ნაწარმოებები


ურაკპარაკი 10 წლისაა.     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, თემაში “ურაკპარაკი 10 წლისაა“ http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1470&st=0     * * *    

ავტორი: მერიენ
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2018


არ ნებდებიან პლანეტები პლატონურ გრძნობებს,
არ სცილდებიან პლანეტები ვიწრო ორბიტას,
შენ შეგიძლია შავი ხვრელის წინაშე ძრწოდე,
მე კი შენამდე გალაქტიკას მუჭით მოვიტან.

არ აცვდებიან დედამიწის კიდენი იმ ღერძს,
რომლის გარშემოც ვტრიალებთ და ვჩერდებით ხოლმე,
მთელი სხეული იმ ღერძივით ბრუნვაში ვიღრძე,
მაგრამ მივდივარ ოდნავ მაინც, სადაც მიხმობენ.

წლები ქოქოსის მერქანივით უტეხნი, მძლავრნი,
მიდიან მტკიცე ნაბიჯებით, მერყევი გზებით,
მიდიან მკაცრად გარინდული უქრობი ძრავით,
მიდიან ყველგან, არსაით და სულ ოდნავ ზევით.

მაინც მიწიდან ზეცისაკენ აშვერილ კიჩოს,
იჭმუხნის სახის ნაკვთებივით დაღლილი მიწა,
ჩემი ტერფებით გაცვეთილი ფეხსაცმლის ლანჩი,
ივლის ხმაურით, დამაშვრალთა ძვლების ლიწინად.

მე უნდა ვძრწოდე ატმოსფეროს მომაკვდავ გარსში,
ყველა სიზმარში მიმიზიდოს მკრთალმა სიკვდილმა,
მე კაბად უნდა დედამიწის მეცვას ავდარი
და სიყვარულმა უფრო მყარად ტანზე მიმიკრას.

მეტყვის ჩურჩულით პოეზიის სულ ბოლო წვეთი,
შრატი, წამლად და საწამლავად, რჩევად დასტაქრის,:
''ბოლოს არავინ ჩაგიფიქრებს ციდან მოწყვეტილს,
ზეცაც კი კვდომის სილამაზეს სწრაფად წაგაცლის."

ჩემთვის არ არის მოკვდავების არცერთი ცრემლი,
არც პოლარული ღამეების თეთრი სიზმრები,
მე დედამიწას ვიწრო ზომის კედივით ვცრეცდი
და კოშმარებსაც მივეჩვიე, უშვერი ზმნებით -

ვამკობდი დილით დავიწყებულ საშიშ პასაჟებს,
წყალს ვუყვებოდი გამოყოლილ შიშთა შესახებ,
ვთხოვდი შენს მოსვლას რადგან წყევლის მსგავსად დამსაჯეს,
"ერთხელ მძინარე შთამაგონე, ხელი შემახე".

მთელ გალაქტიკას დაგიცურებ მუხლებზე მკლავზე,
ოღონდ ამ ერთხელ დამიხსენი, ჩემს ბნელ საკანში
ის დემონები ჯოჯოხეთის ცეცხლზე ცეკვავენ,
შენამდე ჩემი სიყვარულით, რასაც ვაკავებ.

ვიცი ოდესმე გავუყვები დუნე მდინარეს,
ცაზე იცურებს კალმახივით ნამგალა მთვარე,
ვიცი, რომ მაშინ ყველა სიტყვას დავაბინავებ,
თუ დღეს ვერაფრით, ეს ლექსები ვერ დავამთავრე.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები