ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
12 იანვარი, 2018


ღმერთი ჩვენს სახლებში

 
"მოვა დრო, როცა ხალხი ჭკუიდან შეიშლება, ხოლო ვინც არ შეიშლება,
            მას ეტყვიან, რომ შენ შეშლილი ხარ, რადგან არ გვგავხარ ჩვენ"
(წინასწარმეტყველება) 

                                                                                                              ***


      სხვებისგან გამორჩეული იყო. სილამაზით შეიძლება ბევრს ვერ სჯობდა, თუმცა შინაგანად იყო საოცრად განსხვავებული. ადამიანების მოსმენა და მათზე დაკვირვება უყვარდა. განცალკევებით ჯდომა ახასიათებდა და ცნობისმოყვარე მზერით გაადავლებდა, ხოლმე თვალს ირგვლივ მყოფთ. ვერასდროს შეამჩნევდით მის იქ ყოფნას, თუმცა აშკარად გამოირჩეოდა ხალხის იმ მასისგან, რომელნიც უაზროდ აყოლილნი იყვნენ ჩვენს დღევანდელობას. დანარჩენებს მხოლოდ იმის სწამდათ რაც თვალთათვის ისედაც ნათელი იყო, ის კი ამ დროს მათი სულების ამოცნობას ლამობდა. ადამიანისთვის არა დამახასიათებელი დაინტერესებები ჰქონდა. ბევრს სეირნობდა ქალაქის ქუჩებში, ხოლო დღე-ღამეშე სულ ერთი-ორი საათი ეძინა. მამამისის ნაჩუქარი ფული, რომლითაც მანქანა უნდა ეყიდა პირველივე შემხვედრ გაჭირვებულს დაუტოვა, ხოლო უკან დაბრუნებულმა მისივე მშობლის მანქანა დაწვა. უნდა გენახათ რა ამბავი იყო მის ოჯახში. ყველას ეგონა, რომ ჭკუიდან იშლებოდა არა და სხვისი სულების გადასარჩენად იბრძოდა. ეს მინიშნებები იყო იმ ბრმათათვის ვისაც სიკეთისა და სიყვარულის არსებობა ავიწყდებოდათ. ტანსაცმლის ყიდვაზე ლაპარაკით მასთან ფუჭად გაირჯებოდით. ნათესავის ქუდით, მეზობლის ფეხსაცმელითა და მეგობრის ქურთუკითაც ძალიან თავმომწონედ დაიარებოდა ხოლმე. იშვიათად თუ შეხვდებოდით სადმე წიგნის გარეშე. არც ზურგ ჩანთა და არც საფულე... თან მხოლოდ წიგნი ჰქონდა. მახსოვს ერთხელ მის სახლთან დიდი აყალმაყალი იყო. დილიდან გასული თურმე უკან გვიან ღამემდე არ დაბრუნებულიყო. ოჯახის წევრებს უკვე საპატრულო ეჯიპაჟი ჰყავდათ გამოძახებული, როდესაც ქუჩის ბოლოდან სულ მთლად გათოშილი მოსეირნობდა. იმის ნუ იკითხვათ თუ რაში იყო საქმე. უკანასკნელი ხურდებით, თურმე უბილეთოდ დარჩენილი მოხუცისთვის გადაუხდია მგზავრობის საფასური თვითონ კი ქალაქის ბოლოდან წამოსულა ფეხით. ვერც იმას გეტყვით, რომ მის მშობლებს დიდად ეამაყებოდათ შვილის ასეთი საქციელები. ეს ამბავი არც მას ადარდებდა. ყოველთვის იცოდა, რომ მას ვერავინ გაუგებდა, რადგან არც არავის სურდა მისი გაგება. შეყვარებული არასდროს ჰყოლია. იძახდა, რომ მეორე ნახევარი ეს ნიშნავს იმ ადამიანს, რომელიც შენი სულის ნაწილი უნდა გახდესო. ამ უკანასკნელს კი მგონია, რომ ვერავინ გაუძლებსო. შესაძლოა სული შედარებით სუფთა მაქვს და მსუბუქიო, მაგრამ სიკეთის სიდიადეს ვერ გაუძლებს ის ვისაც არც კი უცდია მსგავსი რამ. მას ეს სიმსუბუქე მძიმე ტვირთად ექცევა, რადგან საკუთარ მშობლებსაც კი ვურთულებ ცხოვრებას ჩემი არსებობითო. უბრალო პიროვნება ყველასთვის, ხოლო ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა გახლდათ. სკოლაში ფრიადოსანი იყო, ხოლო უმაღლესში სწავლა აღარ გაუგრძელებია. ამბობდა, რომ იქ სადაც ფულია არ არსებობს ჭეშმარიტებაო, არამც თუ სწავლება. არც ერთი მისი ქცევა არ იყო ხელოვნური. ის ბუნებრივად ნამდვილი და ლამაზი მახსოვს. მისი თვალების შემოხედვაც კი საკმარისი იყო, რომ მაშინვე ვკარგავდი დროის აღქმას და მენანებოდა იმ დღის დასრულება. თუ ვინმესთან საუბარს მოვისურვებდი -ეს ის იყო. მოძებნა არ მიჭირდა. უმეტეს ხანს სახლის აივანზე ატარებდა კითხვაში გართული. ბავშვობის დროინდელ ხის სკამზე ჩამოჯდებოდა და ფეხებს მაგადაზე შემოაწყობდა ხოლმე. ხელში ყავის ჭიქა მისი განუყოფელი ნაწილი იყო. როდესაც ვესაუბრებოდი თითქოს ასაკი მემატებოდა და სულ სხვანაირი ვბრუნდებოდი შინ. მას ღმერთის სწამდა, ხალხს სასწაულის, ბავშვებს ზღაპრების მე კი მისი მწამდა, რადგანაც ჩემთვის სასწაული მხოლოდ ის იყო. ერთხელ კინაღამ მამაომ ჩაკეტა ტაძარში და რომ არა მოხუცი დედაკაცის ყურადღება ალბათ ასეც იქნებოდა. ლოცვა არ მქონდა დასრულებულიო და ღვთის სახლი ასე, როგორ დამეტოვებინაო?! ეკლესიაში მხოლოდ არა სადღესასწაულო დღეებში მიდიოდა. არ უყვარდა ხალხთან ერთად დგომა. ღმერთთან პირისპირ დიალოგი ერჩივნა. თუ რაიმე გაუჭირდებოდა ცხოვრებაში საერთოდ აღარ აკითხავდა ეკლესიას, რადგან ფიქრობდა, რომ ასეთ დღეებში მისვლა არ იქნებოდა მართებული. ღმერთი ყოველთვის ახსოვდა და არა მხოლოდ გაჭირვების ჟამს. ყველაფერს ამით ხსნიდა ხოლმე ჩემთან. არც მარტოსული ყოფილა არასდროს. ადამიანები ძალიან უყვარდა... უბრალოდ მათგან ვერ გრძნობდა ანალოგიურს. ერთხელ ატირებული მოთქვამდა, რომ ადამიანებისგან სიყვარულს კი ვერ ვგრძნობო არამედ საერთოდ ვერ ვგრძნობ მათში სიყვარულსო. სიზმარი უნახავს თურმე ძალიან უცნაური: "ქალაქში დავხეტიალობდი, როგორც ყოველთვისო. შემდეგ სიარულისგან დაღლილი ერთ სახლში შევედი. იქ მხოლოდ სკამები დამხვდა. შემდეგ მეორე და მესამე სახლშიც ვიყავიო. ყველგან ერთი და იგივე მეორდებოდა. ადამიანებსაც შევხვდი რამოდენიმეგან, თუმცა რაღაცნაირი სიცარიელე იგრძნობოდა ამ სახლებშიო. ბოლოს ქალაქისგან განცალკევებით მდგომ სახლს მივუახლოვდი. შიგნით შესვლის თანავე ვიგრძენი, რომ ეს ჩემი სახლი იყოო. ჩემსას ნამდვილად არ ჰგავდა, როგორიც რეალურად მაქვს, მაგრამ სიზმრად ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი სახლი იყოო. ბევრად ნათელი იყო სხვებთან შედარებითო. ამ ყველაფერში უცნაური კი ისაა, რომ ერთ-ერთ ოთახში უფალი იჯდა. ცალი ხელი მაგიდაზე ჩამოედო და თავი დაბლა ჰქონდა დახრილიო. შესვლისას მაშინვე შემამჩნია და სასიამოვნოდ გამიღიმა. მასთან მიახლოება ვერ გავბედე და იქვე შემოსასვლელში მოვკალათდი იატაკზე. როგორც მახსოვს დიდხანს ვისაუბრეთ. მის თვალებში საოცარი სიმშვიდე იკითხებოდა... თუმცა რაღაც მაინც არ იყო რიგზეო. საუბრის მიწურულს ფეხზე წამოვდექი და გასასვლელისკენ დავიძარი რა დროსაც უფალი მომიახლოვდაო და მითხრა: - თუ შენ წახვალ აქედან მაშინ მეც შევწყვეტ არსებობას ამ ქვეყნად, რადგან მხოლოდ შენ სახლში განვაგრძობ ცხოვრებას. თუ ამ სახლშიც აღარ ვიქნები მაშინ ყველაფერი დასრულდება. მხოლოდ შენს გულშია დარჩენილი ჩემი რწმენა და მხოლოდ შენს სახლშიღა დავრჩი მე.
    მითხრა, რომ ის დარჩა იმ სახლში. ახლა კი თავისი ცხოვრებით ცდილობს, რომ დააბრუნოს ღმერთი ჩვენს სახლებში. მთავარია, რამდენად გაუგებენ ამ ადამიანს და რამდენად აღარ ჩაუთვლიან სიგიჟეში ცხოვრების იმ მიმდინარეობას, რომლითაც ის ცხოვრობს.
... არ მახსოვს გითხარით თუ არა, რომ ის სხვებისგან გამორჩეული იყო?!


                                                                                                                          დასასრული


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები