ნაწარმოებები



ავტორი: ც ი გ ა ნ ი
ჟანრი: პროზა
8 დეკემბერი, 2017


ციგანი 3 (II ნაწილი)

    უცნაურია ეს ცხოვრება. ერთ დღეში და ერთ საათშიც კი შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი. წუთია წუთი სოფელი როგორც იტყვია. ვინ ვიყავი და რა ვიყავი, მანამ სანამ ციგანი მოკვდებოდა. მე ჩემი თავი და ჩემი აბურდული ცხოვრება არ მყოფნიდა, კიდევ უარესად რომ არ ამბურდოდა ყველაფერი?! იმედის სხივი მაინც კიაფობდა ჩემს გონებაში. გულში ხშირად ვიმეორებდი, „დალაგდება ყველაფერი“, დავასაფლავებ და დავმშვიდდები, გულზეც მომეშვება და შევძლებ ნორმალური ცხოვრებით ცხოვრებასთქო და მალი-მალ გავხედავდი ვიკას. რომელიც გაუნძრევლად იჯდა და ხმას არ იღებდა. ისეთი სუსტი და დაუცველი ჩანდა. ისეთი მობუზული და უსუსური იყო. ისეთი პატარა და სათუთი რომ მეშინოდა არაფერი მოსვლოდა. მინდოდა მოვფერებოდი, გულში ჩამეკრა და დამემშვიდებინა მაგრამ ვერ ვბედავდი. მეშინოდა. ვერიდებოდი. ერთი უცნაურობა კი შევამჩნიე ჩემს თავს. მის დანახვაზე ენთუზიზმი მემატებოდა. მეტი ბრძოლის უნარი მეძლეოდა. ის რომ სუსტი იყო მე ძლიერი ვჩანდი მის გვერდით. იმდენად თვალში საცემი იყო ეს განსხვავება თავი ვერ შევიკავე და ვუთხარი.
- ნუ გეშინია ვიკა. მე დაგიცავ. - ამომხედა ცრემლებით სავსე თვალებით და მხოლოდ უმნიშვნელო თავის დაკვრით დამეთანხმა. დავიცავდი, აბა რას ვიზამდი, მისი გულისთვის ნემსის ყუნწშიც გავძვრებოდი, მაგრამ რომ არ ვიცოდი რა მექნა ეგ იყო მთელი უბედურება. როგორ უნდა მეცხოვრა არ ვიცოდი. ვერც ვამხელდი. ერთი მიზანი მქონდა ჩემი მეგობარი საკადრისი პატივით უნდა დამესაფლავებინა. მერე რას ვიზამდი ეგ უკვე აღარ ვიცოდი. ამ გაწამაწიაში მთელმა დღემ ისე გაიარა შიმშილი არ მიგრძვნია. საჭმლის გაფიქრებაზე მივხვდი რომ ძალიან მშიოდა. კაფეში საჭმელად დაჯდომის დრო აღარ იყო. არც ხალისი გვქონდა მაგისი. ამიტომ საცხობში ვიყიდე რაღაცეები. ყველანაირი ღვეზელი და ხაჭაპურ-ლობიანი წამოვიღე. ნამცხვრებიც მოვაყოლე. მე ხომ არ ვიცოდი ვიკას რა უყვარდა და რას შეჭამდა. სათითაოდ ამუვულაგე ყველაფერი, მაგრამ ერთი პატარა ნაჭერი ხაჭაპურის მეტი არ შეუჭამია. შევწუხდი ძალიან. დილასაც არ ჭამა. მთელი დღე მშიერი იყო და ცუდად არ გამხდარიყო შემეშინდა. ისედაც ძალიან გამხდარი და კაფანდარა იყო, მისი შიმშილი როგორ შეიძლებოდა. ვთხოვე ეჭამა მაგრამ მაინც ვერ შეჭამა. პირველად დამემართა ვინმეზე ზრუნვით შეფიქრიანებული რომ ვიყავი. ხშირად გავხედავდი და ვაკვირდეოდი, ხომ კარგად იყო. მეშინოდა მასაც რამე არ მოსვლოდა.
- ვიკა, ერთი რამ უნდა გაგიმხილო. ვიცი წარმოუდგენელია და ძნელი დასაჯერებელი იქნება. ისიც ვიცი რომ საშინელებაა, მაგრამ სიმართლეა და სანამ გეტყვი, იცოდე, რომ ძალიან მაწუხებს. - ამომხედა, უემოციო თვალები შემომანათა. თითქოს მეუბნებოდა რომ ვერაფერს ვეტყოდი ისეთს რითიც მის დარდს გადავფარავდი. მე კიდევ ერთი სული მქონდა როდის გავანდობდი. თან სიტყვებს ვერ ვპოულობდი. საშინელი გრძნობა იყო. ამოვიოხრე, ამოვისუნთქე, მაგრამ გულიდან სათქმელი მაინც ვერ ამოვიტანე. - იცი რა ვიკა... მე და შენი ძმა ვმეგობრობდით. მართლა ვმეგობრობდით. არ გეგონოს რომ აზვიადებდე. ჯერ პატარაობაშ გავიცანით ერთმანეთი. მაგრამ მაშინ არ დავმეგობრებულვართ. მერე კი მეორედ გავიცანით ერთმანეთი, როცა საცხოვრებლად ჩვენს უბანში გადმოხვედით. ხომ იცი ხშირად ვიყავით  ერთად და ბევრს ვსაუბრობდით. ბოლო დროს სულ ერთად ვიყავით. მე რომ სამსახურიდან მოვიდოდი ,თელს საღამოს მასთან ერთად ვატარებდი. დამიჯერე ვიკა, სიმართლეს გეუბნები. ძალიან კარგი ადამიანი იყო შენი ძმა. - ვიკას თვალებიდან ნიაღვარივით წამოსკდა ცრემლები. გრძელი წამწამევი სულ დაუსველდა და ერთმანეთზე შეეწება. ალბათ ჯობდა ეტირა. გულიდან დარდი ცრემლებად უნდა დაეღვარა. მე კი ბოლომდე უნდა მეთქვა სათქმელი. ამიტომ არ გავჩუმებულვარ. - ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. მაშინ როცა ყველამ ზურგი შემაქცია ის იყო ჩემს გვერდით. დამიცვა. ისე დამიცვა რომ სიკვდილს გადამარჩინა. მან თავი გაწირა ჩემი სიცოცხლის გულისთვის. გესმის ვიკა? ის ჩემს გამო მოკვდა და თითქო მე ვიყავი, ჩემი ტანსაცმელი ეცვა და ჩემს მტრებს ეჩხუბებოდა. ხვდები რამხელა რამ გააკეთა ჩემთვის?! - ვიკა გულამოსკვნილი ტიროდა. მე კიდევ ხმას ვუმატებდი რომ კარგად გაეგო ის რასაც ვეტყოდი. - მე მას „ძმას“ ვეძახდი. მაშინ როცა ერთად ვიყავით, ხშირად მივმართავდი და ყოველთვის „ძმაოს“ ვუწოდებდი. აზრად არ მომსვლია მისთვის სახელი მეკითხა. გესმის ვიკა? მე მისთვის სახელი არ მიკითხავს. ის ჩემს გამო მოკვდა, მე კიდევ მისი სახელიც არ ვიცი. - ბოლო სიტყვების თქმა ყველაზე მეტად გამიჭირდა. თავი ვერ ჩევიკავე და მეც ავტირდი. ჩუმად, გაუბედავად ვტიროდი და ფანჯრისკენ ვიყურებოდი ცრემლები რომ დამემალა. ისე დამებუნდა მზერა გზას ვეღარ ვხედავდი. მანქანა გადავიყვანე სავალი ნაწილიდან და გავაჩერე. ვისხედით ასე ჩუმად მე და ვიკა და ორივე ვტიროდით.
    ვიკა ალბათ კიდევ დიდხანს იტირებდა. ვინ იცის იქნებ ის იმ დროს ჩემზე უარეს მდგომარეობაში იყო. ან იქნებ ორივე თანაბრად განვიცდიდით. ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა, ადვოკატი მირეკავდა.
- გისმენთ.
- გიორგი. მე ყველაფერი მოვაგვარე. სანერვიულო არაფერი გაქვთ.
- ძალიან კარგი მადლობა.
- ეკლესიის მოძღვარსაც ვესაუბრე და ყველაფერი წესრიგშია. კიდევ ხომ არ არის რამე რაშიც ჩემი დახმარება დაგჭირდებათ?
- არა. სხვა ყველაფერი მოვაგვარე.
- მაშინ პროზექტურასთან შევხვდეთ და გადმოსვენებისთვის მოვემზადოთ.
- ერთ საათში ვიქნებით პროზექტურასთან.
- შევთანხმდით.
მანქანა დავქოქე და ნელი სვლით გავუყევი გზას. ორივე ჩუმად ვიჯექით. ვიკა აღარ ტიროდა.
- საშკა. - უცაბედად გავიგონე ვიკას ნათქვამი. ფიქრებიდან გამოვერკვიე მაგრამ ვერ მივხვდი რა მითხრა.
- რა?
- საშკა ერქვა ჩემს ძმას.
- საშკა? - რაღაცნაირად ვერ დავაკავშირე მასთან.
- საშკა ბრატჩენკო.
- ბრატჩენკო?
- ხო.
- მე კიდევ „ძმას“ ვეძახდი.

    პროზექტურასთან მისულებს, ადვოკატი დაგვხვდა. მას ყველაფერი მზად ჰქონდა. ცხედრის ამოცნობა და საჭირო დოკუმენტაციის შედგენა იყო დარჩენილი და მიცვალებულს გამოგვატანდნენ. რატომღაც წარმომედგინა რომ საშინელი სუნი იქნებოდა შიგნით რომ შევიდოდი, შესასვლელში შევყოვნდი კიდეც. მაგრამ რა დროს ზიზღი და მოკრძალება იყო. ან იქნებ არც იყო ზიზღი და უბრალოდ მეშინოდა. მიცვალებულეს ყოველთვის ვერიდებოდი. სამძიმარზე მისული, შიგნით არასდროს შევდიოდი. მანამდე მეგონა მიცვალებულის სუნის შეგრძნება მძულდა და ამიტომ არ მინდოდა მიახლოება. იმ დღეს პროზექტურის კართან რომ ვიდექი მივხვდი, ეს ზიზღი კი, არა შიში იყო. საშინელი კოშმარული სიზმრებიდან და მძიმე ბავშვობიდან გამოყოლილი შიში მზღუდავდა. ბევრჯერ მქონდა წარმოდგენილი ბაბუა ჩამოკიდებული, მერე მამა. ყველაზე ცუდი ის იყო, სიზმარშიც რომ იგივეს ვხედავდი ოღონდ საკუთარ თავს, ჩამოკიდებულს ისევე ხეზე, როგორც ბაბუას და მამას. ეს საშნელება იყო. ძნელი იყო ასე ცხოვრება. უცებ შემეცოდა ჩემი თავი. იქ იმ კართან მივხვდი რომ ყველა მათგანზე მეტად მე ვიყავი ცოდო. ბაბუაზე, მამაზე და ჩემს ციგან ძმაკაცზე საბრალო მე ვიყავი. მე ცოცხალ ადამიანს, რომლსაც მათ თავიანთი სიკვდილით სიცოცხლე შეაჯავრეს. გული ამიჩუყდა და საკუთარი თავის სიბრალულმა ყველა სხვა გრძნობა გადაფარა. უწონობის მდგომარეობა დამეუფლა. საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავდი, ვეღარ ვგრძნობდი სხეულს ისეთი მსუბუქი ვიყავი. მხედველობაც შემეცვალა და ბუნდოვანი გამიხდა. წინ მიმავალი ადვოკატი თანდათან სივრცეში იზილებოდა. უკან ვიკა მიყვებოდა, რომელიც იმავე სივრცეს ერწყმოდა და ითქვიფებოდა რომელშიც ადვოკატი იყო აზელილი. ხმებიც აღარ მესმოდა და რაღაც შრიალის მაგვარი ხმა ჩამესმოდა. ვცადე კარებს მივყუდებოდი. ირგვლივ არავინ იყო საშველად რომ დამეძახა. მერე აღარ მახსოვს რა მოხდა. ალბათ გონება დავკარგე, ან უბრალოდ აზროვნების უნარი წამერთვა. თვალი რომ გავახილე პროზექტურის კართან, კედელს მიყუდებული ვიჯექი. თანდათან გამოვდიოდი ბურუსიდან. რაღაც დიდი მასა, რომელიც მე ვიყავი, ნელ-ნელა პატარავდებოდა და მე მემსგავსებოდა. ვხედავდი შორიდან ბუზის ტოლი ჩემივე გონი როგორ მიახლოვდებოდა, თან კიდევ უფრო პატარავდებოდა. შრიალი ნელდებოდა და ბოლოს სულ გაქრა. გამოვფხიზლდი. მარტო ვიყავი. არავის დავუნახივარ. სანამ ძალები კარგად არ მოვიკრიბე, წამოდგომა არ მიცდია. ამასობაში ადვოკატი დამადგა თავზე.
- ხომ კარგად ხარ? - რომ დამინახა შეეშინდა. დაფეთებული წამოვიდა ჩემსკენ.
- წყალი ხომ არ მოგიტანო?!
- არა, არ მინდა კარგად ვარ. - წყალი ძალიან მინდოდა, მაგრამ არ ვთქვი. ისეთი მშრალი მქონდა პირის ღრუ ვერ ვლაპარაკობდი. ჩემი მოვლის დრო ნამდვილად არ იყო. თავი ხელში უნდა ამეყვანა. ადვოკატს ხელი გავუწოდე და წამოდგომაში მომეშველა.
- როგორ ხარ?
- კარგად ვარ. გამივლის.
- მესმის შენი. ძალიან ძნელია. უნდა გაუძლო ძმაო! – „ძმაო“ უნდა გავუძლო გავიფიქრე. „ძმაო“ „ძმაო“... ერთად შევედით შიგნით. მოკლე დერეფანი გავიარეთ და ბოლო კარში შევედით. მეგონა ერთმაშად აღმოვჩნდებოდი მიცვალებულების გარემოცვაში, მაგრამ იმ პატარა მისაღებში არ იყო არც-ერთი. არც ის საშინელი სუნი დამხვდა, რომელსაც ველოდი. ქლოროფოლის და ყინვის სუნი იდგა. ვიკა არსად ჩანდა. მიმოვიხედე და მეორე შუშის დიდფანჯრიანი კარი შევნიშნე. მივუახლოვდი და დავინახე, ვიკა მაგიდაზე დასვენებულ მიცვალებულს როგორ დამხობოდა.
- ვერ გამოვიყვანე. - გავიგონე ადვოკატის სიტყვები და ზურგზე ხელის შეხება ვიგრძენი. „ვერ გამოვიყვანე“ გავიმეორე გულში მე და კარი შევაღე. „ვერ გამოვიყვანე“ -ისევ ვიმეორებდი ადვოკატის სიტყვებს და ოთახში შევდიოდი. ირგვლივ „საკაცე“ საწოლები იყო ჩარიგებული და ზეწარგადაფარებული მიცვალებულები ესვენა ზედ. „ვერ გამოვიყვანე“ ვიმეორებდი და წინ მივიწევდი. მე უნდა გამომეყვანა. სხვა ვერავინ გამოიყვანდა. მივედი და ჩემს ციგან მეგობარს დავაშტერდი. ისევ ისეთი იყო. ოღონ თეთრი და ლურჯი. სულ გაყინულიყო თვალები ისე დაეხუჭა ქუთუთოები ერთმანეთს არ ეხებოდა. ვუყურებდი სახეზე და ვფიქრობდი იქნებ მივმხვდარიყავი რა იგრძნო სიკვდილის წინ. რა იყო ის ემოცია რაც ბოლოს განიცადა. ალბათ ტკივილი. მერე გაბრუება და ბოლოს უწონობა. ზუსტად ის რაც მე ვიგრძენი შემოსასვლელში. ოღონდ მე დავბრუნდი, ის კი აღარ დაბრუნებულა. ოდნავ შეხსნილი თვალებიდან თითქოს გამოხედვას და ჩვენს დანახვას ცდილობდა. ამ დაკვირვებაში ისიც კი მომეჩვენა, რომ ტუჩის კუთხეები შეერხა და გაღიმება სცადა. რა სიგიჟე იყო. მგონი ჭკუიდან ვიშლებოდი. იქ საშინლად ციოდა. ვიკასკენ გავიწოდე ხელი. სულ გაყინულიყო და კანკალებდა. გულში ჩავიკარი და მაგრად ჩავეხუტე. მეც მციოდა და მაკანკალებდა.
- გავიდეთ. - ვუთხარი და კარისკენ გავიყვანე. უსიტყვოდ და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გამომყვა. მხარზე ხელი გადავხვიე და ასე მივედით გასასვლელთან. სარიტუალო ბიუროს თანამშრომლები მოსულიყვნენ. ვიკა მანქანაში ჩავსვი და ციგანისთვის გამზადებული ტანსაცმელი სპეც თანამშრომლებს მივუტანე, რომლებსაც მიცვალებული უნდა მოეწესრიგებინათ. ადვოკატი მათთან დარჩა, მე და ვიკა კი მანქანაში ვუცდიდით. ისევ ტიროდა და კანკალებდა საბრალო გოგო. მისკენ გადავიხარე და ხელი გადავხვიე. ისეთი ცივი მტევნები ჰქონდა. მეგონა სისხლი არ უმოძრავებდა. შევეცადე დამეზილა და გამეთბო ისინი. ექიმის გამოძახება შევთავაზე, მაგრამ იუარა.
    როგორც იქნა გადასვენებისთვის ყველაფერი მოაგვარეს და შავი სასახლით გამოასვენეს. მანქანაზე დაასვენეს და წინ გაგვიძღვნენ. სპეც მანქანას ჯერ ჩვენ მივყვებოდით, მერე ადვოკატი მოიდოდა. სურათი არ გვქონდა მისი. არასდროს არავის გადაეღო ფოტო მისთვის.
ეკლესიაში სასახლე მაცივარი იდგა, რომელსაც სახურავი შუშის ჰქონდა. საშკა შიგ ჩაასვენეს და მოაწესრიგეს. ამასობაში მამაოც მოვიდა.
- მონათლულია? - იკითხა მან.
- მგონი კი. - მიუგო ვიკამ.
- ზუსტად არ იცით?
- ერთხელ მითხა, რომ მამაშენის დასაფლავების დღეს ლოცვა წამიკითხესო.
- რა ლოცვაო?
- არ ვიცი. დედა მორწმუნე ქალი იყო. დღესასწაულებს სულ აღნიშნავდა.
- მუსულმანი ხომ არ იყო?
- არა. დედაც ქართულ ეკლესიაში დადიოდა და სახლშიც ანთებდა სანთლებს. - მამაოს მეტი არაფერი უკითხავს და ლოცვის წაკითხვას შეუდგა.
    დაღამდა. ყველა წავიდა. მე და ვიკა დავრჩით მარტო ტაძარში. იქ ღამის გათევის უფლება მოგვცა მოძღვარმა. მკრთალი განათება იყო ეკლესიაში. სასანთლეებში მსხვილი სანთლები ენთო და კანდელები ბჟუტავდა. მიცვალებულის თავთანაც იდო მაღალი შანდალი, რომელშიც დიდი რაოდენობით სანთელი ენთო. სანთლის ალს რომ ვუყურებდი, თითქოს იმ სიმხურვალეს ვგრძნობდი, რომელსაც ის გამოსცემდა. არათუ ვგრძნობდი მის სინათლეს და სითბოს, არამედ შევიგრძნობდი კიდეც. ისეთი სიჩუმე და სიმყუდროვე იყო. ისეთი სიმშვიდე და სათნოება სუფევდა იქ, რომ ვგრძნობდი როგორ ახლოს იყო ღმერთი. ნამდვილად ვგრძნობდი მის სიახლოვეს, იქ იყო. საოცარი შვება მეუფლებოდა და უსაზღვრო იმედებით ვივსებოდი. ნუთუ ეს უბედურება უნდა შემთხვეოდა რომ მივხვედრილიყავი როგორ ძლიან მჭირდებოდა ღმერთის სიახლოვე. ნუთუ ციგანი უნდა მომკვდარიყო, რომ მე ის სიწმინდე და სათნოება მეგრძნო, რაც იმ დროს ტაძარში სუფევდა?! საუცარი იყო და სასწაული.
    მე და ვიკას, კიბის საფეხურზე ბერების პატარა ხალიჩა გვქონდა გაფენილი და გვერდიგვერდ ვისხედით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები