ნაწარმოებები



ავტორი: ორპირი ქარი
ჟანრი: იუმორისტული
12 დეკემბერი, 2017


დარიგება

    გვარის გამგრძელებელი ერთი ვყავდი ბაბუას. მზე და მთვარე ჩემზე ამოსდიოდა. სხვა შვილიშვილებზე ამბობდა: აგენი დათხოვდებიან ბაბუა და წავლენ. მაგენიზა ერთი ხეირი ის მექნება, რომ მოვკვტები დამიტირებენო. შენ ხარ ჩემი იმედი და მომავალიო.
    მისი მოსახელე-მოგვარე ვიყავი და უხაროდა, მარტო გვარს კი არა, ჩემს სიცოცხლესაც გააგრძელებო.
    სულ ერთად ვიყავით მე და ბაბუა, ხან ყანას ვთოხნიდით, ხან ვენახს ვაქიმობდით. თან სულ მღეროდა და შაირებს მასტავლიდა. მისი გაზრდილი ვარ და თუ რამე კარგი მაქვს ხასიათში და ქცევაში მისი დამსახურებაა თლათ.
-      ყორფელი შენზა მინდა შენ შემოგევლე ბაბუო - ხშირად მიმეორებდა ხოლმე.
    ბებიაჩემს ერთი ძველი სკივრი ჰქონდა. მეორე სართულზე ედგა და ამზეურებდა ყოველ ზაფხულს. ერთ დღესაც იმ სკივრიდან ფუთა ამეიღო და მითხრა:
- აქანე შენი ქორწილიზა მაქვს შენახული რაცხები. - გახსნა ფუთა და ამოალაგა: ქათქათა თეთრი ტრუსი წინ ორი ფოლაქით შეკრული და მისივე ამხანაგი პერანგი, ბოლოს თეთრი მაღალყელიანი წინდები მოაყოლა - აგენს, ცოლს რომ მეიყვან მაშვინ ჩეიცვამო.
    ბაბუაჩემი შეესწრო ამ ამბავს და დარიგებაც მოაყოლა:
- რას გეტყვი იცი ბაბუა?! ორი ცოლი უნდა ყავდეს კაცს. ერთი საშინაო და ერთიც საგარეო. საშინაო ქალი ლამაზი თუ არ იქნა, ქვეყანა არ დეიქცევა, მთავარია კაი მეოჯახე იყოს. მარა, საგარეო ქალი ლამაზი უნდა იყოს იცოდე. იმფერი ლამაზი დუნიაზე რომ არ დეიარებოდეს მისთანა, თვალი რომ დოუყენოს დამნახავს. თვარა მოგეჭრება თავიო.
    ამის გამგონე ბებიამ ჩემი საქორწილო ფუთა მოუქნია და მიაწყევლა:
- შენ მეისპი ადრე და მალე, რასაა რომ ეუბნები ბაღანასო?
    ბაბუა კვტებოდა ნაცინები, ბებია კი ქოქოლას აყრიდა. ე, მაშვინ დავპირდი ორთავეს, იმფერ ცოლს მევიყვან, ლამაზიც რომ იყოს და მეოჯახეცთქვა.
    მარა სადაა აწი?!
    ეეჰ, ბრძენი კაცი იყო ცხონებული ბაბუაჩემი. საწყალი კიდო კაი ცოცხალი არაა თვარა ვერ გოუძლებდა მისი გული, ლამისაა უცოლოდ დავბერდი კაცი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები