ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევექ
ჟანრი: პროზა
9 იანვარი, 2018


შობა

შარშანდელი ზამთარი ცივი გამოდგა, ხან წვიმდა, ხანაც თოვლის ფიფქები თეთრ საბანში ახვევდნენ არე-მარეს, ყინვა ძვალსა და რბილში ატანდა. თითქოს მზეც გაიყინა, დილაობით შორეული მთის წვერზე ამოყოფდა თავს, გამოაჩენდა მიმქრალ სხივებს და მალევე მიიმალებოდა ღრუბლებში.  დამნაშავე ბავშვებივით ჰქონდათ თავი ჩაწეული ეზოში მდგარ ატმებსა და აკაციებს, შიშით გატრუნულები, სიცივეგამჯდარები, ხმაგაკმენდილები იდნენ და ელოდნენ მზის გამოჯანსაღებას, გაზაფხულის დადგომას, სითბოს ჩაღვრას სხეულში... სიცივე იყო განა მხოლოდ უფოთლოდ დარჩენილი ხეების, წვიმისგან დაჭაობებული მიწის, დანესტიანებული კედლების, არამედ მთელი სამყაროს პატონი...

- თქვენ მარტო ხართ ამ სახლში?
- არა, ათობით ნახატთან ერთად ვცხოვრობ, ნახატზე გამოსახული ადამიანები კი გადმოდიან ჩარჩოებიდან და წარსულის ამბებს მიყვეებიან...
- ღმერთო, ეს რა მოგსვლიათ? ხომ კარგად გრძნობთ თავს?
- რა თქმა უნდა. აი ხომ გესმით საფლავის ჭიშკრის ჭრიალის ხმა - ეს საძინებელში კედელზე ჩამოკიდებულ ნახატზე მოხუცი მამაკაცი აღებს და კეტავს საფლავის ჭიშკარს, ასეთი ჩვევა აქვს, სხვა გასართობი ვერ უპოვნია. ჩემთან არის ვიღაც ბავშვი ლურჯ შარვალსა და ზოლებიან პერანგში გამოწყობილი, გათენებისთანავე სათამაშოდ გამოსულა ეზოში; ჭაღარა ქალბატონი სევდანარევი სახით შეექცევა ჩაის; ვიღაც ბაბუა, რომელიც მომღიმარი სახით ეგებება ვიღაც ბებიას; ახალგაზრდა მამაკაცი ყვავილების თაიგულით ხელში; ვიღაც ქალები სრულიად შიშველნი დგანან აივანზე და ჰელიუმით გაბერილ ბუშტებს უშვებენ ცაში, იცით უამრავი ადამიანია ჩემთან, თუმცა ყველანი ნახატებზე არიან. დაუსრულებლად მიყვებიან თავიანთი ისტორიას... ჩემს სახლში დრო გაჩერდა... დრო როგორც ასეთი არც ერთ დროში არ არის, არც წარსულშია, არც აწმყოში, არც მომავალში... იქნებ დრო გამონახოთ და შემოგვიერთდეთ, საინტერესო დიალოგი გამოგვივა. თან ჩაის დავლევდით, იცით მუხის ფოთლების ნაყენს ვურევ ცხელ წყალში და საოცარი რამ გამოდის....

შემომხედა, თვალები შიშითა და გაკვირებით ჰქონდა სავსე, შემდეგ გაეღიმა - ეს არის იყო მხოლოდ ღიმილი, იგი დაცინვას, შიშსა და დარდს მოიცავდა ერთდროულად.
- არა, იცით მე დრო არ მაქვს, კარგად ბრძანდებოდეთ...

როდესაც ფანქარს და ფურცელს ავიღებ მგონია, რომ ახალს და საინტერესოს ვერაფერს დავწერ, თუმცა წერილები უსაშველოდ გრძელი და რთული გამომდის, ზუსტად ისეთივე როგორიც მე ვარ...

- გზა თუ დაგითმიათ ოდესმე ვინმესთვის ბატონო ლევექ? 
- სანამ გიპასუხებთ, იქნებ მითხრათ რომელი ხართ?
- მე მოხუცი მებაღე ვარ, სამზარეულოს კედელზე ჩამოკიდებული ნახატიდან, ჩემს კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ იქნებ ჩვარი აიღოთ და მტვერი მომაცილოთ, სახეც კი მტვრითა მაქვს დაფარული. მგონია, რომ ერთხელაც არ შემოგიხედავთ ჩემთვის ყურადღებით!
- ბევრი რამ დამითმია სხვებისთვის, გზასაც ვუთმობდი ხოლმე უცნობსა თუ უცნობებსაც კი, მაგრამ ეს არა რაიმე კეთილშობილური ნაბიჯი, არამედ ზიზღიანი მოცილება იყო, მე ყოველთვის გავურბოდი ადამიანებთან სიახლოვეს...

ახალი წლის მოახლოვება მეზობელი სახლების ფანჯრებს მიღმა მოციმციმე ფერადმა ნათურებმა მამცნეს, ნათურები გაუჩერებლად ციმციმებდნენ... მახოვს ბავშვობისას მოუთმენლად ველოდი ახალი წლის დადგომას, არა იმიტომ, რომ ან თოვლის ბაბუის არსებობა მჯეროდა, ანაც მისაღები საჩუქრები მახარებდა, უბრალოდ ყურადღებით ვადევნებდი თავლყურს ოჯახის წევრების მიერ დადგმულ სპექტაკლს, რომლითაც ცდილობდნენ ერთადერთი შვილისთვის ათასი სისულელლე დაეჯერებინათ. სულის სიღრმეში კი დავცინოდი „სპექტაკლის“ ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით მოხუც მამიდას, რომელიც იმდენად იჭრებოდა, როლში რომ მართლაც სჯეროდა სასტუმრო ოთახში გათამაშებული ზღაპრის... მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ათობით წელი გავიდა თუმცა ამ უსაშველოდ დიდმა დრომ ვერ გამტეხა და ვერ მაიძულა უარი მეთქვა ახირებებზე, უცნაურ გამოხტომებსა და მარტოობაზე...

- დილამშვიდობის ბატონო ლევექ, მე არაბი ვაჭარი ვარ, თქვენი სახლის ყველაზე ძველი ბინადარი... რამდენჯერ უნდა გთხოვოთ იქნებ ამ ნახატს ნაჭერი მოაფაროთ. მცხელა, ვიწვი... სულელმა მხატვრმა უდაბნოში ამომაყოფინა თავი, თანაც ხომ ხედავთ მზე როგორ წვავს გარშემო ყველაფერს. თქვენ კი თბილი ტანსაცმლით, რომ ჩამივლით საშინელი გრძნობა მეუფლება, მგონია, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში ვიწვი და ეს სამოცდაათ წელიწადზე მეტია დაუსრულებლად გრძელდება. მე თქვენი დაბადება მახსოვს, თქვენი პირველი ნაბიჯები, პირველი სიტყვები, თუ გსურთ მოგიყვებით უცნობ ამბებს, ოღონდაც ძალიან გთხოვთ მომაფარეთ ნაჭერი ან ჩამოხსენით ეს ნახატი და აივნიდანვე მოისროლეთ... ამქვეყნად ყველაფერს აქვს დასასრული, ამ ნახატის და ჩემი დასასრული კი საშინლად გაიწელა...

არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხნა, ვუყურებდი სახეში და ვერ ვხვდებოდი მისი თხოვნა გულწფრელი იყო თუ ჩემი გამოცდა განეზრახა. გადაღლილი სახე ჰქონდა, ღრმად სუნთქავდა, ტანსაცმელი დაჭმუჭნული და დასვრილი ეცვა, ემჩენოდა რომ არც ისე მშვიდი დღე ჰქონდა... ფრთხილად გავითავისუფლე თავი მისი მზერისაგან და აივანზე გავედი დილის ჰაერის ჩასასუნთქად...

- თქვენი ნახატების პერსონაჟებს შორის მე ყველაზე გამოცდილი მეომარი ვარ, წლებია გაუჩერებლად ვიბრძვი თუმცა უიარაღოდ. ჩემს გარდა ვერავის ხედავთ ნახატზე?! ალბათ იფიქრეთ გაგიჟდა და წარმოსახვით მტერს ებრძვისო... ისე მიყურებთ მიხვდით, რომ ჩავწვდი თქვენს ფიქრებს! ცდებით ბატონო ჩემო, მე ჩემს თავს ვებრძვი, უფრო სწორედ ჩემი სახის ანარეკლს ამ უცნაური ფორმის სარკეზე, მინდა, რომ დავამარცხო, დავლეწო, გავაქრო... ყოველდღე ვესხმი თავს, ის კი ჩემზე მხნე და მამაცია, რადგანაც იძულებულია თავდასხმა მოიგერიოს. გასაქცევი არსად გვაქს, გაქცევა ხომ სულმდაბლობა და ლაჩრობაა, არ ვიცი ბედის სასწორი ვისკენ გადაიხრება, ვის მოუწევს ამ ბრძოლაში პირველს სიკვდილი... ვფიქრობ დამღლელიც კია დაუსრულებელი ბრძოლა, იშვიათად სულის სიღრმეში ვიღაც მკარნახობს, რომ ხსნა გაქცევაშია, რადგანაც მეც და ჩემს ანარეკლსაც გვძულს სიკვდილი... ამიტომაც არ გამოვიყენეთ არც ერთხელ იარაღი, არ დავღვარეთ არც ერთი წვეთი სისხლი, დაღვრილი ოფლი კი იმდენია დამშრალ ზღვებსაც კი გაავსებდა...

ახალი წლის ღამეს საძილე ამბებმა დედამიწიდან სხვა სამყაროში გადამისროლეს, სადაც არც სიცივე იყო, არც წვიმდა, არც ბუზღუნა ნახატები მიშლიდნენ მშვიდად ყოფნას, ეს სამყარო ბლანტი, ტკბილი წლით იყო სავსე და მეც ლიფსიტასავით დავყვებოდი მის ტალღებს ნაპირებიდან ნაპირებამდე... არ ვიცი რამდენი დღე ვიყავი ასე, თითქოს ცურვა უსასრულოდ გაგრძლდა, თუმცა უსასრულობაც როგორც შემდგომში აღმოვაჩინე რამდენიმე დღემ დაიტია....

„...აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები, ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან; ფარეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი. არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი......“ და დაბადება გაგრძელდა საუკუნეების მანძილზე...

„....აღმოსავლეთით მოვიდნენ მოგვნი იერუსალიმს და თქვეს: სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას....“

...არასოდეს მყვარებია დაბადების დღის აღნიშვნა, ზარ-ზემის გამართვა, არც კი მახსოვს როდის არის იგი... ბევრი ვიფიქრე და ვეღარ მივხვდი რა აზრი აქვს იმ წლების
დათვლას, რომელიც ერთხელაც სამუდამოდ გაჩერდება...

...ფეხაკრეფით შემოიპარა ღამე, შემობარბაცდა დღე, ხელები ჩასჭიდეს ერთმანეს და ისე მიქრიან ვერ გაიგებ ღამეა წინ თუ დღე... ატრიალებენ დედამიწას, გალაქტკიას,
სამყაროს, ყველაფერს ხილულსა და უხილავს...

...დაღამდება, გათენდება და ვინ იცის მერამდენად ჩამოვხევ კალენდარზე „შობას“...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები