ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2017


ანეკდოტია

არაფრისმთქმელი მზერით ვეძებ ამინდის პროგნოზს:
თოვლია მალე. ჰაერი კი ცივი, ნოტიო.
იქნებ არ იცი: ეს ცხოვრება, ჩვენ რომ არ მოგვწონს
ერთი პატარა უბადრუკი ანეკდოტია.

ცივი ქალაქის ცას შევყურებ თბილი იმედით
და ჩემს არეულ სულს მაგონებს მისი ტრანსპორტი.
აღარ მეგონა, გულწრფელად თუ გავიღიმებდი
თუმც განსაცდელის სიმძიმისგან... წელში გავსწორდი.

სკვერებში სხედან ქალაქელი ლურჯი მტრედები
და ონავრების
ცელქ ნაბიჯებს ელოდებიან.
არ გეუბნები: როცა შენსკენ არ ვიხედები,
ეს გულიც ერთი მოფრთხიალე დიდი მტრედია.

ასე უჩუმრად ჩავინიშნავ ამინდის პროგნოზს:
თოვლია გულში. ცრემლები კი - სველი, ნოტიო.
დაიმახსოვრე: ეს ცხოვრება, ჩვენ რომ არ მოგვწონს,
ერთი უნიჭო, უბადრუკი ანეკდოტია.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები