ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ყირიმელი
ჟანრი: პროზა
23 დეკემბერი, 2017


გველის გესლი (თავი3)

- გურამ, შენც კარგად იცი, რომ  როცა გიყვარდება კარგავ იმის უნარს, რომ სწორად განჭვრიტო მიმდინარე მოვლენები - სახლის მეორე მხრიდან ახალგაზრდა ქალ- ვაჟების სიცილი მოისმა - ვიცოდი თუ რა იყო სწორი, მაგრამ ჩემს თავში სიყვარულის ორომტრიალის გამო ნათელ გზას  ვერასდროს ვირჩევდი, რადგან მეშინოდა და მიუხედავად იმისა რომ ვაცნობიერებდი ჩემს სისუსტეს, რომ სიყვარული მღუპავდა, მაინც არასწორად ვიქცეოდი. - გურამმა თვალი თვალში გაუყარა გიორგის - ასე ნუ მიყურებ.... ჩემს ქმედებებზე პასუხი მარტივია: ძლიერი კაცი სიყვარულმა გამანადგურა.
    გურამმა ღრმად ამოისუნთა, ფართო ვერანდიდან განათებული თბილისისკენ შეტრიალდა, თითქოს გიორგისათვის რაღაცის გამხელა არ სურდაო და მართლაც ამ აზრის დამადასტურებლად მის დანაოჭებულ სახეზე ერთი წვეთი ცრემლი ჩამოგორდა.
- მართალი ხარ - რამდენიმე წამის შემდეგ გურამმა პასუხი გასცა მეგობარს - მე შენ არასდროს გაგამტყუნებ - თან ლაპარაკობდა, თან გიორგისთან ზურგით იდგა და კვლავ ქალაქს გასცქეროდა - მეტიც, მე შენ დიდ პატივს გცემ. შენ ძლიერი ხარ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენს ვერ შევძლებდით - ორივეს ჩაეღიმა.
- ამ წამს, როდესაც წარსულს ვუყურებ - დაიწყო გიორგიმ - ვხვდები რომ სწორედ სიყვარულის გამო გავხდი ასეთი, რადგან მინდოდა ამ გრძნობას გავქცეოდი და ნუგეში ძალაუფლებაში მეპოვა.  როცა მას წარმოვიდგენ ყოველი შემთხვევის გახსენებისას სუნთქვა მეკვრება და სინანულიის გრძნობა იჭვრება ჩემს შულში. ვიხსენებ წარსულს და ყველა იმ სიტკბოებას, რომელიც მასთან ერთად განვიცადე და მეღიმება, ეს უკანასკნელი კი იდუმალებით არის აღსავსე, რომელიც მაბნევს, რადგან ამ ღიმილში სიხარული, ბედნიერება, სინანული, ბოროტება, ღვარძლი და სიყვარული ჩანს.
ჩვენი შეხვედრის პირველი დღე ახლიდან დაბადებას შემიძლია შევადარო, რადგან მან სრულიად შემცვალა: დავივიწყე ბოროტება, შური, ბოღმა, ცინიზმი, ამპარტავნება, ღალატი, ორპირობა. და მხოლოდ ერთი რამ მინდოდა, რომ მყვარებოდა და ვყვარებოდი.
გავიდა იდუმალი შემოდგომა, გაიარა ზამთარმა, გაიღვიძა ბუნებამ და აი ასე იტრიალა დროის ხაზმა და დადგა დღე, როდესაც ძველ გრძნობებს აზრი აღარ აქვს, თუმცა ისტორია დარჩა.
გურამ ! არ მინდოდა ის უკაცრიელი კუნძული, რომელიც ღვთისგან კურთხეული იყო, რაზეც მეტყველებდა მისი ენით აღუწერელი ბუნება, ბუმბერაზ მთებზე აზვირთული  მწვანე კედრები, მათ შორის მოჩუხჩუხე მდინარეები, იქვე მცხოვრები წყნარი ცხოველები, რომლებიც ბედნიერად და უშფოთველად მიჰყვებოდნენ ცხოვრების უსასრულო არითმეტიკულ თვალს, ემსხვერპლა გამძვინვარებულ ვულკანს და დარჩენილიყო მხოლოდ მოგონება, რომელიც უძლური იქნებოდა უსასრულო ოკეანის წიაღში.
    ამ ლაპარაკში იყო გიორგი გართული, როდესაც გურამმა ჯერ ღვინო მოსვა , შემდეგ კი ორივეს ჭიქა შეავსო და ერთი მათგანი მასპინძელსაც მიაწოდა.
- გიორგი მომწონს შენი წარმოების ღვინო, დარწმუნებულმა შემიძლია ვთქვა რომ საუკეთესოა.
- ერთად ვიზრუნეთ ამაზე - გიორგიმ ცბიერი ღიმილი ესროლა გურამს.
- იცი რას ვფიქრობ? - ჩასუქებულმა პოლიტიკოსმა სწრაფად გადაიტანა თემა და გიორგის თვალებში შეხედა - შენ ძლიერი ხარ ამდენს რომ გაუძელი. მესმის რომ ახალგაზრდობაში შეგიყვარდა, ისიც მესმის რომ მოგატყუეს, გიღალატეს, არარაობად გაქციეს, თუმცა ეს ყოველივე გახდა იმის მიზეზი, რომ შენ ასეთად იქეცი. ქვეყანაზე არსებობს რაღაც ძალა, რაღაც კანონზომიერება, შენ თუ გინდა ამას ღმერთი დაარქვი, რომელიც ადამიანებს ადრე თუ გვიან მიუზღვევს სამაგიეროს და არგუნებს ისეთ ბედს, როგორსაც იმსახურებს.
და შეხედე ვინ იყავი ოცდახუთი წლის წინ და ვინ ხარ დღეს? ხალხს უყვარხარ, პატივს გცემს, გყვას წარმატებული შვილი, კარიერულ წინსვლაში დღესაც გაქვს პოტენციალი, საზოგადოებაში შენი სიტყვა უკვე ნათქვამი გაქვს და დარწმუნებული ვარ კიდე ბევრს იტყვი. სწორედ ამიტომ მოვედი დღეს აქ. - გურამი გაჩერდა, თითქოს რაღაც გაახსენდაო რამაც შეაკრთო, მაგრამ დაბნეულობა მალევე მოიშორა და ახლა უკვე მშვიდი ტონით განაგრძო -  ჩვენ დრო არ გვაქვს  წარსულს მივტიროდეთ, ჩვენ აწმყოს სიტუაციის შედეგად უნდა ვიმოქმედოთ, გესმის ჩემი? ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ყველაფერი ჩვენს თავზე ავიღოთ და შენ ამის გაკეთებაში უნდა დამეხმარო!
    ორივე დადუმდა, ისინი გასცქეროდნენ სიბნელის მორევში გაკაშკაშებულ თბილისს და ორივე მათგანი სიყვარულზე ფიქრობდა იმ სიყვარულზე, რომელმაც ორივეს ცხოვრება შეცვალა.
    გურამს გაახსენდა ბავშვობის წლები, სწავლა-განათლება, პირველი ნაბიჯები პოლიტიკაში, რევოლუცია, 2008წლის ომი, უამრავი მიტინგი, სხვადასხვა გამოსვლები და მთელი ის ჯაფა, რომელიც თავის ქვეყანასა და თავის ქალაქს შესწირა. ხოლო ახლა ხედავდა ღამის წყვდიადში გაცისკროვნებულ თბილისს, რომელიც მას ხელიდან ეცლებოდა. იგი ამ ქალაქში ხედავდა იმ სიყვარულს, რომელიც გიორგის ოცდახუთ წელზე მეტი იყო შიგნიდას ანადგურებდა. გურამიც ხვდებოდა მის გულის ნადებს და ირონიულად ეღიმებოდა, მაგრამ განა ჰქონდა მას საქმე გასაღიმებლად?
    არცერთმა არ იცის რამდენი ხანი გაატარეს ასე ფიქრში, რომ საბოლოოდ გურამმა ის პასუხი მიიღო, რომელზეც ოცნებობდა და გიორგისგან ელოდა:
- ჩვენ ამას გავაკეთებთ, ჩვენი სახელები და საქმეები ისტორიაში დიდი ასოებით ჩაიწერება! - მოკლედ მოუჭრა გიორგიმ, ფეხზე წამოდგა და ვერანდიდან სახლში შევიდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს