ნაწარმოებები



ავტორი: ზურა ბანი
ჟანრი: პროზა
5 დეკემბერი, 2017


კოშმარი "სინიაკას" ბაღში.

  - თმის ვარცხნილობაც ხომ ცოცხალი ორგანიზმია? დილით იბადება და საღამოს კვდება, არა? - ქსენია ვირთაგვავას კითხვები არ ელეოდა. მის გვერდზე მჯდომი ნუგზარ ნუგზარ სართიჭალიაც ავტომატურად პასუხობდა სატრფოს კითხვებს - კი რა თქმა უნდა, თავს თუ არ დაიბან, შეიძლება რამოდენიმე დღეც იცხოვროს.
-აი, ხომ ხედავ, რამდენი ცოცხალი ორგანიზმია ჩვენს გარშემო, ჩვენ კი ვერც ვამჩნევთ მათ.- არ ჩერდებოდა ქსენია.
  ბაღი, სადაც შეყვარებულები  სკამზე იჯდნენ, ხალხში “სინიაკას ბაღის” სახელით იყო ცნობილი. ვინ დაარქვა ეს სახელი, ან რასთან დაკავშირებით ერქვა არავინ იცოდა. აქ უმეტესად ადგილობრივი შეყვარებულები იყრიდნენ თავს, წყვილ-წყვილად რა თქმა უნდა. ხანდახან ახლომდებარე მათემატიკური სკოლის ( რომელსაც ხალხში “კოშმაროვის სკოლასაც” ეძახდნენ) მოსწავლეებიც იყრიდნენ თავს. ეხლაც, ბაღის დასაწყისში  ხუთიოდე “კოშმაროველი” ყმაწვილი გამოჩნდა. რამოდენიმე მათგანს ხელში ბეისბოლის ბიტა ეკავათ და რაღაცაზე კამათობდნენ.
    -ესე იგი,სამი სხვადასხვა ზომის ბეისბოლის ბიტით, არქიმედეს კვადრატის გამოთვლას შეძლებ შენ? - დამცინავად მიმართა ყველაზე მაღალმა ყველაზე დაბალს.
    - შევძლებ რომელია, წარმოებულის სიზუსტით გამოგითვლით კიდევაც, აგერ ბაღის ბოლოში მოტიტვლებული ადგილი ვიცი, იქ ადვილად ჩავასობთ მიწაში ბიტებს - მიუგო დაბალმა.
      ნუგზარ ნუგზარმა ბაღში შემოსულ “კოშმაროველებს” თვალი მოკრა თუ არა, იმავ წუთს შეშფოთება დაეტყო. არ უნდოდა ქსენიას თვალწინ ბიტებიან ყმაწვილებთან შეტაკება მოსვლოდა. მიუხედავათ იმისა რომ აღმოსავლური ორთაბრძოლების კარგი მცოდნე იყო, მაინც ხუთ მეტოქესთან, თან ბიტებიანებთან, წარმატების შანსი მაინცდამაინც კარგი არ ჰქონდა.  მამამისი ბავშვობიდან არიგებდა, რომ ყოველთვის ფხიზლად ყოფილიყო და მოწინააღმდეგისთვის პირველი შეტევით თავზარი უნდა დაეცა, განსაკუთრებით მაშინ,გოგონასთან ერთად თუ იქნებოდა. სხვათაშორის მისი სახელიც, ნუგზარ ნუგზარიც მამამისის დარქმეული იყო -  ამბობდნენ რომ, მამამისი ხასიათით გაეროს ყოფილ გენერალურ მდივანს ბუტროს ბუტროს გალს მიაგავდა. მოკლედ, როდესაც “კოშმაროველი “ ყმაწვილები შეყვარებულების სკამს მიუახლოვდნენ, ნუგზარ ნუგზარმა ქსენიას სთხოვა დროებით გაცლოდა იქაურობას, თვითონ კი ასფალტში ჩაჭედილი რკინის გრძელი სკამი მიწიდან ამოგლიჯა და “კოშმაროველების” მისამართით გაისროლა. ბიჭების სამწუხაროდ და ნუგზარ ნუგზარის საბედნიეროდ, გასროლილმა სკამმა მიზანს მიაღწია და ყმაწვილები კეგლის ფიგურებივით აკოტრიალდნენ.
  ეს გინდოდათ, არა? - მიაყოლა წაქცეულ ბიჭებს ნუზარ ნუგზარმა. მერე იქვე მიყუდებულ მანქანას მოახტა და სადღაც ჯანდაბაში გაეშურა. აკანკალებული ქსენია კი პარკის გადაღმა მდებარე აფთიაქის გამყიდველს ეხვეწებოდა, ეგებ კანკალის საწინააღმდეგო აბები მიეცა “პოსლეზე”.
    სხვათაშორის, ერთ-ერთი “კოშმაროველის” პანაშვიდზე საინტერესო ამბების მომსწრე შეიქმნა საზოგადოება, მაგრამ ეგ სხვა დროს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები