ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ელემენტარული ნაწილაკები
ჟანრი: პროზა
7 იანვარი, 2018


ერთხელ არავინ იბადება

         მან შეძლო დაეძლია თავისი განცდები,უარეყო სურვილები და გამხდარიყო „თავისუფალი“,სულიერად თავისუფალი,ძლიერი,სრულყოფილი.
         განცდებისა და გრძნობების აღკვეთა დამოკიდებულია ჩვენი ცოდნის სიძლიერეზე.სული განცდების მონა მაშინაა, როცა უმეცარია.ყოველივე ამის გააზრებით,ჩვენ ვეფლობით უსასრულობაში,რომელსაც ცნობიერების სიმაღლე ქვია.ეს, შესაძლოა იყოს ჭაობი ან უსასრულობა,ნეტარება.არასწორად მიმართული ცოდნა დამანგრეველია,რადგან იგი იკვებება სოციუმით.სოციუმისგან კი დადებით ენერგიას ყოველთვის ვერ მიიღებ.ამიტომ ცოდნა რელიგიურ-ფილოსოფიური უნდა იყოს და მხოლოდ საკუთარ თავში მოხდეს მისი გააზრება.პასუხი ჩვენს ქვეცნობიერშია.საზოგადოების ჩართულობა კი ზედმეტად ამბიციურს ხდის ადამიანს ცოდნის მიმართ და მისი მოტივი არამარტო რაიმეს შეცნობა,არამედ სხვისთვის გაზიარება,წარმოჩენაა.საგნის თავისებურების შეცნობით ჩვენ სხვასაც სრულყოფილად მივწვდებით.ცნობიერება იმატებს გზადაგზა.ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ,უნდა შევისწავლოთ საგნის სუბსტანციური არსი,შემთხვევითი და არსებითი მხარეები.ყველა პასუხი ადამიანშია.

         უკვე ოთხი წელი გავიდა,რაც იქ აღარ შეუძლიათ მისვლა.ის მათ აღარ ეკუთვნით.სახლი,სადაც ყველაზე მტანჯველი და დაუვიწყარი დღეები გაატარეს,მათი აღარ არის.დედა ავტოკატასტროფაში დაეღუპათ.ოჯახის ყველაზე პატარა წევრი ოთხი წლის იყო.რთული დროება დაუდგათ,სულიერ სიდუხჭირეს,მატერიალურიც დააწვა თავს.ერთ დროს, ოჯახის წევრებით და სტუმრებით სავსე სახლს, ნელ-ნელა შემოეცალა ადამიანი,ძაღლი,კატა,ყვავილები.ყველა დღე ერთმანეთს ჰგავდა,მაგრამ ეს იყო მათი სევდა და არ უნდა გაეზიარებინათ სხვისთვის.
          ხუთი წლის შემდეგ  ოჯახს შემოემატა ახალი  წევრი, ტკბილი სევდა იქცა კოშმარად,მეზობლები კი დაამშვიდა,ისინიც ხომ დარდობდნენ.სამი ქალიშვილი, მოხუცი ბებია და გაუბედურებული მამა.შვილების მომავალი ცხოვრება დამოკიდებული გახდა ახალგაზრდა ქალზე,რომელიც სულ ახლახანს იხილეს პირველად. მღელვარებისა და დაძაბულობის კვანძი ნელ-ნელა იკვრებოდა.მოწყენილობა ოჯახის მეგობარი გახდა.ყველა თავისი თავით დაკავდა,თავდაცვა გახდა საჭირო.ნივთმა, რომელსაც წლების განმავლობაში უყურებდნენ,ფერი და არსი იცვალა,შესამჩნევიც გახდა,შეგრძნებები გაძლიერდა.გაძლიერდა უხასიათობა და მიჯაჭვულობა.შესაძლებელი იყო თავდავიწყებით შეყვარება,ფანატიზმი.იმიტომ რომ ტანჯვაში ცხოვრობდნენ და ეს, თითოეულ, სასიამოვნო წამს, ბედნიერების ელფერს სძენდა.
          ბევრი შეცდომა და მარცხი იწვნია ოჯახმა.თითქოს არ იკმარა განგებამ და ყოველ წელს გრძელდებოდა და იქმნებოდა მღელვარების ახალი ტალღა.ქალი, რომლის ირგვლივ დიდი ენერგია ტრიალებდა,ანგრევდა ყველაფერს.ნელ-ნელა განადგურდა ყველა სულიერი თუ უსულო.მხოლოდ ფული და ცუდი საქმეები მეფობდა.კიდევ კარგი ამ ფულს ოჯახისთვის არ ეცალა.ის დიდებული ქალი იყო, ხელგაშლილი,სხვისთვის თავდადებული,სულს გაყიდდა ოღონდ კარგად ყოფილიყო.სიყვარულს,სითბოსა და ზრუნვას მოკლებული ბავშვებისთვის კი,რომელთაც დედა და ბავშვობა წაართვეს,სასჯელი იყო,დიდი სასჯელი რომელმაც მიწასთან გაასწორა ოჯახი.არ უყვარდათ,არ შეეძლოთ,ვერაფერს იზამ.
            შეიქმნა სამყარო,სადაც უსმენდა მუსიკას და კითხულობდა  წიგნებს.ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა უთხრა,შენი აზროვნება ძალიან ფართეა,შენ შეგიძლია დაინახო ის რასაც თვალი ვერ შეწვდებაო.რომ არა ასეთი ბავშვობა,ვინ იქნებოდა? მითუმეტეს,როცა გენეტიკა ხელს არ უწყობდა. მიზნები,აზრები და ხედვა რატომ არის ასეთი?რამ იქონია ამხელა გავლენა?ადამიანს ვერ ვიხსენებ,მხოლოდ გარემოება,ცუდი და მტანჯველი.
          ვან გოგი ამბობდა:  “ამათ ჰგონიათ, რომ ხატვამ გამაგიჟა. შეიძლება ასეცაა, რადგან მხატვარი იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთაც მეტისმეტად შთანთქავს თვალით დანახული.” საინტერესოა,გიჟი იყო და ამიტომ ხატავდა,თუ ხატვამ გააგიჟა? იქნებ ასეთი შედევრები ვერც შეექმნა სიდუხჭირეში რომ არ ეცხოვრა.
            ჩვენს პატარა ოჯახის წევრს ხატვის არაფერი გაეგებოდა მაგრამ საგნის სუბსტანციურ არსს მშვენივრად ხედავდა.ხელოვნება,რელიგია და ფილოსოფია ძალიან გავს ერთმანეთს თავისი არსით.სამივე ადამიანის და სამყაროს შეცნობას ემსახურება.მისი ხელოვნება -  მუსიკა,კითხვა და წერა იყო,რელიგიას თავისი ადგილი ჰქონდა,ფილოსოფია კი იზიდავდა, მაგრამ არაფერი გაეგებოდა.ალბათ ვერავინ შექმნის ღირებულს ტანჯვისა და მოწყენილობის გარეშე.ესეც მარტოობის კიდევ ერთი პრივილეგია.მინიშნება იმისა, რომ მხოლოდ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ პასუხები.
            ფსიქოლოგი ეძებს მიზეზებს ადამიანის ქვეცნობიერში,კითხვებით მიჰყავს ის იმ პრობლემამდე,რომელიც ქვეცნობიერის სიღრმეშია ჩამალული,შიგნიდან ღრღნის და იწვევს არამარტო პაციენტის,არამეც  გარშემომყოფებთა წუხილს.ამ კვანძის გახსნა შვებას გვრის პაციენტს.ამიტომაც ეჭვი არ ეპარებოდა ადამიანის მოწოდების სისწორეში.
          უბრალო რამეების გახსენებას ცდილობდა,ნაკუწ-ნაკუწ კრებდა მოგონებებს,რომლებიც უმალ,დაკვირვებასაც ვერ ასწრებდა,უჩინარდებოდა.ხედავდა მეტად მგრძნობიარე მომენტებს,როცა მიდიოდა,ეფერებოდა თუ უწყრებოდა დედა.მაგრამ ყველაზე კარგად ახსოვდა დღე,როდესაც დაიტირეს.ალბათ ტკიოდა მაგრამ ამას მაშინ ვერ ხვდებოდა.რთული ბავშვი იყო,ამ სირთულის მიღმა მარტოობა იდგა.სურვილები თუ მისწრაფებები,უთავბოლო აზრები,ჩამოუყალიბებელი ბუნება,სუსტი,უნებისყოფო ხასიათი,რომელიც აფორიაქებს ადამიანს და ცხოვრების საშუალებას არ აძლევს,წარსულის აჩრდილია.მიუხედავად სიმძიმისა,მაინც ეძებდა კავშირებს,რაიმე ნივთის დანახვისას,ან სუნის შეგრძნებისას,თავს ვერ ერეოდა და გადაეშვებოდა წარსულის მოგონებებში,რომელიც ეკლიანი ჯოხივით ეჩხირებოდა ყელში.შეგრძნებები - ეს არის ადამიანური ბუნების უკვდავი მხარე.ის, რაც უნდა დარჩეს სიკვდილის შემდეგ.
          პასუხი ყველაფერს უნდა გაეცეს,მაგრამ ეს ადვილი როდია.შესაძლოა ბევრ რამეს მივხვდეთ,მაგრამ ეს პასუხი არ იყოს.ყოველი მსჯელობა შეფარდებითია და გამოხატავს რომელიღაც კერძო მხარეს.არცერთ ხედვას არ შეუძლია გამოხატოს რეალური სინამდვილის ყველა მხარე,ის იქნება აუცილებლად სუბიექტური მხარე,ამიტომაც არის შეუთავსებლობა და კამათი ადამიანებს შორის მსჯელობისას.თუმცა,მსჯელობა ყოველთვის ბადებს ახალ აზრს.და აზრი,რომელიც მყარია,საპირისპირო მხარის მიმართულებით გამიზნულად ხვდება ქვეცნობიერის კედლებს და შიგნით აღწევს.ამას შემდგომში გააზრება ქვია.ალტრუისტული ვერ იქნება ცოდნა,ის ყოველთვის რაღაც მიზანს იძენს,ამიტომ მარტოობა,მოწყენილობა,ტანჯვა და შემეცნება,ჩვენი კი არა,სხვისიც არის და იქაც სოციუმის ნაწილი ვხდებით.
         მას უყვარდა სახლი,რომელიც შემდეგში, ხავსიან გამოქვაბულად იქცა.მზე კარგად უდგებოდა ეზოს,მანამ, სანამ არ დაადგეს კიდევ ერთი სართული და არ დაიჩრდილა ყველაფერი.სიცივემ დაისადგურა,გათბობა შეუძლებელი გახდა,ქარი უბერავდა იმ მიმართულებით, სადაც ღუმელი იდგა და კვამლს უკან აბრუნებდა,თითქოს რაღაც ცოდვის სუნი ტრიალებდა.ვერ პატიობდა სახლი დედის დაღუპვას.იქნებ რაღაც უჭირდა,ვინ იცის.იქნებ მასაც ციოდა სულში.სხვის გულებს კი ათბობდა,მისას კი ვერა.იქნებ სიკვდილს ნატრობდა,სადღაც გადაკარგვას და ისე ინატრა, რომ ღმერთმაც გაუგონა.
          კარგი ამბებიც ახსოვდა.ბავშვობის მეგობარი,რომელიც მიუხედავად იმისა რომ მოშორებით ცხოვრობდა,არ ტოვებდა და მისი გამოჩენა ყოველ ჯერზე ბედნიერებას გვრიდა.
          წლები გადიოდა,ნელ - ნელა უჭირდა გულწრფელად ემოციის გამოხატვა. ალბათ სასაცილო რამეზე თუ გაიცინებდა.გაუფასურდა გრძნობები,ძალიან მძაფრად რეაგირებდა უსამართლობაზე,ალბათ საკუთარ თავთან აიგივებდა.უნდოდა ყველას დახმარებოდა.დრომ თავისი გაიტანა და უსამართლობის ეტაპი დასრულდა,მაგრამ ის ისევ წარსულის გააზრებით ცდილობს ცხოვრებას.იმ ყველაფრის გარეშე როგორ?განსხვავება დღევანდელობასთან შედარებით არის ის რომ მაშინ იყო დიდი დაძაბულობა,ახლა არის დიდი სიმშვიდე.როგორ დააღწია ამ ყველაფერს რომ ვიცოდე, აუცილებლად ვიტყოდი,მაგრამ არ ვიცი,ალბათ ისევ შემთხევითობის მსხვერპლია მისი გონება.შემთხვევითობა ნიშნავს გამოჩენას და ჩაქრობას,ის კი ჩაქრა და სატანჯველად სიმშვიდე მოევლინა.როგორც იტყვიან, სულიერ სიხარბეს ვერაფერი დაუდგება წინ.
          გრძელდება მოგზაურობა,ცხოვრებისეული ვალდებულების მიუხედავად,მან მოიპოვა უფლება საკუთარ თავზე - ის არის თავისუფალი ადამიანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები