ნაწარმოებები



ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
4 დეკემბერი, 2017


მდევარი!

გავრბივარ!..ისევ ისე, როგორც ბავშვობისას... ოღონდ მაშინ, სირბილის დროს უკან მოვიხედავდი ხოლმე, ჩემსა და მდევარს შორის მანძილი თვალით რომ გამეზომა, სწორედ იმ წამს ქვას ფეხს წამოვკრავდი და მუხლებს გადავიყვლეფდი, ტკივილისგან ადიდებული მდინარე  მაშინვე გადმოჩქეფდა ორი, დიდი, თაფლისფერი ჯებირიდან და კისერში გუბდებოდა. სიბრალულით დავცქეროდი ჩემს ახლად გაშლილ ყაყაჩოსფერ იარებს, სულს ვუბერავდი და გულს უფროდაუფრო ვიჩუყებდი, გარშემომყოფებზე მეტი შთაბეჭდილება რომ მომეხდინა, თუმცა უცებ მდევარი "მგელი"  მახსენდებოდა და თამაშში გამარჯვების მოპოვების ხათრით ტკივილს ვყლაპავდი, რათა უფრო თამამად გავქცეულიყავი...
ახლაც ასეა...ახლაც გავრბივარ...ახლაც მომდევენ...მომდევენ არა დასაჭერად, არამედ გასასწრებლად...უკან აღარ ვიხედები... არა იმიტომ რომ დაცემის მეშინია, არამედ იმიტომ, რომ გულაჩუყებულს ვეღარავინ დამამშვიდებს და კიდევ იმიტომ, რომ მიხედვას აზრი არ აქვს, რადგან ის, ვის დასანახადაც მივტრიალდები უკვე ჩემს წინ იქნება, ამჯერად მე ვიქცევი ჩემივე მდევრის მდევრად! მდევარი კი დროა... დრო, რომელსაც ჩემი კლანჭებში მოქცევა და შეჭმა კი არა, დამონება უნდა. ადამიანები ხომ ჩვენზე წინ მდგომებს ვეთაყვანებით ან გვათაყვანებინებენ! ჰოდა, გვასწრებს დრო, თავის ბილიკებით გვატარებს და ჩვენც ვემსახურებით ჩვენივე დროებითი ახალგაზრდობით. ჩვილ გულებს ვუშლით ხალიჩებად ამ უბერებელ და უსწრაფეს მღრღნელს, სანაცვლოდ კი, ხურდაში ჭაღარა  მონეტებს ვიბრუნებთ. კმაყოფილები ვართ ამითაც, უზომოდ კმაყოფილები, რა გზაა, რომ არ ვიყოთ? ხმა ავიმაღლოთ? - აზრი?.. როდის იყო ჯიუტ დამპყრობელს მონის სუნთქვა ესმოდა? როდის იყო თავნება მბრძანებელს მსახურთა ხმა სიტყვათა წყობად მიაჩნდა? მეფეები მხოლოდ გართობას ითხოვდნენ თავიანთ ქვეშევრდომთაგან და ერთობოდნენ კიდეც სურვილისა და სიტუაციისამებრ, მათ ადამიანებზე მეტად ჯამბაზები უყვარდათ, ჯამბაზები, რომლებსაც მხოლოდ აღნაგობით თუ მიამსგავსებდნენ ადამიანებს...ასეა დროც, ეს ნიღაბაკრული იდუმალება მუდმივად გვდევს...მუდმივად სადღაც გვისაფრდება  და ჩვენც, ჯამბაზის სისწრაფე მორგებულებს, თანვე  გვადევინებს ბოლო გაელვებამდე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები