ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ამირან ჯანჯღავა
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2018


რა შუაშია, მაგრამ მაინც ...



(ციკლიდან:წერა რომ არ დამავიწყდეს)

ჩვენ ვემსგავსებით შენობებს,
გვემსგავსებიან ისინიც,
კედელს აშორებ შენ ობებს
მერე კი ერთად იცინით
შენ და კედლები და ობებს
ეწყებათ ელეთ-მელეთი
ვფიქრობ რომ ყველგან დაობენ
ცაა, ზღვაა თუ ხმელეთი
- დრო ქმნის ობებს, თუ ობები
კედლებზე დროებს ლამბავენ?!
დრო პირმშო, კაცთა ომების,
შვილი ამ ავი ამბავის.
შენ კი აშორებ ამ ობებს
კედლებს და უცვლი თარიღებს
დროზე იმასაც ამბობენ,
საკუთარ თავზე არ იღებს
ბრალდებებს, რომ ვერ შევძელით
ფიქრებზე ფრთების გამობმა
დაგვაქვს სხეულით ჩვენ ძველი
კადრები, გაღმა, გამოღმა
ქალაქის, სადაც შენობებს
ვგავართ წვიმისგან დაუცველს
დგახარ და კედლებს, შენ ობებს
აშორებ, აშრობ და უცვლი
თარიღებს, დღეებს, ალიბებს
რომ აქ დრო თითებს იზრდიდა
ჩვენთვის შეექმნა ყალიბი
რომელშიც სითბო, ის რიდი
სულიდან უნდა ჩაგვესხხა
ამოგვეზარდა სახლები
შენ იქნებოდი, ის თუ სხვა
გამოგვეზარდა ახლებად
რომ დრო კი არ ქმნის ამ ობებს
ობები დროებს ლამბავენ
კედლებზე, სადაც თაობებს
ჩვენ წაგვაკითხეს ამბავი
რომელიც უკვე წაშალეს
და კედლებიდან აიღეს
დგას დედა ისევ თავშალით
თვალებში მალავს თარიღებს ...

ა.ჯ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები