიცი რომ ხაზებით გამოყოფილი ინფორმაცია, ბევრად მარტივი აღსაქმელია.

CURRICULUM  VITAE  (cv)
1. ფოტო - აკადემიური.
2. საკონტაქტო ინფორმაცია - ელ.ფოსტა, მობილური ტელეფონი და მისამართი სურვილის შემთხვევაში.
3. განათლება - სკოლის მითითება არაა აუცილებელი თუ „სივის“ მოცულიბის გაზრდა არ გჭირდებათ.
4. სამუშაო გამოცდილება - რაც მეტი მით უკეთესი.
5. ტერენინგები - დიდი რაოდენობით.
6. ენები - მინიმუმ სამი. არ იცით? არაუშავს, არც თქვენ გჭირდებათ და არც მათ (ხშირ შემთხვევაში). ეგ მხოლოდ იმიჯია. მთავარია კარგად შენიღბოთ თქვენი ცოდნა თუ არცოდნა.
7. კომპიუტერული პროგრამები - აღარაა საჭირო, ახლა ეგ ყველამ იცის. თუ რამე განსაკუთრებულს ან განსხვავებულს ფლობთ ჩაწერეთ.
8. სხვა გამოცდილება - გექნებათ რამე, მომგებიანია.
9. მართვის მოწმობის კატეგორია - პრესტიჟია.

    კიდევ დაგჭირდებათ სამოტივაციო წერილი, მანდ ცოტა რთულადაა საქმე. მაგაზე სხვა დროს...
    კიდევ ერთი რჩევა - ყველა სამსახურიდან წამოიღეთ სარეკომენდაციო წერილი.

    და ბოლოს. რას გადავეკიდე ამ „დასაქმება ქართულად“ს?! - ერთ დროს ხომ მეც HR ვიყავი. :) :)
და სულ მთლად ბოლოს - ქართველი კაცის მოსაწონი სამსახური არ შეუქმნია ჯერ ცივილიზაციას - ეს ხუმრობით! ყველაფერში კარგი უნდა დავინახოთ. მეტი პოზიტივი, მეტი სიმარტივე და ყველაფერი კარგად იქნება...

საუკეთესო სურვილებით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები