ნაწარმოებები



ავტორი: ყირიმელი
ჟანრი: პროზა
16 დეკემბერი, 2017


გველის გესლი (თავი2)

    2008 წლის ზაფხულია, შუა დღე, მზე გარშემო მუმბერაზ მთებს და მასზე გადატკეცილ ტყეებს სიცოცხლის სხივებით ანათებს. მცირე ნიავი ჯარისკაცებს სიცხისაგან დაწითლებულ ლოყებზე სასიამოვნოდ ელამუნებათ.
    რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წლის 6 აგვისტოს დაიწყო. ტანკები, ავიაცია თუ შეიარაღებული ჯარისკაცები აწიოკებდნენ საქართველოსა და მის მოსახლეობას. ბომბების ცვენა, შენობების ნგრევა.
    თავდაპირველად საქართელოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ჯარისკაცებს მოუწოდა, რომ ცეცხლი არ გაეხსნათ, რადგან პირველ პირს სურდა წარუმატებელი, დამანგრეველი და გამანადგურებელი ომი თავიდან აეცილებინა. თუმცა ორი დღის შემდეგ აშკარა გახდა, რომ მტერი შეჩერებას არ აპირებდა, ამიტომ ქვეყნის ლიდერმა მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება, ცეცხლის გახსნასთან დაკავშირებით.
    2008 წლის 8 აგვისტოს ორმხრივი ბრძოლა დაიწყო. ამ ომში ძალები არათანაბარი იყო, ამიტომ საქართველოს თავისი რესურსების მაქსიმუმის გაწირვა მოუწია. მამაკაცებმა მიატოვეს ოჯახები და ომის ქარცეცხლისკენ აიღეს გეზი, ახალგაზრდებმაც მხარი აუბეს უფროს თაობას და ერთიანი სულისკვეთებით განაგრძეს ბრძოლა სამშობლოსა და ოჯახების დასაცავად.
    ყოველდღიურად იბომბებოდა სოფლები, იწვებოდა ტყეები, ნადგურდებოდა ქალაქები და დროდადრო ცალსახა ხდებოდა საქართველოს ბედი, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა ქართველი ჯარისკაცები იყვნენ ერთი მიზნით შეპყრობილნი, რომ რომ დაეცვათ: ცოლ-შვილი, დედ-მამა, მეგობრები და ნათესავები.
    რატომ წავიდა ომში თაზო ევგენიძე?
    იგი ხომ მსხვილი ბიზნესმენის შვილი იყო და არაფერი არ აკლდა: ფული, სახლი, მანქანა, ქალები. მაგრამ განა ნივთებს მოაქვს ბედნიერება? ან ის თუ იცით რა არის ბედნიერება? ეს უკანასკნელი სიყვარულია, რომლის მოპოვებაც არა მატერიალური ღირებულებების მეშვეობით, არამედ აბსტრაქტულ გრძნობებზე დაყრდნობით შეიძლება.
    თეიმურაზი, უკვე 50 წელს მიღწეული ჯარისკაცი, საგუშაგოზე იჯდა თაზოსთან ერთად. ორივე დუმდა, მოხუცს პირში სიგარეტი ჰქონდა გაჩრილი და ფიქრობდა, რომ ახალგაზრდა არ შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი გულჩათხრობილი, ასეთი უდრეკი და შეუპოვარი. მას უკვირდა, რომ ოცი წლის ბიჭს შეეძლო სიკვდილისთვის ისე ჩაეხედა თვალებში რომ სუნთქვის რიტმი არ შეცვლოდა. უკვირდა რომ  ასეთ ახალგაზრდას შეეძლო კაცის სიკვდილით მიეღო სიამოვნება ან გაცხარებული ომის შემდეგ მისი თვალებიდან სინანული ამოგეკითხა, რომ იგი კვლავ ცოცხალი იყო...
    სადღაც შორს ბომბი აფეთქდა და თეიმურაზსაც გაუფანტა ფიქრები. მან სიგარეტს კიდევ ერთხელ მოქაჩა, თვალები თაზოს მიაპყრო და მცირე ღიმილით უთხრა:
- ლამაზია?
    თაზო შეკრთა, ეს კითხვა მისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა თავი დაიჭირა და უპასუხა:
- ისეთი ლამაზი, რომლის გამოც ეს ყველაფერი ღირდა.
    ასეთ მოკლე და ამომწურავ პასუხს თეიმურაზი არ ელოდა და გაკვირვებული დარჩა. ამის შემდეგ კიდევ დიდი ხანი ხმა არ ამოუღიათ სანამ სიჩუმე თაზომ არ დაარღვია:
- ძია თეიმურაზ, მინდა ერთი რამ გითხრათ, რომელიც ყველას აინტერესებს და რაც უამრავ ადამიანში ინტერესსა თუ გაკვირვებას იწვევს.
- მიდი ჩემო მეგობარო...- მოხუცმა ჯიბიდან მეორე ღერი დააძრო და თან ლაპარაკს განაგრძობდა - კაცის ბედი ამ ცხოვრებაში რთულია, როდესაც ქალს გულს ატკენენ, იგი იტირებს ან გულის ნადებს თავის მეგობარს გაუზიარებს და საბოლოოდ თავის ტკივილს გულს გადააყოლებს, ხოლო მამაკაცის შემთხვევაში პირიქით  არის: ჩვენ, კაცები, გამუდმებით გულში ვიკლავთ ბოღმასა თუ ჭირს, რომელიც გროვდება, გროვდება და ეს მძიმე მასა გვიავადუმყოფებს სულს. ამ დროს კი კაცი ნადგურდება და ცოცხალ-მკვდარს ემსგავსება.
    თაზოს მოხუცის სიტყვები გულზე მოხვდა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია, ის კია, რომ გულში გაიფიქრა ეს კაცი ჩემს საიდუმლოს ხვდებაო და განაგრძო:
- ქვეყანაზე სიცოცხლის ერთადერთი და მთავარი წყარო სიყვარულია და როდესაც ამ ნაწილში იტყუები ან ხედავ, რომ სხვა იტყუება, ადამიანს ეკარგება ყოველი იმედი - წამიერი პაუზა გააკეთა, მოხუცს სიგარეტი გამოართვა, ერთი ნაფასი დაარტყა და თავისი სიტყვა ასე დაასრულა - სწორედ ასეთი მატყუარა ადამიანის გამო, ცხოვრების მიმართ აზრი დავკარგე და მე აქ ვარ!
    სირენის, განგაშის ხმა გაისმა და უმალ ყველა, მთელი დანაყოფი, მზად იყო საბრძოლველად. გამოჩნდნენ ისტრიბიწელები, რომლებიც სოფელს ბომბვავდნენ. იქვე რუსეთის ჯარიც წამოიშალა და დაიწყო ხელჩართული ბრძოლა. მართალია რუსის ჯარი აღემატებოდა მოწინააღმდეგის რიცხოვნობას, მაგრამ ქართელი ჯარისკაცების ვაჟკაცობა აბათილებდა მტრის რიცხობრივ უპირატესობას.
    ბავშვობის სამი მეგობარი: თაზო, ალექსანდრე და სანდრო გვერდიგვერდ იბრძოდნენ. ირგვლივ ომის სუნი, ომის გემო და სიმწარე იყო. სამივენი ხეებს ამოეფარნენ. ერთ წამს ალექსანდრე შემოტრიალდა და იარაღი რუს სალდატს დაუმიზნა, მაგრამ სასხლეტზე თითის გამოკვრა ვეღარ მოასწრო, მას მტრის ტყვიამ შუბლი გაუხვრიტა და მისი სხეული უგონოდ დაეცა მიწაზე. ეს ყველაფერი თაზოსა და სანდროს წინ მოხდა. მათი მეგობარი, მათი ბავშვობის ძმაკაცი რუსის ტყვიამ იმსხვერპლა.
    ბრძოლა გააფრთდა, ისმოდა დაჭრილი ჯარისკაცების ყვირილ-წივილი, გარშემო მთელი სოფელი ცეცხლსა და კვამლს მოეცვა, სადღაც შორიდან პატარა ბავშვის ტირილსაც გაიგონებდით. თაზომ რაწამს თავისი მეგობარი უსულოდ მიწას მიკრული დაინახა, არ დააყოვნა, მოიმარჯვა იარაღი და მისი ძმაკაცის მკვლელს ესროლა. ტყვიამ გზა გაიკვალა და მიზანს მიაღწია, თაზომ საოცარი სიამოვნება იგრძნო გულში და როდესაც გვერდზე შემოტრიალდა მეორე მეგობარი კუნძებს შორის ჩავარდნილი  დაინახა, უმალ მიირბინა და სანდრო ორმოდან ამოათრია, იგი მძიმედ იყო დაჭრილი,  მან მხოლოდ თვალები გაახილა თაზოს შეხედა, ერთი ღრმად ამოისუნთქა და სული განუტევა. აგონიაში ჩავარდნილმა თაზომ მკვდარს ყვირილი და ჯანჯღარი დაუწყო თუმცა რამდენიმე წუთის მერე მიხვდა, რომ ამ ყოველივეს აზრი აღარ ჰქონდა, თავზარდაცემული ფეხზე წამოიჭრა და სიმწრისაგან მთელი ძალით დაიღრიალა, იგი აქეთ-იქით იყურებოდა და მხოლოდ რუსისა და ქართველის გვამებს ხედავდა, მან ამდენ სიმწარეს ვეღარ გაუძლო და გონება დაკარგა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები