ნაწარმოებები



ავტორი: ორპირი ქარი
ჟანრი: პროზა
4 დეკემბერი, 2017


გოგონა რომელსაც საიდუმლო არ ჰქონდა

    მაგიდასთან ერთი გოგონა იჯდა და საუზმობდა. მასთან მივიდა ახალგაზრდა მამაკაცი და ჰკითხა:
- შეიძლება თქვენთან დავჯდე? - გოგონა დაიბნა და ვერაფერი უპასუხა. კაცი პასუხს აღარ დაელოდა, მის წინ სკამზე დაჯდა და ყავიანი ფინჯანი მაგიდაზე დადგა.
- შენ, ვისი პატარა პრინცესა ხარ? - ჰკითხა მან.
- დედასი. - მიუგო გოგომ ცქრიალა ხმით.
- სად არის დედა?
- გასულია და მალე მოვა.
- სანამ დედა მოვა ვისაუბროთ მე და შენ. კარგი?!
- ვისაუბროთ. - უპასუხა გოგონამ, მაგრამ არ იცოდა რაზე უნდა ესაუბრა მასთან.
- მითხარი ვინ გიყვარს ყველაზე მეტად?
- დედა. შენ?
- მე შვილები.
- ლამაზი შვილები გყავს?
- კი ძალიან. მამიკოს პრინცესები არიან.
- მე დედიკოს პრინცესა ვარ. - კაცმა ნაჩქარევად, დიდი ყლუპით მოსვა ყავა. თითქოს უნდოდა გულიდან ყელში მობჯენილი ემოცია უკან ჩაებრუნებინა. შეეცადა ყელში ბურთად გაჩხერილი სინანული ჩაერეცხა. მერე კი ისევ ჰკითხა.
- შენ საიდუმლო გაქვს?
- ეგ რა არის? - იკითხა გულუბრყვილო ცქრიალა ხმით და გაოცებული კამკამა თვალებით.
- საიდუმლო ის არის, მარტო შენ რომ იცი და სხვამ არა.
- მე მასეთი საიდუმლო არ ვიცი.
- არასდროს უთქვამთ შენთვის საიდუმლო?
- არა, არ უთქვამთ.
- შენც არასდროს გითქვამს ვინმესთვის შენი საიდუმლო?
- არა, მე არ მაქვს საიდუმლო.
- რას ამბობ?! საიდუმლო ყველას აქვს.
- მე არ მაქვს.
- აბა კარგად დაფიქრდი, იქნებ ისეთი რაღაც გააკეთე, რაც ჯერ არავისთვის გითქვამს? - გოგონა დაფიქრდა, ხან დაბლა დახარა თავი, ხან კი დიდი წამწამების ხამხამით მამაკაცს შეანათა მზერა. ის ფიქრობდა, კაცს კი მის შემხედვარეს, გული ამოვარდნაზე ჰქონდა. ტირილი უნდოდა.
- არა, არ მაქვს მე საიდუმლო. - მტკიცედ განაცხადა გოგონამ.
- დარწმუნებული ხარ?
- კი.
- მაშინ შენ ყოფილხარ ის განსაკუთრებული გოგონა, რომელსაც საიდუმლო არ აქვს.
- კი. - თქვა გოგონამ სიხარულით. აშკარა იყო, ძალიან მოეწონა თავისი ახალი სახელი. - შენ გაქვს საიდუმლო?
- კი, ბევრი.
- ბევრი რატომ?
- იმიტომ რომ თქმის შემეშინდა.
- კაცებს რომ არაფრის ეშინიათ, შენ რატომ შეგეშინდა?
- მე იმიტომ შემეშინდა, რომ... - გაჩუმდა და დაფიქრდა, - ალბათ იმიტომ რომ მშიშარა ვარ! - თქვა ბოლოს.
- არ უნდა გეშინოდეს. მე როცა მეშინი, დედას ვეხუტები ხოლმე.
- ჩვენ დიდები სხვანაირები ვართ. სხვანაირად ვცხოვრობთ. როცა გაიზრდები მიხვდები.
- ახლაც ვხვდები! დედა არ გყავს!
- დედა არ მყავს მართალია.
- მაშინ შენს პრინცესებს უნდა ჩაეხუტო.
- შეიძლება შენ ჩაგეხუტო?
- მე რომ არ ვარ შენი პრინცესა.
- შენც ჩემი პრინცესა ხარ.
- ვითომ-ვითომ? კარგი ჩამეხუტე. - კაცი მიუახლოვდა, მის წინ მუხლებზე დადგა და გოგონა გულში ჩაიკრა. დიდხანს იხუტებდა და ძლიერ მკლავებს ხვევდა ზურგზე. თან ტიროდა. გულში ტიროდა. ჩუმად და მწარედ.
    მას შემდეგ ბევრი ისაუბრეს. ძალიან მოეწონათ ერთმანეთი. ბევრი იცინეს და ნაყინიც უხვად მიირთვეს.
    ის კაცი აღარ წასულა. მასთან დარჩა. მის გვერდით იწვა საწოლში და ძილში თმაზე ეფერებოდა.
    დილა რომ გათენდა, ექიმების ჯგუფი შემოვიდა პალატაში. გოგონას მდგომარეობა, ერთი-ორი სიტყვით განიხილეს და დაგეგმილი ოპერაციის სამზადისს შეუდგნენ.
    კაცი მიუახლოვდა გოგონას და ყურში უჩურჩულა:
- გახსოვს გუშინ რომ გითხარი, ჩემი პრინცესა ხართქო?! - გოგონამ თავი დაუქნია. - ეგ არის ჩემი საიდუმლო. შენ ჩემი და დედიკოს პატარა პრინცესა ხარ. - მერე თვალები დაუკოცნა, თხელი თმის ღერები შუბლიდან სათითაოდ გადაუწია და დიდ ბრიალა თვალებში ჩააშტერდა. ბოლოს კი უთხრა.
- ახლა შენც გაქვს საიდუმლო, რომელიც არავის უნდა უთხრა.
- არც დედიკოს?
- არც დედიკოს. - მამაკაცი ბავშვის საწოლს მოშორდა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა პალატიდან.

იმ დღის შემდეგ გოგონას ის კაცი აღარ უნახავს, მგრამ მას უკვე ჰქონდა საიდუმლო, რომელიც ძალიან ჰგავდა სიზმარს...


03.12.2017
ქ.ბ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები