ნაწარმოებები



ავტორი: ქეთიკა
ჟანრი: პროზა
9 იანვარი, 2018


მზის ჩასვლა 16

    უცნაურია ეს ცხოვრება, გგონია დასრულდა და ისევ თავიდან იწყებ. მაშინ როცა ჩაქნეული გაქვს ხელი და შეეგუები შედეგს, ახალი შესაძლებლობები აღმოცენდება. გამოდის როცა დავნებდებით მაშინ ვიმარჯვებთ, ან იქნებ არასწორად ვიბრძვით და თავიდავე დანებებაა საჭირო. ძნელია განსაზღვრა, მოვიქეცით კი სწორად?! ვერასდროს გავიგებთ სხვა არჩევანი რომ გაგვეკეთებინა რა მოყვებოდა მას, რა შედეგს მივიღებდით და იქნებოდა თუ არა უკეთესი?! მართლაც თამაში ყოფილა ყოველდღიურობა.
    50 წლის რომ გავხდი, ვიგრძენი როგორ დასრულდა ჩემი ცხოვრება. სიცოცხლის ციკლის სხვა ეტაპზე გადავედი და მივხვდი, უკვე ბევრი რამ აღარ იყო „ჩემი საქმე“. ჩაცმის სტილიც შევიცვალე და საქციელიც უფრო მეტად მოზომილი ჩამოვიყალიბე. პირველი ორი წელი უფრო გამიჭირდა.
    ახალგაზრდობიდან გამოსვლა და ხანდაზმულად გარდაქმნა არც იმდენად ადვილი გამოდგა, როგორც ველოდი. მოგონებები ახალგაზრდობაზე და სინანული იმაზე რა მალე გავიდა დრო. თან ერთვოდა დანაკლისი გრძნობა, თუ რამდენი რამის გაკეთება ვერ მოვასწარი. 50 წლის ასაკში დამთავრდა რაღაც ძალიან მნიშვნელობანი, რომლის შემდეგაც სხვა, ახალი ცხოვრება უნდა დაწყებულიყო, მაგრამ არ დაიწყო. ვეცადე ჩარევა და შედეგად გამოვიდა რომ ბევრი წელი ამაოდ გავფლანგე. პაუზა რომელიც იმ პერიოდის განმავლობაში მქონდა ალბათ სიცოცხლის ბოლომდე გამიგრძელდებოდა ან სადღაც 65 წლის ასაკში მივხვდებოდი რომ ხანდაზმული ვიყავი, პენსიაზე გავიდოდი და როგორც უუნარო მოხუცებული გავაგრძელებდი ცხოვრებას.
    ურეკიდან მომავალს ძალიან დიდი დრო მქონდა საფიქრალად. ვხვდებოდი როგორ დავკარგე წლები ახალგაზრდობასთან გამომშვიდობებასა თუ მის შენარჩუნებასთან ფაფხურით და ვნანობდი. ბევრი ადამიანი მიიჩნევს რომ 55-60 ეს ის წლებია როცა ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაზე აღარც უნდა ვიფიქროთ. როცა უკვე ბევრი რამ „რაღა დროსია“ ჩვენს ცხოვრებაში. სამწუხაროდ მეც ერთ-ერთი  მათგანი ვიყავი საბოლოოდ კი საკუთარი ცხოვრების უზარმაზარი პერიოდი ამოვჭერი მაშინ როცა შემეძლო უკეთესად მეცხოვრა.
    თავდაჯერება რომელიც ბოლო დღეებმა შემძინა საკმარისი აღმოჩნდა იმ ძალების მოსაკრებად, რომელიც დამარწმუნებდა რომ ჯერ ყველაფერი წინ იყო და კიდევ შეიძლებოდა ვყოფილიყავი ბედნიერი და მეკეთებინა ყველაფერი ისე როგორც მინდებოდა.
ვიღიმოდი და ვიყავი ბედნიერი: მომავლით, იმედებით და იდეებით.
    სადგურზე მეუღლე დამხვდა. გულწრფელად გამიხარდა მისი დანახვა. მონატრებაც კი ვიგრძენო რომ დავინახე. თითქოს სხვა თვალებით ვიყურებოდი და სხვა გონებით ვაზროვნებდი. ყველაფერი მომწონდა და მსიამოვნებდა. მგზავრობით დაღლილი მაინც გასამგზავრებელ სამზადისს შევუდექი. თბილი ტანსაცმელი და საჭირო ნივთები ჩავალაგე. პირველი შემთხვევა იყო წიგნების წაღება რომ არ მოვიწადინე. გულმა მიგრძნო ასე და ავყევი გულის თქმას.
მეორე დილას გავუყევით გზას რაჭისკენ. ბადრიმ ალბათ იფიქრა დაღლილს დასვენება მჭირდებოდა და ამიტომ ადრიანად არ გამაღვიძა. ძალიან მესიამოვნა მისი ეს საქციელი. რადგან მისგან ზრუნვა და ყურადღება ვიგრძენი.
    თავიდანვე კარგად დაიწყო ყველაფერი. გზა დიდი გვქონდა და ათას რამეზე მოვასწარით საუბარი. მიხაროდა, ბოლოს როდის ვისაუბრეთ ასე აღარც მახსოვდა. სისწრაფის მოყვარულ ბადრის, სიჩქარისთვის არ მოუმატია. ნელა და თანაბრად მივუყვებოდით გზას. ხშირად იცინოდა და ჩემსკენ იყურებოდა. მოვენატრე ალბათ და იმიტომ იქცევა ასეთქო ვფიქრობდი. ან შეიძლება სიამოვნებდა მასთან ერთად რომ მივდიოდი. მეც მიხაროდა მას რომ კმაყოფილს ვხედავდი. საინტერესო იყო, რომელი ჩვენგანი ვერ დაიტევდა ამ სიხარულს და პირველი იტყოდა. ვაკვირდებოდი და ველოდი.
- ლალი, მგონი ჩვენს გოგოს ვიღაც ჰყავს.
- ვინ ვიღაც.
- მეგობარი ბიჭი.
- რას ამბობ, რა შეატყვე?
- ერთხელ ყვავილები მოიტანა. მერე დავაკვირდი და ყოველ საღამოს ტელეფონით ესაუბრებოდა ვიღაცას. თავის ოთახში იყო, მაგრამ ახლოს რომ ჩავიარე გავიგონე. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ბოლო დროს სულ კარგ ხასიათზეა.
- ეგ თუ მართალია, არ ვიცი რა ვთქვა.
- არც მე. მთავარია იმ ვიგინდარას არ დაუბრუნდეს.
- რა იცი რომ ის არაა?
- არ იქნება. ჩვენი შვილი ჭკვიანი გოგოა, რაც მაგან იტანჯა, არ მგონია აპატიოს. ბავშვს მამამისი როცა აკითხავს მე ჩამყავს ეზოში და ვახვედრებ. ასე რომ გამორიცხულია.
- იქნებ კარგი ბიჭი იყოს. მასაც ხომ უნდა ოჯახი და ბედნიერება. სულ ხომ არ ვეყოლებით.
- წინასწარ ძნელია თქმა. მე ის მომწონს სახლში რომ ბრუნდება როგორი გაბრწყინებული სახე აქვს.
- სიყვარული ცვლის ადამიანს. ქალისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს როცა გრძნობს რომ ძვირფასი და სასურველია. - ბადრიმ ისეთი თვალებით გამომხედა ვიგრძენი ბევრი რამის თქმა უნდოდა, მაგრამ მათ შორის ვერც ერთი ვერ გამოარჩია და გაჩუმება ამჯობინა. თითქოს მზერაში ის ნათელი სხივი ჩაუქრა, რომელიც წამის წინ ჰქონდა.
- რა იყო? - ვკითხე.
- არაფერი.
- მაინც.
- არაფერი. ახალგაზრდობა გამახსენდა. - გამეცინა.
- არც ეხლა ხარ ბებერი ბადრი.
- მაშინ სულ სხვა ხიბლი ჰქონდა ცხოვრებას.
- ახლა სხვა ხილი აქვს. მერე რა?
- რამდენი სისულელე მაქვს შენი გულისთვის გაკეთებული ვინ მოთვლის. ეხ! გავედით დამკაში.
- რა ბებერი კაცივით ლაპარაკობ. რა მოგივიდა? - ვეცადე ხუმრობაში გადამეტანა მისი საუბარი.
- რაც არ უნდა ვიწვალოდ, დრო მაინც თავისას შვება. აი, შოთა სულ წნევის საზომ აპარატზეა მიერთებული. გოგიასაც პრობლემები აქვს. ახლა კიდევ ცოლი ჰყავს ცუდად, როგორ გაუძლებს არ ვიცი.
- ნუ გეშინია ბადრი. მედიკოც გამოძვრება და შენი ბიჭებიც კარგად იქნებიან.
- ეგ ბიჭები ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები არიან. ჩემი ძმა არ არის ისე ახლობელი როგორც ეგენი.
- ვიცი.
- დაბადებიდან ერთად ვართ, იცი ეს რამხელა ბედნიერებაა?! გული მწყდება შენ რომ ვერ შეძელი ჩვენი გუნდის წევრი გამხდარიყავი. ვეცადე, მაგრამ რომ მივხვდი აზრი არ ჰქონდა თავი დაგანებე.
- რას ნიშნავს ეცადე.
- შოთას ცოლი ნანა და მედიკო, ყოველ დილას ერთად იწყებდნენ. ხან ერთთან იყვნენ, ხან მეორესთან. ყოველთვის კარგი მაზობლობა აკავშირებდათ. ჩვენი მეგორობა კიდევ უფრო შეკრეს. შენ კი განსხვავებული იყავი. მათთან ყავის დასალევად გასვლას სახლში მარტო ჯდომა გერჩია. სულ საქმე გქონდა, სულ გადარბენაზე იყავი. საღამოობით კი როცა ისინი ეზოში მზესუმზირას მიირთმევდნენ და ჭორაობდნენ, შენ წიგნით ხელში იჯექი აივანზე. გესმის ლალი? შენ ყოველთვის განსხვავებული იყავი. მე კი მინდოდა რომ ზემოდან ყურების ნაცვლად მათი თანასწორი ყოფილიყავი. მერე რა რომ მედიკო მუსიკის მასწავლებელია და უნივერსიტეტი არ აქვს დამთავრებული, სამაგიეროდ უგემრიელეს შუებს აცხობს.
- რას ამობობ ბადრი, მე მათ ზემოდან არასდროს ვუყურებდი.
- გახსოვ ერთხელ მედიკოს რომ უთხარი ჩემი დაბადების დღისთვის შუები გამოეცხო და ფული შესთავაზე. იცი რამდენი იტირა მაშინ მედიკომ?! რა სჭირდა გოგიას იმის ფასი შენ ნამცხვრის გამოცხობაში ფული გადაგეხადა მისთვის?!
- მე ეგ ცუდი განზრახვით არ გამიკეთებია, თან გასამრჯელო კი არა ინგრედიენტებისთვის შევთავაზე ფული.
- მივხვდი, მაგრამ მაინც ცუდად გამოგივიდა. მაგ ამბის მერე აღარ მიცდია შენი დამეგობრება მათთან. თავი დაგანებე და სულ მარტო დავიწყე სიარული, როცა საქეიფოდ ან სათამაშოდ ვიკრიბებოდით.
- არ არის მართალი! მე მისი შეურაცხყოფა აზრად არ მომსვლია.
- როცა ჩემთან ვქეიფობდით, შენ სუფრასთან არასდროს გვიჯდებოდი, მეორე ოთახში იყავი და წიგნს კითხულობდი. შემოიხედავდი და სუფრას გვიახლებდი. მედიკო ყოველთვის ჩვენთან იჯდა. სვამდა კიდეც, უკრავდა და მღეროდა. სუფრას დიდად არც აქცევდა ყურადღებას. მისი საქციელი კერძების გაცხელებასთან ახლოსაც ვერ მოვა ლალი. მისთვის ყოველთვის სასურველი სტუმრები ვიყავით და მაგიდის ფომფორიკით კი არ წუხდებოდა, ჩვენთან ერთად ქეიფობდა და დროს ატარებდა. - იმხელა სინანული და გულის ტკივილი იგრძნობოდა მის საუბარში რომ ემოციები მომეძალა და ყელში ბურთად გამეჩხირა.
- მე... მე კიდევ მეგონა რომ შენ არ გინდოდა ჩემთან ერთად სადმე წასვლა. რატომ ადრევე არ მითხარი ეგ ყველაფერი?!
- გითხარი ლალი. ბევრჯერ გითხარი. ბანქოს თამაშზეც რამდენჯერ გთხოვე გესწავლა. მედიკოც და ნანაც ისე კარგად თამაშობენ ჯოკერს, ხშირად იგებდნენ და „ვკისრულობდით“ ბიჭები. შენ კიდევ საშინლად ვერ იტან ბანქოს და ისევ წიგნები გირჩევნია. რა ეყარა მაგ შენს წიგნებში? ილუზიებში და გამოგონილ სამყაროში ცხოვრობდი. მაშინ როცა ჩვენ ერთმანეთი გვახარებდა და ადამიანური ურთიერთობები გვანიჭებდა სიამოვნებას. არ მინდა გაწყენინო ლალი, მაგრამ რა მოიგე?! შენი წიგნიერებით და ნაკითხობის მწვერვალით სრულად გამოგვეყავი და სადღაც ზემოდან იყურებოდი. - თან მაღლა აიხედა და განასახიერა. მე სათქმელი არაფერი მქონდა. ის მართალი იყო. ვნანობდი, მაგრამ გვიანი იყო. - ეს ბიჭები მთელი ჩემი ცხოვრებაა. მათთან განშორებას არასდროს დავუშვებდი. რა უნდა მექნა, შენ სხვაგან იყავი, მე სხვაგან მინდოდა რომ წამეყვანე, იქ სადაც არ გინდოდა ყოფნა და თვლიდი რომ დროს ტყუილად კარგავდი. ისე გამოვიდა, რომ მე შენსა და ჩემს მეგობრებს შორის არჩევანი გავაკეთე. არ გეწყინოს და არ ვნანობ ისინი რომ ავირჩიე.
- მე არ ვიცოდი ეგ ყველაფერი. უნდა გეთქვა და გამოვასწორებდი ყველაფერს.
- გითხარი ბევრჯერ. მაგრამ შენ დრო არასდროს გქონდა. სულ ექსელის ფაილებს და ბუღალტრულ ბალანსს იყავი ჩაკირკიტებული. იმდენი საქმე გქონდა ვერ აუდიოდი. არადა არ მქონდა მაგისი გასაჭირი შენ გეშრომა და ფული შემოგეტანა. აკი გეუბნებოდი კიდეც. დაანებე ყველაფერს თავი და სახლში დაჯექითქო. მაგრამ აზრი არ ჰქონდა.
- მე ასეთი ვარ ბადრი, რა გაეწყობა. რომ არ ვიმუშავო ცუდად ვიქნები. არ შემიძლია ტყუილად სახლში ყოფნა.
- ტყუილად დაჯექითქო არც მითქვამს. ოთხი ობიექტი რომ გქონდა ორი დაგეტოვა ან ერთი და მეტი დრო დაგეთმო ადამიანებისთვის. არ გედავები, საუკეთესო დედა ხარ და ბებია. ცოლიც. მაგრამ ხომ გესმის ყოველთვის არის რაღაც რაც არ გვყოფნის და მეტი გვინდა. - მე კი ტირილი მინდოდა და ხმას არ ვიღებდი. გულში კი ღმერთს ვევედრებოდი ამ ამბის გამოსწორების საშუალება მოეცა ჩემთვის.
    ჩუმად გავიარეთ დანარჩენი გზა. მხოლოდ რამდენიმე სიტყვით დავასრულეთ გზადაგზა წამოჭრილ საკითხებზე საუბარი. მანქანის საბარგულზე ვისადილეთ კიდეც. ამან წარსული და ახალგაზრდობა გაგვახსენა. ზაფხულობით დასასვენებლად რომ მივდიოდით, წყალთან ვაჩერებდით და მანქანის საბარგულზე ვშლიდით წამოღებულ საგზალს. სად იყო მაშინ რესტორნები და სასადილოები. ბავშვს დავაპურებდით, ცოტას დავისვენებდით, ფეხს გავშლიდით და მერე ისევ გზას ვაგრძელებდით. ერთი დიდი წითელი პლასტმასის ბურთი გვქონდა, რომელიც ბელექანში ვიყიდეთ. სამგზავროდ ძალიან მოსახერხებელი იყო. ბურთი შუაზე იყოფოდა, ორი თასი გამოდიოდა რომელიც შიგნით ჩალაგებული ფერადი ჭურჭლით იყო სავსე. მერე ის ბურთი
ბადრიმ ტყე-ტყე ატარა და გაფუჭდა.
    მოსაღამოებულზე ჩავედით შოვში. სასტუმროში ნომერი დაჯავშნილი გვქონდა. ნივთები ავიტანეთ. მოვწესრიგდით და დასასვენებლად მოვეწყვეთ. პირველად იყო რომ არ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა. წიგნების გარეშე ვიყავი წასული და თან გულში მიხაროდა ასე რომ მოვიქეცი. მე და ბადრი ერთმანეთის პირისპირ ვიყავით, მარტოები და ყოველგვარი სხვა ყურადღების გადამტანი საშუალებების გარეშე. თითქოს მეორე შანსი მოგვეცა დაუსრულებელი საუბრით უკეთესად გაგვეცნო ერთმანეთი. საუკეთესო შანსი იყო ყველა საწყენი თუ საჩოთირო ამბის გულიდან და გონებიდან ამოღებისთვის.
    ვახშმის შემდეგ გვიანობამდე ვისხედით ბუხრის პირას და ვწრუპავდით წითელ ღვინოს. ვიხსენებდით ძველ ამბებს და ვხალისობდით. მეც ბევრი მქონია მოსაყოლი. მასაც უამრავი თავგადასავალი ჰქოდა რომელიც მე არ ვიცოდი. გადავუშალეთ ერთმანეთ გული და ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს შორის წარმოშობილი დისტანცია სრულად გავანადგურეთ. თითქოს თავიდან გავიცანით და აღმოვაჩინეთ ერთმანეთი. რაც მთავარი იყო ვიგრძენით რომ სიყვარული არსად დაგვიკარგავს.
    მოგვწონდა ერთად ყოფნა. სხვა სამყარო იყო. მხოლოდ ჩვენ ვიყავით და არავინ ჩვენ ორის გარდა.
დილას საუზმის შემდეგ ტყეში სასეირნოდ გამოვედით. მკლავგაყრილებმა ნელი სვლით ვიარეთ და დავათვალიერეთ შოვის ულამაზესი ადგილები. საოცარი ბუნება, საოცარი ჰაერი და ძალიან სასიამოვნო ადგილობრივი მაცხოვრებლები გავიცანით.ბადრის გაუთავებლად შეეძლო ხეხილზე და ვენახზე მათთან საუბარი. ჩემთვის აღმოჩენა იყო, თურმე ჩემს ქმარს ყურძნის მოყვანა და ღვინის დაყენების სურვილი ჰქონია.
    სადილისთვის ისევ სასტუმროში დავბრუნდით, საღამოს კი სანამ მზე ჩავიდოდა და დაბნელდებოდა ისევ სასერინოდ გავედით.
    გვიან ღანით კი წითელი ღვინო და ბუხარი.
    ასე გრძელდებოდა ყოველ დღე. 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები