ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: მეომარი
ჟანრი: პროზა
9 იანვარი, 2018


დენთის სუნი

              ბატალიონი ავღანეთისთვის ემზადებოდა. სწავლება აქტიურ ფაზაში იყო შესული და მიდიოდა მთელი დღე სროლა სხვადასხვა სახის იარაღიდან. ჯარისკაცთა საცხოვრებელი ყაზარმებიც ფაქტიურად პოლიგონზე იყო განლაგებული და თითოეული ბაზაზე მყოფი შეიგრძნობდა იმ უცნაურ გრგვინვას, რასაც ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის გასროლების აფეთქება იწვევდა.

            ეს ერთგვარი ზეწოლაც იყო ჯარისკაცების ფსიქოლოგიაზე, ვინაიდან აუცილებელი იყო, შეჩვეოდნენ ომის ხმასაც და იმ უცნაურ სუნსაც, რომელიც პოლიგონიდან მობერილ ნიავს მოჰქონდა საცხოვრებელი კოტეჯებისკენ. ეს დენთის სუნი იყო, მაგრამ ამ სუნს მე ჩემებურად აღვიქვამდი. ბავშვობაში ბევრჯერ დამიყრია დენთი და მომიკიდებია ცეცხლი, აღტაცებაში მოვყავდი იმ უეცარ ალს, რომლითაც დენთი იწვოდა ხოლმე. ამჯერად ეს განსხვავებული სუნი იყო. ბერვჯერ მიფიქრია ამ თემაზე და ყოველთვის, როდესაც საწინააღმდეგოს დამტკიცებას ვცდილობდი საკუთარი თავისთვის, იმდენჯერ იმდენ დიდ და მყარ ჭეშმარიტებას ვაწყდებოდი, რომ საკუთარივე ფიქრების უცნაურობა მზარავდა. ეს სუნი ადამიანის მოსაკლავად შექმნილი გამოგონებების წვის შედეგი იყო და ჩემთვის სიკვდილის სუნთან ასოცირდებოდა.

            თუმცა, ვერ ვიტყვი რომ მეჯავრებოდა ეს სუნი, ან მაღიზიანებდა. პირიქით, მსიამოვნებდა იმის გაფიქრებაც, რომ სიკვდილი სულ ახლოს იყო, ხშირად ჩემს ხელებშიც და ჩემს ტვინშიც ფუთფუთებდა. ბევრჯერ მიფიქრია, რა ადვილად შეიძლება ადამიანი დედამიწაზე მოვლენილ სიკვდილის აჩრდილად გადაიქცეს, სრულიად მშვიდად და აუღელვებლად, ყოველგვარი სიბრალულის გარეშე, ათობით და ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს და ამას უმრავლესობა ბევრი უაზრო არგუმენტით ახსნის. საბრძოლო სტრესი, ჭკუიდან შეშლა, ან თუნდაც ბავშვობაში მიღებული მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა. მაგრამ არცერთი არ იქნებოდა სიმართლე. ეს უბრალოდ იმ მძაფრი შეგრძნების წყურვილი იქნებოდა, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ყოფნისას ჩნდება და იმ უცნაური სუნით გაბრუების სურვილიც, რომელსაც ამ დროს გრძნობს ალბათ ადამიანი. მრავალჯერ მიგრძვნია ეს სუნი, ცხადად. ისეთ სიტუაციაშიც, სადაც საერთოდ არავინ ისროდა და არც დენთი იწვებოდა და სწორედ ეს იყო ყველაზე შემზარავი, რომ წინათგრძნობა თითქმის არასოდეს მღალატობდა.

                ნისლიანი და ღრუბლიანი დღე გათენდა. ციოდა და წვრილად სცრიდა. „ჩემს“ ამინდს ვეძახდი ასეთ პერიოდს, მზიანი დღეები მაღიზიანებდა. პოლიგონზე ჯერ არავინ იყო გასული, ჯარისკაცები საუზმობდნენ. კოტეჯის წინ ვიდექი და სიგარეტს ვეწეოდი და უცებ, სიგარეტის კვამლზე ცხადად ის უცნაური სუნი  ვიგრძენი. ხარბად შევისუნთქე დილის ცივ ჰაერთან შერეული კვამლი და უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა.

- ჰეი, სოსო - დავუძახე ჩავლილ ჯარისკაცს, - მოიწი აქეთ.

- გამარჯობა, ბატონო სერჟანტო - მომესალმა იგი.

- რა მეცადინეობა გაქვთ?

- სროლა გადაადგილებაში, ათეულების შემადგენლობით.

- სოსო, ყურადღებით! გამოუცდელებს სანამ საბრძოლო ვაზნებს მისცემ, მშრალად ავარჯიშე, ათჯერ, ასჯერ გააკეთებინე, ავტომატიზმამდე სანამ არ დაიყვან, გაიგე?

- გავიგე, სერ -იყო პასუხი.
- გახსოვს, როგორ ვვარჯიშობდით ხოლმე ჩვენ?
- კი, მაგას რა დამავიწყებს - ჩაეღიმა სოსოს.

                  სოსო ოცეულის სერჟანტი იყო და დიდი ხანი იყო, რაც ერთმანეთს ვიცნობდით. ბევრი რამ გვქონდა გადახდენილი, ერთი ხანობა მისი მეთაურიც ვიყავი და როგორც თვითონ ამბობდნენ ხოლმე ხუმრობით, „სისხლს ვუშრობდი“, თუმცა ჩემმა ტვინის ბურღვამ და გაუთავებელმა ვარჯიშებმა ის შედეგი გამოიღო, რომ ბევრი ბრძოლა გადავიტანეთ ერთად და ყველა შეტაკებიდან უვნებლად გამოვედით.
ავღანეთშიც მოგვიწია საკმაოდ სერიოზული თავდასხმის მოგერიება ერთად. იქ გავუმხილე ერთხელ, ჩემი უცნაური ფიქრების შესახებ. უცნაურად შემომხედა, მერე თვალები მიწას ჩააშტერა და ჩაფიქრდა. ვხედავდი როგორ უთრთოდა კუნთი ყბასთან. ერთ-ერთი ხეობის გასასვლელში მოწყობილ ჩეკპოინტზე ვიყავით და ჯერ კიდევ ნახევარი დღე იყო დარჩენილი საბრძოლო მორიგეობის დასასრულამდე. უცებ თავი აწია და თვალი თვალში გამიყარა:

- ეხლა თუ გრძნობ იმ სუნსო, მკითხა.

              რომ დავუდასტურე, თვალებში ნაპერწკლები გაუკრთა. თითქოს ჩემს მიღმა ვიღაცას ჩაუღიმა და ყურადღება ისევ ხეობისკენ გადაიტანა. სულ მალე ჩვენი ჩეკპოინტის მიღმა ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი აფეთქდა და ჯოჯოხეთი დაიწყო. არც ჩვენ დავაკელით, ბოლოს დასახმარებლად მოფრენილმა მოიერიშე ვერტმფრენმა „გადახნა“ თალიბან მებრძოლთა პოზიციები და ის დღეც ასე დასრულდა. უცნაური მეგობრობა იცის ერთმანეთის სიცოცხლის გადარჩენისათვის გაღებულმა მსხვერპლმა და თავდადებამ.  მე და სოსოც დღემდე ვმეგობრობდით. საინტერესო მოსაუბრე და უკიდურესობამდე ერთგული ადამიანი იყო. არ მერიდებოდა მისთვის ჩემი აზრების გაზიარება, ვინაიდან ვგრძნობდი, რომ ზუსტად ხვდებოდა ჩემს ნაფიქრალს. მახსოვს, ერთხელ ჩვენი საუბარი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხსაც შეეხო.

- ჩემი გვარიდან თავისი სიკვდილით არავინ მომკვდარა, შარიანი გვარისას გვეძახიან, - წამოსცდა მას - ბევრჯერ მიფიქრია და ალბათ, არც მე დავარღვევ გვარის ტრადიციას.

- ეგ ტრადიცია არაა, ძმაო - შევეწინააღმდეგე მე, - უბრალო დამთხვევაა და დამთხვევათა რიგია, რომელსაც მერე ჩვენ ვარქმევთ ტრადიციას.

- არა, დავით - შემომხედა მან, - არაფერი არ ხდება შემთხვევით, ყველა ნებისმიერ მოვლენას თუ ფაქტს რაღაც წინაპირობა ახლავს და ეს წინაპირობა ქმნის შედეგს, რომელსაც ჩვენ შემთხვევას ვეძახით. აი თუნდაც, შენ ხომ გრძნობ რაღაც უცნაურს? და მერე რაღაც ხდება. შემთხვევაა ეს? მაშინ რატომ გრძნობ შენ?

- რაღაცაში გეთანხმები, ჩემო ძმაო, მაგრამ უბრალოდ მე მინდა დიდი ხანი იცოცხლო, ერთად მინდა დავბერდეთ, ვაჰ - მხარზე ხელი დავარტყი სოსოს, -რა ჯიბრზე ხარ შენ.

- კარგი, ეგრე იყოს, - დამეთანხმა სოსო, მაგრამ ეს მე ვიცოდი როგორ მითხრა ეს სიტყვები.

              მას მერე საკმაო დრო იყო გასული და რატომღაც, ამ თემას აღარასოდეს შევხებივართ. ეხლა გამახსენდა მისი სიტყვები. უსიამოვნოდ გამკენწლა გულში, მაგრამ აღარაფერი ვუთხარი. სიგარეტის ნამწვი ურნაში ჩავაგდე და სოსოს ხელი ჩამოვართვი.

- კარგი სოსო, აბა დროებით, მეც ამოვალ სასროლეთზე. ყურადღება და სიფრთხილე, არ დაგავიწყდეთ.

-   დროებით, ბატონო სერჟანტო - სოსო აუჩქარებლად  დაიძრა ჯარისკაცთა მწყობრისაკენ, რომლებიც უკვე ტოვებდნენ ბაზის ტერიტორიას. მეც ჩემი კოტეჯისკენ  წავედი, იარაღის და აღჭურვილობის ასაღებად. დაახლოებით ერთ საათში მოვრჩი ჩემს საქმეებს შტაბში და გადავწყვიტე პოლიგონზე ავსულიყავი. გზად პოლიგონისკენ, ერთ-ერთ კოტეჯში ლაზარეთი იყო მოწყობილი.
ლაზარეთთან რომ მივედი, პოლიგონიდან მომავალი სოსო დავინახე. რაღაც უხასიათოდ მეჩვენა.
- რა ხდება მეთქი, შორიდანვე მივაძახე. აწეული ცერა თითით მაჩვენა, ყველაფერი რიგზეაო და მეც ლაზარეთთან გავჩერდი. ლაზარეთის მორიგე ლაშა იყო, ჩვენი საბრძოლო მაშველების სერჟანტი. სოსო რომ მოვიდა, რაღაც გულზე ჭვალი მადგასო და რამე გექნება წამალიო, ლაშას სთხოვა. ლაშამ შედი კოტეჯში, დამელოდე და ეხლავე მოგხედავო, უთხრა სოსოს და მე მომიბრუნდა, მეთაურმა დამიძახა და ახლავე მოვალო და გაიქცა.
მე როგორც ყოველთვის, თავისუფალ მომენტს არ ვუშვებდი ხელიდან, სიგარეტს რომ არ დავწაფებოდი და ამჯერადაც მოვიმარჯვე და ის იყო უნდა მომეკიდებინა, რომ ლაზარეთიდან ყრუ ბრაგუნი მომესმა. სოსო თქო, დავიძახე. პასუხი რომ არ გამცა, ტანში ელდამ დამიარა და არ მახსოვს, როგორ შევვარდი კოტეჯში. სოსო პირქვე იწვა. არ დავბნეულვარ, უმალ ვეცი და გადმოვაბრუნდე. უგოგნოდ იყო, არც სუნთქავდა. მიშველეთ მეთქი ვიღრიალე და ჯავშანჟილეტი გავხადე. მშველელის ლოდინის დრო აღარ იყო, თვითონვე დავიწყე ხელოვნური სუნთქვის და გულის არაპირდაპირი მასაჟის ჩატარება. მახსოვდა, ზეწოლის და ჩაბერვის შეფარდება 15/2 უნდა ყოფილიყო, როცა ჩავბერე, გულმკერდი შესამჩნევად აიწია, ანუ ფილტვებში ჰაერი შევიდა. მაგრამ სოსო კვლავ უგონოდ იყო და არ სუნთქავდა, სახის მოლურჯო ფერი მოწმობდა, რომ სისხლის მიმოქცევა არ იყო ნორმალური. ისევ გავაგრძელე ზეწოლა. სტრესმა იმდენად ამიწია ადრენალინი, ვეღარ ვსუნთქავდი და ოფლი მასხავდა სიმწრისგან. სამი-ოთხი ცდის შემდეგ კიდევ დავაყურადე, შედეგი ნული იყო. ამ დროს ლაშაც შემოვარდა და სოსოთან ეგრევე მუხლებზე დაეცა, მე ხელის კვრით გამწია, ერთი შემომყვირა ამერიკელებს დაუძახეო და თვითონ შეუდგა არაპირდაპირის გაკეთებას .

              საქმე იმაშია, რომ საწვრთნელ პოლიგონზე ქართველებთან ერთად დაახლოებით, ასეულის ზომის, ამერიკელ საზღვაო ქვეითთა ქვედანაყოფი იყო დისლოცირებული და მათ სრულყოფილი სამედიცინო აღჭურვილობა ჰქონდათ. მთელმა სამეთაურო რგოლმა ლაზარეთის წინ მოიყარა თავი. ვერტმფრენიც გამოძახებულ იქნა. დაახლოებით ხუთ წუთში მოცვივდნენ ამერიკელი სამხედროებიც და მიუხედავად მათი ყოველგვარი მცდელობისა, სოსო გონზე ვერ მოიყვანეს. ერთი რამაც იმედი ჩამისახა, ამერიკელების მიერ გამოყენებეული დეფიბრილატორის შედეგად გული ამუშავდა და ფერტმფრენი რომ დაჯდა და სოსოს საკაცეს ვამაგრებდით, ამოისუნთქა კიდეც ხმაურით.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ნესტოებში მიღიტინებდა დენთის მწვავე სუნი. მაგრამ ამჯერად დარწმუნებული ვიყავი, სიკვდილი დამარცხდებოდა. დღის ბოლოს მეც ჰოსპიტალში ჩავედი მანქანით, პირდაპირ რეანიმაციულ განყოფილებას მივადექით. ექიმმა მოგვიბოდიშა, მაგრამ ავადმყოფი არ გვაჩვენა. სოსო გადარჩა. მაგრამ მას რომ ვუყურებდი, ისევ მიტრიალებდა ის უცნაური ფიქრები თავში, რომ ზოგჯერ სიკვდილზე დიდი ჰუმანურობა არ არსებობს. ვინ მოთვლის, რამდენჯერ მიფიქრია იმაზე, რაოდენ უფრო რთულია, სიცოცხლე თუ სიკვდილი. და საერთოდ რითი განსხვავდებოდა ეს ორი მცნება ერთმანეთისგან? აი, ვიბადებით, ვარდისფერი, რბილი და მჩხავანა ბურთები, ვიზრდებით, ვსწავლობთ. უნარებს ვეუფლებით, მერე ვიღებთ ხელში იარაღს და ვკლავთ ჩვენნაირ არსებებს, რომლებიც ჩვენსავით ვადისფერ ბურთებად მოევლინენ ქვეყანას. განა რითია ლამაზი სიცოცხლე? იმით, რომ ნელ-ნელა, წვეთ-წვეთ ვივსებით ბოროტებით, იმდენად ვბოროტდებით, ვეღარ ვთამაშობთ ძველებურად ქვიშაში, ვამბობთ რომ ეს ბავშვობამ წაიღო, როცა ამას არავინ გვართმევს, არამედ ჩვენ თვითონ ვართმევთ საკუთარ თავებს ბედნიერების აღქმის უნარს. გვავიწყდება ერთმანეთი, გვავიწყდება ყველაფერი, დილიდან საღამომდე ბურთის და  ქარის მიერ გატაცებული ფრანის, ფეხშიშველი დევნა.

                  ჰო, სოსო გადარჩა, მაგრამ მთელმა იმ პერიოდმა, როდესაც მას გული გაუჩერდა და მხოლოდ ჩვენს მიერ არაპირდაპირი მასაჯით ხდებოდა მისი ფუნქციის შენარჩუნება, გამოიწვია უჟანგბადოდ და უსისხლოდ დარჩენილი ტვინის ნერვული გარსის კვდომა. შედეგი კი იყო ის, რომ სოსომ დაკარგა ყველანაირი თვისება და უნარი, რაც მის პიროვნულობას განსაზღვრავდა. იგი ვერ ცნობდა ვერავის, ვერ მეტყველებდა, ვერც დადიოდა. ფაქტიურად, როგორც ექიმმა აგვიხსნა, ჩანასახის ფსიქოლოგიურ დონეს დაუბრუნდა. აქაც რაღაც მინიშნებასავით იყო ის, რომ მას ყველაფერი დაავიწყდა, მან ყველაფერი აქ დატოვა, დედამიწაზე, ჩვენთან. მის გონებაში და ცნობიერებაში აღარ იყო უმცირესი ნაწილაკიც კი ადამიანური ვნებების. მის უმანკო გამოხედვაში ვერაფერს ამოიკითხავდით, გარდა რაღაცნაირი სიმშვიდისა და კმაყოფილებისა, რომელიც ძრწოლას მგვრიდა. სულ მტანჯავდა ფიქრი, შეიძლებოდა თუ არა სოსოს გადარჩენა, მაგრამ ექიმმა დააკმაყოფილა ჩვენი ცნობისმოყვარეობა და გვითხრა, რომ მსგავსი შემთხვევიდან გამოძვრომა მხოლოდ, პროფესიონალი ექიმი-რეანიმოლოგის დახმარების შედეგად იყო შესაძლებელი.
მიუხედავად ამისა, სანამ ავღანეთში წავიდოდით და მას მერეც, ხშირად მივდიოდით ბიჭები მის სანახავად. საათობით ვიჯექით მასთან პალატაში და ვესაუბრებოდით, მართალია უშედეგოდ, მაგრამ მაინც.  ამ შემთხვევის შემდეგ სოსომ ერთი წელი იცოცხლა. სიცოცხლის ბოლო დღეებში, მხოლოდ ერთხელ მის თვალებში ის ძველი ნაპერწკლები შევნიშნე, ვიგრძენი რომ სულ ცოტა ხნით დართო ნება იმ ყოვლისშემძლე ძალამ, სოსო დაბრუნდა სულ რაღაც წუთით, დაბრუნდა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ეგრძნო ადამიანად ყოფნის ტვირთი, ჩვენ ვეცნეთ და ალბათ ის უცნაური სუნიც შეეგრძნო, იმ წუთას პალატაში რომ ტრიალებდა. კი, მან გვიცნო და ყველაფერი იგრძნო. ეს მის თვალებში და ლოყებზე ჩამოგორებულ ცრემლში დავინახე.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები