ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2018


იანვრის ამბებიდან

თოვლი არ მოდის, არც შენ მოდიხარ,
სახურავებზე ყინვის ეშვები
არ ჩანს, იოლად თბება ოთახი
და წვიმაც თითქოს ნელა ეშვება.

თოვლი არ მოდის, ყველა პირობა
გაქვს მოსვლის, თუმცა პირი შეკარით,
და ახლა მინდა რაღაც ირიბი
და ალმაცერი - მიწის ბეგარა.

თოვლი არ მოდის, ცაო მარიამ
შობის ღამეა. შემომეთევა.
ზეცაზე არასაომარია
განწყობა, მოდი ჩემო ქეთევან

და მოიყვანე თეთრი ცხენებით,
ასე ნანატრი ცივი ზამთარი,
და მომირჩინე თეთრი ცხელება,
რომ ბედნიერი ვიყოთ სამთავე.

თოვლი არ მოდის, არც შენ მოდიხარ,
ნელა ირწევა უფლის აკვანი,
ქარმა ამინდი წელში მოტეხა
და მოდის წვიმა სევდის მაგვარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები