ნაწარმოებები



ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პროზა
4 იანვარი, 2018


სიკვდილზე შურისძიება (IV ნაწილი)

იმ დღეს დალის დედის გარდაცვალების გამო ნაღველს მოეცვა ჟენია მასწავლებელი. ბვშვებიც ჩუმად ისხდნენ.
ლილემ დერეფანში გაშვება ითხოვა. უხმოდ დაუქნია თავი მასწავლებელმა.
ფართე, პარკეტდაგებული დერეფნის ფანჯრებთან მვიდა ლილე. დანარჩენ შვიდ ოთახში  ჩვეულებრივ იზუთხავდნენ გაკვეთილებს და ნაცნობი დუდუნ-ზუზუნი იდგა, მაგრამ ლილემ მაინც სიმყუდროვე იგრძნო. გვიანი შემოდგომის საღამოს ცა ვარსკვლავთა სიმრავლით დამძიმებულიყო და ახლოს ჩამოსულიყო ფანჯარასთან.
ლილეს სრულიად ბუნებრივად ეჩვენა, რომ ახლა მის ფიქრებს ვიღაც კითხულობდა მაღლიდან და მისთვის სამომავლო  გზებს სახავდა. იმ ვიღაცას, ის ისტორიაც ახსოვდა ლილემ მშობლების გარდაცვალებისას რომ შეთხრზა: იმ წუთამდე, სანამ ფიცარზე მიწის დაყრის ხმას გაიგონებდა, ლილეს სჯეროდა, რომ გაიღვიძებდნენ მშობლები და ეს გაუგებრობა ბედნიერად დასრულდებოდა. შემდეგ ფიქრობდა, რომ ვიღაც ბოროტმა მისი მშობლები სადმე გამოამწყვდია და მათი ასლ-ფიტულები დაიმარხა საფლავებში.  მას შემდეგ სამი წელი გავიდა. ეს ისტორია რომ რეალური ყოფილიყო მშობლები აქამდე დააღწევდნენ  თავს ტყვეობას.
ახლა სხვა ისტორია აქვს ლილეს: ვიღაც ბოროტებმა მისი მშობლები დაავადების გამომწვევი საწამლავით მოწამლეს. ლილე გაიზრდება, გამოარკვევს ეს ვინ ჩაიდინა და შურს იძიებს. კი, ამას წყალი არ გაუვა!
 
ერთი პატარა ისტორიაც იყო, რამაც ლილე აიძულა ოცნება და რეალობა ერთმანთისგან გაემიჯნა. ეს იქამდე მოხდა, სანამ თამო ზაზასგან მიღებული წერილის ამბავს შეთხრზავდა:
ერთ დღეს თამო გამოუტყდა, რომ ღამ-ღამობით, როცა მთელ ინტერნატს ძილი მოიცავდა ფიჭვების იქეთ "ვერტალიოტი" ჯდებოდა და ინდოეთიდან ჯიმი ჩამოყავდა. თამო ფანჯიდან ხტებოდა და ერთად მიდიოდნენ ქალაქის ცენტრში, სადაც ადამიანის ჭაჭანება არ იყო. ესენი კი გათენებამდე ცეკვავდნენ და მღეროდნენ. ლილეც მოუკითხავს ჯიმის, უთქვამს, რომ მასთანაც უნდოდა მეგობრობა. ეკრანიდან თვალიც ჩაუკრავს მათთვის. ( ლილეს ეს არ შეუნიშნავს.)
იმ ღამით ლილე ფხიზლად იყო. დიდხანს ელოდა სანამ შენობაში ყოველნაირი ჩქამი მიწყდებოდა. რადენიმე კილომეტრში სამხედრო ბაზა იყო განთავსებული ("კაციჭამია" კაპიტალისტებისაგან იცავდა საბჭოეთს) და ვეტმფრენის ხმა ხშირად ისმოდა, მაგრამ ლილემ იცოდა, ჯიმის "ვერტალიოტი" შუაღამისას მოფრინდებოდა.
აი, ეს უსათუოდ იქნება - დაასკვნა, როცა მისი აზრით შუაღამისას გაისმა ვეტმფრენის გუგუნი და გვერდით საწოლზე თამოს დაუწყო ნჯღრევა.
-მოგატყუე, მართლა კი არ მოფრინდება. - ჩაიბუტბუტა თამომ, გადატრიალდა და ძილი განაგრძნო.
არა უშავს! მის გარეშეც წავა ლილე ჯიმისთან შესახვედრად!
ფანჯრის რაფაზე აძვრა და ისკუპა. ტერფები კი ეტკინა, მაგრამ ტკივილი რა მოსატანი იყო. ბზის ბუჩქებს და კამელიების მწკრივს გასცდა და რიკულებიან ცემენტის ღობესთან შეყოვნდა. თან ვეტმფრენის ხმას ყურს უგდებდა. გადაიფრინა და წავიდა. ქუჩა ლამპიონებით იყო განათებული და იშვიათად მანქანები მოძრაობდნენ. ლილემ იფიქრა: მთელი რაიონი იცნობს ბიძაჩემს, ვაითუ გაიგოს, რომ შუაღამით ქუჩაში დავწანწალებ. ცუდ დღეს დამაყრისო. არც ვეტმფრენი აპირებდა ფიჭვების ბოლოს დაჯდომას. ისიც მოაგონდა, რომ ეკრანი კედელზე გაკრული თეთრი ტილო იყო და ნამდვილი ჯიმი იქ ვერ იქნებოდა.
შენობას მეორე მხრიდან შემოუარა. საპირფარეშოს ფანჯარასთად გაუქმებული კიბე ადიოდა და იქედან გადაძვრა შენობაში.

თამო ერთი წლის წინ ასე იპოვნა.
ფეისბუქო, ფეისბუქო, ჯადოსნურო სარკევ, აპოვნინე ლილეს თამო – მისი ბავშვობის მეგობარი. რამდენი თამო ყოფილა ამქვეყნად, იგივე გვარით. აი, თამოების გრძელი ჩამონათვალი: ბევრი ახალგაზრდაა, თინეიჯერი – კიდევ უფრო მეტი. ორმოცს ზემოთაც არიან. ის – ლილეს თამო არსად ჩანს.
ფეისბუქო, ფეისბუქო, აპოვნინე... ეს არის? ეს სიმსუქნეშეპარული, მოტეხილი ქალი? აბა ფოტო გაადიდე, რომ კარგად დააკვირდეს. ნამდვილად ეს არის, თვალების ირგვლივ წვრილი ნაოჭები რომ შემოჯარვია?... კი, ეს არის. აბა შენ რა გეგონა? თერთმეტი წლისად დარჩებოდა? მიიხედე უკან, კედელზე ჩამოკიდებულ სარკიდან მომზირალი ქალი შეათვალიერე. თერთმეტი წლისას ჰგავს? რა უმოწყალოა დრო! ფეისბუქო, უამბე ლილეს, როგორი გამოცხვა თამოს უმამო ბავშვობაში ჩაკრული კვერი. უამბე დაწვრილებით, როგორ განვითარდა მისი მომავლის ზღაპარი, რომელსაც იქ, ინტერნატის საძინებელში უყვებოდა თერთმეტ გოგონას.
მერე ნელ-ნელა ლხვება ნაოჭები ფოტოზე, ზედმეტი წონაც სადღაც ქრება. თვალები, სევდის ბურუსში გახვეული, ოცნებანაბუდარი თვალები ბავშვობისდროინდელ იერს იბრუნებენ და ნელ-ნელა ძველი თამო გადაჰყავთ ლილეს ცნობიერებაში.
რამდენიმე ვრცელ წერილში შეავსეს უერთმანეთოდ ჩავლილი წლები.

“ლილე, ჩემო ლილე, როგორ გამახარე! შენზე ხშირად ვფიქრობდი.  მწერ, რომ შეიცვალე, რომ ამოწურე სხვისი ჭირის გათავისების ლიმიტი. არ მჯერა. სხვანაირი ვერ წარმომიდგენიხარ.
იცი, რას ვიხსენებ ხშირად?  იქნებ აღარც გახსოვდეს ეს ისტორია: ერთხელ, (მგონი მეხუთეში ვიყავით მაშინ) მოვიგონე, თითქოს უფროსკლასელმა ზაზამ სასიყვარულო წერილი გამომიგზავნა. მთელ სკოლას მოედო ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფი. ზაზას ყურამდეც მიაღწია ჭორმა და ერთერთ დიდ დასვენებაზე “პაემანი” დამინიშნა. მეგონა, რომ ჩემი ფანტაზიის გაცხადების დრო დადგა, მაგრამ ის “პაემანზე” ნახევარ კლასთან ერთად მოვიდა. თქვენც - ჩემი გოგოებიც მოგვიახლოვდით და ორი კლასი აღმოვჩნდით ერთმანეთის პირისპირ. ძალიან ვღელავდი. თავს უხერხულად ვგრძნობდი საჯაროდ სიყვარულის გამოცხადების მოლოდინში. ის კი უცებ მკაცრი ტონით ალაპარაკდა: “ საიდან მოიტანე, რომ მიყვარდი. მთელ სკოლაში რატომ ავრცელებ ტყუილებსო.” ავკანკალდი, საკუთარი კბილების რაწკუნი მესმოდა. ხმის ამოღება არ შემეძლო, ის კი ჩამციებოდა, საიდან მოიტანე, საიდანო. (თავისი კლასელი ყვარებია, თურმე), თან ხელებს ცხვირწინ მიტრიალებდა. ირგვლივ ოცამდე ბავშვი სეირს უყურებდა. უცებ შენ წინ გადამიდექი და ამ ჭორის გავრცელება დაიბრალე.
ეს იგივე იყო, ჩემთვის განკუთვნილ ტყვიას რომ გადაფარებოდი.
ეს გვიან გავაცნობიერე. მას მერე, რაც დაგკარგე, რაც სულელური, ბავშვური “პრინციპები” გამჯობინე. აღარც კი მახსოვს რისთვის ვიჩხუბეთ. მახსოვს, რომ ერთმანეთს საშინელი სიტყვები ვუთხარით და თმებშიც ვწვდით. მერე, დიდხანს გაბუტულები ვიყავით. შენ, ერთხელ დააპირე შემრიგებოდი. მე ზურგი გაქციე. მაშინ ვამაყობდი ჩემი პრინციპულობით. ვთვლიდი, რომ გავიმარჯვე შენზე. რა ვიცოდი, თუ სხვა სკოლაში გადადიოდი. მას მერე დანაშაულის გრძნობით ვიცხოვრე. 

მოკლედ გიამბობ ჩემზე: იყო ჩემს ცხოვრებაში დიდი და ყოვლისმომცველი სიყვარული,
ასეთი სიყვარული მხოლოდ ობლებს შეგვიძლია. ყველა გრძნობას, რაც  ცხოვრებისგან წაგვერთვა, ერთ ადამიანში ვუყრით  თავს.მან კი მიმატოვა. ხუთი წლის გმყავდა მაშინ ირმა.
შვილის მიტოვება და საბერძნეთში სამუშაოდ წასვლა მომიხდა.
ირმა უჩემოდ გაიზარდა, ჩემს ძმასთან. უჩემოდ ჩატარდა მისი ზეიმები ბაღში; ჩემი მოოხების გარეშე ჩაიარეს მისმა ბატონებმა; უჩემოდ შედგა პირველი მასწავლებლის გაცნობა; უჩემოდ მოემზადა ბანკეტისთვის; უჩემოდ გადაიტანა პირველი სიყვარულის ელდა; უჩემოდ დაატყდა პირველი იმედგაცრუების წუთები. ყველაფერი - უჩემოდ.
  ახლა მესამე დავრდომილ მოხუცს ვუვლი. ჩემი შვილი მარტოხელა დედაა, შვილიშვილს სკაიპით ვიცნობ. ყველსფერს შევეგუე, ყვლაფერს, მაგრამ ხანდახან საშინელ სულიერ დაღლილობას ვგრძნობ.
გახსოვს რა შხირად გვეუბნებოდა ჟენია მასწავლებელი, თქვენი კვერი ყველაზე გემრიელი გამოცხვებაო?
ტყუილი ყოფილა! 


-რა არის, ლილე, ისევ ჯიმის ისტორიას იხსენებ? - ოთახში ზურა შევიდა და ცოლს სავარძლის სახელურზე ჩამოუჯდა. - თთითქმის ორი საათია ეგ მელოდია ისმის. გელოდები, ხვალინდელზე მინდა მოგელაპარაკო.
- რა ხვალინდელზე?- ცდილობდა დაფანტული გონება მოეკრიბა და გაეხსენება, რას გეგმავდნენ ხვალისთვის.
- მინდა მეც გამოგყვე ექიმთან. შესვენებისთვის ჩაეწერე და კლინიკის შესასვლელთან შევხვდეთ.
- ოჰ, კარგი რა ზურა, შენი გაყოლა საჭირო არაა... შენ რა, გეშინია? ფიქრობ რაიმე საშინელება მჭირს? - გაიცინა და მხარზე მიეყრდნო. - მაგის იმედი ნუ გექნება, შენზე ადრე არაფერი მომივა. 
წინასწარ რატომ უნდა ანევრიულოს?! თუ რამეა, მერე ნელ-ნელა შეაპარებს.
კომპიუტერი გამორთო და აწმყოს დაუბრუნდა.

ვინ იცის, იქნებ ცუდის  ნიშნად მოეძალა ბავშვობის მოგონებები. მადლობა ღმერთს - შვილები დიდები არიან. ოთხივე გზაზე ჰყავს დაყენებული. რა შედარებაა. თვითონ რვა წლის იყო როცა დაობლდა. ნათლად არც კი ახსოვს მშობლების სახეები...  თეკლა ოცდაოთხისაა, კარგი სამსახური აქვს, მოსიყვარულე ქმარი ჰყავს, უდედობას გაუადვილებს. ლალიც ამთავრებს წელს. სანამ ლილეს რაიმე მოუვა, იქნებ მაგისტრატურაც დაამთავროს. ტყუპები - ერეკლე და ბექა უფრო ებრალება. სწავლაზე გული არ აიცრუონ. ერთი წელი მაინც ხომ იცოცხლებს?! მერე სუდენტები იქნებიან... დიდები არიან. ოთხნი არიან. ერთმანეთს გადაატანინებენ...
რა წინდაწინ იხეთქავს გულს, იქნება და სულაც განკურნებადი დაავადებაა, როგორც, ამ ოთხი წლის წინ. მაშინაც ეგონა, ცუდი რამ სჭირდა მუცლის ღრუში, მაგრამ პოლიკისტოზი ადვილად დაამარცხა.

ახალგაზრდა, გრძელ-ქერათმიანი ექიმი მდუმარედ  და აუღელვებლად დაასრიალებს მის მუცელზე მაუსის მაგვარ მოწყობილობას." მშვიდად იქნება, აბა რა, მაგათთვის ერთი მერამდინიღაცე პაციენტი ვიქნები". - ფიქრობს და შეკითხვას ვერ ბედავს, ეკრანს თვალს არ აშორებს. იქნებ გაარჩიოს რას ნიშნავს ეს შავი ლაქები. გარეთ ჰოლში ზურა ზის და დამფრთხალი ელოდება პასუხს,
თითქოს ჯიბრზე, ექიმი ხმას არ იღებს. ხან იქეთ, ხან აქეთ, გულდაგულ ასრიალებს "მაუსს". რამდენი ხანი გავიდა ასე, საათი? ორი საათი? იქნებ ორი წუთი? დროის შეგრძნება დაკარგა ლილემ.
- ქალბატონო ლილე, რამდენი შვილი გყავთ? - ეკითხება და თან ანიშნებს ადექიო.
- ოთხი
- გოგონები? ბიჭები? და რა ასაკისანი არიან?
"აინტერესებს, რამხელები რჩებიან ობლად."
- გოგონები - ოცდაოთხის და ოცდაორის. ბიჭები - ჩვიდმეტის, ტყუპები.
-ჰოდა გილოცავთ! ექვს თვეში კიდევ ტყუპი გოგონები შეგეძინებათ. ორსულობა კარგად მიმდინარეობს
ლილე სახტადაა.
-რას ამბობთ ექიმო? შეუძლებელია. რაღა დროს ჩემი შვილია, მალე ბებია გავხდები...
უცებ გაჩუმდა.  გაახსენდა გუშინდელი ავის მოლოდინი. "ადამიანის უმადურობას საზღვარი არა აქვს"- გაიფიქრა და სიხარულით თრთოლვაატანილი გავიდა ექიმის კბინეტიდან.

დასასრული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები