ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: სოფუნა
ჟანრი: პროზა
10 იანვარი, 2018


მე და ზღვა

ძალიან ლამაზი იყო ირგვლივ ყველაფერი. სასწაულ ფერებში გახვეულიყო სამყარო. თითქოს ყველაფერი სიკეთით, სილამაზით მშვენიერებით იყო მოცული. ზღვა მშვიდი, წყნარი და უშფოთველი იყო. მზის სხივები ტალღებს ეთამაშებოდა. მზეს ზღვის ყურება უნდოდა, მაგრამ ღრუბლები არ აცლიდნენ დამტკბარიყო ზღვის სიმშვიდით. მზე თავისას არ იშლიდა და ხანდახან გამოაჭყიტებდა ხოლმე ღრუბლებიდან. ცოტაც და მზე შეხვდა ზღვას, გაეთამაშა, გაესაუბრა, ცის ამბებს მოუყვა, ჰკითხა ზღვას ზღვის ამბები, თავის ბილიკზე გაირბინა, წითელ-ყვითელი კვალი დატოვა, მიმოხედა ზღვას, ბილიკი გააქრო და ნელ-ნელა ზღვაში ჩაქრა.
ზღვა ისევ მშვიდი, ჩაფიქრებული, დინჯი, დაღონებული იყო. მასაც გაუხარდა მზესთან შეხვედრა. ახლა კი თითქოს მარტო დარჩაო, ისე იდუმალებით იყო იგი მოცული... ნელა, მშვიდად მოჰქონდა ძალიან პატარა ტალღები და ნაპირს ეფერებოდა.
საოცარი სიმშვიდე იდგა ჩემ გარშემო. ორი დიდი სივრცე ერთმანეთს საოცრად ამშვენებდა _ ცა და ზღვა... სადღაც ძალიან შორს ისინი ერთად იყვნენ. ჰორიზონტთან ახლოს, თხელი ღრუბლები ვარდისფრად შეღებილიყო. გული სიხარულით მევსებოდა ბუნების ამ მშვენიერების ყურებით. სული მიკანკალებდა, ისეთი ლამაზი იყო ყველაფერი. თითქოს ზღვის ყურება სიცოცხლეს მიხანგრძლივებდა. ზღვასთან თამაში მინდოდა, საუბარი... რატომღაც ჩემიანად ვთვლიდი მას. ირგვლივ არავინ იყო, მხოლოდ მე და ზღვა ვიყავით... ზღვის სუნი, ხმა... რაღაც სასწაულ აღმაფრენას მჩუქნიდა. მიუხედავად იმისა რომ ახლოს ვიჯექი ზღვასთან, ტალღების ხმა ძლივს აღწევდა ჩემამდე, რადგან ისინი საოცრად პატარები იყვნენ. უეცრად მომინდა ეს სიმშვიდე შეცვლილიყო რამენაირად. მომინდა, რომ ახლა დიდი ტალღები ყოფილიყო, მაგრამ ამ წუთას ეს შეუძლებელი იყო, რადგან ზღვა მშვიდი, ცა მოწმენდილი და სიო არ იძვროდა. ასე მშვიდი და წყნარი დავტოვე ჩემი საყვარელი სანაპირო და სახლში წავედი.
დასაძინებლად დავწექი. ფიქრებმა სადღაც შორს გამიტაცა, ზღვის ხმა არ მესმოდა... უეცრად წყლის ხმა გავიგე, თითქოს გაწვიმდაო, არ დავიჯერე, წამოვდექი, ფანჯარაში გავიხედე და მართლაც მსხვილ-მსხვილი წვეთები ეცემოდა ირგვლივ ყველაფერს, ჯერ ცოტ-ცოტა, შემდეგ კი წვეთები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რომელი პირველი დაეცემოდა დედამიწას. ამოვისუნთქე, თითქოს სული გამეხსნა, გარეთ გავედი, თავსხმაში ვიდექი, რაღაც მიხაროდა, არ ვიცოდი რა...
მეორე დღეს მთელი დღე წვიმდა. ყველაფერი სიბნელეს მოეცვა, ცა ტყვიისფრად შეღებილიყო, ღრუბლებს კოპები შეეკრა. ხანგამოშვებით მრისხანედ გაიელვებდა, შემდეგ კი თავზარდამცემად დაიქუხებდა ხოლმე. ახლა წვიმა ცოტა უზრდელად ეთამაშებოდა და აბრაზებდა ზღვას. წვიმა ურღვევდა ზღვას სიმშვიდეს. მზე მას ვეღარ ხედავდა. ზღვამ გაზარდა ტალღები, ისინი აღარ იყვნენ ისე პატარები, რომ ნაპირს მოჰფერებოდნენ, პირიქით ტალღები დიდი სიჩქარით და გაბოროტებით ეხეთქბოდნენ ნაპირს... ზღვა წვიმაზე გაბრაზებულიყო და ნაპირზე იყრიდა ჯავრს. ქარიშხალი ფოფრავდა ზღვას. წინადღის სიმშვიდე და სიკეთე შეიცვალა ფორიაქით, ბოროტებით, მრისხანებით... მაგრამ ამ სანახაობასაც თავისი სილამაზე ჰქონდა...
გაბრაზებული მაღალი ტალღები შორიდან სიჩქარით მოიწევდნენ ნაპირისკენ, აიწევდნენ, აიზვირთებოდნენ და დიდი ქუხილით ენარცხებოდნენ ნაპირს. ტალღებს ხან დიდი ქვები მოჰქონდა ნაპირზე, ხან პატარა კენჭებს მიმოფანტავდა ირგვლივ... ზღვა ძალიან ცუდ ხასიათზე იყო _ ეტყობოდა რაღაცაზე ძალიან ბრაზობდა.
ნაპირს ტალღების ქაფი მოსდებოდა, ზღვა სხვადასხვაფრად აჭრელებულიყო _ ლურჯად, მწვანედ, შავად... ცა კი მუქი ნაცრისფერი იყო. ვიდექი, ვუყურებდი ბუნების ამ მრისხანებას და ვფიქრობდი... დაუსრულებლად მინდოდა ზღვასთან ყოფნა, მიყვარდა მისი ყურება, ის მამშვიდებდა, მაძლიერებდა, ის ჩემი დიდი მეგობარი იყო.
დიდი ტალღების გამო, ზღვასთან მოშორებით ვიდექი. ზღვა განმარტოებით ბორგავდა, შფოთავდა, ხმაურობდა... მინდოდა ზღვასთან საუბარი, ჩახუტება... და ვერ ვუახლოვდებოდი.
შორს დავინახე უზარმაზარი ტალღა მოდიოდა. ვიფიქრე ამასაც შევხედავ და წავალ-მეთქი. აიწია, აიფოფრა, ზემოდან გადმოეშვა, ნაპირს დაენარცხა და სასწაული სისწრაფით ჩემკენ გამოექანა. გავიქეცი, მაგრამ გვიანი იყო, ფეხები დამისველდა, უეცრად უკნიდან ძლიერი დარტყმა ვიგრძენი, წავიქეცი... ზღვას გავხედე, ტალღა ჩუმად, დამნაშავესავით მიიპარებოდა ზღვისკენ... თითქოს ზღვამ გამიცინა, დამიმტკიცა, რომ მართლა უდიდესი ძალა ჰქონია.
მთლიანად გავილუმპე, თითქოს კიდევაც გამიხარდა, თან მეწყინა, მაგრამ ვიგრძენი, რომ თურმე ზღვასაც ვყვარებივარ ისე, როგორც მე მიყვარს.
კიდევ ორი დღე იწვიმა, შემდეგ ცა მოიწმინდა, ცისარტყელამ იქაურობა იდუმალ ფერებში გახვია, ღრუბლები  სხვა ადგილის ასაფორიაქებლად წავიდნენ; მზემ ისევ დაინახა ზღვა და მასთან შეხვედრისთვის მოემზადა...
ზღვა ნელ-ნელა მშვიდდებოდა, წყნარდებოდა და ისიც ემზადებოდა მზესთან შესახვედრად.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები