ნაწარმოებები



ავტორი: ნიკოლავა
ჟანრი: პროზა
4 დეკემბერი, 2017


მაყვალა

ნაჯახის მძლავრი დაკვრისაგან გვერდზე გამხტარმა წითელ ბუმბულა ქათმის ტორსმა, ერთი  ორი გაიბრძოლა და ბოლოს იქვე, მწვანე ბალახზე გმირულად განუტევა სული.  მას მომცრო თეთრი ვარია მიჰყვა, ბოლოს ორივე მაყვალას  მძლავრ ხელებში აღმოჩნდა და შეშის ფარდულში, სამფეხზე შემომდგარ, ცხელი წყლით  სავსე ქვაბში ჩაბუყბუყდა.
- „მინუტში“ გავპუტავ, გამოვშიგნავ და „დუხოვკაში“ შევაგდებ. ღომიც დავადგი უკვე.  ნახევარ საათში ჩასაზელი იქნება. შე უქნარა მარიამო სად ხარ ჰა? წადი ბოსტანში კიტრი პამიდორი დაკრიფე და ყველაზე დიდ „მისკაში“ ჩაჭერი. გოგო, მარილის მოყრა არ დაგავიწყდეს ზედ.  შენ კი ბიჭო, ბაჩანა, ტყემალი ამოიტანე „პადვლიდან“.
თან ქოთქოთებს, თან ქათმებს აცლის ენერგიულად  ჭრელ ქათიბს. თან განკარგულებებს იძლევა, თანაც ქალაქიდან ახლადჩამოსულ მაზლის ცოლს ემუსაიფება. ყველაფერს ასწრებს მაყვალა.
- ერთი გამაგებინე, რატომ ეძინებათ ამ ბავშვებს სულ?  ან იმ კაცს რა დაკარგვია მდინარეზე ყოველ დღე? იჭერდეს მაინც რამეს. (ის კაცი -  ჯემალია, მაყვალას ქმარი, რომელიც დღის უმეტეს ნაწილს მდინარეზე ატარებს. რომ კითხო - თევზაობს. არადა, ყოველ საღამოს კაი ნაქეიფარი ბრუნდება შინ და თავისი ლაზღანდარობით ცოლს ნერვებს უშლის.)  სახლში ათასი საქმეა, ეს უქნარები კი სულ დასვენებასა და დროს ტარებაზე ფიქრობენ.
- ჯვარი გწერია მაყვალა, კი გაქვს ეზო მიწკრიალებული, სათავსო კი სურსათ-სანოვაგით სავსე. ეტყვის ხოლმე ყოველი ჩამოსვლისას მაზლის ცოლი მზია მაყვალას და ხარბად გადაავლებს თვალს, თაროებზე ჩამწკრივებულ სავსე ქილებსა და ბოთლებს.
- სათქმელად ადვილია ჩემო მზია, მე რომ არ მემარჯვა, ამდენ ხანს მშივრები დავიხოცებოდით, ეს სახლი თავზე დაგვენგრეოდა და........არც ეგ ბალღები არ მეყოლებოდა.
- უი, უი რას ამბობ შე ქალო - ხითხითებს მზია.
- ჰო, ჰო იცინე შენ და......შენს მაზლს ეგაც ეზარება სხვა რომ არაფერზე ვილაპარაკო.
მაყვალა ბიცოლად მეკუთვნის. მისი ქმარი ჯემალი დედაჩემის შორეული ნათესავია. მარიამო და ბაჩანა მისი შვილები არიან. სტუდენტობისას ყოველ ზაფხულს ჩავდიოდი მათთან სოფელში. მიყვარდა მარიამოსთან საღამოობით მარანში ჩუმ-ჩუმად ღვინის წრუპვა.
- დათვერით არა წუხელ  ბედოვლათებო თქვენა.  გერგებოდეთ მაინც ეგ ღვინო. თქვენ გგონიათ არ მესმის მთელი ღამე რომ დარბიხართ რიგ-რიგობით, ზოგჯერ კი „პარაში“ ზემოთ - ქვემოთ.
მარიამო ახოვანი გოგოა, ფერ-ხორციანი. აღნაგობით დედას ჰგავს, მაგრამ მამასავით უქნარაა. ნება რომ მისცე, მთელი დღე იძინებს.  მახსოვს, მეზობლის ქელეხში, საჭმელი უნდა ჩამოგვეტარებინა მე და მარიამოს საგულდაგულოდ მოწყობილ დიდებულ სეფაში. ბიცოლამ წაგვიყვანა, წამოდით, ათასი თვალი შემოგხედავთ, ათასი ვინმე გნახავთ, ვინ იცის იქნებ რომელიმეს ბედიც კი გაგეხსნათო. (სოფელში გათხოვება ან ცოლის მოყვანა თუ გინდა - პანაშვიდებზე უნდაიარო. ან სადედამთილოს მოეწონები ან თვითონ საბედოს მაძიებელს.) ჰოდა მარიამომაც რის ვაი ვაგლახით გამოათრია კარადიდან, საგანგებოდ ასეთი შემთხვევებისთვის შეძენილი ქვედაბოლო და ამოიცვა. ამოცმით კი ამოიცვა, მაგრამ  ვერ შეიკრა, ჯაჯგურში ღილიც აწყვიტა და გამწარებულმა არც აცია, არც აცხელა, დიდი ქინისთავით შეკრა პირდაფჩენილი სათავე. ერთი კი ვუთხარი, ვერ გაგიძლებს ეს კაბა ასე ქინძისთავდაკოსებული, ჯობია დააკერო ღილი-მეთქი, მაგრამ ვინ დამიჯერა. მეზარებაო მიპასუხა და „ბარხატის“ „პლატფორმის“ ფეხსაცმლებში რის ვაი-ვაგლახით ჩატენა ფეხები. ქელეხზე მე და მარიამოს - ბრინჯის ფლავის ჩამორიგება გვერგო წილად. დაავლო მარიამომ ხელი მძიმე ქვაბს და სეფისკენ დაიძრა. უკან გავყევი ქაფჩამომარჯვებული. ცოტას ვღელავდი, პირველად ვიყავი საჭმლის ჩამომტარებლის როლში.
- მე თეფშებზე დავდებ ფლავს, შენ კი მაგიდაზე ჩადგი მერე ის თეფში.
- პირველად რომ მიწევს ამის გაკეთება? ვაი თუ ვინმეს თავზე დავაყარო ეს შენი ცხელი ფლავი.
- დაიცა კაცო, შენ ნურაფერზე იდარდებ. პროფესიონალი არც მე ვარ, მაგრამ ერთად რამეს მოვახერხებო დამამშვიდა მარიამომ.
ერთი წრე მშვიდობიანად გავიარეთ, მეორე წრეზე მომეწონა კიდევაც მაგიდების მომსახურება. მარიამოც გალაღდა, მერე ვიღაც ნაცნობს გადაეფეთა, შენი ფლავიც გადაავიწდა და მოყვა კისკისს. ჰოდა აი აქ მოხდა ისეთი რამ, რაც არასდროს დაგვავიწყდება არც მე და არც იქ მსხდომ საზოგადოებას. მარიამოს ლაღ სიცილ-კისკისში,  კაბის სათავეზე შემოტმასნული ქინძისთავმა დრო იხელთა, გაიწია, გამოიწია, რკინის ფრთები ფართოდ გაშალა და.......დაახლოებით 10 წამი იდგა შოკირებული მარიამო საცვლის ამარა, შუაგულ სეფაში. მასთან ერთად ხალხიც გაშეშებულიყო, წამით ყველას დაავიწყდა, შეკრების მიზეზიც, მიცვალებულიცა და ცხელ-ცხელი ფლავ-ლობიოც. კაცი თუ ქალი მარიამოს „რუბენსის“ ფორმებს მისჩერებოდა.
ახლა ბაჩანაზე უნდა მოგიყვეთ. ბაჩანა მარიამოზე უფროსია. სასაცილო ბიჭია ძალიან. როდესაც ნერვიულობს (არადა, სულ ნერვიულობს) ენა ისე ებნევა, რომ გეგონება ჰა, ჰა და აფრინდებაო, თან თვალებს ისე გამეტებით ახელს ფართოდ, რომ შემოლაწუნების მეტი არაფერი შველის გონზე მოსაყვანად. ენა ბაჩანას მას მერე დაებნა, რაც თხილის აკრეფისას, ფეხზე გველმა გადაუარა.
- ცივი იყო, ცივი, ცივი, ყვება ხოლმე ბაჩა და ისედაც დაჭყეტილ თვალებს უფრო ფართოდ ჭყიტავს. არ გავნძრეულვარ, გავშეშდი, შემეშინდა.
- ჰოდა მაგან გიშველა შვილო, თორემ რომ მოგხტომოდა....ვაი, ვაიიი, ისე ერთი კი გამოგაფხიზლებდა რომ ეკბინა შე არაფრის მაქნისო შენა. დააყრიდა-ხოლმე ქოქოლას მაყვლისქალა შვილს.
- რ-რა გინდა ჩემგან, 24 საათი კამეჩებს დავდევ, თხ-ხილსაც მე გიკრიფავ და ს-სიმინდსაც ვთოხნი, აპარპალდებოდა ბაჩანა.
- შენ არ დაგეკარგა ამის წინ ტყეში კამეჩი? თხილს ნახევარს ადგილზევე ტოვებ, ხოლო შენი გათოხნილი სიმინდი, ხელმეორედაა გასათოხნი - უპასუხოდ არ ტოვებდა მაყვალა შვილს.
- ვერა, ვერ მოხვალთ ჩემამდე ვერცერთი ვერასდროს. იმიტომ რომ ბედოვლათი მამათქვენის სისხლი გირევიათ. ის ბიძაშენი რომ არ გვეხმარებოდეს ქალაქიდან, სული ამოგვძვრებოდა სიღარიბეში.
ჯემალის უფროსი ძმა სოგრატი, დედაქალაქში ცხოვრობდა. თავის დროზე დედამ შეძლებულ ნათესავებს მიაშვილა. აქაოდა  მოუვლიან, ასწავლიან, კაცი დადგება მისგანო. დედამისს  სოგრატის გარდა კიდევ ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა გასაზრდელი. ლუკმა-პური უჭირდა ოჯახს, სამი ბავშვს ვერ კვებავდნენ, ჰოდა გაზარდა იმ კაცმა ძია სოგრატი. ასწავლა, ქვეყანა დაანახა, მერე სამსახური უშოვა ადგილობრივ უნივერსიტეტში და პატარა ბინაც გაუხერხა საერთო საცხოვრებელში. სოგრატს განათლების გარდა, სხვადასხვა მაქინაციების კეთების უნარიც დაჰყვა. სტუდენტების ჩაწყობით მიღებასა და ქრთამის აღებაში ბადალი არ ჰყავდა. ჰოდა სულ მალე, საერთო საცხოვრებლიდან, მდიდრულ სახლში გადაბარგდა და ძვირფასი ავტომობილიც შეიძინა. მაგრამ მიუხედავად ამისა, სოგრატს არასდროს გაუწყვეტია კავშირი ბიოლოგიურ ოჯახთან, რაც მისი გამზრდელის დიდი დამსახურება იყო. ის მუდამ ეხმარებოდა ბედოვლათ უმცროს ძმას და მის შვილებზე მეურვეობაც საკუთარ თავზე ჰქონდა აღებული. როდესაც შეატყო ბაჩანასგან ნასწავლი კაცი არ გამოვაო - ჯარში უკრა თავი, შემდეგ  რომელიღაც დაცვის სამსახურში მოაწყო. მარიამო ნიჭიერი იყო და უნივერსიტეტში ჩააბარა - ეკონომიურზე და ძია სოგრატის სახლში დაიდო ბინა. აბსოლუტურ კომფორტში აღმოჩნდა თბილისში ჩამოსული მარიამო. სულო და გულო - არაფერი აკლდა. სეზონში ორჯერ ბიცოლას შოპინგზე მიჰყავდა. მგზავრობისა და კვების ფული ყოველდღე სამზარეულოს მაგიდაზე ხვდებოდა.
- დიდი უქნარა ვინმეა - ჭორავდა მაზლისშვილს მზია ზურგს უკან. სულ დიეტაზეა. გაგიგია ეგეთი დიეტა? პურს არ ჭამს, მაგრამ სამაგიეროდ ნახევარ თავ სულგუნს გეახლებათ დღეში. შველოდეს შვილო მაინც რამე. რით ვერ შეიგნო რომ ეგ ვერასდროს გახდება ვე-რას-დროს. დედამისივით დევისტანაა.
ბაჩანა თბილისში, რომელიღაც საელჩოს დაცვაში  იდგა და მერი მამიდასთან ცხოვრობდა. (ასე გადაინაწილა და-ძმამ ძმისშვილები.) მოვიდოდა გამთენიისას „სმენიდან“ დაღლილ-დაქანცული, გაიხდიდა ჯარისკაცის „ბატინკებს“ ლოჯიაში და შეათამაშებდა გრძელ და დაძარღვულ ფეხის თითებს. ტკაცუნებდნენ თითები და ამ ტკაცუნში ხშირად დიმპირტაურ-დამპიტაურის მოტივის ამოცნობაც კი იყო შესაძლებელი.
- დაიბანე ბიჭო ეგ ფეხები, ვერ გრძნობ, რომ  გიყარს? დაუყვავებდა ბაჩანას მამიდამისი, მაგრამ ბაჩანას ეგ დიდად არ ადარდებდა.
- დაბანა არ შველის მაგას. მე ვიცი რაც უნდა ვქნა - გამოეპასუხებოდა ხოლმე დედას ჯუმბერი. „თეიმუროვის მაზს“ ვუყიდი და დაისვენებს ეს, შენცა და მეცა.
მეორე დღეს ჯუმბერიმ ბაჩანას თეიმუროვის მალამო დაახვედრა და სააბაზანოსკენ მიუთითა  - წაისვიო. ეჰ, ჯობდა საკუთარი ხელით წაესვა ბაჩანასთვის ის მალამო ვიდრე ასე მარტივად მიეცა. ბაჩანას მალამო მუხლებამდე წაისვა და გამოვიდა ასე ფეხებგაშპაკლული სააბაზანოდან. დღემდე სიცილით იხსენებენ ამ ამბავს ოჯახის წევრები. ბაჩანას ცოლს უყვებიან ხოლმე. ისიც ჯერჯერობით იცინის ამ ყველაფერზე, მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც ვიცი ყელში ამოუვა და გასცემს ყველას საკადრის პასუხს. ბაჩანას ცოლი ვახსენე და ცოლიც ბიძამ მოაყვანინა. ლანა - სოგრატის უნივერსიტეტში ასწავლიდა რუსულ ენას სტუდენტებს. მორიდებული, ლოყებშევარდისფრებული, სქელი და ტალღოვანი თმით. მომცრო ტანის, ოდნავ მოსული გოგონა სიხარულით დათანხმდა რექტორის ძმისშვილს ცოლობაზე. ალბათ თავისთვის იფიქრა კიდევაც - ბიძა არაფერს მოგვაკლებს და უნივერსიტეტშიც ცოტა წინ წავიწევიო, მაგრამ სოგრატმა დასწერა თუ არა ჯვარი ახალგაზრდებს, ემანდ მშობლიური კერა არ გამიციოთო  და ორივეს სოფელში უკრა თავი. ახლა ლანა სოფლის სკოლაში ასწავლის, ბაჩანა კი ქალაქის ცენტრში ერთი ბანკის დაცვაშია. ლანა ახლა ახალი სურვილითაა შეპყრობილი - სოფლის სკლის დირექტორი უდა რომ გახდეს. სოგრატის რძალს ეს არ გაუჭირდება, უბრალოდ დრო უნდა ყველაფერს.

- მიდი ერთი შენს გახარებას ყავა დაადგი და დავლიოთ, თუთუნიც მოვწიოთ. მომიხმობდა ხოლმე მაყვალა საღამოობით სამზარეულოში.
თუთუნს მაყვალა მაშინ ეწევა, როდესაც სახლში ყველას სძინავს. დარდს ვაყოლებო ამბობს.
- დარდი თუთუნის ბოლთან ერთად გამოიყოფა, ჰაერში იშლება ნაწილაკებად და თან მიაქვს ჩემი სევდა. ხომ ხედავ რა მარტივია ამ ყველაფრისგან თავის დაღწევა.
დარდისგან თავის დაღწევის მაყვალასეული რეცეპტი მე არ მშველის. თავბრუ მეხვევა „მყრალი“ თუთუნისაგან, პირღებინების შეგრძნება მეუფლება. შესაბამისად  ჩემი მოწევაც, ერთი ან ორი ნაფაზის დარტყმით შემოიფარგლება.
ირგვლივ ყველას ჰგონია რომ მაყვალა ბედნიერია. ბედნიერია იმ რეალობაში, რომელშიც არსებობს. ბედნიერია შვილებით, ქმრით, თხილის პლანტაციითა და ეზოში მონავარდე კურკურა დედალ-მამლებით. ხეებზე დამწიფებული ხილის მოსავლითა და საკუჭნაოში თაროებზე ჯარისკაცებივით ჩამოლაგებული სურსათ-სანოვაგის მარაგებით. ბედნიერია, როდესაც თბილისიდან მომავალი სტუმრების მოლოდინში რიგრიგობით აცლის თავებს ვარიებს და ძველისძველ ჯერ კიდევ დედამთილისეულ ქვაბში ღომს ათუხთუხებს. ბედნიერია თითო ხელი გამოსასვლელი ტანსაცმლითა და მეუღლის ძველი, შორტად გადაჭრილი  შარვლებით, რომელებიც მოსახერხებელია და მას ძალიან ბევრი აქვს.
- აბა რამდენი წლის ვიქნები თუ გამოიცნობ? მეკითხება მაყვალა.
- რა ვიცი აბა, ასე ორმოცის, ორმოცდაორის. მთლად ორმოცდახუთს ხარ თქოს ვერ ვეუბნები, თუმცა მე უფრო ეგ უკანასკნელი მგონია მისი ნამდვილი ასაკი.
ამის გაგონებაზე მაყვალას ეცინება.
- რა იყო ვერ გამოვიცანი? მიდი რა მითხარი ნუ მაწვალებ.
- ოცდათხუტმეტის.
- რაო? ეეეეეე, რას მატყუებ ახლა. კი მაგრამ, ბაჩანა რომ ოცის გახდება მალე? ეს როგორ? რამდენი წლის გათხოვდი?
- პირველად ამ სახლში რომ შემოვდგი ფეხი, მერვე კლასში ვიყავი, ზუსტად თოთხმეტი წლის. მერი, ჯემალის და,  ჩემს მეზობლად იყო გათხოვილი. ეს ახლა მოტყდა მერი ქმარი რომ გარდაეცვალა თორემ, მახსოვს წლების წინ - დიდ გულზე იყო. ახლა ჩემთან რომ მოდიან, ადრე მასთან იყო ასეთი სტუმრიანობა ყოველ ზაფხულს.  მთელი სანათესაო იყრიდა მათ ოჯახში თვს. საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობდნენ და ეს შესაძლებლობა ათამამებდათ. სოგრატის ლექტორობა მათ ოჯახს ნიმბივით ადგა თავზე. მაინც ხომ იცი სოფელს თავისი წესები აქვს. ადამიანები იყოფიან - „პატარა“  და „დიდ“ კაცებად. თუ ვინმე გყავს „დიდი“ კაცი სანათესაოში - ყველა პატივს გცემს, თუ არა და.....უთვისტომოები არ უყვარს სოფელს, ჯაბნის, ჩაგრავს, თელავს.
ჰოდა ერთ დღესაც მოვლაყუნებ ჩემთვის სკოლიდან სახლისაკენ და დამეწია ეს ჩემი მული ვიღაცის „გასისინებული“ თეთრი ვოლგით. მანქანა გამისწორდა თუ არა შეჩერდა. სარკმლიდან მერიმ გამოყო თავი და სახლამდე მიყვანა შემომთავაზა. მეც მშვიდად ჩავჯექი. ცუდზე არ მიფიქრია, ან რატომ უნდა მეფიქრა? ეს ხომ მერი იყო, სოფლის ლამის ერთადერთი პატივცემული ქალბატონი. ვზივარ მანქანაში და იქ მსხდომნი ხმას არ იღებენ. წინ ვიღაც ახმახი ზის, როგორც მერე გაირკვა ჯემალისა და მერის ბიძა ფრიდონ დუნდუა. უკან, ჩემს გვერდით, ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცი, მოღუშულად მიშტერებული ავტომობილის ფანჯრიდან გადჭიმულ სოფლის პეიზაჟს.
- მაყვალ, ეს ჩემი ძმაა ჯემალი, გაიცანით ერთმანეთი. სიჩუმეს დაარღვია მერიმ.
ჯემალიმ ისე გამომიწოდა ხელი, არც კი გამოუხედავს ჩემკენ. არც მე მიმიქცევია მისთვის დიდად ყურადღება. ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც მაშინ დაირღვა, როდესაც ავტომობილმა იმ გზის გეზი აიღო, რომელსაც სოფლიდან გავყავდით. სად მივდივართ მეთქი ავნერვიულდი, მაგრამ კაციშვილმა ხმა არ გამცა. ნუ გეშინია, აქვე, ჩვენებთან მივდივართო მიპასუხა მერიმ ცოტა არ იყოს სიმკაცრეშეპარული ტონით და მძღოლს დაჩქარება უბრძანა. საღამოს ვიღაცის სახლთან გავჩერით. სხვა სოფელი იყო.  ჯერ მერი გადმოვიდა „ვოლგიდან“, ჭიშკართან გამოგებებულ აყეფებულ ფინიას დაუყვავა და კარი უნებართვოდ შეაღო.
- ბიცო გამოდი, მოგიყვანე პატარძალი.
სახლის ქვედა სართულიდან ცომში  ხელამოსვრილი წინსაფრიანი ქალი გამოკუსკუსდა  და დიდის ამბით შეგვიძღვა სახლში. დიდი პატივით და თავზე ხელის გადასმით დამსვა დივანზე, გვერდით ჯემალი მომისვა და ჩვენი  სიყვარულის დალოცვას მოყვა. თავიდან ხუმრობა მეგონა ეს ყველაფერი. ხომ იცი, ხალხს სჩვევია, გოგო რომ წამოჩიტდება მას პოტენციურ პატარძლად მიიჩნევენ. ჰოდა ასე გავხდი ერთ მშვენიერ დღეს ისე, რომ თვითონაც ვერ მოვედი აზრზე -  „პატარძალი“. ეტყობა, კაი ხნის ჩაფიქრებული ჰქონდა მერის ჩემი მოტაცება. ხედავდა რომ მიუხედავად მცირე ასაკისა, ფერ-ხორცი არ მაკლდა. სოფელში გოგოს შეფაების თავისებულრი კრიტერიუმი არსებობს:  კაი ჯანიანია, ბავშვის გაჩენა არ გაუჭირდება, ძუძუსაც აწოვებს, რძე მალე არ გაუშრება. ბავშვიც მსუქანა და წითელლოყება ეყოლება. სტუმრის საკადრისი დახვედრაც შეეძლება და ყანაში სიმინდის გათოხნაც. ფაქტობრივად მეც ასეთი ვიყავი. დედ-მამა მუდამ რუსეთში იყვნენ - ხილი და მწვანილი დაჰქონდათ გასაყიდად. ოჯახს და უმცროს და-ძმას კი მე და ბებოს გვიტოვებდნენ. სკოლიდან დაბრუნებული, ოჯახის საქმეებს მოვრჩებოდი თუ არა, ეგრევე ბოსტანში გავრბოდი. დათესე, გამარგლე, სარეველა მოაცილე..... გაკვეთილებისთვის ღამით თუ მოვიცლიდი. ვინ იცის რამდენჯერ დამთენებია თავზე ჩამქრალი ბუხრის პირას წიგნებჩახუტებულს.
გაიგეს თუ არა სოფელში დუნდუების ოჯახში პატარძალიაო, იწყეს მოსვლა მოსალოცად კეთილმოსურნე და ცნობისმოყვარე მეზობლებმა. მერი სიამაყით აჩვენებდა მნახველებს ჩემს თავს, თითქოს „ბაზრობაზე“ კარგ ფასად ნაყიდი დეკეული ვყოფილიყავი. „უი რა გაუღიმარია ეს პატარძალი“ ეჩურჩულებოდნენ ჭორიკანა ქალები ერთმანეთს და სულ ტუჩების ლოკვით შეექცეოდნენ ბლომად კრემიან ნამცხვარს. ეჰ, გასაღიმებლად მქონდა საქმე მე უბედურს? თავში უამრავი აზრი მიტრიალებდა. ვერ გამეგო თუ რატომ უნდა ყოფილიყო ეს უცხო მამაკაცი ჩემი ქმარი? ან მინდოდა კი ქმარი საერთოდ?  ყველაზე მეტად კი .... მოხუცი ბებია და პატარა და-ძმა მენატრებოდა. ჩემი ბუხარი და ნაცარ-ტუტაში ამოგანგლული ფისო, რომელიც მუდამ ფეხებთან მეწვა ბუხრის წინ მომეცადინეს.  როგორც კი რომელიმე სტუმარს სახლში წასვლა მოაფიქრდებოდა, მივაშურებდი ხოლმე საგულდაგულოდ მოწყობილ სიძე-პატარძლის „სპალნას“ და ცხარე ცრემლებით ვტიროდი ბალიშში თავჩამხობილი. ერთ დღესაც ჩემი „ზლუქუნით“ შეღონებულმა ჯემალმა, ვერ მოითმინა და მომახალა: არ მიყვარხარ და არც არასდროს შემიყვარდები. მერიმ დამაძალა შენი ცოლად შერთვა. მოვლენ შენი დედ-მამა და  წაგიყვანენ. ჰოდა დავისვენებთ მერე შენცა და მეც.
ვერ წარმოიდგენ, თუ როგორ გამახარა მისმა სიტყვებმა. ახლა უკვე ჭიშკრისკენ მეჭირა თვალი. დედ-მამას ველოდებოდი რათა მოვშორებულიყავი ამ უცნაურ ადამიანებს და მათ მიერ დადგმულ „ქორწილობანას“.
არა, ჯემალის არასდროს ვყვარებივარ. მე იმიტომ შემირთო, რომ მერიმ დააძალა. ვინმე თინაზე ყოფილა თურმე შეყვარებული. თითქმის ყოველ დღე ხვდებოდნენ  ერთმანეთს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში. ერთხელაც მერის ნაცნობს დაუნახავს მოალერსე წყვილი და ეგრევე მიუტანია ამბავი მისთვის. იმასაც ჯერ გაუკითხავს-გამოუკითხავს და ვერ მოხიბლულა რა თინას წარმომავლობითა და ოჯახისშვილობით, სასწრაფოდ საცოლის ძებნა დაუწყია ძმისთვის, ჯემალისთვის კი უთქვამს, რუსეთში სწავლისას, ეგ შენი თინა,  თურმე ვიღაც ძვირფას მანქანიან მამაკაცთან დაიარებოდა რესტორნებში და  მასთან სახლშიც ადიოდაო. „ისტოჩნიკი“ „დასტავერნია“. თინასთან ერთ კურსზე სწავლობდა  ნაბაკეველი არველოდ ქანთარიას  რძალი ზამირა და იმან მითხრაო.
ჯემალს უყვარდა თინა, თვალებით, ბაგით, თითის ბალიშებითა და ყურის ბიბილოებითაც კი.  მაგრამ მის გონებას არ შეეძლო ერთი წამითაც იმის დაშვება, რომ მისი საყვარელი ქალს შესაძლოა ჯემალამდე სხვასთან ჰქონოდა ინტიმური კავშირი. ურთიერთობის „პლატონური“ ფორმაც კი მიუღებელი იყო ჯემალისთვის. ეს მის მამაკაცურ თავმოყვრეობას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა. „ნაგულავები“ ქალის ცოლად შერთვას, ერჩივნა უშვილძიროდ გადაშენებულიყო. ჰოდა მერიმაც გული აუცრუა ძმას სატრფოზე. არც ჯემალი ჩაძიებია ამ ამბავს. იქნებ ატყუებდა და? იქნებ მერიმ  თინასთან დასაშორებლად მოიგონა ეს ყველაფერი.
იმ ღამით დიდხანს ვიწრიალე საწოლში, ძილი არა და არ მომეკარა. არც ჯემალი ჩანდა არსად.  ცრემლებისაგან თვალის უპეების ისე მტკიოდა რომ მათ დახუჭვას ვერ ვახერხებდი. ბოლოს ძლივს ჩამეძინა ჩემი მშობლების ჩამოსვლის ლოდინში დაქანცულს. უეცრად უცნაურმა შეგრძნებამ გამაღვიძა. თითქოს მილიონობით მორიელი მობობღავდა ჩემს სხეულზე და ჩემს შთანთქმას ცდილობდა. მერე მორიელებმა ჩემს ყელსა და სახეზე გადმოინაცვლეს. მოედნენ თვალებს, თმებს, ბარძაყებს ........თვალი ძლივს გავახილე და ჯემალი შემრჩა ხელში. იმ საღამოს ზომაზე მეტი დაელია. ადამიანი, რომელსაც მთელი ამ დროის მანძილზე არათუ შეხება, არამედ დალაპარაკებაც არ უცდია ჩემთან, გაცხოველებული ცდილობდა ჩემს დაუფლებას. დაყვირება ვცადე, მაგრამ მან მძლავრად მომიჭირა პირზე ხელი. ვგრძნობდი, როგორ მიიკვლევდნენ მისი ხელები გზას ჩემი პერანგის ქვეშ, მისი ცხელი, ალკოჰოლში არეული სუნთქვა, ურცხვად მიღიტინებდა ნესტოებში. შიშმა ამიტანა, რითაც არ უნდა დამჯდომოდა, გაცხოველებული მამაკაცი თავიდან უნდა მომეშორებინა. სიმწრისაგან ისეთი ძალა მომეცა,  იქვე ტუმბოზე დადგმული სანათს შევავლე ხელი და მთელი ძალით ჩავარტყი თავში მოძალადეს. ჯემალმა ტკივილისგან არაადამიანურად ამოიღმუვლა და დაიკლაკნა. მას კი დავაღწიე თავი და ოთახიდან  გავვარდი, მაგრამ  ის იყო გასასვლელის კარის სახელურს დავწვდი, რომ საიდანღაც მერი გაჩნდა, მძლავრად წამავლო თმაში ხელი და კედელთან მიმაყენა.
- მისმინე გოგო, ვინ ხარ შენ ასეთი ამდენი ხანი რომ არ იკარებ ჩემს ძმას? მერე იმას იტყვი, „არაფერი შეძლებია“ ბედოვლათ ჯემალიასო. ქმარია ეგ უკვე შენი გინდა თუ არ გინდა და თუ არ დანებდები და ირბენ ზევით-ქვევით, იცოდე.........საკუათრი ხელით დაგაკარგვინებ ქალიშვილობას!!!
იმ წამს ჩემს წინ არა ქალი, არა დედა, არა სოფლის პატივცემული ქალბატონი, არამედ მოძალადე იდგა. პატიოსნებას ამოფარებული აღვირახსნილი დიაცი.
წლების მერე ჯემალი გამომიტყდა, იმ საღამოს მერიმ მკითხა, ინტიმური კავშირი თუ დაამყარე გოგოსთანო. ჰოდა მეც სულ ტირის, მეცოდება, თან ჯერ სულ მთლად ბავშვია-თქო ვუთხარი. გაგიჟებულა მერი. ამდენი ხანი ამ ღლაპისთვის როგორ ვერ მოგიხერხებია რამეო. მერე ძმის დაცინვასა და ქილიკზე გადასულა. მისი მამაკაცური შესაძლებლობები დაუყენებია ეჭვქვეშ.
მერის სიტყვებს ისე უმოქმედია ჯემალის თავმოყვარეობაზე, გადაუწყვეტია რითაც არ უნდა დაჯდომოდა, იმ საღამოსვე დაემტკიცებინა დისთვის საკუთარი კაცობა. ჰოდა სიმამაცისთვის, ზომაზე მეტიც დაულევია.

ერთი კვირის თავზე დედა და მამა ჩამოვიდნენ. გახარებულმა მათ ჩემი სახლში წაყვანა ვთხოვე, თუმცა ის რაც მათ გააკეთეს, მერისა და ჯემალის საქციელზე უარესი იყო......სახელ გატეხილი, განათხოვარი შვილი როგორ უნდა მიგიღოთ სახლში, ხალხი რას იტყვისო მითხრეს და ისევ რუსეთში დაბრუნდნენ.

ხელის კანკალით მოუკიდა თუთუნს. ბრაზისა და ბოღმისგან მთელი სხეულით ცახცახებდა ეს მართლაც და დევისტანა ქალი, სხვა დროს მუდამ მხიარული, ნათესავების პატივისცემას გადაყოლილი კეთილი მაყვალა.
    ისე, ხალხი ფიქრობს რომ ბედნიერი ქალი ვარ. ამბობს მაყვალა და მის თვალებში იმ სევდას ვხედავ, რომელიც ადრე არასდროს ვამჩნევდი. დღემდე ხომ სწორედ ეს ითვლება მთავარ ქალურ ბედნიერებად, რომ გყავდეს ქმარი. მერე რა თუ ის ინდიფერენტული იქნება შენი სულისა და ხორცის მიმართ. ამას საზოგადოება არ განიხილავს. ვალდებული ხარ გაუჩინო მას შვილები და იცხოვრო მათთან ერთად სანამ სიკვდილი არ დაგაშორებს, გატანჯული და ამავდროულად ბედნიერი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები