ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: მეომარი
ჟანრი: პროზა
8 დეკემბერი, 2017


სიცოცხლის ხაზი (სრულად )

გავცქეროდი მუქი ლურჯი ზღვის ტალღებს, მოფარფატე თოლიებს და წეღან, შემთხვევით შემოხეტებულ ბოშაზე მეფიქრებოდა. ბედისწერასავით თვალები ჰქონდა და სიტყვა უარესი. მთელი ცხოვრება კინოფირივით დამიტრიალა თვალწინ, რომ მიმკითხავა. ვიჯექი და ბოლო თავგადასავალი მახსენდებოდა.

შემოდგომის მიწურული იყო. გადავწყვიტეთ, ღრმა ხეობის ნაპირას მდგარ ბანაკს დავსხმოდით თავს. საქმე იმაში იყო, რომ საკვები აღარ გვქონდა. სამაგიეროდ, მაძებარ ჯგუფებს ყველაფერი ბლომად ჰქონდათ. მართალია, ტყეში ბლომად ველური ხილი და სოკო იყო, მაგრამ ეს არ კმაროდა ძალების აღსადგენად. რამდენიმეჯერ ჩატარებულმა ჩვენმა წარმატებულმა ოპერაციამ მათი მოთმინების ფიალა აავსო. ვერაფერი სასიხარულო სანახავია გუშინდელი თანამებრძოლის ღობეზე ჩამოკიდებული ხელი, ან რომელიმე კიდური . ან სულაც, თავი. ხასიათზე იყო დამოკიდებული.

სწორედ ამის გამო იყო, რომ ყველანი გამწარებულები დაგვეძებდნენ და მათ ხელში ჩავარდნას სიკვდილი გვერჩია ყველა ჩვენგანს. სასტიკად გვაწამებდნენ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც არ მოქმედებს არც ჟენევის კონვენცია და არც ომის კანონი. მაგრამ საბედნიეროდ, გვიმართლებდა და ყოველთვის ერთი ნაბიჯით ვასწრებდით მდევარს. ინფორმაციას ჩვენი მეგობრები გვაწვდიდნენ და სწორედ ამ ზუსტი და უტყუარი ინფორმაციის შედეგად დავიჭირეთ ერთი მათი მეთაური. დაუნდობელი და სასტიკი კაცი იყო. წამებასაც დიდ ხანს გაუძლო. ბევრი რამ თქვა, ზოგი არ თქვა. არასდროს მიგრძვნია ისეთი სიამოვნება, რომელსაც ის ხმა მანიჭებდა, ბრტყელტუჩაში მოყოლილი მისი თითის ფანალგები რომ გამოსცემდა მსხვრევისას. ადრენალინი გავუკეთეთ, მხრებზე ლახტი, რომ სისხლისგან არ დაცლილიყო და ყველა დამტვრეული სახსარი ვაზის სასხლავი მაკრატლით მოვჭერი. გამიკვირდა, სისხლი რომ წამოუვიდა, მეგონა სხვა რამე დამხვდებოდა ძარღვებში. ადრენალინი მოქმედებდა და გონს არ კარგავდა. დაიმსახურა მან ეს. ბოლოს გული გაუჩერდა. მივიტანეთ და რუსების ბაზის სიახლოვეს, ღობის ძირას დავაგდეთ ღორივით.
ამჯერად ბედისწერას დავუდეთ გამოწვევა. გადავწყვიტეთ მათ ბანაკს დავსხმოდით თავს. ეს იმდენად წარმოუდგენელი იყო, არათუ ჩვენ, მათაც კი არ მოუვიდოდათ აზრად. ჰოდა საქმეც მაგაშია, იქ უნდა დაარტყა სადაც არ გელოდებიან.
გადაწყდა, ორად გავიყოფოდით. ერთი ჯგუფი ბანაკის ახლოს მდებარე, პატარა მაღლობზე დაიკავებდა პოზიციას, ბანაკისკენ მომავალ გზას დანაღმავდა და ჩვენ, ოთხნი შევძვრებოდით განლაგებაში. ჩვენი აღმოჩენის შემთხვევაში მეორე ჯგუფი სროლას დაიწყებდა და ჩვენს გამოსვლას ცეცხლით დაფარავდა. თუ გამოგვედევნებოდნენ, ვიფანტებოდით და დაახლოებით ორ კილომეტრში მდებარე ტყიანი ფერდობის ძირში ვიკრიბებოდით. ტყეში დევნას ვერ ბედავდნენ და მხოლოდ ნაღმმტყორცნებს გვესროდნენ ხოლმე, იქამდე კი ნაღმმტყორცნები ვერ მოგვწვდებოდა.

ყოველი შემთხვევისთვის, ზურგჩანთაში შემორჩენილი პლასტიკური ასაფეთქებელი ნითიერება და რამდენიმე კაფსულ-დეტონატორი ჩავაგდე. კაფსულ-დეტონატორებს პატარა ანტენები ჰქონდათ, ეს ახალი კლასი იყო, პულტი და ფეიერვერკიც მზად იქნებოდა.

ამინდიც ხელს გვიწყობდა.  ნისლი იყო ჩამოწოლილი და ბანაკიდან გასვლას ვერ ბედავდნენ ასეთ დღეებში, თან მათი მანქანები ადვილად ეფლობოდნენ ტალახში და დიდი ალბათობა იყო, ჩვენი ლუკმა გამხდარიყვნენ. დღეს განსაკუთრებით გამოცოცხლებული ჩანდნენ. ჯგუფში დაახლოებით ოციდან ოცდაათ კაცამდე  იქნებოდა, ზუსტად ვერ იტყოდი, ზოგი მიდიოდა, ზოგი მოდიოდა. მოსაღამოვებულზე ორი მანქანა დაემატა. უზრუნველად გრძნობდნენ თავს. წინა დღეს ამ ადგილიდან დაახლოებით ორმოცდაათ კილომეტრში მდებარე ხიდი ააფეთქეს ჩვენმა მეგობრებმა (ადგილობრივებმა), ნამოქმედარი რა თქმა უნდა ჩვენ მოგვაწერეს და აზრადაც ვერ გაივლებდნენ, თუ ეხლა მათ ბანაკს ვუთვალთვალებდით. ცოტა ხანში ბანაკიდან წამოსულმა სურნელოვანმა მწვადის სუნმა ნესტოებიდან კუჭში ჩააღწია და კბილები ამიკაწკაწდა.  კაი ხანი იქნებოდა, მწვადი გემოთი არ გამესინჯა. გონებაში გამიელვა კვიმატმა აზრმა და სვანს გავანდე. გაეცინა და ვჭამოთო, დამეთანხმა.

შუაღამე რომ მოახლოვდა, დათქმულ დროზე რადიოსადგური ჩავრთე და კავშირზე გავედი. მოტოროლას ტიპის რადიოსადგურებს ვიყენებდით და მხოლოდ ამისათვის დათქმულ დროს და აუცილებლობის შემთხვევაში ვრთავდით.
- გიურზა, კობრა ვარ.
- გიურზა გისმენ.
- მომახსენე მზდყოფნა.
- გზა დანაღმულია. შეგიძლიათ დაიწყოთ.
სიგარეტი ჩავაქრე, იარაღი გადავომწმე და  ნიშანი მივეცი. დავიწყეთ. მე, სვანი, სომეხი და ქოსა მიწას გართხმულები მივხოხდით ბანაკის განაპირას მდებარე, შედარებით დაუცველ ადგილას. დავეჭვდი. აქეთ არავინ მოძრაობდა. დავისისინე. სამივე ჩემთან მოხოხდა.

- „რასწიაშკები“ აქვთ უეჭველი - ჩავუჩურჩულე ბიჭებს, - ვერ დავინახავთ, ამიტომ ძალიან ფრთხილად, ხელის ცეცებით. სიგანეზე გავიშალეთ, რამდენადაც რელიეფი გვაძლევდა საშუალებას. წინ სვანი წავიდა. დაახლოებით სამი მეტრის გავლის შემდეგ უცნაურად გაშეშდა.

- მოდი, - გამოსცრა. მივხოხდი. მის წინ, თითქმის სახესთან, დაახლოებით ფეხზე მდგომისთვის მუხლის ოდნავ ქვემოთ დონეზე, წვრილი მავთული იყო გაბმული.
„- მართლა სვანია“- გავიფიქრე, „ ამ უკუნეთში ეს როგორ შეამჩნია“.  ქოსა და სომეხი გაქვავდნენ და ბანაკისკენ მიმართეს ყურადღება. მე მარჯვნივ გავუყევი მავთულს, სვანი მარცხნივ. ვიცოდი, რომ  ხელყუმბარა მელოდებოდა მეორე ბოლოს, რაც უფრო ვუახლოვდებოდი, მით უფრო მიპყრობდა ფიქრი, როგორ მომაცლიდა სახეს ჯერ აფეთქების ტალღა და მერე ნამსხვრევები. მე ჯანდაბას, ყუმბარა თუ აფეთქდებოდა, მთელი ბანაკი ჩვენსკენ წამოვიდოდა და აღარაფერი გვიშველიდა. მავთული კარგად იყო დაჭიმული და  ბუჩქებში შედიოდა. ბუჩქებთან მივფორთხდი, მავთულს ფრთხილად გავაყოლე  ხელი და აი ისიც. ცივი ლითონის შეხებაზე ჟრუანტელმა დამიარა. ლეზერმანი ამოვიღე და მავთული ფრთხილად ჩავჭერი. ხელყუმბარა ჩემს ხელში იყო. ჭილიბს თავი გადავუკეცე, დავრწმუნდი რომ უსაფრთხოება დაცული იყო და ჩემს პატარა ჩანთაში მოვათავსე. გამოდგებოდა. მასხალათის სახელოთი შუბლზე მომდგარი ოფლი მოვიწმინდე და დავიწყე ისევ მარცხნივ ხოხვა და სვანიც შემეფეთა.
- რა ქენი? - ვკითხე.
- მოვხსენი, - ამაყად მიპასუხა და ხელყუმბარა ცხვირთან მომიტანა.
- გაწი ბიჭო, არ გასკდეს - ჩავიფხუკუნეთ ორივემ.
- სომეხ, ქოსა  - სისინით ნათქვამი სახელები ორივემ გაიგო და დავიძარით.

აგერ კარვებიც. სინათლეზე გასვლა არ გამოვა, მანქანებთან ორნი დგანან და დაგვინახავენ. კარვიდან ხმამაღალი საუბარი ისმის. ვერაფრით მივაჩვიე ყური ამ აფხაზურს.
ბანაკს უცებ მოვავლე თვალი, აღრიალებული გენერატორი საკმაოდ კარგ ფონს ქმნიდა და ჩვენს მოძრაობის ხმას ნიღბავდა. ნისლი ნელ-ნელა შემოიპარა კარვებს შორის, ამას თან ფანტელებიც მოჰყვა და გულში მართლა მომინდა, სადმე სითბოში, ბუხართან, კაი წითელი ღვინო და შამფურზე წამოცმული სუკები, გარედან ბადე ქონმოხვეული და იმხელა ნერწყვი გადავყლაპე, კინაღამ ხველება ამიტყდა. მაინც შევჭამ მწვადს, გავიფიქრე და სვანს იდაყვი მივარტყი. ისევ მიმიხვდა და თავი დამიქნია. ეს ორი კაცი მოსაშორებელი იყო, აშკარად ხელს გვიშლიდნენ. უკან ჩამოვხოხდი და ქოსას და სომეხს გეგმა გავაცანი. მე და სვანი იმ ორს მოვხსნიდით, მათ კარავის შესასვლელისთვის უნდა ედარაჯათ. საბედნიეროდ, ამასწინ მაყუჩიანი იარაღები ჩაგვივარდა ხელში და ამჯერადაც ამის წყალობით ვაპირებდით ოპერაციის დიდი ხმაურის გარეშე ჩატარებას. ის ორნი მანქანას ეფარებოდნენ და ზუსტი გასროლა გაჭირდებოდა, ახლოს მისვლა იყო საჭირო და უცებ, სინქრონში მოქმედება, დაყვირება ან გასროლა რომ ვერ მოესწროთ.
პისტოლეტს მაყუჩი მოვარგე და გადავტენე. სვანმაც იგივე ქნა. ლურჯკურტკიანი ჩემია, - ჩამიჩურჩულა და გასრიალდა. მეც ავათვალიერე ჩემი სამიზნე, ავტომატი ზურგზე ჰქონდა მოგდებული და რაღაცას ხელების ქნევით უყვებოდა ლურჯკურტკიანს. დაახლოებით ათ ნაბიჯზე წამოვჯექი და სახეში დავუმიზნე. ვერ მხედავდა და მეც ვაგვიანებდი სასხლეტის გამოკვრას. მორიგი გადახარხარება და რომ გასწორდა, ვესროლე. თავი მოწყვეტით გადააგდო უკან და მოჩვარულივით დაეცა. მეორეც მიყვა, სვანი მე მელოდებოდა, როგორც ჩანს. მოკუზულმა მივირბინე, საყელოში ხელი წავავლე და მანქანებს შუა შემოვათრიე. კაი ნასროლი იყო, შიგ თვალში ჰქონდა მოხვედრილი და სახე დაზიანებული არ ჰქონდა. ქირურგიულია, - გავიფიქრე კმაყოფილებით. სვანიც მოვიდა და დახედა, უყურე შენო, ჩაიბურტყუნა და შამფური მომაწოდა. პირდაპირ შამფურიდან მოვძიძგნე ხორცი და არ მომეწონა, უგემური მწვადი იყო. შამფური ჩემს მსხვერპლს თავთან  ჩავურჭე და საქმეს შევუდექი. მანქანების დანაღმვა მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ გეგმები თავდაყირა დააყენა მოულოდნელმა შემთხვევამ.

იმ მხრიდან, სადაც ჩვენი ჯგუფის მეორე ნახევარი იმყოფებოდა, ორჯერ ზედიზედ აფეთქების ხმა გაისმა და  სროლაც მოყვა. ბაზაზე ცეცხლწაკიდებული მანქანა ზილი შემოვარდა და ჩემს წინ მდგომ ლენდ კრუიზერს დაეჯახა. კარავიც აიშალა. მანქანას ამოვეფარე და კარვიდან გამოვარდნილ პირველ ტიპს ორჯერ ვესროლე,  რაღაც დაიყვირა და ჩაიკეცა. ტყვიებმა თავზე გადამიფრინეს. ვინანე, ავტომატი რომ არ წამოვიღე. რაღა ეხლა არ წამოვიღე, ბრაზი მომდიოდა საკუთარ თავზე.  უცებ მოხსნილი ხელყუმბარა გამახსენდა. ამოვიღე, დამცავი რგოლი მოვხსენი და კარვისკენ ვისროლე. აფეთქების ხმამ იქაურობა გააყრუა. დრო ვიხელთე და იმ მხარზე გავიქეცი, სადაც სომეხი და ქოსა დარჩნენ. გამიხარდა, იქ რომ დამხვდნენ. სვანიც მოსული იყო და თავისი G36-ით გამოზომილად, აუჩქარებლად ისროდა. იქით დიდი ქაოსი იდგა, როგორც ჩანდა დაჭრილები ბლომად ჰყავდათ და ჯერ ვერც იყვნენ გარკვეული, რა ხდებოდა ან ვინ დაესხა თავს.

გორაკის მხრიდან, სადაც მეორე ჯგუფი იყო, სროლის ხმა ისმოდა. მალვის დრო აღარ იყო, რადიოსადგური მოვიმარჯვე და მეორე ჯგუფს დავუკავშირდი.
- ბმპ-ა, არ ვიცი საიდან გაჩნდნენ, ამათი დედა! - ყვიროდა ჩორნა, - უკან ვიხევთ, თორემ ტყემდე თუ მოგვასწრეს მინდორის გავლა, დაგვადუღებენ, შეკრების წერტილზე დაგელოდებით!
რაციით გაგონილმა ხმაურმაც მიმახვედრა, არც თუ კარგი დღე ედგათ. მიმოვიხედე. ყველა მთელი იყო ჯერჯერობით და ჯობდა ნელ-ნელა დაგვეწყო გასვლა.
- გავდივართ!  ვუღრიალე ბიჭებს, - თუ ავცდით, შეკრების წერტილზე ველოდებით ერთმანეთს! 

ტყეში შემოსვლას და დევნას ვერ გაგვიბედავდნენ. მეორე ჯგუფის ბედი მეფიქრებოდა,მაგრამ ასეთ სიტუაციაში გამოცდილი ბიჭები იყვნენ და წესით არ უნდა გასჭირვებოდათ თავის დაღწევა. სიბნელეში მოკუზული გავრბოდი და სულის მოსათქმელად რომ შევჩერდი, დავაყურადე. ბანაკში ისევ ჩოჩქოლი იყო და კანტიკუნტად ისროდნენ, ალალბედზე. მიუხედავად უმთვარო ღამისა და ნისლისა, იმდენად შევაჩვიე თვალი სიბნელეს, რომ ტოტებასც ვხედავდი და შეძლებისდაგვარად თვალს ვარიდებდი, უბრალო ნაკაწრიც კი საქმეს გაართულებდა. ხეობისკენ დავეშვი, ფონზე გადავიდოდი და კილომეტრნახევარშიც შეკრების წერტილი იყო. იქიდან კი ისევ მთებისაკენ ავიწევდით. ზამთრდებოდა და დრო იყო კოდორის ხეობისკენ აგვეღო გეზი, გამოსაზამთრებლად.

მდინარემდე პატარა კლდოვანი ხევი იყო გადასალახი და დაღმართზე ძუნძულით დავეშვი, გათენებამდე დიდი დრო აღარ რჩებოდა და სანამ არემარე განათდებოდა, შეკრების წერტილამდე უნდა მიმესწრო. დაბალი ტოტები ხელს მიშლიდა სისწრაფეში და მაქსიმალურად ვცდილობდი ამეცილებინა, ან რაც შეიძლება მოვხრილიყავი და გავმძვრალიყავი ტოტებს ქვეშ. დილის ბინდ ბუნდში ვერც კი შევამჩნიე, ისე მივუახლოვდი ხევს. უცებ, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ფეხქვეშ მიწა გამომეცალა.  ვიგრძენი ვვარდებოდი და ინსტიქტურად ხელები წინ გავიშვირე. საკმაოდ მყარზე დავეცი, სავარაუდოდ კლდის შვერილზე. ტკივილი არ მიგრძვნია, ტვინში რაღაცამ გაიტკაცუნა თითქოს. შვერილზე თავი ვერ შევიმაგრე და უკან გადმოვვარდი. დაახლოებით ხუთი მეტრის სიმაღლიდან და ზურგით დავეცი. ამჯერად გამიმართლა და წყალში ჩავვარდი. ადგომა ვცადე, მაგრამ საშინელმა ტკივილმა ძალა წამართვა. ფეხზე ვერ დავდექი. წყალი ღრმა არ იყო, ალბათ შუაგულში წელამდე მომწვდებოდა, გადავბრუნდი და ნაპირამდე მივფორთხდი. მასხალათი ტყვიასავით იყო გამხდარი და ვეღარ ვმოძრაობდი. ნაპირზე წამოვჯექი, ხერხემალი არ იყო დაზიანებული საბედნიეროდ, მუხლებში ვხრიდი ფეხებს. მაგრამ დილის ბინდბუნდში მარცხენა ფეხი რაღაც უჩვეულოდ მოღრეცილი მეჩვენა. ვიფიქრე, ბათინკს გავიხდი მეთქი და როგორც ხელი მოვიკიდე, კვლავ ისევ ისე მეტკინა, როგორც წეღან, ადგომისას. ხელი მოვაფათურე და დაბალი ბუჩქის ტოტები მომხვდა ხელში, მოვტეხე და კბილებში გავირჭე. ვერ ვიყვირებდი, სიმწრისგან კი შეიძლებოდა კბილები დამემტვრია. ტოტს კბილები ჩავუჭირე, სუნთქვა შევკარი და თასმების შეხსნა დავიწყე. ვგრძნობდი, როგორ მოძრაობდა ტერფი მოწყვეტილივით და როდესაც ძვალი ძვალს გაეხახუნებოდა, საშინელი ტკივილისგან თვალთ მიბნელდებოდა. როგორც იქნა, თასმებს იმდენად მოვუშვი, რომ ფეხი ნელ-ნელა ამოვაძვრინე ბათინკიდან. როგორც ვვარაუდობდი, მოტეხილი იყო. კოჭთან გატეხილ ძვალს თავი გამოეყო და სისხლი მოწვეთავდა. ტერფი მთლიანად მარცხნივ იყო არაბუნებრივად მიბრუნებული. გასწორებას აზრი არ ჰქონდა, გადატეხილი ძვლით შეიძლებოდა კუნთები და სისხლძარღვები დამეზიანებინა და არტერიის გაგლეჯა სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. თვალი მოვავლე არემარეს, საკმაოდ ღრმა ქვაბულში ვიყავი ჩავარდნილი. ღელეს ხეობას თუ დავუყვებოდი, მდინარემდე მომიწევდა ფორთხვა. მეორე ფეხიც საშინლად მქონდა, კოჭში გასიებული, მუხლიც, მაგრამ  მოტეხილი არ ჩანდა. ყოველ შემთხვევაში, ადგომას და გადაადგილებას ვერ შევძლებდი. აქ გაჩერებაც სიკვდილის ტოლფასი იყო. მდევარი თუ ვერ მომაგნებდა, ნადირი მომიღებდა ბოლოს დაუძლურებულს. პისტოლეტს მჭიდი მოვხსენი და ჩავხედე, 4 ტყვია მქონდა დარჩენილი. ჩემი აკსუ კი მეკიდა ზურგზე, მაგრამ ალბათ გადმოვარდნისას მომძვრა და ამ პატარა ტბორის ფსკერზე განისვენებდა სადმე. ძებნას აზრი არ ჰქონდა. საბედნიეროდ, რაცია შემომრჩა. მაგრამ ასეთი ადგილიდან ძნელად თუ გავაგონებდი მეგობრებს. რაღაცა უნდა მომეფიქრებინა.

უკვე კარგად ინათა, რომ გადავწყვიტე ნელ ნელა დავყოლოდი ღელეს ქვემოთ. შეკრების წერტილზე რადგან არ მივედი, ძებნას დამიწყებდნენ და ამ ქვაბულამდე საეჭვოა, ვინმე ამოსულიყო. ფეხს დავხედე და აშკარა იყო ტერფში სისხლი არ მიდიოდა, მოლურჯო-მოშავო ფერი გადაჰკრავდა. ტკივილზე აღარ ვსაუბრობ, ყბები მტკიოდა ტოტების ღეჭვისგან, მაგრამ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მშველოდა და ტკივილს მაინც ვუძლებდი. საჭირო იყო მინიმუმ ლახტის დადება, ტერფის დაფიქსირება, თორემ ისე გადაადგილებას ვერ შევძლებდი. ლეზერმანი თან მქონდა, ჩემი დიდი დანაც და არტაშანს გამოვთლიდი, მაგრამ გააჩნია რამდენ ხანში შევძლებდი სამშვიდობოზე გასვლას. ჭრილობა დასამუშავებელი იყო. ტკივილი ძალას გამომაცლიდა და ოთხი ტყვიითაც განა რამდენჯერ შევძლებდი ნადირის მოგერიებას.

ლახტი ამოვიღე და მუხლთან შემოვიჭირე, როგორც წესი და რიგი იყო, საათსაც დავხედე და დრო დავიმახსოვრე. ვიცოდი, მოსაშვები გამიხდებოდა სამ-ოთხ საათში. ცოტა ზემოთ ავფორთხდი და არტაშნის შესაფერისი ტოტები შევათვალიერე. იმდენად მაღლა იყო, აზრი არ ჰქონდა წვალებას, მაინც ვერ მოვჭრიდი და ძვირფას ენერგიას ტყუილად დავკარგავდი. შინდის ბუჩქთან მივხოხდი და აყრილი ტოტებიდან რასაც მივწვდი, ექვსი თუ შვიდი ცალი მოვჭერი, მასხალათი გავიხადე და სახელოები მოვახიე. საჭირო იყო ტერფი და წვივი ერთად შემეკრა და მაქსიმალურად უმოძრაოდ მქონოდა. ტოტები გადავტეხე, მართი კუთხის ფორმა მივეცი და წვრილად დაჭრილი სახელოებით ფეხზე მჭიდროდ მივიკარი. დაახლოებით ერთი საათის წვალება, ოფლის ღვრა და სამჯერ გადაღრღნილი ტოტი დამჭირდა, რომ ფეხი ასე თუ ისე, საიმედოდ დამეფიქსირებინა.
ნელა დავიძარი. მდინარის პირამდე თუ ჩავიდოდი, იქიდან რაციის გამოყენებასაც ჰქონდა აზრი. გადაადგილებას ხევში ჩამოყრილი ქვის ლოდები აძნელებდა, ნაპირები კი იმდენად მაღალი და ციცაბო იყო, ვერ ავხოხდებოდი, თორემ მაღლა შეიძლებოდა ხმელი ფოთლების მოგროვებაც და შიგ ცოტა ხნით დასვენება. საბედნიეროდ, ყინვები არ იყო ჯერ დაწყებული, მაგრამ გუშინ ჩამოცვენილმა თოვლის ფანტელებმა მიმახვედრა, რომ არც ეგ იყო გამორიცხული. დაზიანებული ფეხის მოყინვა კი უეჭველი აღსასრული იქნებოდა, კიდურში განვითარებული განგრენა ერთ დღეში წამართმევდა ძალას და შესაბამისად, ვეღარც გზის გაგრძელებას მოვახერხებდი. მინიმუმი, რაც უნდა გამეკეთებინა, ხევიდან ტყიანზე უნდა ავსულიყავი, სადაც მიწის ამოჩიჩქნას, შიგ ცეცხლის დანთებას და ცოტაოდენი დროის მოგებას მაინც შევძლებდი, სანამ ჩემები მომაგნებდნენ, ბოლოს და ბოლოს, სასიგნალო კოცონის ანთებაც შეიძლებოდა, რაც მართალია უდიდეს რისკთან იყო დამოკიდებული, მაგრამ მეტი გამოსავალი არ რჩებოდა, ან გავიყინებოდი, ან კიდევ...მესამე ვარიანტიც იყო, მაგრამ პირველი ორი უკვე გამორიცხავდა დანარჩენ ვარიანტებს.

საათზე მეტი იყო, რაც ჩამოვარდნის ადგილიდან ხოხვა დავიწყე. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გონება დავკარგე და ამან დროც დამაკარგვინა, არც ისე ცუდი ტემპით მივიწევდი მდინარისკენ. გონება კი ორ ლოდს შორის გახოხებისას, ქვებში მოტეხილი ფეხის ჩაჭედვამ გამოიწვია. მტირალა არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ იმდენად საშინელი ტკივილი ვიგრძენი, სიმწრისგან ცრემლები წამომცვივდა და ვიგრძენი, როგორ გამომეცალა ძალა საერთოდ. ალბათ ათიოდე წუთი ვიქნებოდი ასე, გონს ისევ ტკივილმა მომიყვანა. ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი, ორჯერაც რომ განმეორებულიყო ასეთი შემთხვევა, მდინარემდე ნამდვილად ვერ ჩავაღწევდი. ცოტა შევისვენე და გვერდზე დამაგრებული პატარა ჩანთიდან რაცია ამოვიღე. ელემენტი მოვხსენი და კონტაქტებს სახელო გადავუსვი. ვიცოდი, სისველეს კარგად იტანდა ამ ტიპის რაციები და იმედს არ ვკარგავდი, რომ კავშირის დამყარებას შევძლებდი.  ჯერ ჩართვას აზრი არ ჰქონდა, ისევ ვიწრო ხევში ვიყავი და ტყუილად დავხარჯავდი ძვირფას ენერგიას, რომელსაც ელემენტი ინახავდა. უკვე კარგად იყო გათენებული, მაგრამ მზე არსად ჩანდა. ადგილმდებარეობას ასე თუ ისე ვიცნობდი და ორიენტირებისთვის არც დამჭირდებოდა მზის დანახვა. თუმცა არც არსებობდა ამის აუცილებლობა. სად უნდა დავკარგულიყავი, როცა ხევიდან ასვლასაც კი ვერ შევძლებდი. მწარედ გამეღიმა. ჰო, არ გაგიკვირდეთ, გამეღიმა. მიუხედავად ასეთი ტკივილისა, რომელსაც მხოლოდ კუნთებზე და ძარღვებზე ჩამოკიდული ფეხი მაყენებდა, რომელსაც ალბათ ჩემი სახელდახელოდ შეკრული არტაშანი ხევის ბოლომდე თუ გაამაგრებდა. გაფიქრებაც კი მზარავდა იმის წარმოდგენაზე, რომ შეიძლებოდა ფეხი დამეკარგა. ეს წერტილს უდრიდა. ყველაფრის წერტილს, საქმიანობის, სამეგობრო წრის, სიცოცხლისაც ალბათ. სადღაც იქით, ჩხიკვმა დაიჩხავლა. გამახსენდა ბავშვობაში, როგორ ვკლავდით ხოლმე ჩხიკვებს და შაშვებს მეზობლის უზარმაზარ, კარალიოკის ხეზე და შიმშილმა კუჭი ამიწვა. საკუთარ თავზე გავბრაზდი. წუხანდელ მწვადს რა სჭირდა ჩემი დასაწუნარი, მეჭამა მაინც. თუმცა, ისიც სინამდვილეა, რამდენიც არ უნდა ჭამო, მხოლოდ ერთხელ გაძღები. გადავბრუნდი და გზა გავაგრძელე. საჭმელზე ფიქრი ვერაფერს მომცემდა, გარდა იმისა რომ კუჭის ადგილმდებარეობას მახსენებდა აქტიურად. იდაყვიც საშინლად მტკიოდა, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ იყო. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ვნატრობდი ხოლმე, როდის დაღამდებოდა, ღამეში დრო უფრო ადვილად გადის. ამჯერად კი ვცდილობდი დროს არ ჩამოვრჩენოდი და მეჯობნა, ეს დაუნდობელი მარათონი კი სიკვდილ-სიცოცხლის ჭიდილი იყო.
მივფორთხავდი და თოთოეულ ქვას და კენჭს დიდი მოწიწებით ვეხებოდი, ვცდილობდი მაქსიმალურად ამევლო გვერდი დიდი ქვებისთვის. ალბათ ამდენი არასოდეს მიფიქრია, აგერ 43 წელი მისრულდება. რამდენი საზრუნავი მქონია, რამდენი ყოველდღიური პრობლემა, რომელთა მოგვარება მხოლოდ და მხოლოდ ფულის შოვნაზე იყო დამოკიდებული და მახსენდებოდა ამ პრობლემებზე ფიქრში გატარებული წუთები. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ეხლა სულ რაღაც კილომეტრის გზა მქონდა დარჩენილი, რომლის დროულად გავლაზე ჩემი ყოფნა-არყოფნის საკითხი იყო დამოკიდებული და საერთოდ არ ვდარდობდი. წლობით გამომუშავებული თვითგადარჩენის ინსტიქტი და ინტუიციამკარნახობდა, რომ ამ მანძილს უეჭველი დავძლევდი და სამშვიდობოსაც გავიდოდი. უცებ საათმა დაიწრიპინა და მუხლზე შემოჭერილი ლახტი გამახსენდა. მახლობელ ლოდთან  მივფორთხდი, ზურგით მივეყრდნე და დაზიანებული მარცხენა ფეხი ნელ-ნელა მოვხარე. აშკარად ჩანდა, რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო. არტაშანის სამაგრები გავასწორე და ლახტი მოვუშვი. ცოტა ხანში მწველი ტკივილის შეგრძნებამ ტვინში დამარტყა. სისხლი აღარ მოდიოდა, სამაგიეროდ ტერფი დასიებული და შეშუპებული იყო, რაღაც მოლურჯო-მოვარდისფრო ფერი დაჰკრავდა.კიდევ კარგი, ცივა, თორემ ზაფხულში რომ დამმართნოდა, ალბათ პროცესს უფრო დააჩქარებდა სიცხე და შედეგიც უფრო მძიმე იქნებოდა შესაბამისად.

დასვენებამ ცოტა ძალა შემმატა და გზის გაგრძელება გადავწყვიტე. ლახტი აღარ მჭირდებოდა, შეშუპებამ თავისი ქნა და ეტყობა სისხლძარღვებიც შედარებით შეავიწროვა, სისხლი რომ აღარ მოდიოდა. ქვემოთ ჩავაცოცე და არტაშანს მოვუჭირე. ოხ, ეს იდაყვი მაინც არ მტკიოდეს, ძალიან მიშლის ხელს ხოხვაში. ნელ-ნელა დავიძარი. მივფორთხავდი და კიდევ იმაზე ვფიქრობდი, როგორ გამიმართლა რომ ხერხემალი არ დავიზიანე. მერე ისღა დამრჩენოდა, ერთი ტყვია გამომეყენებინა გონივრულად. ისე, მე მგონი ეგ ვარიანტი აჯობებდა. ბევრჯერ მიფიქრია ამ მომენტზე, მაგრამ სიცოცხლე იმდენად მიყვარდა, ალბათ ვერც გავბედავდი საკუთარი ხელით ამ ყველაფრის დასრულებას. ძალიან ეკლესიური არასოდეს ვყოფილვარ, ყოველთვის ჩემებურად მესმოდა და მწამდა ღმერთის და ამ საქციელისგან ჯოჯოხეთში მოხვედრის სურვილი მაბრკოლებდა თქო, რომ ვთქვა, ტყუილი იქნება. უბრალოდ, ადამიანურად არ მიმაჩნდა სწორედ. ადამიანური თვალსაზრისით არც სხვისი სიცოხლის ხელყოფა იყო ალბათ გამართლებული, მაგრამ არასოდეს აღმიმართავს იარაღი ფულის ან ბოროტების გამო. არც ჩემგან იმქვეყნად გასტუმრებული ხალხი დამსიზმრებია და შევუწუხებივარ სინანულის გრძნობას. ეხლაც, შეიძლებოდა ჩემი სიცოცხლის უკანასკნელ საათებს ვითვლიდი, მაგრამ არანაირად არ მეცოდებოდა არცერთი მათგანი, აღსარებაზე რომ მომდგომოდა მამაო, იმასაც სწორედ ასე ვეტყოდი. მათ ის მიიღეს, რაც დაიმსახურეს.

ამასობაში მდინარის ხმაურიც მომესმა. ბევრი აღარ მქონდა დარჩენილი, მაგრამ ვგრძნობდი, თუ ცოტას არ დავისვენებდი, ენერგია აღარ მეყოფოდა და ეხლა გონების დაკარგვა სიკვდილს უდრიდა. საკმაოდ ბევრი მქონდა წაკითხული, როგორ დგება აგონია და რა უწყობს ხელს მას. პირველ რიგში ეს არის ბევრი სისხლის დაკარგვა, გამოფიტვა, შინაგანი ორგანოების ფუნქციების შესუსტება. ნაღდად არ მინდოდა ძილში გავპარულიყავი. უცებ ისე შემეშინდა ჩაძინების, გიჟივით გადავფორთხდი ღელის პირას და თავი ყინულივით ცივ წყალში ჩავყავი და ძროხასავით დავეწაფე. ცოტა არ იყოს, მიშველა, მართლა მოვედი აზრზე.

უცებ ჩემი ყურადღება რაღაც არაბუნებრივმა ხმებმა მიიპყრო. რაც შეიძლებოდა სწრაფად ვიპოვე საფარი და გავინაბე. ადგილი იდეალური იყო, ზედ თუ არავინ წამადგებოდა, ზემოდან ვერ დამინახავდნენ. ცოცხალი მაინც არ ჩაგბარდებით, გადავწყვიტე მტკიცედ და პისტოლეტი მოვიმარჯვე.

აშკარად ადამიანები მიახლოვდებოდნენ, საუბარს ვერ ვარჩევდი. ლოგიკით, ჩემები რომ ყოფილიყვნენ, ასე თამამად და ხმაურით არ ივლიდნენ. არც მონადირეები იქნებოდნენ, აქეთ არავინ დადიოდა. რჩებოდა მხოლოდ ერთი ვარიანტი - ჩვენს კვალს ეძებდნენ. წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მათი დაუძინებელი მტერი, ახლა მატლივით დაფორთხავდა ხევში და წყლისგან გამოთხრილ სოროში, ხის ფესვებქვეშ იმალებოდა. წესით, ჩემამდე არ უნდა მოსულიყვნენ, აქ ძებნას არავინ დამიწყებდა. ფეხი ნერვულად მიხტუნავდა და ყოველი გამოძრავება საშინელ ტკივილს მაყენებდა, მაგრამ თითქოს მივეჩვიე და შევეგუე, რომ სანამ სამშვიდობოს არ გავიდოდი, ტკივილთან ერთად უნდა მეცხოვრა.

ხმები ნელ-ნელა დამშორდა და მიწყდა. ის იყო, უნდა გამეგრძელებინა ხოხვა, რომ ზედა მხარეზე მოძრაობას მოვკარი თვალი. მაქსიმალურად შევიწიე გამოთხრილის სიღრმისკენ და ფესვებიდან ფრთხილად გავიხედე იმ ადგილისკენ, სადაც ჩავვარდი. ზუსტად ის ადგილი არ ჩანდა. ხედვის კუთხეც ისეთი მქონდა, რომ მხოლოდ ვიწრო მონაკვეთს ვხედავდი. გაფაციცებით ვაკვირდებოდი ხევის ზედა ნაწილს, იმედით რომ ის მოძრაობა, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია, ან ფრინველი იყო ან კიდევ ნადირი. უცებ იმ ვიწრო მონაკვეთიდან, ჩემგან დაახლოებით ას მეტრში, თითქოს ციდან ჩამოვარდაო, უცნობმა გამოაბიჯა. მაღალი იყო, წვერებიანი. ტანზე ამერიკული ფორმა ეცვა, წელსზემოთ კარგად მორგებული „ტარზანკით“ , მკერდზე АК-74 ეკიდა, ხოლო მარჯვენა ბარძაყზე, თეძოსთან კარგა მოზრდილი მაჩეტე. ხელში რაღაც ეჭირა და გულდასმით აკვირდებოდა. კარგად ვერ გავარჩიე, რას უყურებდა ასე დაკვირვებით. როცა რამდენჯერმე შეატრიალა და გადააბრუნა, მაშინ მივხვდი რაც იყო და ელდამ თმებიდან ფეხის ფრჩხილებამდე დამიარა და სუნთქვა შემეკრა. წევერებიანს ხელში ჩემი ბათინკი ეჭირა, რომელიც გავიხადე და ტკივილისგან და სიმწრისგან აღარ გამხსენებია, რომ დამემალა ან თან წამომეღო.

ქვემოთ ისევ დაიჩხავლა ჩხიკვმა. წვერებიანმა ბათინკს ცივად გაუშვა ხელი და ავტომატი გადატენა. თვალებში ვუყურებდი. ალბათ გრძნობდა ჩემს მზერას, მაგრამ ჩემს საფარს იმდენად კარგი შენიღბვა ჰქონდა, ვერც წარმოიდგენდა რომ მის ყველა მოძრაობას ვაკონტროლებდი. „ტარზანკის“ ზედა ჯიბეში რადიოსადგური ედო. ისე, რომ ჩემს მიმართულებაზე ყურადღება არ მოუდუნებია, კავშირზე გასვლა სცადა. პასუხად შიშინი და ხრიალი გაისმა. წვერებიანმა რამდენჯერმე ჩასძახა რაღაც და რომ ვერ გააგონა, რაცია ისევ ჯიბეში ჩაიდო. ფრთხილად დაიძრა. ეტყობოდა, გამოცდილი მებრძოლი იყო.  კატასავით მოიპარებოდა, ერთი ქვაც კი არ გაუხმაურებია, ჩემამდე ნახევარი მანძილი ისე დაფარა. საბედნიეროდ, პისტოლეტი გადატენილი მქონდა დაზედმეტი ხმაურის გარეშე შევძლებდი მის მოცილებას. იმდენად მომიახლოვდა, მის თვალებს ვხედავდი უკვე. მშიერი ნადირის მზერა ჰქონდა. მინახავს ასეთი მზერა, სუნნაკრავ ნადირს აქვს, როდესაც საკბილოს ეპარება. ფიზიკურად ძლიერი ჩანდა, ფორმაც კი ვერ ფარავდა სრულად მის ათლეტურ აგებულებას. სავარაუდოდ, ერთი გასროლით ვერ დავაგდებდი, ამხელა ხორცის და კუნთების გროვას ერთი 9 მილიმეტრიანი რას მოერეოდა. თავში უნდა მომერტყა, სხვანაირად ვერაფერს ვუზამდი. მოულოდნელმა შემთხვევამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ჩემამდე დაახლოებით ოცდაათიოდე მეტრში უცნობი ჩემი თვალთახედვიდან გაქრა. ხევი მარცხნივ უხვევდა და იმ მხარეს ვერ ვხედავდი. არ გავნძრეულვარ. გული ისე მიცემდა, თავში გამიარა, ამ სორომ ექო არ გაიმეოროს და არ გაიგონოს მეთქი. უცებ წვერებიანის სუნი ვიგრძენი. სიგარეტის, ოფლის და რაღაცის უსიამოვნო, მწკლარტე სუნი. იმდენად ახლოს იყო ჩემთან, მისი სუნთქვაც მესმოდა. ერთი ნაბიჯიც და ჩემს წინ აღმოჩნდებოდა. თავში სროლაზე ზედმეტი იყო საუბარი. ყველაზე მაღალი წერტილი, რომელსაც ვხედავდი წელი იყო. „ერთი ნაბიჯიც, მოდი, მოდი“ - ვიმეორებდი გონებაში. ის კი ჯიუტად იდგა. ერთი გაფიქრება ისიცგავიფიქრე, მხედავს და კატა თაგვობანას მეთამაშება მეთქი, მაგრამ საბედნიეროდ შევცდი. ერთი ადრე წაკითხული ისტორია გამახსენდა, შუარის ტომის ინდიელები ამბობენ, თუ გრძნობ რომ ნადირობა ზედმეტად ადვილად მიმდინარეობს და კვალს ადვილად პოულობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვისაც მსხვერპლად თვლიდი, თავად ნადირობს შენზე.

ბოროტად ჩამეღიმა. ჰო, ჩამეღიმა. წამებზე იყო დამოკიდებული. ერთ ნაბიჯში ან დამინახავდა და მესროდა, ან კიდევ მე დავასწრებდი და უპირატესობას მოვიპოვებდი. „როდესაც ადამიანი ზურგით დგას და გინდა ხმის ამოღება ვერ მოასწროს, დანა პირდაპირ თირკმელში უნდა აძგერო“, ეს ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან მახსოვდა და როგორც ჰაერში გასროლილი სიგარეტის ნამწვი დავინახე, პისტოლეტი შევმართე და წელის არეში მიბრჯნით ვესროლე ოთხივე ტყვია. ჩანს, ეს ნათქვამი მხოლოდ დანაზე ვრცელდებოდა, ან კიდევ ვიღაც დილეტანტის მიერ იყო მოგონილი. წვერებიანმა დაჭრილი დათვივით იღრიალა და სასხლეტზე გამოდებული თითის წყალობით, მთლიანი მჭიდი მიაცალა ქვებს და მოჩხრიალე წყალს. ჯერ მუხლებზე დაეცა და შემდეგ სახით პატარა წყალში ჩაემხო. გადმოტრიალება სცადა, მაგრამ აღარ ვაცადე, ჩემი დანა ვიმარჯვე, ელვის სისწრაფით გადავაფორთხდი ზემოდან და კისრის არეში, სამჯერ ,მთელ სიღრმეზე ჩავარტყი. ერთი გაიბრძოლა და გაჩერდა. რის ვაი ვაგლახით გადმოვაბრუნე და იარაღი მოვხსენი. ცინცხალი ავტომატი იყო, კოლიმატორული სამიზნით და მოხერხებული კონდახით. მჭიდი მოვხსენი, დამატებითი ჯიბეებიდან მჭიდები ამოვუღე და გვერდით დავილაგე. გამიმართლა, ავტომატზე მორგებული მჭიდის გარდა კიდევ შვიდი მჭიდი მქონდა, თითოში ოცდაათი ვაზნით. ჯიბეები მოვუჩხრიკე და მხარზე დაკერებულ ჯიბეში სიგარეტი ვუპოვე, წითელი მალბორო. კოლოფი რომ გავხსენი, სანთებელაც შიგნით დამხვდა და ფეხის ტკივილი სულ გადამავიწყდა. მოვუკიდე და ოთხ ნაფაზში მოვწიე ერთი ღერი, მეორესაც მოვუკიდე და ისიც გააფთრებით მოვწიე. ნიკოტინმა მსუბუქი თავბრუსხვევა მაგრძნობინა. „ეხლა სიკვდილიც შეიძლება“ - გავიფიქრე და საბრძოლო პოზიციის მოწყობა დავიწყე. სროლა მეხივით გავარდა ტყეში და წეღან ჩავლილების ყურამდეც უეჭველი მიაღწევდა. წეღანდელი ჩემი უიმედო მდგომარეობა კი შედარებით გაუმჯობესებული მეჩვენებოდა და არც მთლად უსუსურად ვგრძნობდი თავს. წეღან თუ ოთხი ტყვიით ვაპირებდი ბრძოლას, ეხლა ორას ტყვიაზე მეტი მქონდა და პოზოციაც კარგი მქონდა. ორი მხრიდან მიწა მფარავდა, საცეცხლე სექტორს როგორ შევარჩევდი, ჩემზე იყო დამოკიდებული და დამატებით საფარად გვამიც გამოდგებოდა. „ქვემოდან წამოვლენ, მდინარის პირს ჩაჰყვნენ უეჭველი“ - გონება გამალებით მუშაობდა, „ეს უნდა გადმოვათრიო როგორმე“.

ჩემი დანის წყალობით ღელე წითლად შეღებილი მიდიოდა. ცხედარს მარჯვენა მხარეს დავეჯაჯგურე და ჩემსკენ მოვითრიე. მძიმე იყო ოხერი. მესამე ცდაზე ძლივს მივუჩინე ჩემთვის სასურველი ადგილი. აზრი აღარ ჰქონდა მალვას, ჩემი რაცია ამოვიღე, ჩავრთე და ღილაკს დავაწექი:
- კობრა ვარ, კობრა ვარ, ვის გესმით ჩემი?  - პაუზა. სიჩუმე იყო. რამდენჯერმე გავიმეორე და ბოლოს ხრიალი დაიწყო რაციამ. ჩემები იყვნენ. მხოლოდ ცალკეული ბგერები მესმოდა, ვერ გავარჩიე, რას ამბობდნენ. მახსოვდა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გეთქვა ის ინფორმაცია, რის გადაცემასაც აპირებდი. იყო ალბათობა შენი გაეგონათ, მიუხედავად იმისა რომ შენ არ გესმოდა. ამიტომ ღილაკს ხელი მოვუჭირე და ჩემი ადგილმდებარეობა და სტატუსი დაწვრილებით გადავეცი. სიცოცხლის წყურვილმა იმხელა ძალა შემმატა, რომ მიუხედავად იმისა რომ ტკივილსგან და შიმშილისგან მისავათებული ვიყავი, ისეთი შეგრძნება მქონდა ფეხზეც ავდგებოდი, რომ მომენდომებინა.
ცხედარს დავხედე. ჩემს დანას კისერში გამჭოლი ჭრილობა გაეკეთებინა, სისხლი კისერზე და სახეზე იყო შედედებული და მიმხმარი. ვიწვალე და ისე გდავაბრუნე, რომ მის სახეს ვერარ ვხედავდი. უცებ გულისრევის შეგრძნება ვიგრძენი და ქვაზე გადავეყუდე. ამაოდ ბორგავდა და წვალობდა კუჭი, მხოლოდ საშინელი შეგრძნება მქონდა, ვგრძნობდი, კუჭის წვენი ამომდიოდა. როგორც იქნა, გადამიარა. პეშვით წყალი ამოვიღე და ჩავყლაპე. მესიამოვნა. ცოტა მზერაც რომ დამეწმინდა, იქვე, კუთხეში მიგდებულ სიგარეტს დავწვდი და გავუკიდე. ხარბად მოვქაჩე და კვამლი სტვენით გავუშვი ფილტვებში. სიგარეტმა ის უსიამოვნო გემო გამიქრო პირში. უცებ თვალში ჩემი „მეწყვილის“ ხელისგული მომხვდა. მახსოვს, ბავშვობაში ბოშამ მიმკითხავა და დიდხანს იცოცხლებო. საიდან იცი მეთქი და ხელისგულზე დიაგონალურად გამავალი ხაზი მაჩვენა - ეს შენი სიცოცხლის ხაზიაო. მისი ხელისგული ხელში დავიჭირე და სიცოცხლის ხაზს დავაკვირდი. ბოშა მართალი იყო ალბათ. ჩემი ხაზის ნახევარი ძლივს იქნებოდა. ესე იგი, ჯერ სიკვდილი არ მიწერია, გავიფიქრე და ამან კიდევ შემმატა საკუთარი თავის რწმენა. გადმოვბრუნდი და ზურგით მივეყრდნე ცხედარს. ხელი ისევ ისე, ფრთხილად დავაშვებინე. და მოხდა ისეთი რამ, რაც არასოდეს მიგრძვნია ცხოვრებაში - შემეცოდა ეს ახოვანი, ახალგაზრდა კაცი. გამახსენდა, როგორი ანთებული მზერით დამეძებდა, ალბათ იმ წამს ვერც წარმოიდგენდა, თუ ცოტა ხანში მის გვამს მიყრდნობილს, სინანული შემიპყრობდა. არც ის დამინდობდა ვიცოდი, რომ დავენახე, მაგრამ მაინც მეცოდებოდა. ისევ გადმოვაბრუნე. სახეზე დავაკვირდი, ვეცადე იქ ისეთი რამე წამეკითხა, რაც ჩემს ფიქრებს გააქრობდა. მაგრამ სახე მშვიდი ჰქონდა, აშკარად არ უხდებოდა შემხმარი სისხლი. დავეჯაჯგურე და ისევ წყლისკენ მივაჩოჩე. სირცხვილია, პირი უნდა დავბანო, ვფიქრობდი ჩემთვის და ამოღებული პეშვით წყალს ვასხამდი სახეზე. გულისრევა აღარ მიგრძვნია. აღარც ის სუნი მაღიზიანებდა, მას რომ ასდიოდა. ავტომატი გვერდით მივაყუდე და ცოტა ხნის წვალების შემდეგ სახეზე შემხმარი სისხლი მოვაცილე და გავუსუფთავე. წარმოსადეგი ვაჟკაცი იყო, შეჭმუხნული წარბებით და მტკიცედ მოკუმული ტუჩებით. დავცქეროდი და კიდევ ერთხელ გამიარა ტვინში, ნეტა მას რომ დაესწრო, იგივეს თუ იზამდა მეთქი. ისევ მე თვითონ ვუპასუხე ჩემს შეკითხვას - დარწმუნებული ვიყავი რომ იზამდა. შეიძლება არც ესროლა. 

უცებ ტოტის გატეხვის ხმამ მიიპყრო ჩემი ყურადღება. იარაღისკენ არც გამიხედია,ისე ავხედე ხევის ნაპირს. არ გამკვირვებია, ჩემსკენ მოშვერილი ლულა რომ დავინახე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ გამეღიმა. ლულიდან გამოვარდნილ ცეცხლსაც ვკიდე თვალი და მკერდში ისეთი ტკივილი ვიგრძენი, ფეხი საერთოდ  გადამავიწყდა. დარტყმამ წამაქცია და ისე დავეცი, ჩემს მიერ მოკლული მებრძოლის ხელი ჩემს ცხვირწინ აღმოჩნდა. ზემოთ სროლა გრძელდებოდა, თუმცა აშკარა იყო მე აღარ მესროდნენ. გონებას ვკარგავდი, მაგრამ ვიცოდი რომ არ მოვკვდებოდი. აი, ეს კი აშკარად უიღბლო აღმოჩნდა. მას მოკლე სიცოცხლის ხაზი ჰქონდა, ბევრად მოკლე, ვიდრე მე. ნელ-ნელა ბურუსში ჩავიძირე. მესმოდა, ჩემს ახლოს ვიღაცეები დააბიჯებდნენ, რაღაც გაურკვევლად ესაუბრებოდნენ ერთმანეთ. ერთი ორჯერ შემანჯღრიეს კიდეც და შემდეგ ყველაფერი დაბნელდა.

გონს რომ მოვეგე, პირველ რიგში ფეხებზე დავიხედე და ყველაზე მეტად რაც არ მინდოდა, ის დავინახე - მარცხენა ფეხი კოხტად იყო მომრგვალებული და სუფთა მარლით შეხვეული. ვერ ვინძრეოდი, ყველაფერი მტკიოდა თითქოს. ვუყურებდი იმ ადგილს, სადაც ადრე ტერფი მქონდა და გიჟივით მეფხანებოდა ფეხისგული. მაგრამ რაუნდა მომეფხანა, რაც აღარ მქონდა. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ეხლაც მეფხანება ხოლმე არარსებული ფეხის გული.  ეს როგორც თავიდან ვივარაუდე, წერტილი იყო. ყველაფრის დასასრული. მაგრამ ცხოვრება არ დამისრულებია. ამჟამად იბიცაზე, იახტკლუბის დარაჯი ვარ. ფეხის მაგივრობას სუპერთანამედროვე პროტეზი მიწევს და იშვიათად ღამის კლუბებსაც ვსტუმრობ. აქ როდრიგოდ მიცნობენ. წელიწადში ერთხელ მიწევს აეროპორტში მისვლა და სტუმრების დახვედრა. ეს მაშინ ხდება როცა ტელეფონის ეკრანზე ვკითხულობ : How are you, Cobra?.....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები