ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
11 იანვარი, 2018


Sonnets of William Shakespeare (1-154) უილიამ შექსპირის “სონეტები” (1-154)

Sonnets of William Shakespeare (1-154)
უილიამ შექსპირის “სონეტები” (1-154)

მთარგმნელი - ოთარ ცისკაძე
სონეტი I (1)

მშვენიერისგან ჩვენ გვწადია შთამომავლობა,
მშვენების ვარდმა იყვავილოს რათა მარადის,
ყველაფერ მწიფეს, ეპარება რადგანაც ლპობა,
შეგვენახება მისი ეშხი ტურფა ნაგრამით.

მოუხიბლიხარ საკუთარი თვალების კიალს,
მათ ნათელს კვებავ მხოლოდ შენი არსის საწვავით,
შიმშილს იქ შეიქმ, მოსავალს რომ მოველით დიდძალს,
მტერი ხარ თავის, გაგიფლანგავს ამდენი ხვავი!

შენ წარმოადგენ დედამიწის უტურფეს სამშვენს
და გაზაფხულის მობრძანებაც  შენგანვე  ვუწყით,
შენივე კვირტში შენი არსი თუკი დაახშე,
ნაზო ქვაწვიავ, თავსვე ძარცვავ მსგავსი სიძუნწით!

გებრალებოდეს ეს მსოფლიო და ნუ იხარბებ,
რომ უნაყოფო მიეახლო სამარის კარებს.

3 აგვისტო, 2015 წ.



სონეტი II (2)

ორმოცი ზამთრის ალყა როცა ეშხისგან გაგცლის,
მშვენების ველს რომ გადაგიხნავს დროის სახნისი,
თვალს რომ იტაცებ სიჭაბუკის ამაყ ტანსაცმლით,
დრო რომ დაძონძავს, იქნება კი რამის მაქნისი?

მაშინ გკითხავენ: „სილამაზე ასე მდიდრული,
სად დაიკარგა, რა უყავი ნამყოს საგანძურს?“
„ჩაცვენილ თვალთა ფსკერზეაო ის ჩაძირული,“-
უპასუხებ და ვერ დამალავ სირცხვილის ალმურს.

შეგექებოდა სილამაზის სწორად დახარჯვა,
თუ თქმას შეძლებდი: „აი, ჩემი ლამაზი შვილი,
ჩემს სიბერეს რომ ამართლებს და არ უტეხს აჯას“
და მსგავსებითაც მემკვიდრეა შენი ნამდვილი!

და თუმც სიცივე გექნებოდა  სისხლში გამჯდარი,
განახლდებოდა შენი სისხლი შვილში გამთბარი.

16 სექტემბერი, 2013 წ.


სონეტი III  (3)

შეხედე სარკეს და უთხარი არეკლილ სახეს,
დრო დასდგომია ასლი შექმნას სხვა კაცთა მსგავსად
და თუ ახლავე მის სინედლეს არ განაახლებს,
დედობას ართმევს ვიღაც ასულს, სამყაროს ნავსავს. 

ხელს რომელი კრავს შენი ხიბლის ამგვარ ანდამატს,
იუკადრისებს ან შენს ქმრობას რომელი მდედრი?
ეგებ სხეული გსურს ნაყოფის  გექცეს აკლდამად,
შვილი არ გინდა, საკუთარ თავს რადგანაც ეტრფი?

შენ წარმოადგენ დედაშენის საყვარელ სარკეს,
თვის აპრილს ხედავს, შემოგყურებს იმედით სანამ
და შენი შვილიც წარსულისკენ გაგიჭრის სარკმელს,
ხანდაზმულს მსგავსად დაგანახებს შენს ოქროს ხანას.

რომ დაგივიწყონ, როს მოკვდები, თუ გინდა უმალ,
მაშინ იცხოვრე, ჩემო კარგო, კვლავაც ეულმა.

3 აგვისტო, 2015 წ.


სონეტი IV  (4)

მშვენიერების გამფლანგველო, რადა გაქვს წესად
საკუთარ თავზე სილამაზის სამკვიდროს ხარჯვა?
მემკვიდრეობა ბუნებამ ხომ მხოლოდ გასესხა,
გულუხვთა ნიჭი, გამოელის რადგან ხარაჯას.

ლამაზო ძუნწო, მემკვიდრისთვის რაღატომ დახშავ
გულუხვ საბოძვარს და დღითი-დღე გაღარიბდები?
დიდძალ საუნჯეს რანაირად იძლევი ვახშად,
ცხოვრების სახსარს თუ არ გაძლევს აღნადგინები?

შენივე თავი გეგულება რადგან შენს მუშტრად,
თავს მოიტყუებ და ამაოდ მოელი ხეირს,
როცა ბუნება წარმოგიდგენს ანგარიშს კუშტად,
რითი აპირებ გასტუმრებას სიცოცხლის სესხის?

შთახდება შენი სილამაზე შენთან საფლავად,
უშვილ-უძეოდ უსარგებლოდ თუკი გაფლანგავ.

4 აგვისტო, 2015 წ.


სონეტი V (5)

ის საათები, რომ ჩამოქნის ნატიფი შრომით
სახეს, რომელიც მიიჩნევა სიტურფის ხატად,
როგორც ტირანი თვის ნაბოძვარს წაართმევს წყრომით
მას, ვინც მშვენებით ყველა სულდგმულს გარდაემატა.

მიერეკება რადგან ზაფხულს დრო ბობოქარი
საზარ ზამთრისკენ  და მოაშთობს იქავე სუსხით,
ხეებს წვენს უზრობს, არ შეჩებათ ზედ ფოთოლნარიც,
მიიჩქმალება სილამაზე თოვლის საბურით.

თუ არ შემორჩა ცხელ ზაფხულის გამონაწური
შუშის კედლებში გამოკეტილ თხიერ პატიმრად,
ვერ გაგვახსენებს ყვავილებსაც სითხე საპკური,
მათი მშვენება, გვეგონება, ვნახეთო სიზმრად.

მჭკნარი ყვავილი ზამთრის სუსხსაც არ ეპუება,
თუ გარეგნობაგამოცვლილი ხალხს ეპკურება.

23 სექტემბერი, 2013 წ.

სონეტი VI (6)

ნებას ნუ დართავ ზამთრის ტლანქ ხელს დაასვას დაღი
შენს ტურფა ზაფხულს, შეინახავ ვიდრე  მის  ნაწურს:
და გადაავსებ ვიღაცის თასს ტკბილი ბადაგით,
სანამ მპარავი დრო წარგტაცებს ეშხის საგანძურს.

მევახშეობა  სათაკილო ნუ გეგონება, 
თუკი ხალისით გიბრუნებენ სესხსა და სარგოს.
რადგან მოხდება ისევ შენი განმეორება,
ეს სიხარული კი ჯობია გაიათმაგო.

გაგიმეორა თუკი ათგზის შენმა ნამატმა,
იბედნიერებ ათჯერ მეტად ჯილაგით მაშინ,
შეეგებები კარზე მომდგარ სიკვდილს ამაყად,
სიცოცხლეს ქვეყნად თუ შემატებ უამრავ ბადიშს.

თუმც მეტისმეტად ლამაზი ხარ, ნუ ხარ თავკერძა,
ნუ დაუტოვებ მაგ მშვენებას მატლებს ანდერძად!

5 აგვისტო, 2015 წ.

სონეტი VII (7)

აღმოსავლეთით როს შეხედავს ოქროს დიელოს
მაღლა აწეულს მოგიზგიზე ცეცხლოვან თავით,
პატივს მიაგებს მას ყოველი ძე-ხორციელი,
არავის ძალუძს გაუსწოროს დიდი ხნით თვალი;

როცა დაიპყრობს ის ზეციურ მწვერვალის თავანს,
სიძლიერით ჰგავს ახალგაზრდას შუა ასაკის,
ვის სილამაზეს მოკვდავები კვლავ სცემენ თაყვანს,
ზენიტში უფრო გაბრწყინდება ოქროს ვარაყი;

მაგრამ როდესაც ძირს ეშვება, დაღლილი ეტლით,
მოხუცს წააგავს, უძლურსა და წლებით სნებიანს,
თვალები, ადრე მორჩილებით გამომეტყველი,
მის დანახვისას უკვე განზე იხედებიან:

თუ უშვილობით გადაცდები ოქროს დიელოს,
სულ მალე აღარც შენ იქნები სახარბიელო.

31 იანვარი, 2012 წ.

სონეტი VIII  (8)

თავად მუსიკას, რად გიფუჭებს ჰანგი ხასიათს?
არ ეომება საამური რადგან საამურს.
რატომღა გიყვარს, რასაც იღებ მხოლოდ ყასიდად,
რაც შეგაშფოთებს, მისით ტკბობა ანდა რაღად გსურს?

თუკი ჰანგების ჰარმონია გეხამუშება,
რომ შეწყობილან საქორწინო მტკიცე საკვრელით
- დაყვედრებული  მარტოობა  გესმა უშვერად,
დაკისრებული მუსიკის რომ ვერ ხარ დამკვრელი.

მიაყურადე, როგორ უწევს ცოლ-ქმრობის უღელს,
სიმი სიმს უკრავს, ჟღერადობით ესაბამება,
მოჰგავს დედ-მამას, როს ბადებენ პირმშოს სასურველს
და ერთხმად მღერის მერე ტკბილ ჰანგს  მათი სამება.

სამის უსიტყვო სიმღერა კი ყურში გაქვს ხინჯად:
„რომ არარა ხარ, სანამ ქვეყნად დახვალ ბერბიჭა“.

6 აგვისტო, 2015 წ.

სონეტი IX (9)

ეგებ წინდაწინ გეშინია ქვრივის ცრემლების,
მარტოხელობა რომ არჩიე მეუღლის ყოლას?
ვინიცობაა უშვილძიროდ მოიცელები,
ქვეყანა გიგლოვს, რომ დატოვე უწყვილო ცოლად;

შენით სამყარო დაქვრივდება და მორთავს ქვითინს,
როცა წარხდები და ვერ ჰპოვებს შენს ჯიშს და ჯილაგს,
მაშინ, როდესაც შვილს შეხედავს რიგითი ქვრივი
და წარმოსახვით ქმრის ხატებას მყისვე იხილავს. 

საკუთარ განძს თუ ანიავებს ვინმე მფლანგველი,
ალაგს შეიცვლის ქარაფშუტას ავლა-დიდება,
თვისი მშვენების პირისაგან მიწის აღმგველის
საგანძური კი სანაგვეზე გადაიყრება.

და სხვის სიყვარულს ვით დაიტევს მისი გულ-გვამი,
საკუთარ თავის წინააღმდეგ ვინც ბოროტს სჩადის?! 

6 აგვისტო, 2015 წ.

სონეტი X (10)

შეგრცხვეს, როს ამბობ, ვინმე გიყვარს და გთხოვ, უარყავ,
შენივ მშვენებას როცა უცლი ძვირფას ვაშკარანს,
დაგიდასტურებ, თუ ინდომებ, რომ ბევრს უყვარხარ,
რომ არვინ გიყვარს, ყველასათვის არის აშკარა;

რადგან დაგიპყრო სასიკვდილო ბრმა სიძულვილმა,
შენივე თავის წინააღმდეგ აპირებ ზაკვას
და აგიტანა ლამაზ სახლის ნგრევის სურვილმა,
რის განახლებაც უნდა იყოს  შენი განზრახვა.

გულისნადები შეიცვალე, შევიცვლი მეც აზრს!
ზიზღს არ სჭირდება ნაზ ტრფობაზე კარგი სადგომი,
შესაფერისი გქონდეს ქცევა ღვთის ხატის სადარს
და თავის მიმართ  გახდი უფრო კეთილის მდომი.

თუკი ოდნავი სიყვარული მაინც გაქვს ჩემი,
ეგ სილამაზე გააგრძელე შვილის გაჩენით.

30 სექტემბერი, 2013 წ.

სონეტი XI (11)

როგორც  იმცრობი, გაიზრდები ისევე უმალ
ერთ იმათგანში, წარმოადგენს ვინაც შენს ნაგრამს,
თუ შვილს გადაეც შენი ქორფა სისხლი ჭაბუკმა,
გინდაც მოხუცდე, სიჭარმაგე ვეღარ დაგჩაგრავს.

აქ არის სიბრძნე, განახლება, მშვენიერება:
ამის გარეშე - სიბრიყვეა, ჭკნობა, ასაკი,
თუ ყველა შენებრ იფიქრებდა, ქვეყნიერებას
არ შერჩებოდა სამოც წელში კაცთა ნასახიც.

დაე, ბუნებას ვინც არა სურს თავის მარაგად -
რომ აღიგავოს უნაყოფოდ  -  ხეპრე, მახინჯი;
შენ კი, ყველაზე მეტი გიძღვნა ვისაც ბარაქა,
უნდა იზრუნო განამრავლო ურიცხვი ნიჭი.

შენ გამოგკვეთა მის ბეჭედად, ასე ნატიფი,
დროს შეუნახე ეგ ხატება ამონატვიფრით.

2 ოქტომბერი, 2013 წ.

სონეტი XII (12)

დღის დასრულებას როცა მამცნობს დროის ისრები
და ნათელ დღეს ნთქავს საზიზღარი ღამის უკუნი;
როდესაც ვხედავ, რომ დამჭკნარან  უკვე იები
და ვერცხლისფერად იფერება შავი კულული;

ამაყ ხეებს როს უშიშვლდებათ უფოთლოდ ტანი,
ადრე სიცხეში რომ ფარავდნენ ჩრდილებით ფარას,
როდესაც  ვხედავ ძნად შეკონილს სიმწვანეს ყანის,
დროგზე დაგდებულს, წვერჭაღარა გაბურძგნილ ნარად.

შენს სილამაზეს ეჭვის თვალით დავუწყებ ჭვრეტას,
გაგივერანებს შენც სხვებივით  ჟამი მსახვრალი,
ყოველ მშვენების დაიწყება ჭკნობა-დაშრეტა,
როგორც კი ატყობს - აღმოცენდა მასზე ახალი.

დროების ნამგალს წარუდგები მაშინ უშიშრად,
თუ შენ მაგიერს დაუტოვებ ქვეყანას მკვიდრად.

4 ოქტომბერი, 2013 წ.

სონეტი XIII (13)

რაც შენ ახლა ხარ, ნეტამც იყოს ის წარუვალი!
თუმცა, ძვირფასო, ასეთი ხარ, სანამდე ცოცხლობ:
ვიდრე გეწვევა აღსასრული გარდაუვალი,
შენი მსგავსება, სჯობს, მაგიერს გადაულოცო;

რათა მშვენება, რომ მოგეცა დროებით ვალად
არასდროს შეწყდეს, მუდამ დარჩეს ქვეყნად ვარგისი
და შენ შემდეგაც რომ ატაროს ვინმემ შენ ნაცვლად,
ეგ სილამაზე გაახსენდეთ შენს გასაგისით.

ვინ აპარტახებს თავის ნებით ასეთ ლამაზ სახლს,
რომ დაიცავდა ღირსეულად ზრუნვა სათუთი
და გაუძლებდა ზამთრის დღეთა ყველა ქარიშხალს,
ვერ მოაშთობდა თვით სიკვდილის მარადი სუსხი?

არავინ, გარდა მფლანგველისა! და ამას გკადრებ
- შენს შვილსაც ჰყავდეს მამა, თუკი შენც გყავდა ადრე.

7 ოქტომბერი, 2013 წ.

სონეტი XIV (14)

არ მიკრეფია ვარსკვლავთაგან ჩემი მსჯელობა,
თუმც მიმაჩნია, რომ მაინც ვარ ვარსკვლავთმისანი,
ისეთი არა, მოსახდენის გითხრათ მსვლელობა,
ჭირის, შიმშილის ან ამინდის გამცნოთ ნიშანი.

ჩემთვის ხომ ახლო მომავალიც არ არის ცხადი,
ბუნდოვანია დარისა თუ  ავდრის მიზეზი,
მორჭმულ ხელმწიფეს მერმისი თუ რა ბედს უქადის,
ვერას შევიტყობ დაკვირვებით ვარსკვლავთა გეზის.

შენმა თვალებმა შემასწავლეს წინასწარჭვრეტა,
უცვლელ მთიებით - მაგ თვალებით შევიცან სიბრძნე:
ჭეშმარიტება და მშვენება იხარებს ერთად,
გადაულოცავ სილამაზეს თუკი მემკვიდრეს.

ასე თუ არ იქმ - აი, ჩემი წინასწარცნობა:
ეშხიც, სიმართლეც შენთან ერთად მოკვდება ორთავ.

8 აგვისტო, 2015 წ.

სონეტი XV (15)

როდესაც ვმსჯელობ - ყველაფერი რაც აღმოცენდა,
მცირედი დროით არის მხოლოდ აღერებული,
მალე ბეზრდება ერთი ფონი სამყაროს სცენას
და იდუმალი გრძნებით შეცვლის  ვარსკვლავთ კრებული.

როდესაც ვხვდები, ემსგავსება კაციც ნარგავებს,
ცა ანებივრებს, სიჭაბუკის ძალუძს მოცემა,
სიამაყის წლებს იგივე ცა უპატარავებს,
ზეობის ხანა ხსოვნისაგან წარიხოცება.

მაშინ მაფიქრებს წუთისოფლის ჟამთა ცვლილობა,
შენი მშვენების განქარვების მიჩნდება ყამი,
რადგან დრო ჭკნობას - გაუმართავს შენზე ცილობას,
სიჭაბუკის დღე შეგიცვალოს უამურ ღამით.

დროსთან გადამწყვეტ ომში, შენი ტრფიალის გამო,
რასაც წაგართმევს, მე ხელახლა ისევ დაგამყნობ!

9 აგვისტო, 2015 წ.

სონეტი XVI (16)

შემმართებელი რად არა ხარ შენ ჭეშმარიტად,
რომ გაუმკლავდე ულმობელ დროს - სისხლიან ტირანს?
რად არ აღმართავ მტკიცე ზღუდეს ჭკნობის სარიდად,
უმჯობეს ხერხით, ვიდრე ძალუძს პოეტის ლირას?

ბედნიერების მწვერვალზე ხარ ახლა მდგომელი,
მრავალ ქალწულის ბაღი ჯერაც დაუთესავი,
შენი ყვავილის გახარების არის მდომელი,
ნახატზე მეტად რომ იქნება დედანის მსგავსი.

სიცოცხლე უნდა განიახლო სიცოცხლის ხაზით,
რადგან დროის ფუნჯს, გინდ პოეტის უმწიფარ კალამს,
შინაგანი ან გარეგნული მაგ სილამაზის
კაცთა თვალებში შემონახვის არ შესწევთ ძალა.

გაიღე თავი, მრავალთათვის ნანინანატრი,
მარად იცოცხლე შენი მსგავსის სხვაში ჩახატვით.

12 ოქტომბერი, 2013 წ.

სონეტი XVII (17)

ამ ლექსის სიტყვებს მომავალში ვინღა იწამებს,
შენს სიქველეთა გადმოცემა თუ ვანდე კალამს?
ხომ უწყის ზეცამ, როგორც მალავს აკლდამა გვამებს,
ეს ლექსიც შენი ღირსებების ნახევარს ჩქმალავს.

რომ შემძლებოდა ლამაზ თვალთა ცხოვლად ასახვა,
კეთილქმნულება ლექსით მქონდეს ბოლომდე თქმული,
მერმისს იტყოდნენ: – “ამ პოეტმა გადააჭარბა,
დახატა სახე ზეციურად გამონაკვთული”.

როდესაც ჟამი გააყვითლებს ამ ფურცელთ გროვას,
ლექსები ყბედის ნათქვამივით გატრიზავდება,
ჭეშმარიტებას შერაცხავენ მოხუცის როშვად,
ანტიკურ ხანის ლექსის თანმდევ გაზვიადებად.

თუ შენი შვილით გაუმაგრე ზურგი ამ სტროფთაც,
მაშინ ლექსიც და ნაშიერიც გაცოცხლებს ორფად.

9 აგვისტო, 2015 წ.

სონეტი XVIII (18)

ახლოს თუ მოვა ზაფხულის დღე შენს იერამდე,
თუმცა ხარ მასზე სანდომიც და თავდაჭერილიც,
მაისის კოკრებს ქარაშოტის  ქროლვა შეარყევს,
ზაფხულიც მცირე დროით არის თავაღერილი.

ზომაზე მეტად დააცხუნებს ზოგჯერ ცის თვალი,
დაებინდება ხშირად ღრუბლით ოქროს დიელო,
ზოგჯერ მშვენებაც მშვენებისგან არის დამცხრალი
და გარეგნობაც აღარა აქვს სახარბიელო.

შენი მუდმივი ზაფხულია წარუხოცელი
და არ დაკარგავ მაგ მშვენებას  კუთვნილს განგებით,
სიკვდილის ჩრდილი ვერ იქნება შენი მომცველი,
გაგაუკვდავებ რადგან ლექსის ძეგლის აგებით.

და სანამ ვინმეს შეეძლება სუნთქვა და ხილვა,
მანამ ეს ლექსი გაცოცხლებს და სახელს გაგითქვამს.

9 აგვისტო, 2015 წ.

სონეტი XIX (19)

დროო მშთანთქმელო, დააბლაგვე ჭანგები ლომის,
მიწის ნაშობი გადასანსლოს მიწისვე ბაგემ,
მძვინვარე ვეფხვი მოიხელთე ეშვთა დაძრობით,
ხოლო ფენიქსი მის საკუთარ სისხლში დადაგე.

თბილი სეზონით გაახარე, მკაცრით ჰქმენ წბილი,
ფეხმალი სრბოლით ვრცელ ქვეყანას როცა დაუვლი,
რაც გსურს, ის ქენი, გინდ სამყაროს წაართვი ხიბლი,
მე აგიკრძალე მხოლოდ ერთი დანაშაული:

ხნულს ნუ გაუვლებ საჭრეთელით საყვარელ სახეს,
გთხოვ, საათების მდინარება იქ არ მიუშვა,
წაუხდენელი და უცვლელი გადაუნახე
შთამომავლობას – სილამაზის უჭკნობ ნიმუშად.

თუ მაინც გინდა, ჩაიდინე არამზადობა,
შევუნარჩუნებ ლექსით მარად ახალგაზრდობას.

16 ოქტომბერი, 2013 წ.
სონეტი XX (20)

თავად ბუნებამ დაგანათლა ქალის მშვენება,
ბატონ-ქალბატონს უჩვეულო ამ ჩემი ჟინის,
ქალივით ნაზ გულს დაატარებ, თუმც არ გაქვს ჩვევად,
ცრუ დიაცთ მსგავსად შეიცვალო ხშირ-ხშირად ნირი.

თვალთ არ აცეცებ, ვით იციან ეს დიაცებმა,
რასაც კი უმზერ - აოქროვებ ოქროცურვილით,
კაცურ იერით კაცთა მზერა წარიტაცება,
ხოლო ქალებს კი სუნთქვა ეკვრით შენი სურვილით. 

თავდაპირველად რადგან შეგქმნა ბუნებამ ქალად,
როცა გძერწავდა, უნებურად აღეგზნო ტრფობით
და ამიტომაც გაჩენისას სქესი გიცვალა,
მე კი დამსაჯა ჩემი მიზნის გულში ჩახშობით.

შენით ბუნებამ ქალებს უძღვნა სიამოვნება,
მე სიყვარული მომანიჭე, ხოლო მათ - გზნება.

10 აგვისტო, 2015 წ.

სონეტი XXI (21)

მისებურ მუზას არასოდეს ვუხმობ საშველად,
ვინაც შეღებილ სილამაზეს უძღვნის დითირამბს,
ზეცას იყენებს ჩუქურთმად და ლექსის სამშვენად,
გადაჭარბებით სატრფოს ხოტბა ვინც აიხირა,

შესადარებლად ვინც სტროფებში ხშირად მიმართავს,
მზესა და მთვარეს, მიწისა თუ წყლის  თვალ-მარგალიტს,
აპრილის იებს; იპოვება რაც იშვიათად,
იმ მზისქვეშეთში, რომ მოქობავს ზეცის ცარგვალი.

ტრფობაში ალალს, მწადს ლექსშიაც პატიოსნება,
თუმცა ბადალი ქვეყანაზე არ ჰყავს ლაზათით,
ჩემი მიჯნური ვერასოდეს გასხივოსნდება,
მსგავსად ცის მყარზე მოელვარე უამრავ მნათის.

ჭარბად მან აქოს, სიმართლესთან რომელიც ანგლობს,
მე კი არ მინდა, ჩემსავ სატრფოს რომ ვუმაჭანკლო.

10 აგვისტო, 2015 წ.

სონეტი XXII (22)

არ დავუჯერებ სარკეს მანამ  ჩემს სიჭარმაგეს,
ერთი ასაკის სანამდე ხართ შენ და სინორჩე,
ოდეს ჟამთასვლა დაღს დაასვამს შენს ძვირფას სახეს,
მაშინ სიცოცხლეც აღარ მიღირს - ჯობია მორჩეს!

შენი მშვენება სამოსელად გულმა ინატრა,
ჭაბუკის გულის ჩამინერგე ძალუმი ძგერა,
ჩემი გული კი შენმა მკერდმა დააბინადრა,
ამიერიდან ვინღა ჩამთვლის, ძვირფასო, ბებრად?

ამიტომ შეგთხოვ, იყო უფრო წინდახედული,
არ გადააწყდე ნაადრევად დამღუპველ უკუნს,
შენს გულს ვატარებ, თორემ განა ვარ წამხედური
მზრუნველი ძიძის, ჩემს თავზე რომ ვაპირებ რუდუნს.

ვერ დაიბრუნებ გულს, თუ  ბნელი ჩემს გულს  ჩაჩუმქრავს,
მას არ ვაბრუნებ, რაც მომეცი ერთხელ საჩუქრად.

11 აგვისტო, 2015 წ.


სონეტი XXIII (23)

ვით უხეირო მსახიობი შიშის კანკალით,
სცენაზე მდგომი როლს ასრულებს ვაი-ვაგლახით,
ან მრისხანებით გადავსილი გული არჯალის,
დაუძლურდება მეტისმეტი რიხით და ფახით.

მეც, რწმენანაკლულს, მავიწყდება, აგიხსნა ცხადად
და გულის ფიქრი გაგიმხილო საჭირო სიტყვით,
თითქოსდა, ჩემში სიყვარულის ძალა დამცხრალა,
საკუთარ ტრფობის სიძლიერის ქანცგამცლელ ტვირთით.

ენამჭევრობას დავავალებ მაშინ ჩემს ლექსებს,
დე, გახდნენ უტყვი მაცნეები გულისნადების
და მიჯნურობის საზღაური მოგთხოვონ მეტრფეს
იმაზე უკეთ, ვინც აშკარად გითხრა სათქმელი.

ის ამოიცან, დაგიწერა რაც ჩუმმა ტრფობამ,
თვალებით სმენა –  სიყვარულის არის განბრძნობა.

11 აგვისტო, 2015 წ.

სონეტი XXIV (24)

თვალი გამიხდა მშვენიერი სახის აქაქი,
გულის ფიცარზე შექმნა მისი ამონატვიფრი,
ჩემი ტანია საკიდი და ჩარჩო ნახატის,
პერსპექტივი კი - ხილვადობის ხერხი ნატიფი.

ამ სურათს ოდენ დაინახავ მხატვრის განჭვრეტით,
რომელ კუნჭულში, სად ინახავს შენს ნამდვილ ნაკვთებს,
ეგ თვალები კი მაგივრობას სწევენ ფანჯრების
და ჩემი მკერდის სახელოსნოს მათით ვანათებ.

შეეწევიან ერთურთს თვალნი არანაკლებად -
შენს იერსახეს თუ ხატავენ ჩემი თვალები,
შენი თვალები მკერდში მიდგას ნათელ  სარკმლებად,
სადაც მზეს უყვარს შეჭვრეტა და შენი ალერსი.

თუმცა ხატვისას დაუშვებენ თვალნი შეცდომებს,
რასაც ხედავენ მას ხატავენ, გულს კი ვერ ცნობენ.

4 სექტემბერი, 2015 წ.

სონეტი XXV (25)

წარმატებული გაუხდია ვინც ბედის ვარსკვლავს,
პატივითა და წოდებებით, დე, მოჰყვეს კვეხნას,
მე კი იღბალი ამგვარ ტრიუმფს რადგან მიკრძალავს,
სასიქადულოდ მივიჩნიე სხვა რამე ქვეყნად.

აყვავდებიან რჩეულები მეფისწულების,
როგორც მზის გულზე აყვავება იცის ნარგიზმა,
მაგრამ ერთხელაც მბრძანებლისგან  შერისხულები,
წახდებიან და დაკარგავენ თავის ქარიზმას.

ან საბოლოოდ, თუკი ერთხელ მაინც იძლევა,
ათასი ბრძოლის მომგებელი მთავარსარდალი,
იგი დიდების წიგნიდანაც ამოიშლება
და მივიწყებას მიეცემა ნაქმნარი ღვაწლი.

მე კი ვერავინ ჩამომართმევს  ბედკეთილ სვე-ბედს,
მიყვარს, ვუყვარვარ - სიყვარულის ძალას მივენდე.

4 სექტემბერი, 2015 წ.

სონეტი XXVI (26)

უფალო ჩემი სიყვარულის, ვისი ვასლობაც
შენმა ღირსებამ ჩამინერგა, მაქცია მძევლად,
ლექსებს მივანდე ელჩობა და შუამავლობა,
ნიშნად პატივის – განა ჭკუის დასანახვებლად.

ჯეროვნად ხოტბა ვერ გიძღვენი გონებამწირმა,
ვალის გადახდა თუმც შეეძლო სიტყვას აწონილს,
მაგრამ მე მჯერა, შენი გული რომ არ გამწირავს,
შიშველ აზრს სამოსს უწილადებს კეთილგანწყობის.

ოდეს თუ გეზის წარმმართველი ვარსკვლავთა ხვამლი,
ბედის გაწყრომას გამომიცვლის ბედკეთილობით,
დაძონძილ ტრფობას შემიმოსავს ძვირფას ტანსაცმლით,
ღირსი გავხდები მაშინ შენი ზნეკეთილობის.

დავიტრაბახებ, როს ვეწევი მაშინ საწადელს,
რარიგ მიყვარხარ, მანამ ამას როდი გავამხელ!

26 ოქტომბერი, 2013 წ.

სონეტი XXVII (27)

სარეცელისკენ მივიჩქარი დაღლილი ჯაფით,
ნამგზავრ კიდურებს რომ მოვგვარო ნანატრი შვება,
მაგრამ გონება მგზავრობისკენ მაინც ისწრაფვის,
თუმცა სხეული დაიქანცა, ის არ დაშვრება.

რადგანაც ფიქრებს – რომ ყოფს შენგან დიდი მანძილი,
მომლოცველობის ეუფლებათ მხურვალე ზრახვა,
ვეღარ მოვხუჭავ ქუთუთოებს, არ მოდის ძილიც
და წყვდიადს ვუმზერ, ვით ბრმის თვალებს ძალუძთ დანახვა.

წარმომიდგება მზერადავსილს ლანდი ლამაზი,
როს წარმოსახვა დამანახვებს თვალებზე უკეთ,
კუნაპეტ ღამეს გაანათებ, როგორც ალმასი
და ბებერ სახეს სილამაზით გაუჭაბუკებ.

და ასე ხდება, დღით სხეულით, ღამით გონებით,
ორთავ ჩვენ გამო – აღარ მრჩება დრო მყუდროების.

5 სექტემბერი, 2015 წ.

სონეტი XXVIII (28)

როგორღა უნდა დამიბრუნდეს კარგი გუნება,
თუ დრომ ინება დასვენების უფლების წაგვრა?
ვერ მიმსუბუქებს ღამე, რაც დღით დაითრგუნება,
მიძლიერებენ დღე - ღამის და ღამე - დღის ჩაგვრას.

ერთიმეორის  უხარიათ თუმცაღა ძვირი,
ჩემი ტანჯვისთვის გადაიქცნენ შეფიცულებად,
დღე ჯაფით მქანცავს, ხოლო ღამე - ღრმა სიმძიმილით
და გარჯილობით განშორება აღარ სრულდება.

დღეს რომ ვაამო, ვეუბნები: მშვენიერებით,
როცა ღრუბლები მზეს ფარავენ,  ქვეყანას ამკობ,
ხოლო შავგვრემან ღამეს ასე ვეპირფერები:
შენ უოქროვებ უვარსკვლავო ცაზე საღამოს.

გულისტკივილი  თუმცა დღისით არ მიამდება
და  არც ნაღველი მიქარვდება, როს მიღამდება.

6 სექტემბერი, 2015 წ.

სონეტი XXIX (29)

ბედისგან კრული და კაცთაგან აბუებული,
თავლაფისდასხმას როს ვგლოვობ და სვეს მიუსაფრის,
ხოლო ცა ხვდება ფუჭ ღაღადისს დაყრუებული,
თავი მებრალვის და ჩემს სვე-ბედს კრულვას ვუგზავნი.                                             

შემეხარბება ზოგიერთის მაშინ იერი,
კარგი გუნება, მეგობრები გამორჩეული,
დიდოსტატობა, ან გონების თვალსაწიერი,
რადგან ნაკლებ ვარ კმაყოფილი ღვთით ბოძებულით.

თავი მძაგდება ამნაირი სულმდაბალ ზრახვით,
მაგრამ ანაზდად შენზე ფიქრი მიცვლის განწყობას
და ვით ტოროლა ალიონზე მზისკენ ისწრაფვის,
სული მაღლდება და ჰიმნების იწყებს გალობას;

პირზე ღიმილით გაგიხსენებ ძვირფას ნანდაურს
და ეს განცხრომა მირჩევნია მეფის საგანძურს.

12 აგვისტო, 2015 წ.

სონეტი XXX (30)

სანუკვარ ფიქრთა როცა ვმართავ მდუმარე სხდომას,
მოწმედ ვიძახებ მოგონებებს წარსულის ხსოვნის,
ამოვიოხრებ, ოდეს ვხედავ ამდენ შეცდომას,
თავს ვსაყვედურობ ძვირფას წლების ფლანგვას უქმობით.

ცრემლში ეშვება მერე თვალი ცრემლებდამშრალი,
მეგობრები  რომ გადამალა ღამემ უვადომ,
განმიახლდება მწუხარება უკვე ჩამცხრალი,
მიმქრალ ლანდების წარმოდგენით დანაკარგს ვდარდობ.

თავიდან  ვგოდებ საგოდებელს გამქრალს და განვლილს,
როს გამოგლოვილ სადარდებლებს მძიმედ  ვიხსენებ,
უწინდელ გლოვას გეგონება  გასვლია ყავლი,
ვალის გადახდა დამეკისრა თითქოს ისევე.

ამასობაში შენც გიხსენებ, ძვირფასს, სანუკვარს
და ვეღარ ვიტყვი მერე უკვე ბედის სამდურავს.

6 სექტემბერი, 2015 წ.
სონეტი XXXI (31)
შენი გულიდან მესმის იმათ გულის ძახილი,
ვისაც მკვდრად ვთვლიდი, რადგან დიდხანს მოვისაკლისე,
შენს მკერდში მეფობს სიყვარული ყოველი ხიბლით
და წასულებით დაწყვეტილ გულს ის მიხალისებს.

გულს რაოდენი გოდება და გმინვა აღმოხდა,
თვალმა რამდენი ცხარე ცრემლი გლოვის დაღვარა,
როგორც საკურთხი შესვენებულ სულთა საოხად,
ახლა ფარულად შენს მკერდში რომ მკვდრეთით აღმდგარან.

დაკრძალულ ტრფობის შენ ქცეულხარ ახლა სამარხად,
რომ შემკობილა ჩემს გარდაცვლილ მიჯნურთ ნადავლით,
ყველა მათგანმა ჩემი ტრფობა გადმოგაბარა
და ახლა შენ ხარ ერთადერთი მათი ბადალი.

მე შენში ვხედავ ყველა ჩემთვის საყვარელ სახეს
და რაც ჩემში მათ ეკუთვნოდათ - შენად შევრაცხე.

30 ოქტომბერი, 2013 წ.

სონეტი XXXII (32)
თუ მოესწრები, წასაყვანად როს მომაკითხავს
ხეპრე სიკვდილი და სიცოცხლეს გამიცამტვერებს
და თუ შემთხვევით კიდევ ერთხელ დაუწყებ კითხვას
განსვენებული შენი მეტრფის ამ ტლანქ ბწკარედებს,

ახალ დროების მონაპოვართ თუკი შეადრი,
ალბათ, გაუსწრებს ოსტატობით  კალამი ბევრის,
გთხოვ, შეინახო განა რითმის, ძველ ტრფობის ხათრით,
გინდაც დაჩრდილონ პოეტებმა უკეთეს ხვედრის.

მოწყალე ფიქრით, გთხოვ, პატივის ღირსად შემრაცხო:
“რომ შესწრებოდა ამ დროს მუზაც ჩემი მეგობრის,
გამოიღებდა მისი ტრფობა უმჯობეს ნაყოფს
და დაიდგამდა გვირგვინს პირველ პოეტ-მეხოტბის:

თუმცა მომხიბლეს უფრო მეტად სხვების  ბწკარებმა,
სატრფოს ლექსები ტრფობის გამო შემიყვარდება“.

6 სექტემბერი, 2015 წ.


სონეტი XXXIII (33)

ბევრჯერ მინახავს დიდებული მნათობი დილის,
ეალერსება მთების ქიმებს მეფურ ღიმილით,
ველთა სიმწვანეს გადაკოცნის სხივთა მანდილით,
მოაოქროვებს ნაკადულებს ცის ალქიმიით.

მაგრამ უეცრად ნებას დართავს უმდაბლეს ღრუბლებს,
უმსგავს გროვებად მიეჯარონ მის ციურ იერს,
ისე რომ, მათგან თავსაც ვეღარ ითავისუფლებს
და შერცხვენილი იპარება ცის დასალიერს.

ჩემი მზეც ასე მინათებდა ადრეულ დილას,
შუბლს შემიმკობდა სიკაშკაშით ძლევამოსილით,
თუმც, სამწუხაროდ, ერთ საათში ის ჩამომცილდა,
თვალს მიეფარა მახლობელი ღრუბელის ფთილით.

მაგრამ საყვარელს წავუყენებ განა ბრალდებას,
რას ვთხოვ მიწის მზეს, ზეცის მზეც თუ დალაქავდება?!

6 სექტემბერი, 2015 წ.


სონეტი XXXIV (34)

რატომ დამპირდი ულამაზეს, დარიან ტაროსს,
ამის გამო ხომ ულაბადოდ  დავტოვე სახლი,
ნება რად დართე, დამწეოდა ღრუბელს, საავდროს,
შენი მშვენება დაემალათ  შავ  ბოლქვებს კვამლის?

არ კმარა ღრუბელს თუ გაარღვევ, ვერ მიქრობს ბალღამს,
ნაგვემი სახის შემშრალებით თუ ჩემზე ზრუნავ,
ვერავინ აქებს  ქვეყანაზე  იმდაგვარ ბალზამს,
წყლულს რომ არჩენს და დამცირებას კი ვერ განკურნავს.

შენი დარცხვენაც ვერ დამადებს წყლულებზე სალბუნს,
თუმც ინანიებ, კურნებისთვის ესეც არ მყოფნის:
შემცოდის ნანვას რადგან მხოლოდ ოდნავად ძალუძს,
შემიმსუბუქოს მძიმე ჯვარი შეურაცხყოფის.

მაგრამ ცრემლები მარგალიტის, ღვრილი ნანვისას,
შენ ჩაგეთვლება სრულფასოვან გამოსასყიდად.

7 სექტემბერი, 2015 წ.

სონეტი XXXV (35)

ნაქმნარის გამო ნუ ნაღვლობ და ნუ შეძრწუნდები:
ვარდს ეკლები აქვს და ტალახი მოსდევს წყაროებს,
მზე და მთოვარე ბნელდებიან, ფარავთ ღრუბლები,
ტკბილი კოკორი უსაზიზღრეს მატლს ასაზრდოებს.

ყველა შესცოდავს, ხოლო მე კი იმითი ვცოდავ,
შედარებებით რომ გამართლებ და მიგენდობი,
თავს ვიზიანებ, შევარბილებ შენს გადაცდომას,
შენს ცოდვებს ბევრად აღვემატე ჩემი შენდობით.

როს შენი ცოდვა გონივრულად ჩემგან საღდება –
ჩემს მტერს ვქომაგობ, საკუთარი თავის მაგივრად,
მის სასარგებლოდ წავუყენებ ჩემს თავს ბრალდებას,
სამოქალაქო ომს იწყებენ ტრფობა და რისხვა

და უნებურად გავუხდები  თანამზრახველი,
ტკბილ ქურდს, ვინც ჩემი უმოწყალო არის მძარცველი.

7 სექტემბერი, 2015 წ.

სონეტი XXXVI  (36)

კვლავ ორ ნაწილად უნდა ვიქცეთ ერთგული წყვილი,
თუმცა დავრჩები მარად შენთვის გადაგებული,
მსურს მარტოდმარტომ ორივესი ვზიდო სირცხვილი,
მხოლოდ მე ვიყო ყბედ სოფლისგან ყბადაღებული.

ორ სიყვარულში საერთოა სწრაფვაც, სარიდიც,
თუმც ცხოვრებაში შემოგვეჭრა გამყოფი ღვარძლი,
ტრფობის დამცრობა აღარ ძალუძს ბილწს ჭეშმარიტის,
მაგრამ დროს გვპარავს, სიყვარულით ტკბობას არ გვაცლის.

ამიტომ არ მსურს მოსალმება სადმე სახალხოდ -
გამოგლოვილი ცოდვითაც რომ არ წაგცხო ჩირქი,
შენც მომერიდე, ნუ გახდები სხვების სალაყბო,
საკუთარ სახელს ნუ აკადრებ აუგს და სირცხვილს.

ნუ იზამ ამას, სიყვარულით გთხოვ და გიკრძალავ,
რადგან ჩემი ხარ, შენს კარგ სახელს ნუ შემიბღალავ.

3 ნოემბერი, 2013 წ.

სონეტი XXXVII (37)

როგორც ახარებს მოხუც მამას, წლებისგან  მიხრწნილს,
მისი ყმაწვილის სიანცე და გაბედულება,
მეც, ბედისწერის მტრობისაგან კოჭლს, სასომიხდილს,
ნუგეშს მანიჭებს ეგ სიქველე და ერთგულება.

გვარიშვილობა, სილამაზე, ჭკუა, ღირსება,
ნებისმიერი სათნოება,  ან უფრო მეტიც,
შენში დამკვიდრდა და მანდ ჰპოვა დაგვირგვინება,
მეც შეგიერთდი სიყვარულის ავლადიდებით.

თავს არ მივიჩნევ კოჭლად, გლახად, შესაგინებლად,
როს შენი ჩრდილიც მომანიჭებს სიხარულს ულევს,
რადგან მიბოძე საკმარისი ხელხვავრიელად,
შენი დიდების მცირე წილიც კი მასულდგმულებს.

ნატვრის ახდენით თუ ბუნებამ გამათამამა,
კეთილს გისურვებ და ვიხარებ მაშინ ათმაგად!

12 აგვისტო, 2015 წ.


სონეტი XXXVIII (38)

რად შევაწუხო ჩემი მუზა რაიმეს შეთხზვით,
როს შენი სუნთქვა დაიღვრება ჩემში პწკარებად,
შენ ხარ საგანი ჩემი ლექსის,  მიზეზთ მიზეზი,
მდარე ქაღალდიც შენს საქებრად ვით გეკადრება?

თავს უმადლოდე და მადლობას პოეტს ნუ უძღვნი,
თუკი ამ ლექსებს შემირაცხავ  წაკითხვის ღირსად,
ვერ გიგალობებს, ალბათ, მხოლოდ გონებაჩლუნგი,
კაზმული სიტყვით აჯილდოებ რადგან უბირსაც.

იქმენ მეათე მუზა, ათჯერ უპირატესი
ძველ ცხრა მუზაზე, მელექსე რომ მოუხმობს შემწედ;
ვინც შეგღაღადებს, მისი მარად უჭკნობი ლექსი,
საუკუნეთა გამკლავებას იოლად შეძლებს.

ესათნოება მომთხოვნ დღეებს ეს ლექსი თუკი,
ჯაფა მე დამრჩეს, შენ კი გერგოს  კმევა გუნდრუკის.

7 სექტემბერი, 2015 წ.

სონეტი XXXIX (39)

რარიგ შევამკო ხოტბის შესხმით სიქველე შენი,
ოდეს თავად ხარ უკეთესი ჩემი ნაწილი?
საკუთარ თავის განდიდება დამაყრის ხეირს?
მინდა ვიცოდე ამიტომაც შენი არჩივი.

თუნდ ამის გამო, ღირს ორივეს განკერძოება,
ერთობლიობა დაგვეკარგოს  მიჯნურებს გაყრით,
რათა შევიძლო სათანადოდ იმის ბოძება,
რასაც მხოლოდ შენ იმსახურებ, შენი რაც არის.

ო, განშორებავ, იქნებოდი რარიგ მტანჯველი,
თუ არ დაგვრთავდა ნებას მწარე მოცალეობა,
ერთურთზე ფიქრში მოგვეხადა ჩვენი სასჯელი
და დრო მოეკლა სიყვარულის ფიქრთა მსვლელობას.

ერთის გაყოფის შეგვასწავლის გაბედითება,
შორს მყოფ სატრფოსთვის საკადრისი ქების მიგებას.

8 სექტემბერი, 2015 წ.


სონეტი XL (40) 

წაიღე ჩემგან, საყვარელო, სუყველა ტრფობა,
განა მასზე ბევრს შეიმატებ, რაც გქონდა ადრეც?
ტყუილად ნუ თვლი ცრუ სიყვარულს ჭეშმარიტ გრძნობად,
ყოველი ჩემი შენი იყო ამ ნამატამდეც.

თუკი იმიტომ მიიტაცებ ჩემს მიჯნურობას,
მე რომ გიყვარვარ - ამგვარ ტრფობას არ დაგდებ ბრალად,
დანაშაულად ჩაგეთვლება თუმც თვითრჯულობა,
თავს რომ იტყუებ და მას ელტვი, რომ თვლი საძაგლად.

მაინც შეგინდობ, ტკბილო ქურდო, წართმეულ საზრდოს,
თუმცა ერთადერთ საბადებელს უწყალოდ მპარავ
და მაინც ტრფობის წყენას უფრო ძლიერად ვდარდობთ,
ვიდრე მტრობისგან მოყენებულ ნაცნობ იარას.

ბიწიერ ხიბლით, თავბრუს ახვევ ფუჭი ნატვრებით,
თუნდ წყრომით მომკალ, ნუ გავხდებით ოღონდაც მტრები!

7 ნოემბერი, 2013 წ.

სონეტი XLI (41)

მიმზიდველ ცოდვებს, წარმოშობილს თავისუფლებით,
მომისაკლისებს ოდეს შენი გული ხანდახან,
შეეფერება ეგ მშვენებაც, სიყრმეც სრულებით,
რადგან სადაც ხარ, საცდურები მუდამ თან გახლავს.

გამარჯვება სურთ, როს გხედავენ ასე სახიერს,
ეშურებიან სილამაზის მოსახელთებლად,
ქალს თუ უნდიხარ, შეგიძლია ქალის ნაშიერს,
რომ წარმატებით უკუაგდო მისი შეტევა?

დასანანია, რომ წამგვარე საბადებელი,
უგვანი ზრახვა არ ჩაიკალ გულში გაკიცხვით,
ტრფიალის ჟინით გამიჩინე სადარდებელი,
რადგან ორმაგად შემიბღალე აღთქმა და ფიცი:

ჩემი მიჯნურის – დაახვიე რომელსაც თავბრუ,
შენი - მეგობარს გამიტეხე რადგანაც აბრუ.

13 აგვისტო, 2015 წ.

სონეტი XLII (42) 

ჩემს სატრფოს თუ ფლობ, ეს არ არის მთელი ვარამი,
თუმც უნდა ითქვას, ის მიყვარდა ყოველთვის წრფელად,
სატრფო რომ შენ გფლობს, ეს უფროა გულის მზარავი,
სასიყვარულო დანაკლისი მეტადრე მცელავს.

ასე ვამართლებ მიჯნურის და მეგობრის ღალატს:
იმიტომ გიყვარს, რომ არ  მიყვარს ქალი მის გარდა;
არ წავუყენებ ქალსაც ღალატს ამიტომ ბრალად,
ჩემი გულისთვის მიჯნურობის ნებას რომ დაგრთავს.

თუ შენ დაგკარგავ, შეყვარებულს ვაჩუქებ შენს თავს,
სატრფოს თუ ვკარგავ, მეგობარი პოულობს ნაცვლად;
ერთურთს იპოვით, ხოლო მე კი ორივეს გკარგავთ
და ჩემზე ზრუნვით ორივენი  მაკისრებთ ჯვარცმას.

მეგობარი და მე ერთი ვართ, არ ვიტეხ აბრუს -
და უცნაურად დამიმტკიცებს  სატრფო სიყვარულს.

13 მარტი, 2014 წ.

სონეტი XLIII (43)

უკეთ ხედავენ, როცა თვალებს ერევა რული,
რადგანაც მთელ დღეს უყურებენ ნაკლებ ფასეულს,
ძილში მეწვევი ჩვენებებით სიზმარეულით,
თვალდახუჭული გიჭვრეტ ბნელში გამონათებულს.

შენი აჩრდილი სხვა აჩრდილთაც აღავსებს ნათლით,
რა იქნებოდა, მჩვენებოდი შენი სხეულით
დღის სინათლეზეც, უფრო მკვეთრი შუქის ციალით,
რადგან დახუჭულ თვალთაც კი მჭრი მოლანდებული!

ამ თვალებისთვის, ო, რაოდენ დიდი მადლია,
თუ სიცხადეშიც შენი სახის შევძლებდი ხილვას,
თუ მკვდარ ღამეშიც შეუძლია აჩრდილს ზადიანს
თვალებში დამრჩეს, როს ზმანებით მოდიხარ ძილად!

ყველა დღე ღამედ მეჩვენება, როცა ვერ გხედავ
და ღამე კი - დღედ, სიზმრად მაინც თუკი ვარ შენთან.

9 თებერვალი, 2014 წ.

სონეტი XLIV (44)

ნეტავი, ფიქრად მექცეს  ჩემი ტლანქი სხეული,
შემაკავებდა განა მერეც მანძილი მავნე?!
და თუნდაც იყო უფრო მეტად დაცილებული,
სურვილისამებრ გავჩნდებოდი შენთან უმალვე.

არ  ექნებოდა მნიშვნელობა, თუ სად ვარ იმ წამს,
მე და შენ შორის დედამიწის უშორეს მანძილს;
მკვირცხლ ფიქრს ხომ ძალუძს, გადაახტეს ზღვასა და მიწას,
როს წარმოიდგენს მისი ყოფნის სასურველ ადგილს.

ვაგლახ! ფიქრი მკლავს, რომ არა ვარ  სხეულით ფიქრი,
მყისიერად რომ გადავლახო მანძილი შორი,
რადგან სხეული ავსილი მაქვს წყლითა და თიხით,
მოცალეობის დროის მოკვლა მომიწევს ოხვრით.

წყლითა და მიწით - ნაერთებით ესოდენ ნელით,
ხეირს არ ველი და ჩამომდის მდუღარე ცრემლი.

8  სექტემბერი, 2015 წ.

სონეტი XLV  (45)

მსუბუქ ჰაერით, გამწმენდ ცეცხლით - საწყისით ორით,
სადაც მიდიხარ, ორივეთი მიხდება ლტოლვა,
ანუ შენთან ვარ როგორც ფიქრით, ასევე ნდომით,
დამსწრე-არმყოფით, რომ სჩვევია უმალ გასხლტომა.

შენკენ ილტვიან უსწრაფესი საწყისნი მარად
და სიყვარულის ნაზ ელჩობას მიწევენ მრჩობლად,
ოთხი საწყისის ნაცვლად ვრჩები ორის ამარა,
შავი ნაღველი უნუგეშოს მიპირებს ხრჩობას.

ასე გრძელდება, სანამ ჩემი ელჩები მალი,
დამიბრუნებენ მხნეობას და შემმართებლობას,
უწინდებურად მანიჭებენ სიცოცხლის ხალისს,
როს მაუწყებენ შენს ამბებს და კარგ ჯანმრთელობას.

ვხარობ მცირე ხანს, როცა ვუსმენ ამბებს საესავს,
უკან გიგზავნი ამ მაცნეებს, ვებრძვი კაეშანს.

10 თებერვალი, 2014 წ.

სონეტი XLVI (46)

გულსა და თვალებს შენ გამო აქვთ დავა და ლალვა,
როგორ გაიყონ შენი სახის ნაალაფარი,
თვალმა გულისგან მოინდომა შენი დამალვა,
გულს კი მარტოს სურს მაგ მშვენების გახდეს საფარი.

გული აცხადებს, რომ მასშია შენი სამკვიდრო,
ზანდუკში, სადაც ვერ მისწვდება თვალების მზერა,
თვალი მოდავეს კი წარუდგენს სამხილს საჭიროს,
რადგან პირველმა თვალი გკიდა, იგია კერა.

რომ გადავწყვიტო საკუთრების ამგვარი დავა,
ნაფიც მსაჯულნად მოვუწოდებ ფიქრთ – გულის მდგმურებს,
გამოიტანონ განაჩენი და მათ დაასკვნან,
თვალს რა ეკუთვნის და გული კი - რას იმსახურებს:

თვალებს ხილული გარეგნობა შენი ერგუნათ
და გულითადი სიყვარული  მიიღო გულმა.

9 სექტემბერი, 2015 წ.

სონეტი XLVII  (47)

თვალი არ ცდილობს უკვე გულთან შენზე ცილობას,
ერთი მეორეს სასიკეთოდ გვერდში უდგება:
როცა უშენოდ ემუქრება თვალს შიმშილობა,
შეყვარებული გული ოხვრით როს იგუდება,

შენი სურათის ცქერით იკრებს თვალი  არაქათს,
თვალწარმტაც ლხინზე უშურველად ის გულსაც  ხადის,
სხვა დროს კი გული თვალს პატიჟებს, იწყებს მასლაათს,
სასიყვარულო ფიქრით მართავს თვალისთვის ხადილს.

შენი სურათით, ანდა მხოლოდ ჩემი ტრფიალით,
თუნდაც შორს იყო, მარად რჩები ჩემ ახლომახლოს,
სად უნდა იყო, ვერ შევიძლო იქ ხეტიალი,
ფიქრებით მაინც ვერ მოვაგნო შენს სამოსახლოს?

ან თუ მათ სძინავთ, შენი სახე თვალწინ მიდგება,
გულს აღვიძებს და თვალთან ერთად ისიც მიტკბება.

11 თებერვალი, 2014 წ.

სონეტი XLVIII (48)

ერთი ჩვევა მაქვს მგზავრობის წინ, შეულეველი,
უბრალო ნივთსაც სკივრში ვრაზავ წასვლისას მყარად,
დაბრუნებისას რათა დამხვდეს ხელუხლებელი,
რომ არ ჩავუგდო ხელში ხელმრუდს, ბაცაცა მპარავს.

ყოველგვარ განძზე გაცილებით ვინც ძლიერ მიყვარს,
ნუგეშო ჩემო, თან მდაგველო გულის სახმილო,
შენ წარმოადგენ ახლა მხოლოდ გულის სატკივარს, 
რადგან დარჩები ყველა მდარე ქურდის საკბილოდ.

შენ ვერ დაგმალავს რომელიმე სკივრი მილეთის,
გარდა მკერდისა, სადაც არ ხარ, თუმც ვგრძნობ, იქ სუფევ -
ბნელ ჯურღმულებში ჩემი გულის ნაზი დილეგის,
შენს ნებაზე რომ  შეგიშვებს და გათავისუფლებს.

ვშიშობ, გახდები მანდედანაც ვინმეს ნადავლი,
ძვირფას ჯილდოსთვის ქურდი ხდება ალალ-მართალიც.

12 თებერვალი, 2014 წ.

სონეტი IL (49)

იმ შავი დღისთვის, თუ  დადგება  ის დრო ანგარი,
შუბლს შეიჭმუხნი, გეჩვენები როცა მახინჯად,
მიჯნურობა როს წარმოადგენს ბოლო ანგარიშს,
კეთილგონივრულ მოსაზრებით მას გადასინჯავს.

როდესაც გნახავ უცხოსავით ჩემ გვერდით ჩავლილს,
მზიურ თვალებით ზრდილობისთვის მომიძღვნი სალამს, 
რადგან სიყვარულს მაშინ უკვე გაუვა ყავლი,
დარბაისლობით გულცივობას ვეღარ დამალავ.

იმ შავი დღისთვის, მე წინასწარ გავითხრი სანგარს
და საკუთარი უღირსობის ვიჭერ თადარიგს,
იმ სამსჯავროზე საკუთარ თავს მევე გავთანგავ,
რომ არ ვიყავი შენი ღირსი და არც სადარი.

რომ არ შეგჯავრდე, ვერ ვიპოვნი მეოხს და თავმდებს,
მე უბადრუკი, აბა, რატომ უნდა გიყვარდე?!

13  თებერვალი, 2014 წ.

სონეტი L (50)

შორს გამგზავრება ჩემთვის მუდამ მძიმე ხვედრია,
თუმც ხეტიალიც დასრულდება როსმე  ხანგრძლივი, 
მაგრამ შვება და მოსვენება დამაყვედრიან –
“დაშორებულხარ მეგობართან დიდი მანძილით!”

ჩემი  ვარამით  გადავღალე ახლაც ჯაგლაგი,
ძლივს მიჩანჩალებს, რადგან მხედრის მიათრევს დარდებს,
თითქოს, საბრალო მიმხვდარია ალღოს კარნახით,
განშორებისას, მხედარს არ სურს მისი სიმარდე.

მოთმენით იტანს სისხლიანი დეზის შემოკვრას,
დროგამოშვებით რომ ჩავასობ კანში სიბრაზით,
საწყალობელი აღმოხდება გმინვა და ოხვრა,
დეზის შესობას რომ აჭარბებს მისი სიბასრით.

მისი ეს ოხვრა სულში მიჩენს მძიმე იარას
- წინ ვაებაა, სიხარულმა კი ჩაიარა.

13 თებერვალი, 2014 წ.

სონეტი  LI  (51)

როს მიზოზინებს ცხენი გულის გამაწბილებლად,
მის დანაშაულს გამართლება მოეძებნება:
მსურს კია, ერთურთს თუკი სწრაფად დაგვაცილებდა?
დაბრუნებისას დამჭირდება მისი ჭენება.

საბრალო ცხენი მაშინ რაღას მოიმიზეზებს,
უკიდურესი სიჩქარეც როს იქნება ნელი?
გრიგალზე მჯდარი, შემოვკრავდი მასაც კი დეზებს,
ფრთოსნის სისწრაფეც იქნებოდა შეუმჩნეველი.

ჩემს სურვილს აჰყვეს, აღარ ძალუძს მაშინ თვით ჰუნეს
და სიყვარულით ნაშობ წადილს ვეღარ დაიჭერს,
ცეცხლოვან სრბოლას ვით შეიძლებს სხეული დუნე,
ჯაგლაგის ნაცვლად, თუნდაც ვიჯდე ფეხმარდ ტაიჭზე?!

შენგან წასვლისას აითრევდა  რადგან ფეხს განზრახ,
შენკენ  სირბილით გავუსწრებ და არ დავკრავ მათრახს.

14 თებერვალი, 2014 წ.

სონეტი LII  (52)

მსგავსი ვარ მდიდრის, გასაღებს რომ მოარგებს კლიტეს
და განეხვნება სანუკვარი საუნჯის კარი,
თუმც იშვიათად ინახულებს თვალ-მარგალიტებს,
არ დაუბლაგვდეს სანეტარო განცდები ბასრი.

დღესასწაულიც ამად არის ცოტა დათქმული,
ბევრ სადაგ დღეებს მცირე უქმე ესაბამება,
ვით ფარღულებზე ალმასები ძუნწად ასხმული,
რომ უკეთესად იკაშკაშონ ყელსაბამებმა.

დროც ასევეა, შეგინახავს ვით ჩემი სკივრი,
როგორც კარადა გადამალავს ფარჩის სამოსელს,
რათა ნეტარ ჰყოს რაღაც ჟამი ჩვეულებრივი
და გამომწყვდეულ სიამაყეს ისევ გამოფენს.

როს მაზეიმებ შენთან ყოფნით, გრაცხავ ნეტარად,
უშენობითაც რადგან მტოვებ ნაიმედარად.

15 თებერვალი, მირქმა, 2014 წ.

სონეტი LIII  (53) 

რისგან ხარ ქმნილი, რაა შენი არსი ნამდვილი,
მირიადობით უცხო ჩრდილი რომ გყავს თანმდევად?
რადგან დაჰყვება ქვეყნად ყოველს ერთი აჩრდილი,
შენ აიდევნე უამრავი ჩრდილი ლანდებად.

თუ ადონისის სიტყვიერად ხატვას შეძლებდნენ,
ვერ მიგედაროს სილამაზის ეშხით და გრძნებით,
თუ თვალს გკიდებდნენ ელინები, ახალ ელენეს
ხელახლა ისევ თაყვანს გცემდნენ ძველი ბერძნები.

გაზაფხულსა და შემოდგომას გადრი გერგილით, 
აი, სიტურფის და ბარაქის ორფა ნიშანი,
შენში ვიხილე ეს ორივე ერთად შეყრილი,
ყველა კურთხეულ მშვენებაში შენ შეგიცანი.

ყოველ გარეგნულ მშვენებაში შენ ხარ შერთული
და არც ამქვეყნად მეგულება შენებრ ერთგული.

16 თებერვალი, 2014 წ.

სონეტი  LIV  (54)

მოემატებათ სილამაზე უფრო ლამაზებს,
ჭეშმარიტების სამკაულით ხელითუქმნელით,
ვითარცა ვარდებს სურნელება მეტად ანაზებს
და სიამოვნებს ყველას მათი კეთილსურნელი.

ვარდისფერები დაჰყოლია ასკილს ხელუხვად,
მსგავსი ეკლები, ყველა ელფერს ვარდისას მოკრებს,
ისიც ვარდივით დაირწევა რტოზე კეკლუცად,
ზაფხულის სუნთქვა როს გაუშლის დამალულ კოკრებს.

თუმცა ვარდივით ლამაზია მისი ღიმილი,
მაგრამ ყველასგან უსურველი ჭკნება ეულად,
კვდება თავისთვის. სხვაგვარია ვარდის სიკვდილი,
გარდაიქმნება ის უტკბილეს ინანთეულად.

ვარდად გაჩენილს, სიჭაბუკე როს დაგიჭკნება,
ამ ლექსს გადავცემ  შენი სულის ჭეშმარიტებას.

17 თებერვალი, 2014 წ.

სონეტი  LV  (55)

მარმარილოს ქვა მეფეთ ხსოვნის უკვდავსაყოფად,
ვერ მოინელებს ლექსს ძალუმი რითმებით ავსილს,
ლექსით შენს სახელს წარუხოცელს ვუგებ სარკოფაგს,
როს ობელისკებს დრო შეთითხნის მტვრითა და ხავსით.

უწყალო ომით დაემხობა ყოველი ძეგლი,
ჟამი დაანგრევს კირით-ხუროთ ხელით ანაგებს,
ხოლო ვერც მარსის მახვილი, ან ომების ცეცხლი,
ვერ ამოძირკვავს შენი ხსოვნის ცოცხალ ჩანაწერს.

ყველაფრისმავიწყ შუღლისა და სიკვდილის ჯიბრზე,
შენი სახელი დავიწყებას გაუწყვეტს ილაჯს,
განკითხვის დღემდე განგადიდებს ამ ლექსის სიბრძნე,
სანამ არსობა უწერია ადამის ჯილაგს.

სანამ წარსდგები სამსჯავროზე უფალ მაცხოვრის,
მანამ ლექსში და მიჯნურთ თვალში ჰპოვებ საცხოვრისს.

18 თებერვალი, 2014 წ.

სონეტი  LVI  (56)

კვლავ განძლიერდი, სიყვარულო, მახვილი მჭრელი,
რომ არ თქვან, ბასრი აღარა გაქვს, ვითარცა მადას,
რომელსაც დღეს თუმც დაიცხრობენ სასმელ-საჭმელით,
ხვალ ძველებურად გამწვავებულს იგრძნობენ ცხადად.

შენც მას ემსგავსე, სიყვარულო, ირწყულებ თუმც დღეს
დამშეულ მზერას, გეხუჭება თვალნი სიმაძღრით,
სიყვარულის სულს მჭრელი პირი რომ არ გაუცვდეს,
მარადიულად წაუმახე წადილის აღძვრით.

დე, გადაიქცეს სევდის ვრცელ ზღვად ის შუალედი,
შეყვარებულებს რომ მოაქცევს სხვადასხვა მხარეს
და ყოველდღიურ მონატრების სიმხურვალეთი
აღორძინებულ სიყვარულით კვლავ რომ ახარებს.

ან შეადარე ყინვიანი ზამთრის სატანჯველს,
ზაფხულს რომ გახდის სამჯერ უფრო მეტად სანატრელს.
19 თებერვალი, 2014 წ.


სონეტი LVII (57)

შენს მონადქცეულს მევალება მუდამ ფაციცი,
უპირატესად ვასრულებდე შენს ნება-სურვილს,
შენკენ მიმელტვის სმენაც, თვალიც რადგან ლაციცით,
დროს უშურველად დაგახარჯავ ჩემთვის განკუთვნილს.

ვერც უსასრულო საათებზე გავბედავ ჩივილს,
შენს მოლოდინში როს გადიან ტაატით, ზლაზვნით
და განშორების მწვავე ფიქრიც არ წამომივლის,
დათხოვნის ნიშნად თითს თუ მიშვერ, ან სხვაგან მგზავნი.

ეჭვნეულობაც განა როსმე შემიბედია,
რას საქმიანობ და ვიეთთან ყოფნას მიმალავ,
მხოლოდ შემიჩნდა ერთი ფიქრი მონას სევდიანს,
ვის გაუღიმა შენთან ყოფნით, ნეტავ, იღბალმა?!

რა ბრმა ყოფილა სიყვარული და რარიგ ბრიყვი,
ნაკლს ვერ პოულობს, გინდაც იყოს სატრფო გულბრყვილი.

20 თებერვალი, 2014 წ.


სონეტი LVIII (58)

ღმერთმა მარიდოს, ვინც გამხადა შენს ერთგულ მონად,
რომ დაგარიგო, მონა ჭკუას რარიგ გასწავლი?
დროისტარების ანგარიშის არ მაქვს მოთხოვნაც,
კადნიერებას ვერ გავბედავ ნებით ვასალი!

ავიტან კაპრიზს, წარბს რომ შეკრავ, დამითხოვ მწყრალი,
როს შენთან გაყრით მომესჯება დატუსაღება;
ტანჯვის მორჩილი ჩემი თმენა, ამგვარ შებღალვით,
ნუ გეშინია, არ გაკადრებს დამუნათებას.

იყავ, სადაც გსურს, საწადელიც იქ აისრულე,
ვისთანაც გინდა, დრო ატარე, არ ვამბობ შუღლით,
შენ უფლება გაქვს, რომ შეუნდო შენს თავს სიცრუე
და აპატიო ჩადენილი დანაშაული.

უნდა ველოდო, ჯოჯოხეთის ვითმინო ტანჯვა,
შენი გართობის სიავკარგის არ მინდა განსჯა.

9 სექტემბერი, 2015 წ.

სონეტი LIX  (59)

რასაც ახლად ვთვლით, თუკი როსმე ადრეც ყოფილა,
რარიგ  გვატყუებს მაშინ ჩვენი გონების ცბოლა,
რადგან რასაც თვლის მისი ტანჯვით გამოგონილად,
მისნაირს უკვე სხვაც ჰყოლია ჩვენამდე მშობლად!

მე რომ შემეძლოს, თვალი ვკიდო უკვე გარდასულს -
მიღმა, სულ მცირე,  ერთი მაინც ქორონიკონის
და წავწყდომოდი შენს ხატებას  წიგნში ასახულს,
როცა პირველად  გადმოიცა  აზრი სტრიქონით!

დავინახავდი,  ვით გაქებდა დრო უადრესი,
როგორ აღწერდა შენს საკვირველ აგებულებას,
გავუმჯობესდით მათზე, ან თუ გავუარესდით,
თუ არაფერს ცვლის შემოქმედის განგებულება?!

თუმცა მტკიცედ მწამს, უწინდელი ჟამის ბრძენებმა,
ხოტბა შეასხეს გაცილებით ნაკლებ მშვენებას.

22 თებერვალი, 2014 წ.

სონეტი LX (60)

როგორც ტალღები ესწრაფვიან კენჭოვან ნაპირს,
ჩვენი წუთებიც მიელტვიან ბოლო სამყოფელს;
წინამორბედის ადგილისკენ მომდევნო გარბის
და განუხრელი წინსწრაფვისთვის არ ზოგავს  ღონეს.

დაბადებული  ნათლის  ზღვაში  ყოველი ჩვილი,
ცოცვით მიილტვის სიმწიფისკენ,  დაიდგამს ჯიღას,
დაბნელებების მრუდით შემდეგ გვირგვინმოხდილი
დაკნინდება და დრო წაართმევს, რაც მიანიჭა.

ხასხასა ფერებს გაუხუნებს დრო სიჭაბუკეს,
მშვენების შუბლზე ნაოჭებით გაუთხრის სანგრებს,
შთანთქავს ბუნების იშვიათ და ძვირფას საუნჯეთ
და მისი ცელით სილამაზეს მოწყლავს, დაანგრევს.

თუმცა გაუძლებს ჩემი ლექსი დროის ქარტეხილთ
და კიდევ უფრო განდიდდება  შენი სახელი.

23 თებერვალი, 2014 წ.

სონეტი LXI (61)

შენი დანახვით რომ ვერ ვხურავ დაღლილ ქუთუთოს
მომქანცველ ღამეს, ასეთია შენი წადილი?
ძილი გამიტყდეს - ესეც, ალბათ, შენ გსურს უთუოდ,
რად მასულელებ, აბა, შენი მსგავსი აჩრდილით?

შენი სულია, მოჩენილი ღამეულ მზირად,
შორი-ახლოდან უთვალთვალოს ჩემს ნამოქმედარს,
რათა აღნუსხოს მცონარობა და ცოდვა ხშირად,
ეჭვის საფუძვლად და სამიზნედ რაც გამოდგება?

არა! არ ჰგავხარ გარდარეულ ტრფობით გათანგულს,
შენი ტრფიალი არ მაძინებს დღედაღამ, მაშვრალს,
სიყვარულია, რომ წამართმევს მყუდრო სასთაულს,
შენ გამო მაქცევს მარადიულ ღამის გუშაგად.

შენ გყარაულობ, დაძინებაც არ მსიამოვნებს,
ჩემგან შორსმყოფი, როცა ფხიზლობ სხვის სიახლოვეს.

10 სექტემბერი, 2015 წ.


სონეტი LXII (62)

ჩემივე თავის სიყვარულის ცოდვით ვარ მთვრალი,
მოწამლული  მაქვს  თვალი, სული, მთელი სხეული;
ცოდვიან სნების არ არსებობს რამე წამალი,
გულში ღრმად არის საუკუნოდ დამკვიდრებული.

საკუთარ თავს ვთვლი გაცილებით სხვებზე ლამაზად,
ყველაზე უფრო თვალტანადად და უფრო ქველად,
ღირსეულობას ჩემი თავის მევე განვსაზღვრავ
და მიმაჩნია,  აღვემატე ღირსებით ყველას.

თუმც ჩემს ანარეკლს როს მაჩვენებს სარკე მართალი,
წლებით მოთრიმლულს, ნაგვემსა და გასავათებულს,
ის ჩემს თვითტრფობას დამანახვებს უკვე სხვა თვალით,
მაშინვე შეიქმს ამ სიყვარულს არამართებულს.

შენ მოგიაზრებ, თავს რომ ვიქებ და ვთვლი ჩაუქად,
გამიცისკროვნე  მხცოვანება  რადგან ჭაბუკმა.

26 თებერვალი, 2014 წ.

სონეტი LXIII (63)

ოდეს ჩემსავით შეერევა სატრფოს ჭაღარა,
გაიქელება მავნებელი ხელით ჟამთასვლის,
დრო სისხლს დაუშრობს, ნაოჭებით სახეს დაღარავს,
ჭაბუკურ დილას დაუდგება ჟამი დაღმასვლის

და გაუდგება სიბერისკენ მავალ ციცაბოს;
ახლა ითვლება თუმც მშვენების მეფედ ცხებულად,
დრო შეეცდება, სილამაზე რომ წარიტაცოს,
წაართვას განძი გაზაფხულის, რითიც შემკულა.

ასეთი ჟამის წინააღმდეგ უკვე მომინდა
ციხე ავაგო, შევებრძოლო მას სამომავლოდ,
სატრფოს მშვენება ვერ ამოჭრას რათა ხსოვნიდან,
ის სილამაზე მავნე დანით ვერ ამოშალოს.

მისი მშვენება შემორჩება ამ შავ სტრიქონებს
და ჩემი ლექსი აყვავილებს და მოიგონებს.

27 თებერვალი, 2014 წ.


სონეტი LXIV (64)

როდესაც ვხედავ დროის სასტიკ ხელით მტვრადქცეულ
ძვირფას ნიმუშებს, თვალს რომ სჭრიდნენ ოდესღაც ბზინვით,
ადრინდელ ზვიად ციხე-კოშკებს  გაპარტახებულს
და  გამძლე თითბერს გადამსხვრეულს მოკვდავთა ძვინვით.

ვხედავ, მშიერი ოკეანე წაართმევს ხმელეთს
სამფლობელოებს და ნელ-ნელა აცლის არაქათს,
მერე  კი მიწა მოექცევა ზღვის წყალს ზერელედ
და ზღვის სამეფოს ხარჯზე გაზრდის თავის ბარაქას.

როდესაც ვხედავ ვითარების მონაცვლეობას,
ჟამთასვლა როგორ დააკნინებს ძლიერს და მედეგს,
მაშინ ის ფიქრი გულს მიღრღნის და მართმევს მხნეობას -
შემდეგი მსხვერპლი ჩემი სატრფო რომ იყოს ეგებ.

სიკვდილის მსგავსი  ფიქრი აღარ მაძლევს  გასაქანს 
და იმას ვგლოვობ, მეშინია ვისი დაკარგვაც.

28 თებერვალი, 2014 წ.


სონეტი LXV (65)

თუკი ბრინჯაოს, გრანიტს, მიწას და ზღვას თვალუწვდენს,
დასძალავს ჟამის მსახვრელი და მხრწნელი მახვილი,
მის გააფთრებას სილამაზე წინ ვით აღუდგეს,
ძალმოსილებით რომ ვერ სჯობნის ძალას ყვავილის?

როგორ გაუძლოს თაფლნარევმა სუნთქვამ ზაფხულის,
შემმუსვრელ დღეთა დამანგრეველ მძვინვარე ალყას,
როცა იქცევა  სიმაგრენი ცად აღმართული,
რკინის ალაყაფს იერიში ჟამთასვლის ნაყავს?

თავზარდამცემო ფიქრო! ნეტავ, ვის შესწევს ძალა,
ჟამის ზარდახშას დაუმალოს დროის  საუნჯე?
ჟამთასვლის სრბოლას  ან რომელი ამოსდებს ლაგამს?
ან აუკრძალავს  სილამაზეს როცა აფუჭებს?

ვერავინ! თუმცა მე მოვახდენ იმ საოცრებას -
ამ შავი მელნით ჩემი სატრფო ემახსოვრებათ!

10 სექტემბერი, 2015 წ.


სონეტი LXVI (66) 

დამამშვიდებელ სიკვდილს ვუხმობ  დაღლილი ეგზომ,
უღირსეულესს ოდეს ვხედავ, ღატაკად შობილს,
მაშინ, როდესაც არაკაცი ხარობს და ზეობს,
მართალი რწმენა გათელილა ბოროტი გმობით.

უღირსებს ურცხვად მიაგებენ ოქროვან პატივს
და ქალწულებრივ სათნოებას ახდიან ნამუსს,
სრულყოფილებას  შებღალავენ ჭორით და ზაკვით
და მერყევ ძალას სიმართლის ქმნა უკვე არ ძალუძს.

ენა დაუბა ხელოვნებას  სიბარიტობამ,
სწავლულის მსგავსი უმეცარი ამოსდებს ლაგამს,
ჭეშმარიტებას შეარქმევენ მიამიტობას,
ტყვედქმნილ სიკეთეს ბოროტი და უგვანი ჩაგრავს.

ყველაფრით დაღლილს, საწუთროდან მინდა გაქცევა,
თუმც ის მაკავებს - ჩამეთვლება სატრფოს გაცემად.

16 სექტემბერი, 2015 წ.

სონეტი LXVII (67)

თანამედროვე რისად არის ბიწიერ დროის? -
მანკიერება დაამშვენოს პიროვნულ ხიბლით,
კარგს წარემატოს ცოდვა მისი გამოისობით,
ქვეყნიერება შეიბღალოს უფრორე მწიკვლით?

ყალბი მხატვრობა  რად მიბაძავს ყირმიზის ლოყებს -
ხასხასა ფერთა გადმოცემა ძალუძს ფერთა ჩრდილს?
შეთითხნილ ვარდით სილამაზე თავს რად იწონებს,
როს მხარს უმშვენებს ჭეშმარიტი უმჭკნარი ვარდი? 

რად ცხოვრობს იმ დროს, ოდეს ბეჩავ, ღატაკ ბუნებას,
მაწითლებელი სისხლიც არ აქვს  საკმარი ძარღვში?
და განძთსაცავში მარტოოდენ ის ეგულება,
ბევრით ამაყობს, თუმც საზრდოობს მისი ნაღვაწით.

იცავს ბუნება, მისი სახით საგანძურს შეტრფის  -
უწინ რომ ჰქონდა, დადგებოდა ვიდრე დრო ბერწი.

11 სექტემბერი, ნათლისმცემლობა, 2015 წ.


სონეტი LXVIII (68)

იმ ლამაზებს ჰგავს, რომ აღწერენ ძველი წიგნები,
როცა მშვენება არსებობდა ყვავილთა დარად,
სანამ სიტურფის იშვებოდა ყალბი ნიშნები
და იქცეოდა ცოცხალ შუბლის თავხედ ბინადრად.

მიცვალებულებს სანამ ქვეყნად არ გაქურდავდნენ
და არ ართმევდნენ სამარეებს წილს მარადისის,
არ იხურავდნენ კულულების თავსაბურავებს
და არ ამკობდა ცოცხალთ მკვდრების ოქროს საწმისი.

მასში გამოჩნდა ანტიკური დრო დამარხული,
უორნამენტო, ჭეშმარიტი და თვითნაბადი,
სხვისი სიმწვანით არ შექმნილა მისი ზაფხული,
სილამაზეს არ ახალასებს ძველის ნადავლით.

იმის ნიმუშად ჰყავს ბუნებას შემონახული,
ცრუ ხელოვნებას რომ მშვენება სჯობდა წარსულის.

4 მარტი, 2014 წ.


სონეტი LXIX (69)

ეგ გარეგნობა თვალისათვის არის საამო,
უკეთესს კაცი ვერ ინატრებს გულის ნატვრებით;
ყოველი ენა, სულების ხმა,  ჯეროვნად გამკობს,
ჭეშმარიტებას ღაღადებენ მოყვასნიც, მტრებიც. 

შენს იერსახეს ადიდებენ გარეგნულ ქებით,
თუმცა ისინი, გიგალობენ ვინც დითირამბებს,
იმავე სიტყვებს უარყოფენ სხვა გამოთქმებით,
როს თვალზე უკეთ გონის თვალით მოგიხილავენ.

განიზრახავენ შეგიფასონ მშვენება გონის,
შენი რაობა იგუმანონ გაწეულ ღვაწლით, 
უხეშ ფიქრებით, თუმც თვალების კეთილგანწყობის,
შენს ლამაზ ყვავილს გაურევენ სიმყრალეს ღვარძლის.

არ ეკადრება შენს მშვენებას  ღვარძლივით ყროლა,
მაგრამ იქ ჰყვავი, გიხელთებენ სადაც იოლად.

11 სექტემბერი, ნათლისმცემლობა,  2015 წ.


სონეტი LXX (70)

რომ გაგკიცხავენ, ვერ იქნება ეს საკდემელი,
მშვენიერება მუდამ იყო სამიზნე  ცილის;
რადგან გუმანი სილამაზის არის მხლებელი, -
ყვავი, უწმინდეს ლაჟვარდებში ცადაფრენილი.

დაადასტურებს  კიდევ  უფრო ცილისწამება,
იმ შენს ღირსებებს, რომ გაუძლო დროის საცდურებს;
რადგანაც მატლებს ეამებათ  კოკრის წახდენა,
შენს ყვავილობას მწიკვლი კი ვერ გაანადგურებს.

ჩასაფრებულ დღეთ სიყმაწვილის უქციე მხარი
და გამარჯვება იზეიმე მტრებზე ჭაბუკმა,
თუმც წარმატება ვერ იქნება იმის საკმარი,
მუდმივად მზარდ შურს სამუდამოდ  პირი აუკრას.

რომ არ გჩრდილავდეს ეჭვები და თვალები ღაზო,
შენ უნდა იყო  გულთ ხელმწიფე მაშინ, ლამაზო.

6 მარტი, 2014 წ.


სონეტი LXXI (71)

ნუ შემიცხადებ თანდასწრებით სხვების ხმამაღლა,
როს მოგესმება ნაღვლიანი გლოვის ზარები
და გეუწყება საიქიოს ჩემი გარდასვლა,
ბილწ მატლებიან მიწას როცა მივებარები.

გთხოვ, დაივიწყო ამ სტრიქონთა დამწერი ხელი,
ნუ გამიხსენებ, ვინაიდან გეტრფი იმგვარად,
არ მსურს, ფიქრებით მოგერიოს შავი ნაღველი,
თუ ჩემზე ფიქრი მოგანიჭებს უსაზღვრო ვარამს. 

ხოლო თუ ლექსი გაგახსენებს  სატრფოს ტრუბადურს,
როდესაც  გვამი შეერევა უკვე აყალოს,
ნუღარ ახსენებ, გევედრები, სახელს უბადრუკს,
გთხოვ,  ჩემთან ერთად სიყვარულიც დაასამარო.

რომ არ შეგატყოს ყოვლისმცოდნე სამყარომ გმინვა
და არ დაგიწყოს ჩემი ტრფობის გამო დაცინვა.

7 მარტი, 2014 წ.


სონეტი  LXXII  (72)

იძულებული არ გაგხადოს რათა დუნიამ,
დაასახელო, რა მიზეზით მთვლიდი სანუკვრად,
სიკვდილის შემდეგ დამივიწყე, შეგთხოვ,  სრულიად,
რადგან ვერ შეძლებ, ჩემს მძრახველებს პირი აუკრა.

ან მოგიწევდა, მოგეგონა ტყუილი ქველი,
რომ ღირსეულად შეგერაცხე ნაკლებ ვარგისი
და იქნებოდი მასზე მეტად ხოტბის შემსხმელი,
ძუნწი სიმართლე წარმოთქვამდა ვიდრე ხალისით.

რომ არ აღმოჩნდეს სიყალბეში ტრფობა ნამხელი,
სათაკილოდ რომ არ მიიჩნევს სიტყვებსაც რიოშს,
სხეულთან ერთად, მსურს, დაეფლას ჩემი სახელიც,
რათა ამ ხსოვნამ ვერასოდეს ვეღარ გვარცხვინოს.

ლაფი დამესხა რადგან ლექსით,  ჩემგან ნაშობით,
შენ კი შეგარცხვენს სიყვარული არარაობის.

8 მარტი, 2014 წ.

სონეტი LXXIII (73)

ჩემში შეამჩნევ წელიწადის იმ დროის შედეგს,
როს დამჭკნარ ფოთლებს ჩამოცვენის ჟამი დაუდგათ,
ცივი ქარი რომ აათრთოლებს დაშლილ ქორედებს,
ტოტებს, ახლახან მოჭიკჭიკე ჩიტთა საბუდარს;

ჩემში შენ ხედავ, დასავლეთით მზე როგორ ჩადის,
როგორ დამდგარა, რახანია, საღამოს ბინდი,
მალე მწუხრს შთანთქავს კუნაპეტი ღამის წყვდიადი,
სიკვდილის სახე და დაბეჭდავს ყოველს სიმშვიდით.

ჩემში შენ ხედავ ვარვარებას იმგვარი ცეცხლის,
რომლის ღადარზეც განისვენებს ახალგაზრდობა,
ვით სასიკვდილო სარეცელზე, ქრობას რომ ელის,
შთანთქმული მისვე უწინდელი მკვებავ საზრდოსგან.

და რადგან უკვე კარგად ხვდები, დამკარგავ  სწრაფად,
დღითი-დღე მეტად გიყვარდები და მეტრფი მძაფრად.

9 მარტი, 2014 წ.

სონეტი LXXIV (74)

ნუ დაიდარდებ, თუ იმ ციხის დამედო ხუნდი -
არც თავდებობა რომ არ ჭრის და აღარც გოდება,
სიცოცხლეს ჩემსას ამ ლექსებში წილი ეკუთვნის
და შენ დაგრჩება მარადიულ მოსაგონებლად.

როს გაგახსენებს ლექსი სატრფოს სიცოცხლეს უნდილს,
მიხვდები, შენთვის რა ნაწილი მქონდა ნაძღვენი,
მიწა მიწადვე მიიქცევა, წილს იღებს კუთვნილს,
შენ სული გრჩება ჩემს სახსოვრად - ხვედრი ნარჩევი.

განა დაკარგავ რამეს, გარდა სიცოცხლის ლექის,
ნადავლს მატლების, როს ჩაიკრავს სხეულს სამარე,
როცა ლაჩარი არამზადის დანით ვიძლევი
და ხსოვნის ღირსიც არ იქნება ცხედარი მდარე.

სხეულის ფასზე სული ახდენს ზემოქმედებას
და შენ გიტოვებ  შიგთავსის ღვაწლს - შემოქმედებას.

11 მარტი, 2014 წ.

სონეტი LXXV (75)

ჩემი ფიქრების სასიცოცხლო შენ ხარ პირობა,
როგორც საზრდოა ხორცისათვის, მიწისთვის - წვიმა;
შენს საამებლად თავთან მიწევს მსგავსი ცილობა -
მის საგანძურს რომ გაუმართავს ხარბი ქვაწვია;

ჯერ რომ ამაყობს განძის ფლობით, შეკრთება მყისვე,
შიშობს, ეს განძი არ მოპაროს ჟამმა მპარავმა,
ხან შენთან ყოფნა მარტოს მიჯობს, მერე კი ისევ,
მსურს, საგანძურით ვიამაყო დაუფარავად.

თვალს ხან დაატკბობს  შენი სახის მზერით გაძღომა,
თუმცა სიყმილი უმალ შეცვლის სიმაძღრის ნადიმს,
რადგან თვალს არ აქვს, არც მიელტვის სხვაგვარ განცხრომას,
გარდა, რაც ჰქონდა შენთან ყოფნით და კვლავ უქადი.

ხან ჩამოვხმები, ხან კი ჭარბად მეძლევა საზრდო,
ვარ გამაძღარი, უშენობა ანდა გულს აზრობს.

12 მარტი, 2014 წ.

სონეტი LXXVI (76)

რად დაუკარგავთ ჩემს სტრიქონებს ახლა ქარიზმა,
რატომ ვერა ვარ ახლებურად  შენი მეხოტბე,
თანამედროვე რად არ არის ჩემი გარითმვა,
რად ვერ ვიყენებ სიტყვათწყობის ახალ მეთოდებს?

რატომ ვწერ მარად ერთ თემაზე და ერთნაირად
და გამონაგონს რად ჩავაცმევ ჩვეულ ტანსაცმელს,
ისე, რომ  სახელს გაამჟღავნებს სიტყვათ ყაიდა,
წარმომშობელის ვინაობას უმალ გაამხელს?

იცოდე, ჩემო საყვარელო, შენზე ვწერ მარად
და შენი ტრფობა დაედება ჩემს ლექსს სარჩულად;
ძველ სიტყვებს ვხმარობ სტრიქონების შესაკაზმავად,
ხელახლა ვხარჯავ იმას, ადრე რაც გახარჯულა.

ყოველდღიურად მზე ვით არის ძველიც, ახალიც,
ეს სიყვარულიც თავს გაწონებს ასგზის ნათქვამით.

13 მარტი, 2014 წ.



სონეტი LXXVII (77)

სარკე განახებს,  რაღა შეგრჩა ძველ სილამაზის,
საათის დაფამ - დროის ყადრი უნდა გაჩვენოს,
სუფთა ფურცლებზე დაიტანე შენი ნააზრი
და ამ წიგნაკით შემდეგ ცოდნას გაუგებ გემოს:

სახის ღარებს რომ დაინახავ უტყუარ სარკით,
წარმოგიდგება პირდაღებულ საფლავთა რიგი,
ხედავ გნომონის უხმაურო აჩრდილის თარგით,
მარადისისკენ დრო ქურდულად თუ რარიგ მირბის.

ის ყველაფერი, რასაც ვეღარ დაიტევს ხსოვნა,
უნდა მიანდო შესანახად  ფურცლების კრებულს,
გაზრდილი შვილნი თუ გონებამ ისევ იპოვნა,
კვლავ გაეცნობა მის ნააზრევს გადავიწყებულს.

ეს გაწეული სამსახური - გნომონის, სარკის,
სასარგებლოა სიმდიდრისთვის შენი წიგნაკის.

14 მარტი, 2014 წ.

სონეტი LXXVIII (78)

როგორც კი მუზად მოგიხმობდა ჩემი გონება,
გამოჩნდებოდი მაშინათვე კეთილ მშველელად,
სცადეს ამ ჩვევის მითვისება უცხო მგოსნებმაც,
შენი ეგიდით თხზულებების გასავრცელებლად.

შენმა თვალებმა მუნჯი ლაღი ხმით აამღერა,
უცოდინარსაც ჩაუნერგა ფრენის აზარტი,
სწავლულთა ფრთებს კი შეუმატა ახალი გერმა
და კიდევ უფრო გააბრწყინა  შნო და ლაზათი.

თუმც უფრო მეტად იამაყე ჩემი ნაწერით,
შენით რაც იშვა, სადაც მოჩანს შენი გავლენა,
სხვებმა მოგიხმეს დასახვეწად წერის მანერის,
გამოიყენეს ეგ მშვენება ლექსის სამშვენად.

შენ კი ხარ ჩემი ხელოვნების სული და არსი,
პოეზიაში განასწავლე უცოდინარიც.

14 მარტი, 2014 წ.

სონეტი LXXIX (79) 

როცა შენ გამო არ მიწევდა სხვებთან ცილობა,
ჩემს ლექსებს თვლიდნენ სხვებისაზე გამორჩეულად,
ახლა სტრიქონებს წართმევიათ მოხდენილობა
და ჩემი ხვედრი სხვებს დაუთმო მუზამ სნეულმა.

დაგეთანხმები, ეგ ძვირფასი თხრობის საგანი,
დაიმსახურებს უკეთესი მგოსნების ჯაფას,
თუმც მონაგონით კალმოსანმა თუ გცა თაყვანი,
შენვე გაგძარცვა და გიბრუნებს თვის ნაალაფარს.

სათნომყოფელად გიხსენიებს თუკი პოეტი,
შენი ქცევიდან მოუპარავს თიკუნი ქველის
და თუ თვალები შეგიდარა ქვას კაპოეტის,
დიდ ძალისხმევას განა ხარჯავს ამგვარ შექებით?!

შენ არ გჭირდება, მაქებარებს მიაგო მადლი,
დანახარჯები გაუსტუმრე ისედაც ცხადლივ.

15 მარტი, 2014 წ.


სონეტი LXXX (80)

როცა შენზე ვწერ, მეშინია და შემაღონებს,
რადგან შეგაქებს ჩემზე უფრო  სულით ძლიერი,
ბოლომდე ხარჯავს ყველა თავის უნარს, ძალ-ღონეს,
ენადაბმულმა ვერ მოგხიბლე ამად სიმღერით.

შენი ღირსება ოკეანის ვრცელი არეა,
თანაბრად ზიდავს უბრალო ნავს თუ ამაყ კორვეტს,
ჩემი თავხედი ნავი, თუმც მის გემზე მდარეა,
ჯიუტად გაჰკვეთს ოკეანის უძირო მორევს.

მე  მატივტივებს ზედაპირზე მცირე შეწევნაც,
ის კი უძირო სიღრმეებსაც არ ეპუება;
ჩემი ნავი თუ ტალღისაგან დაილეწება,
მის გემს დაიცავს მედიდური აგებულება.

მე თუ გამრიყა, ხოლო მან კი განაგრძო წინსვლა,
ცუდი ის არის: სიყვარულს რომ მიქცევს სიკვდილად.

15 მარტი, 2014 წ.


სონეტი LXXXI (81)

ან მე დავაწერ მოსაგონარ სიტყვას შენს საფლავს,
ან მოესწრები ჩემი ხორცის მიწაში ლპობას,
სიკვდილს არ ძალუძს შენი ხსოვნის აქედან წაშლა,
მაშინ როდესაც, ჩემი ხსოვნა მთლად მოისპობა.

ამიერიდან ეგ სახელი იცოცხლებს მარად,
მე კი, დამარხულს, დამივიწყებს ყველა იმავ დროს,
საერთო საფლავს მე თუ მიწა მომცემს სამარხად,
შენ უნდა თვალთა აკლდამებმა დაგაბინადრონ.

ამ სათუთ ლექსებს დაგიტოვებ ხსოვნის ქანდაკად,
რომ წაიკითხონ შეუქმნელმა ჯერაც თვალებმა,
შენს სახელს წართქვამს მაშინაც კი, ენა, ხანდახან,
ახლა ვინც სუნთქავს, როცა ყველა მიიცვალება.

მარად იცოცხლებ კალმის ძალით - გაძლევ პირობას, -
კაცთა ბაგეში, სადაც სულთქმა მეტად იგრძნობა.

15 მარტი, 2014 წ.

სონეტი LXXXII (82)

მე ვაღიარებ,  დაწერილი არა გაქვს ჯვარი
ჩემს მუზასთან და შერცხვენილიც განა იქნები,
თუ წაიკითხავ მოძღვნის სიტყვებს პოეტთ ამქარის,
ვინც შენ შეგრაცხა შემამკობლად მათი წიგნების.

გარეგნობითაც ლამაზი ხარ, როგორც გონებით,
შენი ღირსებაც აღემატა  ჩემს ნაქებს ბევრად,
გინდა იპოვო ამად უფრო მოსაწონები
ხოტბის ნიმუში, ვინც გადიდებს უფრორე მჭევრად. 

დე, ასე იყოს, საყვარელო, თუმც ის რიტორნი,
ხელოვნურ ხერხებს იგონებდნენ ენამზეობის,
მე კი შეგამკე მარტოოდენ სიტყვით ლიტონით
და ვამჯობინე სიმართლის თქმა ნამდვილ მეგობრის.

ფერუმარილი მკრთალ სახისთვის თუ საჭიროა,
მათ სხვებს წააცხონ, რადგან შენთვის უადგილოა.

16 მარტი, 2014 წ.


სონეტი LXXXIII (83)

არ დამიხატავს ეგ მშვენება რიხით და ზავთით,
კალამი მუდამ ფერუმარილს აგარიდებდა,
რადგან შევიგნე: აღემატა შენი ლაზათი,
დავალდებული პოეტისგან ფუჭ განდიდებას.

სხვები გაქებდნენ, ჩემგან კი არ მოგესმა ჩქამიც,
შენვე იყავი მაგალითი იმის აშკარა,
თავს რომ ვერ ართმევს ახლანდელი დროის კალამი,
შენში რომ ყვავის ღირსებები, გიქოს საკადრად.

სიჩუმისათვის შევირაცხე, ვითარც უგბილი,
თუმც მიმაჩნია ჩემს უმთავრეს  დამსახურებად,
რომ არ წავახდენ სილამაზეს ჩემი დუმილით,
როს, უნებლიეთ, ფუჭი ხოტბით განადგურდება.

ერთ ლამაზ თვალშიც სიცოცხლე გაქვს იმაზე მეტი,
ხოტბას შეასხამს ვიდრე შენი ორთავ პოეტი.

16 მარტი, 2014 წ.


სონეტი LXXXIV (84)

არ თქმულა სიტყვა შენი უკეთ გამომსახავი,
ვიდრე ეს ხოტბა - „შენი მსგავსი რომ შენ ხარ თვითონ“!
ვისშიც ბუნებამ შემოკრიბა იმდენი ხვავი,
თვით მის ტოლფარდსაც გაუხდება სამაგალითოდ.

მჭლე სიდუხჭირე ეუფლება იმდაგვარ კალამს,
რომელიც სატრფოს განდიდებას ვერ უმკლავდება,
ვინც მოახერხებს  და სათქმელით გადმოსცემს ამას -
„რომ შენ შენა ხარ“! - მისი ლექსი გაუკვდავდება.

მან მხოლოდ უნდა გადმოხატოს ის ბოძებული,
რაც უშურველად გაიმეტა შენთვის ზეარსმა,
სახელს გაუთქვამს მის გონებას ეს ორეული
და მის ლექსს ყველა სათანადო ხოტბას შეასხამს.

შენ მაგ კურთხეულ სილამაზეს თავად ახუნებ,
რადგან ამდარებს ქებას ხოტბის მოსიყვარულე.

17 მარტი, 2014 წ.


სონეტი LXXXV (85)

ენადაბმული ჩემი მუზა დუმს რიდის გამო,
მაშინ, როდესაც  ქების შესხმა, მდიდრულად თხზული,
სამარადისოდ ოქროს კალმით ცდილობს, უკვდავგყოს
ძვირფას ფრაზებით, ყველა მუზის მიერ მორთულით.

სხვა თუ კარგად  წერს, მე ვიზრახავ კარგ  გულისნადებს,
ვით უსწავლელი მედავითნე ვიძახი: „ამინს“
ყოველ იმ ჰიმნზე, შნოიანი სული რომ ბადებს
ნატიფი ფორმით, საუცხოოდ დახვეწილ კალმით.

შენ რომ გაქებენ, ვუდასტურებ: - „ასეა, დიახ!“
საუკეთესო ხოტბასაც კი შევმატებ მცირედს,
ჩემი სიტყვები თუმც სხვის სიტყვებს ჩამორჩებიან,
კუთვნილ ადგილის დაკავებას ფიქრით ვაპირებ.

სიტყვის სულთქმისთვის სხვებს მიაგე ამიტომ მადლი,
მე დამიფასე  უტყვ ფიქრების ჩუმი ღაღადი.

22 ივნისი, 2013 წ.

სონეტი LXXXVI (86)

ეს ხომ არ იყო ზვიად გემად შენკენ დაძრული
მისი ლექსები, შენ რომ სურდი ძვირფას ალაფად,
რომ დამიგმანა ტვინში ყველა ფიქრი ზრდასრული,
გამზრდელი საშო რომ აქცია მათვე საფლავად?

რადგანაც ასე ვერასოდეს დაწერს მოკვდავი,
იქნებ ღამეულ ჯადოქრების დაიხმარს ამქარს?
თუნდ ასწავლიდეს ძველი დროის დიდი მგოსანიც,
პირს ვერ ამიკრავს, ჩემს გონებას ვერ დასცემს თავზარს.

არც მას და არც მის თავაზიან ღამეულ ნაცნობს,
ვინც ყოველღამით უძლიერებს მის  ნიჭს და უნარს,
არ შეუძლიათ გამარჯვებით რომ დაიქადნონ,
სისუსტის გამო არ ვამბობდი წერაზე უარს.

თუმც სილაზათით როს აავსე ლექსი მავანის,
სასო წამერთვა უკმარობით ქების საგანის.

18 მარტი, 2014 წ.


სონეტი LXXXVII (87) 

მშვიდობით! რადგან ჩემთვის იყავ ზედმეტად კარგი!
ალბათ, ჯეროვნად საკუთარ თავს კუთვნილს მიუზღავ:
გათავისუფლებს ღირსებების  სიგელ-გუჯარი,
მაშინ, როდესაც ჩემს უფლებას შენზე მიზღუდავს.

ნებაყოფლობით მომიძღვნიდი ძვირფას არმაღანს,
არ მიმიძღოდა თუმც ძღვენისთვის მცირედი ღვაწლიც,
არმად კუთვნილი ამიტომაც ბედმა წარმტაცა,
წამგვარე ყველა საწინდარი, მიბოძე რაც კი.

შენ თავს ჩუქნიდი, არ იცოდი როს შენი ყადრი,
ანდა ცდებოდი, თუ მიგაჩნდი შენს სასახელოდ,
მცდარ შეფასებით მოცემული ეს საჩუქარი,
კვლავ გიბრუნდება, უკეთესად როდესაც მსჯელობ.

როს მეკუთვნოდი, მეფე ვიყავ ძილისშორისში,
თუმცა ღვიძილში შენც დაგკარგე, მეფის პორფირიც.

19 მარტი, 2014 წ.

სონეტი LXXXVIII (88)

თუკი ჩემ მიმართ გაგიჩნდება გულარძნილობა
და ჩემს ღირსებას განაქიქებ, დამაყრი სიცილს,
მევე დავიწყებ შენს მხარეზე თავთან ცილობას
და გაგამართლებ, ერთგულების თუმც შერყვნი ფიცილს.

საცნაურია ჩემთვის უკეთ ჩემივე ნაკლი
და შევეცდები, რომ საჯაროდ ჩემს თავს ვაყვედრო,
რომ მიმიძღოდა სამარცხვინო ცოდვებში ბრალი,
ჩემი დაკარგვა მოგიწონოს ყველამ საქვეყნოდ.

არ დავიჩივლებ, მომაყენო თუნდაც ჭრილობა,
ჩემს ფიქრებს მაინც სიყვარულით შენკენ მოვმართავ,
თუკი სარგებელს მოგანიჭებს ჩემი წბილობა,
მაშ, ეს ძაგება მასარგებლებს მევე ორმაგად.

ისე მიყვარხარ, დათქმული დრო რომ არ გაუდის,
მზად ვარ, რომ შენთვის ავიტანო ყველა აუგი.

19 მარტი, 2014 წ.

სონეტი LXXXIX (89)

თუ უარმყავი, მომიგონე რამე საზარი,
თავისმართლებას არ დავიწყებ, ან - მართლმხილებას;
კოჭლი იყოო, სთქვი და ვივლი, როგორც საპყარი,
არ დავაპირებ ამ ბრალდების გაბათილებას.

არ შეგიძლია სანახევროდ პატივის აყრა,
სასურველი ცვლა მომაჩვენო რიგიანობად,
თავს დავიმცირებ, როს შეგატყობ ფარულ განზრახვას,
აღარ წარვადგენ თავს თუნდაც შენს ყოფილ ნაცნობად.

არ დავადგები მეტად შენკენ სავალ ბილიკებს,
შენს ძვირფას სახელს დავუდგები ერთგულ  ებგურად,
ჩემ გამო უკვე ვეღარავინ გაგაქილიკებს
და რომ გიცნობდი, არ გავამხელ ჩემ უნებურად.

შენი გულისთვის გავუმართავ თავს პაექრობას,
რადგან ვინც შენ გძულს, ვერ მიიღებს ჩემგან შენდობას.

12 სექტემბერი, 2015 წ.


სონეტი XC (90)

მაშ, შემიძულე, თუ ისურვებ, თუმც მიჯობს ახლა,
როცა სამყარო მომართულა ჩემ წინააღმდეგ,
ბედის დაცინვას შეუერთდი,  წელში რომ მრკალავს,
რომ დამარცხებულს ელდასავით თავს არ დამატყდე.

მაშინ ნუ მოხვალ, გულში დარდი როს ჩახშობილა,
შემოვლითი გზით რომ არ ჩამცე ზურგში ხანჯალი,
ქარიან ღამეს ნუ დაურთავ წვიმიან დილას,
არ გადავადდეს  განშორება  ამგვარ  ჯანჯალით.

ნუ მოიტოვებ ბოლოსათვის განზე გადგომას,
წვრილმანი დარდით მოწამლული როს ჩავიმუხლებ,
რად ელოდები ამ წყეული ჟამის დადგომას,
მსურს, რომ ერთბაშად გამოვცადო ბედის სიმუხთლე.

და ის, რაც ახლა მეჩვენება მწარე ვარამად,
შენი დაკარგვით ჩაიგდება უკვე არაფრად.

20 მარტი, 2014 წ.


სონეტი XC1 (91)

ზოგს თავი მოაქვს წარმოშობით მაღალ-მაღალით,
ზოგს – ოსტატობით, ოქრო-ვერცხლით, მკლავის ღონეთი,
ან - უგემოვნო სამოსელით ახალთახალით,
ვიეთნს - ჰუნეთი, ანდა - მწევრით, ან  - კაპოეტით.

ყოველ ხასიათს ის გართობა ესათნოება,
სიამოვნებას რომ ანიჭებს ყველაზე უკეთ,
ამ წვრილმანებზე არ ვამყარებ ჩემს სასოებას,
ცხოვრების საზრისს სხვებზე უფრო კარგად გავუგე.

გვარიშვილობას მირჩევნია მე შენი ტრფობა,
მეტად მწადია ოქრომკედზე, ან მთებზე ვერცხლის, 
უკეთესია, ვიდრე ქორით ან ცხენით ტკბობა
და შენ რომ მყავხარ, დავიქადნი სუყველას კვეხნით:

თუმცა მაინც მაქვს ქვეყნად ერთი სადარდებელი,
ძალგიძს წამართვა ერთადერთი საბადებელიც.

13 სექტემბერი, 2015 წ.

სონეტი XC1I (92)

თავი წამგვარე, თუ გინდა რომ დღე დამიმოკლდეს,
მაინც ჩემი ხარ, სანამ ქვეყნად ცოცხალი დავალ,
რადგან არ გასტანს სიყვარულზე მეტხანს სიცოცხლე,
შენით საზრდოობს და შეწყდება ტრფობის კვალდაკვალ.

მაშ, არც კი უნდა მეშინოდეს უდიდეს ელდის,
თუ უმცირესი ბოროტებაც მომიღებს ბოლოს,
ვიცი, სიკვდილით უკეთესი ხვედრი მომელის,
ახირებული საესავად ვიდრე მეყოლო.

ვერ დამამწუხრებ, თუ ინებე ჩემგან განდრეკა,
რადგან სიცოცხლეს მომისწრაფებ მერყევი აზრით,
შენით ბედნიერს, დაყვედრებაც არ მეკადრება,
თუ მონიჭებულ ნეტარებას სიკვდილით  წამგვრი!

არის მშვენება-კურთხეული არ ჰქონდეს ზადი?
ეგებ არ ვიცი და სატრფოა აღვსილი ზაკვით.

21 მარტი, 2014 წ.



სონეტი XCIII (93)

ისე ვიცხოვრებ, თითქოს, გულში დარდს არ ვმალავდე,
მოტყუებულ ქმარს ოდნავაც არ მეცვლება ნირი;
ძველებური აქვს, ვითომ, სახე  ტრფობას ახლანდელს,
ოღონდ როს მიცქერ, გული უკვე სხვაგან გაგირბის.

ვერ დაიბუდებს შენს თვალებში რადგან ქიშპობა,
მუხანათობის არ მიჩნდება ოდნავი ეჭვიც,
ყალბი გული ხომ ხშირად იმით ამოიცნობა,
თუ ვინმე გვიმზერს ამრეზით, ან სახის დაღმეჭით.

ზენარსის ნებით  დაგებედა შეხედულება,
ტრფობამ მარადჟამს შენს თვალებში დაიბინადროს;
ასე კი შეძლებ, მაჩვენებდე სრულ ერთგულებას,
სხვაგვარი გქონდეს გულის ზრახვა თუნდაც იმავ დროს.

აგიყვავდება ეგ მშვენება ევას ვაშლივით,
თუ სათნოებას წაიბილწავ ვნებააშლილი.

22 მარტი, 2014 წ.

სონეტი XCIV (94)

ვისაც ძალა აქვს მოწყვლისა და ქმნა არ სურს ავის
და არ კადრულობს, გადაიქცეს გულთა მომწყვლელად,
ვინც სხვებს აღძრავს და სალ კლდესავით არის უძრავი,
შეუდრეკელი, საცდურების დამყოლი ძნელად,

სამართლიანად დაიმკვიდრებს ზეცის კურთხევას,
ის არ გაფლანგავს გადაცდომით ბუნების დოვლათს;
საკუთარ სახის შეძლებს ფლობას, დასაკუთრებას,
მის სრულქმნილებას დაუდგება სხვა ქვეშევრდომად.

ზაფხულის ყვავილს სურნელება ასდის საამო,
თავისთვის ცოცხლობს და ჟამი აქვს თავისთვის კვდომის,
თუ უმოწყალო  სნეულებამ ის გადაახმო,
სარეველაც კი ღირსებით სჯობს ამგვარ  დავრდომილს.

რადგან მწარდება უტკბილესიც ჩადენილ ღვარძლით,
მჭკნარი შროშანი სარეველას უსწრებს სიმყრალით.

14 სექტემბერი, 2015 წ.


სონეტი XCV (95)

რა მიმზიდველს ხდი სამარცხვინო საქმეებს ხიბლით,
ვით ვარდში მატლი, შენში ბუდეს იდებს აუგი,
დაგილაქავებს ნორჩ სახელს და შეგირყვნის მწიკვლით!
ო, რა წარმტაცად ნიღბავ ცოდვებს მაგ სიჭაბუკით!

თუკი ლამობენ შენ ზურგსუკან გაქიაქებას,
შენს დროსტარებას თუ იგონებს ვინმე გაკილვით,
შენი სახელის ხსენებისას გასხამენ ქებას
და განქარდება ყველა ავი გამოძახილი.

ბიწიერებამ შენში ჰპოვა მეფური სახლი,
გამოგარჩია სამკვიდრებლად ნორჩი, ლამაზი,
შენ შეგიძლია, გადაფარო ყოველი ნაკლი,
აქციო ცოდვა თვალწარმტაცად შენი ლაზათით.

მაგრამ ერიდე უთავბოლო დროისტარებას,
მტკიცე დანასაც კი აჩლუნგებს ხშირი ხმარება.

24 მარტი, 2014 წ.


სონეტი XCVI (96)

ზოგი ნაკლად თვლის შენს ყრმობას და დარდიმანდობას,
ღირსებად უჩანს ზოგს კი შენი თავის შექცევა,
წარჩინებული თუ მდაბიო გიცხადებს ნდობას,
ხელგეწიფება რადგან ნაკლის ღირსებად ქცევა.

დედოფლის თითზე ძვირფასი ჩანს უბრალო თვალიც,
მის საფასურში დაეჭვების ემარცხვინებათ,
ასევე ჩანხარ ყველას თვალში ალალ-მართალი,
შენი ცოდვები გასაღდება ჭეშმარიტებად.

შეეძლებოდა მგელს უამრავ ბატკნის გაწყვეტა,
თუ წარდგებოდა მათ წინაშე კრავის სამოსით,
რამდენ შენს მზირალს ემუქრება სულის წარწყმედა,
შენი მშვენების ძალას თუკი სრულად  გამოცდი.
 
ნუ იზამ ამას, ნუ იკადრებ ავის ჩადენას,
შენი სახელის მენანება რადგან წახდენა!

14 სექტემბერი, 2015 წ.


სონეტი XCVII (97)

შენი არყოფნა რარიგ ჰგავდა მძიმე ზამთრობას,
სასიხარულო დღეებმა როს მსწრაფლ გაიელვეს!
ო, რა სიბნელე გამოვცადე, როგორი ზრობა,
ბებერ დეკემბრის ვრცელდებოდა სიცარიელე!

ზაფხული იდგა, ჩამომცილდი როცა განუყრელს
და შემოდგომაც აგვავსებდა მიწის ბარაქით,
ის გაზაფხულის ავხორცობის ზიდავდა უღელს,
ვით ქვრივის საშო ტვირთს ატარებს მკვდარი მამფალის.

უშენოდ ჩანდა მოწეული ეს ჭირნახული
ობოლთა სასოდ და  უმამოდ შთენილი ხილი,
შენ ერთს გმსახურებს სიამენი რადგან ზაფხულის,
შენ რომ აქ არ ხარ, აღარ ისმის ჩიტთა ჟივილიც;

ან თუ გალობენ, ჭიკჭიკია ისეთი მქრალი,
მკრთალი ფოთლები მოელიან ზამთარს კანკალით.

23 მარტი, 2014 წ.
სონეტი XCVIII (98)

მოგისაკლისე, როცა დადგა ეს გაზაფხული,
ოდეს მოირთო ნაირგვარად ჭრელი აპრილი,
როს შთაებერა ყოველს სული ახალგაზრდული
და პირქუშ სატურნს სიკვდილის შნო ჰქონდა წაგვრილი.

ყურს ვერ მიტკბობდა ვერც მგალობელ ჩიტთა რაკრაკი,
არც სურნელება და ყვავილთა ფერი მშველოდა,
რომ მომეყოლა  გაზაფხულის რამე არაკი,
ან ყვავილები მომეწყვიტა ამაყ მდელოდან.

ვერ განმაცვიფრა სისპეტაკით თეთრმა შროშანმა,
არ შემიქია მოღაღანე ვარდთა სინგურიც,
ეს ყველაფერი სილამაზის ჩრდილად მოჩანდა,
რადგან ნიმუში მხოლოდ შენ ხარ, კარგო,  სიტურფის.

ზამთარი იყო ჯერაც, შენთან გაყრის მიზეზით,
ვით შენი ჩრდილით, ამ ყველაფრით თავს თუ ვიქცევდი.

15 სექტემბერი, 2015 წ.

სონეტი XCIX (99)

ვუსაყვედურე გულისწყრომით  იას ნაადრევს:
კეთილსურნელის ქურდობაზე  რად წაგცდა ხელი,
ჩემი მიჯნურის ამოსუნთქვა რატომ გაძარცვე?
ან სამეუფო მეწამულის ღაწვთა ელფერი
შესამკობელად რად წარსტაცე ჩემს სატრფოს ძარღვებს?

შენი ხელების გაუქურდავს თეთრ შროშანს ბროლი,
კულულების კი - მაიორანს შვენის საბური,
მორცხვი ვარდები წამომდგარან ეკლებზე ძრწოლით,
ერთს ფერი მისდის, მეორეს კი ასდის ალმური;

ხოლო მესამე არც თეთრია და არც წითელი,
ორთავ გაძარცვა, შენი სუნთქვაც დაურთო სართად,
ვერ გაიხარებს ამის გამო დიდხანს სიმრთელით,
შურისმგებელი მატლისაგან მოელის შთანთქმა.

სხვა ყვავილებსაც ვატყობ შენს სუნს და სიღაჟღაჟეს,
შენი გაქურდვით თავს სუყველა გაილამაზებს.

15 სექტემბერი, 2015 წ. 
სონეტი C (100)

სად მკვიდრობ, მუზავ, ასე დიდხანს რომ არ ხმაურობ,
იმას არ უბნობ, რაც აღავსებს შენს ძალას სრულად?
ეგებ შენს გზნებას მდარე ნამღერს ანიჭებ უფრო,
მას რომ ნათელს ჰფენ, შენი ძალაც გაუფერულდა?!

დაბრუნდი, მუზავ, მომიტანე კვლავ სარგებელი,
გამოისყიდე დროის ფლანგვა ტკბილი ბაასით;
მის ყურს უმღერე, ვინც მოგაგო მისაგებელი,
ვინც კალამს გიმკობს ოსტატობით და შინაარსით!

შეხედე, მუზავ, ჩემი სატრფო დროის პატიმრად
ხომ არ ქცეულა - მის სიტურფეს გასვლია ყავლი; 
თუ ეს ასეა, მიუძღვენი ლპობას სატირა,
ისე, რომ ყველამ შეიზიზღოს დროის ნადავლი!

მიეც დიდება შეყვარებულს მასზე ფრთამალი,
სანამ წაართმევს სილამაზეს დროის ნამგალი!

23 აგვისტო, 2013 წ.

სონეტი CI (101)

უქნარა მუზავ, ცოდვას რითი გამოისყიდი,
როს არად აგდებ ეშხით შემკულ ჭეშმარიტებას?
ორთავ: სიმართლეც და მშვენებაც საზრდოობს მისით,
შენც შეიმატებ ჩემი სატრფოს ქებით ღირსებას.

და საპასუხოდ ამას მეტყვი, მუზავ, უდავოდ:
მშვენიერებას  არ სჭირდება შეფერადება;
რომ ჭეშმარიტსაც ერთი ფერი აქვს სამუდამოდ
და რომ უმჯობესს უმდარესი არ ეკადრება.

არ საჭიროებს თუმცა ქებას, შენი დუმილით,
თავს ნუ იმართლებ, მუზავ, რადგან შენ გეხერხება,
როს  დაინგრევა სამარის ქვაც ოქროცურვილი,
გაუხუნარი შეინახო სატრფოს მშვენება.

მაშ აღასრულე მუზავ, ვალი, გასწავლი რარიგ,
ვით ის ახლაა, დაახსომო მსგავსად  მარადის.

13 აგვისტო, 2015 წ.

სონეტი CII (102)

გამიძლიერდა სიყვარული, თუმც ჰგავს დამცრობილს,
ნაკლებ არ მიყვარს, გარეგნულად კი მოჩანს მცირედ,
გადაიქცევა სიყვარული საგნად ვაჭრობის,
თუკი მიჯნური ყველას ამცნობს ტრფობის სიძვირეს.

ჩვენს მიჯნურობას გაზაფხული სანამ თან სდევდა,
მისთვის სიმღერით მისალმება დამჩემდა ჩვევად,
ზაფხულის დამდეგს ბულბული ვით იქარვებს სევდას,
ხოლო მოსავლის დღეებში კი გალობას რჩება.

განა ზაფხული აღარ არის ისე წარმტაცი,
ღამის სიწყნარე როს დგებოდა სევდიან ჰიმნით,
ველურ მუსიკით ხეთა რტოებს გაუწყდათ ქანცი,
ჩიტთა ხივილში აღარ ისმის ბულბულის კრინტი.

ბულბულის მსგავსად, ხანდახან მეც ხმას გავიკმინდავ,
სიმღერით თავი შეგაწყინო, რადგან არ მინდა.

5 სექტემბერი, 2013 წ.


სონეტი CIII (103)

აფსუს, რომ მუზა ღარიბი მყავს და  გულარძნილი,
სახელისგანთქმის ფართო ჰქონდა თუმც ასპარეზი,
გინდ შინაარსი სამოსისგან იყოს გაძრცვილი,
ის მეტად ფასობს, რადგან ხოტბას გასხამ ხარვეზით!

ნუ განმიკითხავ, თუკი ვეღარ გიძღვნი ნაწერებს!
შეხედე სარკეს, დაინახავ სახეს საამურს,
შთაგონებას რომ უმოწყალოდ გამიცამტვერებს,
სტრიქონს მიჩლუნგებს და მიკიდებს სირცხვილის ალმურს.

ხომ იქნებოდა შეცოდება, აღმოფხვრით ზადის,
ის წამეხდინა, რაც უნაკლო იყო მანამდე?
ერთადერთია რადგან ჩემი ლექსის მიზანი,
ღვთით ბოძებული სილამაზის ქვეყნად ხმა განხდეს;

შეხედე სარკეს, ამ სტრიქონთა კითხვის მაგივრად
და გაცილებით მეტს იხილავ მიჭვრიტანიდან.

14 აგვისტო, 2015 წ.


სონეტი CIV (104)

ვერასდროს შეძლებ, საყვარელო, რომ დამიბერდე,
კვლავ ისეთი ხარ, ვით პირველად მოგკარი თვალი,
სამი ზაფხულის სიამაყე ზამთრებმა მერე
ტყეებს დაბერტყეს, შენ კი მაინც ხარ შეუვალი.

სამჯერ დაუდგა ცელქ გაზაფხულს ჟამი შოშმინის,
როს შემოდგომამ წარიტაცა მისი საფასე,
სამი აპრილი დაიბუგა თუმც ქარშოშინით, 
შენ არც სიქორფე დაგიკარგავს, არც - სიხასხასე.

ვაგლახ, სიტურფე მსგავსი არის საათის ისრის,
შეუმჩნევლად რომ გადასცდება ნიშნულებს ბიჯით;
და რომ მგონია, სილამაზე შენგან არ იძვრის, 
ვინ იცის, ეგებ, ვტყუვდები და ივსები ხინჯით. 

ვეტყვი არდამდგარ საუკუნეს ამისი შიშით –
ზაფხული მოკვდა სილამაზის, სანამ შენ იშვი.

14 აგვისტო, 2015 წ.
სონეტი CV (105)

ნუ დაარქმევენ ჩემს სიყვარულს კერპთმსახურებას,
არც ჩემი სატრფო შემირაცხავს სალოც ღვთაებად,
თუმც ჩემი ლექსი მარად ერთ არსს  ესალბუნება,
ერთს მიეძღვნება, ერთის ცდილობს გაუკვდავებას.

მის სიკეთეზე შემიძლია მუდამ დანდობა
და ცრუ საწუთროს მერყეობით ის არ შეჰხარის;
ჩემი სიმღერაც არ განიცდის ცვალებადობას,
ერთს გამოხატავს და ამიტომ რჩება ერთგვარი.

“ლამაზი, სათნო, ჭეშმარიტი” – ასეთად ვსახავ,
განმეორდება ეს სიტყვები სხვაგვარად თქმული,
ამ ცვლილებებში ვხარჯავ უნარს და წარმოსახვას, 
ერთში თავმოყრილ სამ თვისების ვრჩები ერთგული.

“ლამაზი, სათნო, ჭეშმარიტი” – სამი ღირსება
მხოლოდ ჩემს სატრფოს მიენიჭა შესათვისებლად.

14 აგვისტო, 2015 წ.

სონეტი CVI (106)

შემოგვინახეს ეტრატებმა, არსთა მშვენებას,
გარდასულ დროში  თუ რარიგი ქება მიაგეს
ძველი ყაიდის გარითმებით მენესტრელებმა -
როგორ ამკობდნენ ქველ რაინდებს, ტურფა დიაცებს.

როცა ასხამდნენ ხოტბას ვინმეს ქმნულკეთილობას,
რაც მოხდენილად იყო მასში გამონაკვთული,
ძველი კალამი ზუსტად იმის ხატვას ცდილობდა,
რა მშვენებითაც შენ ხარ ქვეყნად ახლა განთქმული.

წინასწარხედვად მიიჩნევა შექება მჭევრთა,
რომ აღგვიწერეს სილამაზის წინარე სახე,
თუმცა წინმხედ თვალს არ შეეძლო ზუსტად განჭვრეტა
სრულყოფილების და ჯეროვნად ხოტბა ვერ გასხეს.

ჩვენ კი, რომ გვნუსხავ გამოხედვით მარადმზიანით,
თვალით ვკვირობთ და ენა არ გვაქვს ლაქარდიანი.

15 აგვისტო, 2015 წ.

სონეტი CVII (107)

არც საკუთარ შიშს, არც სამყაროს ჯადოქრულ ძალას,
უნარის მქონეს მომავალი ჟამის განჭვრეტის,
არ შეუძლიათ განმისაზღვრონ ტრფიალის ვადა,
განადგურებას რომ უქადდა მეტრფის სასჯელი.

დაბნელებული მთვარე აღარ გვაკრთობს სიმცხრალით,
ყველა მჩხიბავის ნამისნარი გაცუდდა უკვე,
გაურკვევლობა შეიცვალა ტახტის სიმყარით,
ზეთისხილის რტო აყვავილდა, მშვიდობას უმღერს.

ახლა, როდესაც მირონცხებულ დროის ნაცვარით
განახლდა ტრფობა, ვეღარ მიყრის კვდომა ბორკილებს,
გამაუკვდავებს ჩემი ლექსის რითმა და ბწკარი,
ხოლო სიკვდილი ყეყეჩ ტომებს დაიმორჩილებს.

დრო ვერას უზამს ლექსს ქანდაკად შენთვის ანაგებს,
როცა ტირანთა სამარეებს მოაშანდაკებს.

16 აგვისტო, 2015 წ.


სონეტი CVIII (108)

ნუთუ დაურჩა გონში კალამს რამე ისეთი,
მელანს შეეძლო აღებეჭდა და ვერ თქვა სრულად?
რაც კი ვიცოდი, გითხარ სულით ჭეშმარიტების,
მადიდებინა ეგ ღირსება ამ სიყვარულმა.

ახალს რას ვიტყვი; მაგრამ როგორც ლოცვას შეშვენის,
ყოველდღიურად ვიმეორებ, ვით ღვთის ვედრებას -
მარად ჩემი ხარ,  მე კი მარად ვიქნები შენი,
ვითარც პირველ დღეს, ეს სიტყვები არა მბეზრდება. 

ვით მარადისი სიყვარული ახალ გარსაცმლით,
არ ეპუება სიჭარმაგეს, უხვდება ყინჩად,
არ იდრიკება ნაოჭით თუ ჟამის განსაცდლით,
არამედ ასაკს დაიყენებს მის ხელის ბიჭად,

ააღორძინებს იქ სიყვარულს ხელახლა ნაშობს,
სადაც მკვდრად ჩანდა ასაკის და ხრწნადობის გამო.

16 აგვისტო, 2015 წ.


სონეტი CIX (109)

ნურასდროს მეტყვი, რომ ვიყავი არაგულწრფელი
და ნუ მიიჩნევ ჩემს საქციელს, ძვირფასო, ღადრად!
არ არის თავთან დაცილებაც ისეთი ძნელი,
ვიდრე ჩემს სულთან, შენს მკერდში რომ დაიბინადრა.

იქ სახლობს ტრფობა: და თუ სადმე წავხეტიალდი,
შინ დავბრუნდები როგორც მგზავრი, გზას რომ მოივლის,
ზუსტად დათქმულ დროს, შეუცვლელი ბედის ტრიალით,
თან წყალიც მომაქვს, განსაბანად ჩემივე მწიკვლის.

ნუ დაიჯერებ, ვერ გავუძელ თუნდაც ბევრ საცდურს,
სხვა მოკვდავთ მსგავსად, თუკი ცოდვამ მეც დამიურვა,
ისე დავეცი, დავემგვანე ისეთ უმადურს,
შენი საუნჯე გამეცვალოს წვრილმანში ურცხვად.

და მე არარად მეჩვენება სამყაროც ვრცელი,
რადგან შენა ხარ, ჩემო ვარდო, ჩემთვის ყოველი.

17 აგვისტო, 2015 წ.


სონეტი CX (110)

ვაგლახ, რომ ჟინმა აქეთ-იქით მახეტიალა,
დავამახსოვრე ყველას თავი ჩემი მასხრობით,
შევრყვენი ფიქრნი და გავყიდე  ძვირი იაფად,
ძველ შეცოდებანს ჩავდიოდი ახალი ტრფობით.

ჭეშმარიტება მივიჩნიე ცრუდ, სიაუგედ,
როცა ვუჭვრეტდი ალმაცერად და ეჭვის თვალით,
სხვისკენ მიდრეკამ  გულს აჩუქა თუმც სიჭაბუკე,
ავის გასინჯვით  მივხვდი, სჯობდი ყველას ტრფიალით.

მორჩა, მიიღე, რაც შენია აწ და მარადის:
არ გავაღვივებ ვნებას მეტად მისი გალესვით,
აღარ გამოვცდი ძველ მეგობარს ახალ განსაცდლით,
რადგან ტრფიალის შენ ხარ ღმერთი უზენაესი.

ნუღარ დამტანჯავ სანუკვარი სავანის დახშვით 
და დამაბრუნე შენი მკერდის ძვირფას წიაღში.
 
18 აგვისტო, 2015 წ.


სონეტი CXI (111)

გთხოვ, უკუღმართი ბედისწერა შენაც გათათხო,
ჩემს ცოდვა-ბრალში რადგან მასაც მიუძღვის წვლილი,
ლუკმაპურისთვის, რომ მაქცია ბრბოის  სამასხროდ,
დამაკარგვინა მავნე ჩვევით გრძნობა თაკილის.   

რადგან პატივი შემბღალვია ხელობის დამღით,
ხელობამ შეძლო ჩემს ქცევაშიც გაბოგინება,
ვით მღებრის ხელი დაისვრება ღებვისას ნაცხით:
მაშ, შემიბრალე და მისურვე აღორძინება!

მორჩილ ავადმყოფს ძველებური მწადის სისაღე
და უყოყმანოდ მჯერა ჩემი სულის მკურნალის,
არად მივიჩნევ მოცემული წამლის სიმძაღეს,
არც ორმაგ სასჯელს, აღმოფხვრისთვის წამხდენი ნაკლის.

გთხოვ, შემიბრალო, გევედრები ძვირფას მეგობარს,
წამლის მაგივრად კმა არს ჩემდა შენგან შენდობაც.

18 აგვისტო, 2015 წ.


სონეტი CXII (112)

შენი ტრფობა და სიბრალული მიშლიან ნიშანს,
ცილმა რაც შუბლზე უმოწყალოდ ამომიშანთა,
სხვისგან შექება, თუ აუგი არაფრად მიჩანს,
თუ  ნაკლს მიფარავ, შენ წინაშე თუ ვარ პირნათლად!

შენღა შემომრჩი მოკეთედ და  მსურს მხოლოდ შენგან
შევიტყო ჩემი საქციელის კარგიც, აუგიც,
მეტი არვინ მყავს, მაიძულოს რაიმეს შეცვლა:
მართალის, მცდარის - რაც ღრმადაა ფესვებგადგმული.

უღრმეს უფსკრულში ჩავუძახე სხვათა ლაპარაკს,
სმენა  დავიხშე ამ ხმებისთვის როგორც გველგესლამ,
არ მიხარია არც ქება და არც ძრახვა მზარავს
და ვერას მაკლებს ავი ენის თუ ენით ქლესა.

და მხოლოდ შენ ხარ ჩემში ისე მკვიდრად გამჯდარი,
მთელი სამყარო მეჩვენება გარშემო მკვდარი.
19 აგვისტო, ფერიცვალება, 2015 წ.

სონეტი CXIII (113)

რაც შენ დაგცილდი, მხოლოდ გონით დანახვა ძალმიძს,
გადამეფარა უშენობით  თვალებზე ლიბრი
და მოძრაობაც მიძნელდება თითქმის თვალდავსილს,
ბუნდოვნად ვხედავ, საითკენაც თვალი გამირბის.

რასაც თვალს ვკიდებ, იმას ვეღარ ნახულობს გული,
თვალით აღბეჭდილ  ჩიტების ან ყვავილთა ნაკვთებს,
ურთიერთობა გაწყვეტილა გონის და გუგის,
მზერით დაჭერილს, მახსოვრობა  ვეღარ აკავებს.

რამეთუ რასაც თვალი უცქერს - ნაზს თუ ყიამეთს,
ყველაზე უფრო დახვეწილ თუ მახინჯ ქმნილებას,
ზღვასა თუ ხმელეთს, მტრედს თუ ყორანს, დღეს, ანდა - ღამეს,
იმ ყველაფერში შენი სახე მოიხილება.

შენ გარდა გონი ვერვის იტევს,  შენით აღვსილი,
თვალებს ატყუებს, ვრჩები ასე მზერადავსილი.

19 აგვისტო, ფერიცვალება, 2015 წ.

სონეტი CXIV (114)

ან მომატყუებს შენგან გვირგვინდადგმული გონი,
მონარქთა შავ ჭირს – პირფერობის სმას რომ ჩვეულა,
ან უნდა ითქვას, მართალს ამბობს თვალი, მე მგონი,
შენმა ტრფიალმა ის გახადა იმგვარ გრძნეულად,

გადააქციოს ურჩხულები, უფორმო არსნი,
შენს მიმსგავსებულ ცის ბინადარ ქერუბინებად,
ყველანაირი გაამშვენოს  ნაკვთი უმსგავსი,
გარდაქმნას გონჯი სხივთმოფენით ლამაზ ქმნილებად.

ნაღდია ის, რომ დაედება პირფერ თვალს ბრალად,
მეფურ გონს თუკი დაემალა ჭეშმარიტება
და მიაწოდა მლიქვნელობით სავსე ფიალა,
რადგანაც იცის, გონებას რა ეჭაშნიკება.

ნაკლებ შეცოდავს, თუ შეერგო გონებას შხამად,
ეს სასმელი ხომ თვალს უყვარს და უწინ სვამს თავად.

20 აგვისტო, 2015 წ.

სონეტი CXV (115)

ძველი ლექსებით უნებურად ტყუილი მითქვამს -
რომ ვერ შევძლებდი უფრო ძლიერ შენს შეყვარებას,
მაშინ ხომ ჯერაც არ ვიცოდი მიზეზი, რითაც
ტრფობის ხანძარი შეიძენდა მეტ ელვარებას.

ვინაიდან დრო  შემთხვევათა მირიადებით,
შეცვლის ხელმწიფის ბრძანებასაც, დაარღვევს აღთქმას,
მშვენებას შერყვნის, მესაფლავე ხდება ზრახვების
და უტეხ სულებს მერყეობის უფსკრულში დანთქავს.

ამის გამოა, რომ ვუფრთხოდი დროებას მტარვალს,
შეგღაღადებდი: „დღეს მიყვარხარ ყველაზე ძალუმ!“
აწმყო მატკბობდა, შევცქეროდი ყამით  მომავალს,
აღარ მეგონა, თუ შევძლებდი  უკეთ სიყვარულს.

ახლა კი ვუწყი, სიყვარული  თოთო ბალღია
და ნაადრევად მივიჩნიე ზრდასრულ ყმაწვილად.

20 აგვისტო, 2015 წ.


სონეტი CXVI (116)

ერთგულ მიჯნურის საქორწინო ფიცს ვინც ენდობა,
არ შევაფერხებ; მაგრამ ტრფობა არ არის ტრფობა,
ტრფიალს თუ შეცვლის გასაჭირი და ძნელბედობა
და დაბრკოლებებს თუკი ძალუძს გრძნობის ჩაქრობა.

სიყვარული ხომ შუქურაა გზის გამკვალავი,
შეუპოვარი, ქარიშხლებთან ქედმოუხრელი,
მოხეტიალე გემებისთვის გეზის ვარსკვლავი,
ცის კაბადონზე მოკაშკაშე, მუდამ უძვრელი.

და არც იქცევა სიყვარული ჟამის ხუმარად,
ღაწვებს და ტუჩებს თუმც ვარდისფერს დროება წაჰგვრის,
არ უშინდება ჟამთასრბოლის არც ერთ მუქარას,
არ შეიცვლება სიყვარული ვადამდე წარღვნის.

თუ დამიმტკიცეს, რომ პოეტი არ ვამბობ მართალს,
არც ლექსი მითქვამს, არც ნამდვილად როსმე უყვარდათ.

23 თებერვალი, 2015 წ.

სონეტი CXVII (117)

გთხოვ, ჩამითვალო სიძუნწედ და ჩემს დიდ შეცდომად,
რაც გეკუთვნოდა, საზღაურად რომ ვერ მიიღე,
ტრფობის კალთის ქვეშ დამავიწყდა თავის შევრდომა,
თუმც შენს სიყვარულს ვეჯაჭვები მაინც დღითი დღე.

მივეცემოდი დროსტარებას, რადგანაც მძაფრად,
დიდ ფასად ნაყიდ უფლებაზე წაგართვი წილი,
ყველა ქარისთვის ზეაღვმართე ანძაზე აფრა,
რაც მაშორებდა შენგან უფრო მეტი მანძილით.

დაე, შენს თვალში შევირაცხო ბილწად, თავკერძად,
ვარაუდებიც თან დაერთოს აშკარა სამხილთ,
ოდეს თვალს მომკრავ და დაიწყებ სახის ამრეზვას,
გესლიან მზერით ნუ გამიყრი გულ-მკერდში მახვილს!

და თუ საქციელს ჩავდიოდი არასაკადრისს,
გამოცდა მსურდა შენი ტრფობის სიმტკიცის, ყადრის.

21 აგვისტო, 2015 წ.

სონეტი CXVIII (118)

ისევე როგორც, როს გვწადია, აღგვეძრას მადა,
კერძებს ვუშვრებით სასის აღმგზნებ ცხარე საწებელს,
ჯერაც ფარული სნეულების სარიდად, ანდა,
ნებაყოფლობით ავად ვხდებით, ვსვამთ სასაქმებელს.

შენს მოუყირჭავ სიკეთენით ავსებულს, მსგავსად,
მეც  შემეყარა კერძის კაზმვის ეს ჩვეულება,
რადგან სიამით მეტისმეტად დამიტკბა სასა,
საჭირო დროზე ადრე ვცადე დასნეულება.

ეს საქციელი სიყვარულის, - წინასწარჭვრეტით
შემეტყო სენი, გადამექცა ნამდვილ სალმობად
და სამკურნალოდ გავიხადე თავი ჯანმრთელი,
სიკეთით აღვსილს, რომ მოუნდა ავით წამლობა.

მწარე გამოცდამ სამუდამოდ  ჭკუა მასწავლა -
წამალიც შხამავს  შენით სნეულს, კურნების ნაცვლად!

21 აგვისტო, 2015 წ.

სონეტი CXIX (119)

სირინოზების ცრემლი შევსვი დამაოსები,
ჯოჯოხეთივით ბილწ სახდელით  გამონახადი, 
იმედებს შიშით შევცქეროდი, შიშს - სასოებით,
იქ ვმარცხდებოდი, რომ მეგონა მოგება ცხადი!

რარიგ სცოდავდა თურმე  გული მაშინ, უხამსი,
როდესაც თვლიდა, მიაღწია განცხრომის მწვერვალს!
ფოსოებიდან მცვივდებოდა თვალები ლამის,
წამომივლიდა როს ციების მწვავე შეტევა!

ახლა კი ვიცი, ბოროტითაც კი  ხეირს ვნახავთ,
უმჯობესდება ბოროტებით კარგი მეტადრე;
დარღვეულ ტრფიალს განვაახლებთ თუკი ხელახლა,
უფრო მშვენდება, ვიდრე იყო ის დარღვევამდე.

თავს ვსაყვედურობ და მივილტვი ჩემს ამაგდართან,
უკეთურებით რაც წავაგე, მიზღავს სამმაგად!

22 აგვისტო, 2015 წ.


სონეტი CXX (120)

ადრე ულმობლად რომ მომეპყარ, დღეს მეხმარება,
მახსოვს ის წყენა, სასიკვდილოდ რითიც მომწყლავდი,
ახლა მე მიწევს  ბრალის გამო თავის დადრეკა,
რადგან არა მაქვს ეს ნერვები  ნაწრთობ ფოლადის.

თუ ისე გზაფრავს ჩადენილი ჩემი სიავე,
ვით მზაფრე ადრე, - ჯოჯოხეთი გამოგატარე,
მოუცლელობით დავემსგავსე სასტიკ ტირანებს
და ვერ ავწონე, იმ დღეებმა რარიგ მამწარეს. 

ო, რომ შემეძლოს, გამახსენდეს ის ხათაბალა,
იდუმალ გრძნობებს მწუხარება თუ რა ღრმად მოწყლავს,
როგორც შენ ადრე, მეც მოგცემდი სინანულს წამლად -
მდაბალ მალამოს, რომ ამრთელებს გულებს იოლად.

გადაქცეულა შენი ცოდვა გამოსასყიდად
და გამოდგება ჩემი ცოდვის გამოსაქვითად.

6 დეკემბერი, 2013 წ.

სონეტი CXXI (121)

უხამსი ვიყო, მიჯობს, ვიდრე მთვლიდნენ საძრახად,
ოდეს არ ვარ და ჩემს საქციელს ზოგ-ზოგი კიცხავს!
კანონით კუთვნილ ტკბობას რადგან გულში დავმარხავ,
სხვისი საზრისით მიიჩნევა რამეთუ ლირწად.

რად უნდა იყოს სხვისი მზერა ცრუ და მზაკვარი,
მკილავი ჩემი ქცევისა და გიჟმაჟი სისხლის?
ანდა ჯაშუში, გაცილებით ჩემზე წამხდარი,
რაც მე სიკეთედ შემირაცხავს, განმსჯელი იმის?

მე ის ვარ – ვინც ვარ, ისინი კი მაწერენ მუდამ
იმ შეცოდებებს, რისი ქმნაც არ ეთაკილებათ,
სიმართლეც მრუდედ ეჩვენება სულით ქვებუდანს,
ვერ გამოდგება ამიტომაც ჩემს მაგინებლად.

არ დაზოგავენ ამნაირნი არავის ოდნავ
და გარყვნილებად შერაცხავენ სუყველა მოკვდავს.

23 აგვისტო, 2015  წ.


სონეტი CXXII (122)

გონში ვინახავ ძვირფას წიგნაკს, შენ რომ მაჩუქე,
ხანგრძლივი ხსოვნის ჩანაწერით სავსეს პირთამდე,
დროს რომ გაუძლებს ამ უმაქნის ბწკარებზე უკეთ,
მრავალ ჟამს მიღმა, უკუნითი უკუნისამდე.

ან მანამ მაინც, ჩემი გონი და გული ვიდრე,
შეინარჩუნებს მოძღვნილ უნარს ბუნების ძალით;
სანამ ორივეს დავიწყება თავისკენ მიდრეკს,
არ წაიშლება  შენი ხსოვნის იქ ნიშანწყალი.

ტრფობის აღნუსხვას არ სჭირდება რამე ქვითარი,
მრავლის დატევნა არც შეეძლო  უმაქნის საცავს,
ამად გავეცი არმაღანი ესევითარი,
მეხსიერება რადგან უკეთ შემოგინახავს.

რომ შემენახა ეს წიგნაკი სახსოვრად ტრფობის,
მაჩვენებელი იქნებოდა გულმავიწყობის.

10 დეკემბერი, 2013 წ.

სონეტი CXXIII (123)

ნუ იტრაბახებ, ჟამო, თითქოს, მეც შევიცვალე:
პირამიდები თუმც აღმართე მძლავრი, ამაყი,
არ მომეჩვენა უცნაურად, ანდა სიახლედ,
ახალ ტანსაცმლით შემოსვაა უკვე ნანახის.

რადგან ცხოვრება ხანმოკლეა, დაგვტოვებ სახტად
იმგვარ სიძველით, რომ გვაჩეჩებ  პირველშობილად,
უფრო გვწადია, მივიჩნევდეთ დანახულს ახლად,
ვიდრე გვჯეროდეს, რომ ამგვარი  ადრეც ყოფილა.

შენს ჩანაწერებს და შენც, დროო, გეტყვით სამდურავს,
ვერ გამაოცებ ვერც აწმყოთი და ვერც წარსულით,
ღირებულს ამცრობ, როცა გინდა - ჩვენდა საცდურად,
უმნიშვნელოს კი ფასეულს ხდი სრბოლით ჩქარულით.

დროვ, საუკუნო ერთგულების დადებულ აღთქმას,
სიკვდილის ცელის  მუქარითაც აღარ გადავთქვამ.

12 დეკემბერი, 2013 წ.

სონეტი CXXIV (124)

რომ ეშვა ჩემი სიყვარული გარემოებას,
ჩაითვლებოდა იღბლის ბუშად, უმამო შვილად,
ემონებოდა დროის მუდამ ცვლად გემოვნებას,
ან სარეველად იქცეოდა, ანდა ყვავილად.

შემთხვევითობას ეს ტრფიალი  როდი ეყრდნობა,
არც მედიდური გაღიმებით მოიყივნება,
ვერ დაიურვებს ჭირ-ვარამით მას ძნელბედობა,
არც ფიანდაზად გაეგება ჟამთა დინებას.

ვერ შეაშინებს პოლიტიკაც, ეს მწვალებელი -
ხანმოკლე დროის ლაქიობით რომ იღებს სარჩოს,
თვისი ზრახვების თავადვეა მასწავლებელი,
არც ხვატი ზრდის და ნიაღვარიც მას ვერ დაახრჩობს!

გამოდგებიან მედროვენი  დასტურად ამის,
რომ სცოდავდნენ და შეეგებნენ აღსასრულს ნანვით.

25 აგვისტო, 2015 წ.


სონეტი CXXV (125)

რას შემმატებდა ხელმწიფისთვის თაყვანისცემა,
ხელით მეზიდა სხვებთან ერთად მეფის ჩარდახი,
ლიბო ჩამედგა მარადისის, რომ დაინგრევა,
იმაზე ადრე, რაც ისედაც ქრება პარტახით?

განა არ ვიცი, მადევარი გარეგნულ ბრწყინვის,
გაღატაკდება მეტისმეტად მაღალი ნიხრით,
უბრალო კერძი მოყირჭდება ნუგბარის სინჯვით
და იჯახირებს ფუფუნებით ცხოვრების ნირით?!

არა, მხოლოდ მსურს, შენი გულის ვიყო მორჩილი,
შემოგთავაზო ჩემი ნებით ტარიგი მცირე,
არ შებღალულა ის არც მწიკვლით, არ არის წბილიც,
შენც უპასუხე იმ სიყვარულს, რაც შემოგწირე.

განვედ, დამსმენო მოსყიდულო, რაც მეტად ბორგავ,
მართალი სულის უფრო მეტად გიჭირს შებორკვა.

26 აგვისტო, 2015 წ.

სონეტი CXXVI (126)

ტურფა ბიჭუნავ, სილამაზე გაქვს ჯერ უცვლელი,
გიპყრია დროის  ცვლადი სარკე, საათი, ცელი;
წლების მატებამ ვერ დაამცრო შენი სიტურფე,
ხოლო შენს მიჯნურთ დასტყობიათ ასაკი უკვე.

გეტრფის ბუნებაც, არ ანებებს ჟამს შენს წახდენას,
წლებს უკან გაძლევს და მშვენებაც გაგიახლდება,
მისთვის შენა ხარ საგოგმანო,  ნასათუთევი,
დროს შენთვის ებრძვის, ცდილობს მოსპოს მისი წუთები.

მაინც უფრთხილდი, მის ნებიერს თუმც არ გაფუჭებს, 
მარადიულად არ ინახავს თავის საუნჯეს;
ვალის გადახდას როცა მოსთხოვს ჟამი ანგარი,
შენს თავს დროს მისცემს, გაისტუმრებს ამით ანგარიშს.

27 აგვისტო, 2015 წ.


სონეტი CXXVII (127)

შავგვრემანს არვინ შერაცხავდა ძველად ლამაზად,
ვერ იქნებოდა მშვენიერი, პირსახით თალხი,
ახლა კი თვლიან სილამაზის შთამომავალად
და წარმოჩნდება ეშხიანად თვით მაიმახიც.

წამბაძველობა როცა შეძლეს ბუნების ფარდი,
გონჯი პირ-სახე შეინიღბეს წაცხებით საცხის,
მშვენიერებამ მიატოვა დასაყუდარი,
სირცხვილეულმა აღიარა თავისი მარცხი.

ყორნისფერი აქვთ ამიტომაც სატრფოს წარბებსაც,
მრუმე თვალებიც მჭმუნვარებენ სხვათა წარყმედით,
თუმც ხელოვნური სილამაზის არ ეხარბებათ,
სწუხან, რომ მოსწონთ სხვებს ეს ყალბი შემონაქმედი.

და ისე შვენით მგლოვიარე ამ თვალებს მრუმე
რაც ლამაზია, უნდა ჰქონდეს მსგავსი სიმუქე.

24 აგვისტო, 2015 წ.

სონეტი CXXVIII (128)

ჩემო მუსიკავ, მიუჯდები როცა კლავესინს -
გაწაფულ ხელით ააჟღერებ კურთხეულ საკრავს,
თლილ თითთა რხევას შეწყობილი სიმთა ჰანგები,
ტკბილხმოვანებით სმენას მიტკბობს, დამტოვებს სახტად.
 
მშურს კლავიშების - რომ არიან მალნი, ურცხვები,
მუდამ მზადმყოფნი დაგიკოცნონ სათუთი ნები,
მაგ ჭირნახულის მომლოდინე ჩემი ტუჩები,
გაწითლდებიან ხის ნაფოტთა კადნიერებით.

ო, როგორ უნდათ შეიცვალოს მათი ბოგინი
და მოცეკვავე კლავიშთ ნაცვლად მათზე ცოცავდნენ
თითები მანგის, რომ დაჰქრიან ნაზი რონინით
და ხმელ ნაფოტებს, ცოცხალ ტუჩზე მეტად ლოცავენ.

უტიფარ კლავიშთ ანეტარებს რადგან საოცრად,
თითნი მათ ერგოს, მე კი მომეც ბაგე საკოცნად.

25  აგვისტო,  2015 წ.

სონეტი CXXIX (129)

სულის გაფლანგვა და სირცხვილის გრძნობა გამქრალი,
ეს არის ვნება ქმნადობისას და სანამ ქმნადობს -
სასიკვდილოა, სისხლიანი,  ცრუ,  სავსე ბრალით,
ველური, ხარბი, ხეპრე,  ავი და არასანდო.

სიამოვნებას მონიჭებულს  შეცვლის ძულვება,
ხარბად  ელტვიან და თუ ვინმემ ის მოიხელთა,
რაცხავს ანკესზე წამოგებულ მისატყუებლად,
მის გადამყლაპავს რომ უქადის ჭკუიდან შეშლას.

მაძიებელთაც და მფლობელთაც აშმაგებს მსგავსად,
დაპყრობილია, თუ  ძებნილი - არ იცის ზღვარი,
როს განიცდიან - ნეტარება, შემდეგ - სამსალა;
ჯერ სიხარულის მომცემელი, მერე - სიზმარი.

ეს ყველაფერი თუმც უწყიან, არ არის მცოდნე -
ვით აიცილონ ჯოჯოხეთში  მგზავნი სამოთხე.

28 აგვისტო, მარიამობა, 2015 წ.


სონეტი CXXX (130)

ჩემს შეყვარებულს არ უბრწყინავს მზესავით თვალი,
მის ტუჩის ფერზე წითელია ბევრად მარჯანიც;
სპეტაკის ნაცვლად სატრფოს მკერდის ფერია წაბლის,
მავთულს მიუგავს სიუხეშით შავი ნაწნავი.

წითელი, თეთრი, ვარდისფერი გადაჰკრავს ვარდებს,
სატრფოს ღაწვებზე ეს ელფერი არ დანთებულა,
სურნელებითაც ჩამორჩება იმ მირიადებს,
რომ გარდაქმნილან უძვირფასეს ინანთეულად.

როცა საუბრობს, არასდროს მაქვს ის მოლოდინი,
ხმის სინარნარით აღემატოს მუსიკის ჰანგებს
და არც როდისმე დამინახავს ქალღმერთთ რონინი,
სატრფო კი მიწას შეეხება, როცა  გოგმანებს.

თუმც ჩემი სატრფო ლამაზია არანაკლებად -
ვინც შერაცხულა პოეტთაგან ლამაზმანებად.

27 დეკემბერი, 2013 წ.


სონეტი CXXXI (131)

შენ ისეთივე ტირანი ხარ, იმავე ჯურის,
ვინც სილამაზით გაამაყდა და გასასტიკდა;
და კარგად უწყი, გულმა შენი შლეგი მიჯნურის,
შენ გაღიარა უძვირფასეს თვალ-მარგალიტად.

ვიეთნის აზრით, არ ხარ ტურფა ესერაბამი,
შენი დანახვით გამოხატონ ტრფობის დარდობა,
მე კი საბუთებს ვერ მოვუყვან მათ შესაბამისს,
გულში ფიცილის მყოფნის მხოლოდ გამბედაობა.

რათა დავრწმუნდე სიმართლეში ჩემი ფიცილის,
შენზე ფიქრისას აღმომხდება ათასი ოხვრა,
დამიდასტურებს ყველა ერთხმად ერთურთს მიჯრილი,
შენს სიშავეს რომ უფრო ვეტრფი, ვიქცევი სწორად. 

არაფერში ხარ შავი, გარდა შენი საქმენის,
შენზე აუგიც აქედან არს წარმონადენი.

29 აგვისტო, ანჩისხატობა, 2015 წ.


სონეტი CXXXII (132)

შენი თვალები მიყვარს, დარდის მოზიარენი,
კარგად რომ ცნობენ შენს სასტიკ გულს, ასე მზვაობარს,
ამიტომ თალხით შემოსილან მგლოვიარენი
და შენგან ნატანჯს მიცხადებენ ღრმა თანალმობას.

ისე ძალუმად ალიონის ცის ვარდისფერიც,
აღმოსავლეთს ვერ შეუფაკლავს პირსახეს შავლეგს,
მზის ნათელი რომ მიმწუხრდება, მსგავსად მთიებიც,
ვერ დაამშვენებს სიკაშკაშით პირქუშ დასავლეთს,

ვით დაგამშვენა მგლოვიარე შავმა თვალებმა:
ო, რა იქნება, თუკი გულიც მათ ედარება,
ჩემზე იგლოვოს, რადგან ასე გშვენის ვაება,
იმ სიბრალულით, ძაძით მოსილს ვით ეკადრება.

მაშინ შევფიცავ, ლამაზია მხოლოდ შავლეგი,
ყველა სხვა ფერის, გაცილებით მასზე ნაკლები.

29 აგვისტო, ანჩისხატობა, 2015 წ.

სონეტი CXXXIII (133)

კრულ იყოს გული, გამაცალა ვინც არაქათი,
მე და მეგობარს გაგვიჩინა რომელმაც წყლული,
ვინც არ იკმარა, იყოს მხოლოდ ჩემი ჯალათი
და გაიხადა მეგობარიც დამონებული.

თავბრუ დამასხი ავ თვალებით ჩემი მგმობარით
და მოახერხე მეორე „მეს“ მისაკუთრებაც:
თავიც წამგვარე, შენი თავიც და მეგობარიც
და სამჯერ სამი ტანჯვა მერგო მძიმე ხუნდებად.

აჰა, ეს გული შენი რკინის მკერდის ტუსაღად,
ნაცვლად მეგობარს დავუდგები ოღონდ თავდებად,
თუ მე დამადგენ მისი გულის მუდმივ გუშაგად,
არ შეგეძლება კირთება და მასხრად აგდება.

მაგრამ რას ვითხოვ, როცა შენში ვარ დამწყვდეული,
ჩემ უნებურად მეც გეკუთვნი და ჩემეულიც.

3 იანვარი, 2014 წ.


სონეტი CXXXIV (134)

ის რომ შენია, ვამბობ ნაღდად, განა ყასიდად
და ამის გამო შენი ნების ვიქეცი მძევლად,
ჩემს თავს დაგითმობ მეორე ”მეს” გამოსასყიდად,
ოღონდ კვლავ მყავდეს მეგობარი ნუგეშისმცემლად.

თავი დაიხსნას აღარც მას სურს და არც შენ გინდა,
რადგან ხარბი ხარ, მეგობარი კია კეთილი;
თავი გაწირა უანგაროდ ვალის საწინდრად,
ვალდებულების ციხეშია გამოკეტილი.

სარგებელს ეძებს მუდამ შენი მშვენიერება
და ვით მევახშე, სილამაზით შოულობ სარფას,
მეგობარს დევნი სარგოს გამო, შენ რომ გერგება,
მისგან მოითხოვ ჩემი ვალის გადახდას ხარბად.

თუმც მეგობარმა გაისტუმრა ორივეს ვალი,
კვლავ შენი ტყვეა და არც მე ვარ თავისუფალი!

29 აგვისტო, ანჩისხატობა, 2015 წ.

სონეტი CXXXV (135)

სხვა ქალებს მათი სურვილი აქვთ, შენ კი გყავს ‘ვილი’
და კიდევ ‘ვილი’ დამატებით და ამას გარდაც;
თავს მოგაბეზრებ, ამიხდინო ჩემი სურვილიც
და შენს ტკბილ სურვილს ამდაგვარად ვუპირებ გაზრდას.

ვისი სურვილიც უზომოა და ასე ვრცელი,
ნუთუ ჩემს სურვილს არასოდეს დაუთმობს ბინას?
სხვისი სურვილი რატომ გიჩანს, მაშ, მიმზიდველი,
ჩემმა სურვილმა კი ერთხელაც ვერ გაიბრწყინა?

წვიმის წყალსაც კი შეიმატებს ზღვა გადავსილი
და წყალუხვი ზღვა კიდევ უფრო ივსებს მარაგებს,
მდიდარო ‘ვილით’ შეიმატე შენც ერთი ‘ვილი’,
ჩემი წადილით ეგ სურვილი გაიასმაგე.

შენს მოწადინეს ნუ ეპყრობი, როგორც უგბილი
და დანარჩენთა თანასწორი გამხადე ‘ვილი’.

7 იანვარი, შობა, 2014 წ.


სონეტი CXXXVI (136)

თუ აგიკრძალა  სიახლოვე ჩემთან ბრმა სულმა,
შეფიცე ბრმა სულს, რომ ვიყავი მე შენი ‘ვილი’,
რადგან სურვილი, იცის, შენში ნებადართულა;
მანამდე კი გთხოვ, ამისრულო გულის წადილი.

სახელი ‘ვილი’ აღმოავსებს ტრფობის ყულაბას,
შეემატება შენს ბევრ წადილს ეს ჩემი ნატვრაც,
თუმც, სადაც თავი მოუყრია  სურვილს უამრავს,
იქ ერთიანი მიიჩნევა თითქმის არაფრად.

ურიცხვ კრებულში, დაე, დავრჩე აღურიცხავი,
თუმც ოდენ ჩემს თავს ვისურვებდი წევრად მარაქის;
არარაობის გინდაც იყავ მკაცრი მკიცხავი,
ოღონდაც სცანი, გესათნოვა რაღაც არარის.

თუკი ჩემს სახელს შეიწყნარებ შენს ქვეშევრდომად,
მეც შემიყვარებ, რადგან ‘ვილი’ აღნიშნავს “ნდომას”.

23 აგვისტო, 2015 წ.


სონეტი CXXXVII (137)

ბრმაო მასხარა, ტრფობავ, ჩემს ჩინს ეს რა დამართე,
თვალის ახვევა მეტრფისათვის რადა გაქვს წესად?
ყადრიც იციან და უნახავთ თვალთ სილამაზეც,
მაგრამ უშნოსაც მოაჩვენებ ლამაზ პრინცესად.

მიკერძოებულ თვალთა მზერას მეც თუ ჩავუშვებ
ნავსაყუდელში, სადაც ჩადის მრავალი ღუზა,
ორგულ თვალებით რაღად სჭედავ ისეთ კაუჭებს,
გულისწადილს და ნებელობას რითიც მიზღუდავ?

რატომ ჰგონია ის ადგილი ჩემს გულს ნაკრძალად,
თუმც კარგად უწყის, წარმოადგენს ზიარ თემშარას?
რად ეჩვენებათ სინამდვილე თვალებს სხვაგვარად
და სიმახინჯეს სილამაზედ რისად შევრაცხავ? 

გულიც და თვალიც უყურებენ სიმართლეს მცდარად,
სიცრუის ჭირის სნეულებაც ამიტომ მზარავს.

30 აგვისტო, 2015 წ.


სონეტი CXXXVIII (138)

როს ერთგულებას და სიმართლეს სატრფო დაჰფიცავს,
ვიცი, რომ ცრუობს, თუმცა მჯერა მისი სიმართლის,
ალბათ, ჯერაც მთვლის გამოუსვლელ ყმაწვილ არიფად,
ვინც არა იცის წუთისოფელის ხრიკის თუ ხლართის.

პატივმოყვარე ფიქრით მჯერა, რომ მთვლის ჯეილად,
თუმცა უწყის, რომ კარგა ხნის წინ გადავცდი ზაფხულს,
ვუსმენ მის სიტყვებს უშფოთველად და არხეინად,
მიამიტურად შევიფერებ სატრფოს მოჩმახულს.

რად არ მიტყდება, სიყვარულში ვერ მიერთგულა?
რად არ ვუტყდები, რომ მისთვის ვარ ასაკოვანი?
- თვალთმაქცურ ნდობას სიყვარული რადგან ჩვეულა
და წლების გათქმას ერიდება მეტრფე მხცოვანი.

ვცდილობთ, ერთმანეთს გავუწიოთ სიცრუით ღვაწლი,
პირმოთნეობით რომ დავფაროთ ჩვენივე ნაკლი.

14 იანვარი, უფლის წინადაცვეთის დღე, 2014 წ.


სონეტი CXXXIX (139)

ნუ მომიწოდებ, გავამართლო შენი სიავე,
როს გსიამოვნებს ჩემი ქენჯნა გულით სასტიკით;
ნუ მომწყლავ მზერით, თუ გსურს, ენით დამაზიანე,
ძალა იხმარე, ოღონდ გთხოვ, რომ არ მომკლა ხრიკით.

სხვა გიყვარს, მითხარ, ოღონდ მისკენ ნუ იხედები,
როს ხარ ჩემ გვერდით, არ შებღალო ჩემი სახელი,
რაში გჭირდება სივერაგე, თუ ძლიერებით
აღემატები ჩემს თავდაცვას ფეხქვეშ გათელილს?

მსურს, შეყვარებულს გავუწიო მეოხეობა:
რადგან მტერია ჩემთვის სატრფოს მზერა კეკლუცი,
თვალებს მარიდებს, რადგან არ სურს მეტოქეობა,
გამგმირავ მზერას ამიტომაც ალაგს შეუცვლის.

ნუ იზამ ამას; რადგან ცოცხლად დამასაფლავებ,
გთხოვ, ნუღარ მტანჯავ და მაგ მზერით მომკლა ახლავე!

16 იანვარი, 2014 წ.


სონეტი CXL (140)

იყავ ისეთი გონიერი, ვით ხარ მტანჯველი
და სიძულვილით ნუ გამიწყვეტ პირაკრულს თმენას;
თორემ ნაღველი მათქმევინებს აუტანელი
აუგს და გამხელს თანალმობის მოსურნე ქენჯნა.

თუმც არ გიყვარვარ, მანუგეშე შენს შეყვარებულს,
მოსაჩვენებლად მაინც მითხარ, გიყვარვარ, თუნდაც,
ვით სასიკვდილოდ გადადებულ ჭირვეულ სნეულს,
განკურნვის გარდა მკურნალისგან ცნობა არ უნდა.

სასოწარკვეთით ვინაიდან ვიქცევი შლეგად,
გონარეულმა, შეიძლება, დაგიწყო კიცხვა:
უკუღმართობამ კი ქვეყანა ისე წალეკა,
შეშლილის ყური ერწმუნება შეშლილის სიტყვას.

რომ არ შემშალო, შენ კი აგცდეს ცილისწამება,
მომაპყარ მზერა, თუმც ეგ გული შორს იარება.

18 იანვარი, 2014 წ.
სონეტი CXLI (141)

ნუ გეგონება, შეგიყვარეს ჩემმა თვალებმა,
ვერ შეგამჩნიეს თანამდევი ურიცხვი მანკი;
ოდენ გულია,  ბრმად რომელიც გეთაყვანება,
მიუხედავად თვალთა ზიზღის, შეგხარის მაინც.

არ მოგიხიბლავს ჩემი სმენა ჰანგით ნატიფით,
მდარე შეხებებს ნაზი გრძნობაც იუკადრისებს,
არც გემოვნებას და არც ყნოსვას არ სურს პატიჟი,
შენთან პირისპირ მგრძნობელობის არცერთ ნადიმზე.

ხუთი გრძნობიდან თუმცა ერთიც ვერ დამეხმარა,
სულელი გული გონმაც ვეღარ გადაარწმუნა, 
რომ დამამგვანა უბადრუკს და ამიგდო მასხრად,
შენი ზვიადი გულის ვიქეც მსახურ კაცუნად.

ამ სატანჯველშიც დავინახავ ჩემთვის სარგებელს,
ცოდვების გამო რომ ვღებულობ მყის მისაგებელს.

30 აგვისტო, 2015 წ.

სონეტი CXLII (142)

ცოდვად მეთვლება სიყვარული, შენ კი ზნეობად
ამ ცოდვიანი სიყვარულის სიძულვილს რაცხავ,
თუმც შეადარე ჩემსას შენი მდგომარეობა,
შენგან მაინც არ ვიმსახურებ საყვედურს, ძრახვას.

ვერ შევიგუებ იმ ბაგენით ჩემზე ძვირის თქმას,
რომ შებღალვიათ მწიკვლისაგან სამოსი ძოწის
და მიუციათ ჩემდა დარად ბევრი ცრუ აღთქმა,
შემოსავალი გაუძარცვავთ სხვისი საწოლის.

მაშინ ჩემს თვალთაც არშიყობის მიეცი ნება,
ვით ეგ თვალები აშიკობენ სხვებთან ხალისით,
ეგებ შენს გულში  გამოზრდილი ლმობიერება
მერე წაგადგეს, შეგიბრალონ შესაბრალისი.

თუ მიგაჩნია მხოლოდ ჩემი ტრფობა საწბილოდ,
ამ მაგალითით, შესაძლოა ზურგი გაქციონ!

31 აგვისტო, 2015 წ.


სონეტი CXLIII (143)

დიასახლისის სირბილისთვის მოგიკრავთ თვალი,
როდესაც უწევს გაქცეული ფრინველის დევნა,
ბალღს ძირს ჩამოსვამს, გაიქცევა ყოველი ძალით,
რომ მადევარმა შეძლოს ფრთოსნის მალე დაწევნა.

ამასობაში, ბავშვიც ცდილობს დედის დაჭერას,
ატირებული,  დედისაკენ კუნტრუშით გარბის,
მაგრამ დედამისს მიუპყრია ფრთოსნისკენ მზერა,
არ ესმის ბალღის  ვაი-ვიში, რბენისას წახრილს.

ასევე მისდევ, ვინც გაგირბის და დაგშორდება,
სხვისი მადევრის დევნა მიწევს ბავშვივით ძაბუნს,
იმ მშობელივით, თუ დაიჭერ, შენს სასოებას,
მეც მომიბრუნდი, როს შვილივით მოველი ლამუნს.

ვლოცულობ, რათა მალე ახდეს შენი სურვილი,
მსწრაფლ დამიბრუნდე, მანუგეშო შენგან ურვილი.

22 იანვარი, 2014 წ.


სონეტი CXLIV (144)

ორი ტრფობა მაქვს - სანუგეშოც, სასოწარმკვეთიც,
ვით ორი სული, სარგებლობენ  ჩემზე გავლენით:
უკეთესია ანგელოზი კაცის ნაკვთებით,
უარესი კი - ქალბატონი სახით შავბნელით.

ჯოჯოხეთში რომ ჩამიძახოს, მაცილი მდედრი,
ცდილობს კეთილი ანგელოზის გადაბირებას,
გადემონებით შეუცვალოს წმინდანის ხვედრი,
უმანკოება შეულახოს მისმა ლირწებამ.
ნუთუ აქცია ანგელოზიც მის მსგავს მაცილად?
დანამდვილებით ვერას ვიტყვი ხვედრზე მეგობრის;
დაუმეგობრდა იმ ქალბატონს, მე კი დამცილდა,
გუმანით ვხვდები, ჯოჯოხეთში არის მეორის.
ვერას გავარკვევ, თუნდაც ავყვე ათასგვარ ეჭვებს,
სანამ ალქაჯი  ჩემს ანგელოზს გამოაძევებს.

2 მარტი, 2014 წ.


სონეტი CXLV (145)

სიყვარულისგან შექმნილმა ბაგემ -
„მძულს“ - მომახალა პირში უკმეხად
და სატრფოსაგან ტკივილის ნაგემს,
გადამიქანდა  გული უეცრად, 

როცა შეატყო ჩემს სახეს ჯავრი,
მყისვე შერისხა ის ტკბილი ენა,
რომ არ იცოდა სასტიკი  მსჯავრი
და არ სჩვეოდა მიჯნურთა ქენჯნა.

„მძულს“ -  თქვა შეცვლილი მან დასასრულით
და ღამე დილამ შეცვალა მსწრაფლად,
თითქოს უკუნი, ვით ავი სული,
ზეციდან უმალ ჯოჯოხეთს შთახდა;

„მძულს“ - და სიცოცხლე შთამბერა ისევ -
როცა დასძინა -  „სხვა ვიგულისხმე“.

1 სექტემბერი, 2015 წ.


სონეტი CXLVI (146)

საბრალო სულო, შუაგულო ცოდვილი მიწის,
ვინც მეამბოხე ძალებით ხარ გარემოსილი;
როს განილევი და დაშვრები შიმშილით მიწყივ,
მდიდრულ გალავნით რატომღა გსურს, იყო მკობილი?

ხანმოკლე ქირით გადმოცემულ ბინა-საყუდარს,
რატომ უცხადებ დროებითი მდგმური სიყვარულს?
მატლთა სამკვიდროდ გამწესებულ სხეულს საკუთარს,
რად განადიდებ, რუდუნების რადა ხარ ყაბულს?

აღზევდი, სულო, განიხარე მსახურის მარცხით
და გარეგნობას გამოსტაცე ხორაგ-ხვასტაგი;
წუთისოფელის ფაციფუცის არად შერაცხვით
მადლი იხვეჭე, სხეული კი დარჩეს ღატაკი.

კაცთა შემსანსვლელს გადაყლაპავ ასე სიკვდილსაც
და ერთხელ ძლეულს გაუწყდება ქვეყნად სინსილა.

25 იანვარი, 2014 წ.

სონეტი CXLVII (147)

აქვს მარადისი მწყურვალება, ჩემს ტრფიალს, ვით ცხროს,
მისი, რისგანაც იკვებება ეს სნეულება,
არ შეუძლია მხურვალება რამით დაიცხროს,
წამალი სნეულ მადისათვის არ ეგულება.

გონება ხშირად მიტარებდა განსჯის გაკვეთილს, 
არ ვაკარებდი მის დანიშნულ წამლებს თუმც სტომაქს,
ახლა კი უკვე, კარგად მესმის სასოწარკვეთილს,
რომ განკურნების არმდომელ ჟინს სიკვდილი მოაქვს.

უკურნებელი, მიმატოვა  გონმა ამრეზით,
ჭკუიდან შემცდარს მომესაჯა ნიადაგ ბორგვა, 
მეტყველება მაქვს უგუნურის, შლეგის აზრები,
განსჯის უნარი სინამდვილეს ძლიერ დაშორდა.

რადგან, ვფიცავდი, რომ იყავი  ნათელი, მშვენი,
თუმც ჯოჯოხეთის წყვდიადივით ყოფილხარ ბნელი.

2  სექტემბერი, 2015 წ.


სონეტი CXLVIII (148)

ტრფიალმა რარიგ შემიცვალა თვალის საღობა,
რომ არასწორად მიაწოდებს გონებას ნანახს!
ზუსტად თუ აწვდის, სად გაფრინდა გამჭრიახობა,
რად ედავება მაშინ გონი თვალების კარნახს? 

თუ წარმტაცია, ვისაც ეტრფის შემცდარი თვალი,
თვალწარმტაცობა რად არ არის ყველასთვის ცხადი?
საპირისპიროს  თუ ღაღადებს ბაგე მრავალის,
დაელმებულა ტრფობა, უღირსს ღირსად რომ ხადის!

ვით შეიძლება დაინახოს იმ თვალმა კარგად,
რომ დაბინდულა ცრემლებით და მუდამ მღვიძარებს?
სულაც არ მიკვირს, აღვიქვამდე ყველაფერს მცდარად,
მზეც კი ვერ ხედავს, სანამ ცაზე არ გადიდარებს.

ქვეშქვეშა ტრფობავ!  ცრემლებით რომ ამივსებ გუგებს,
რადგანაც იცი,  ასე შენს ნაკლს ვერას გავუგებ! 

27 იანვარი, ნინოობა, 2014 წ.


სონეტი CXLIX (149)

უყვარულობა, ულმობელო, რად დამდე ბრალად,
შენი გულისთვის საკუთარი თავის მაოხარს?
რატომ მაქციე დაუნდობელ, გულქვა მტარვალად,
საკუთარ თავზე რომ ილაშქრებს შენდა საოხად?

განა მეგობრად შემირაცხავს შენი მოშუღლე?
ვისაც უბღვერდი, შემინახავს იმისი ხათრი?
შერისხულიც კი არ გაგიხდი ავის მოსურნედ,
თავის დაქენჯნით მომდიოდა ცრემლები ცხარი.

საამპარტავნო გამაჩნია ან რა ღირსება,
რომ მეთაკილოს სიყვარულით შებორკილება?
თაყვანსაცემლად მიქცევია შენი ლირწება,
გული შენს თვალთა მითითებებს ემორჩილება. 

შენი ბუნება თუმცა უკვე კარგად გავიგე,
თვალხილულთ ყვარობ და უარყოფ თვალებდავსილებს.

1 სექტემბერი, 2015 წ.


სონეტი CL (150)

რომელმა ძალამ მოგანიჭა ეგ ძლიერება,
გულს მბრძანებლობდე მეშვეობით ესდენი ნაკლის? -
რომ მომაჩვენა მანკიერი მშვენიერებად
და დამაფიცებს - ვერ იმკობა დღე მზის სინათლით.

მიმზიდველობას ვით ანიჭებ უკეთურებას,
რა თილისმა გაქვს, ან რა ისეთ ჯადოს მიკეთებ,
რომ დავყოლივარ მაცდუნებელ უბედურებას,
შენი სიგლახე მირჩევნია, სხვების სიკეთეს?

ვინ შეგასწავლა შეგიყვარო უფრორე მეტად,
ოდეს შევიტყობ, არ გაურბი ლირწს სათაკილოს?
და თუმც ის მიყვარს, დანარჩენებს ვინც ეზიზღებათ,
არ გეკადრება, მათთან ერთად შენც რომ გამკილო.

თუკი უღირსმა სიყვარულის გრძნობა აღმიძრა,
მით უფრო უნდა მიმიჩნევდეს ტრფიალის ღირსად. 

2 სექტემბერი, 2015 წ.



სონეტი CLI (151)

ტრფობა ნორჩია მეტისმეტად, იცნობდეს სინდისს,
თუმც ვინ არ იცის, რომ სინდისი ტრფობამ წარმოშვა?
ნაზო თაღლითო,  ცოდვებს ჩემსას შეხვდი სიმშვიდით,
თორემ შენც ბრალი მიგიძღვის და გავნებს დაროშვა.

როცა მღალატობ, მეც ჩავდივარ მუხანათობას
და კეთილშობილ სულზე ზეობს სხეული ტლანქი;
აღარ უკრძალავს სული სხეულს  ურცხვად გართობას
და ხორცის კოშტიც გართულია სულის შელანძღვით.

შენი სახელის ხსენებაზე  იღგზნება  უმალ,
შენ ხარ იმისი სანუკვარი ჯილდო თუ დავლა,
ბედნიერია, შენი მონა-მორჩილი თუა,
შენთვის აღსდგება, შენს ნებაზე ეცემა დაბლა.

ტრფობას თუ ვარქმევ, ნუ შერაცხავ სინდისის ნაკლად,
- იმის სიყვარულს - ვინც დამცემს და აღმადგენს კვალად.

3 სექტემბერი, 2015 წ.


სონეტი CLII (152)

შენი ტრფობისთვის, კარგად იცი,  გავტეხე ფიცი,
ხოლო შენ ორჯერ მოგიწია ფიცის გატეხვა, -
ჯერ სარეცელის, ხოლო მერე სატრფოს გაკიცხვით,
დაუნდობლად რომ გამიყრიდი ზიზღის სატევარს.

განდგომილება დაგაბრალო, თუმც მიძნელდება,
როცა თავად ვარ ოციოდე ფიცის მტეხელი,
მეც ხომ მბრალდება ცრუ აღთქმებით შენი ხელთება
და მოღალატის რომ ვიყავი ხოტბის შემსხმელი.

რადგან მიმაჩნდი გულკეთილად და მადლცხებულად,
მაღფრთოვანებდა ეგ სიმტკიცე და ერთგულება,
თვალს ვიბრმავებდი, მჩვენებოდი გამართლებულად,
მათაც გადიდეს, პირფერობას შეჩვეულებმა.

მშვენივრად ვრაცხე და სიცრუით ასე უხამსით,
ის განვადიდე, შემიბღალა რომელმაც მრწამსი.

31 იანვარი, 2014 წ.


სონეტი CLIII (153)

ეძინა ეროსს, ჩირაღდანით გულთა დამშანთავს
და მის მაშხალას ხელი სტაცა დიანას ნიმფამ,
შთადო ბინულში, მიერითგან ტრფობით გათანგვა
არ შესძლებოდა, აარიდა  ყველა ამ ხიფათს.

ჩაქრა მაშხალა, ხოლო ტრფობის წმინდა ხანძარი
წყალს გადაედო, მიანიჭა საგანმა ძალა
და სნეულებით ვინც მისულა პირთან სამარის,
მყის იკურნება, თუ ცხელ წყალში მან განიბანა.

მიჯნურის თვალით კვლავ აანთო ღმერთმა მაშხალა,
მკერდზე შემახო ჩირაღდანის ძალის საცდელად
და მორეულმა სიყვარულმა ისევ დამძალა,
წარვედ წყაროსკენ, როცა გული ისევ გახელდა.

ვერ განვიკურნე, მაგრამ არის ერთი იმედი -
სატრფოს თვალები, ეროსისთვის ცეცხლის მიმცემი.

1 თებერვალი, 2014 წ.


სონეტი CLIV (154)

ჩასძინებოდა სიყვარულის ღვთაებას - ამურს,
კორდზე მიეგდო ჩირაღდანი გულთა დამდაღი,
თვალი მოეკრათ მისთვის ნიმფებს - დიანას მსახურთ,
მიუახლოვდნენ და მოსტაცეს ღმერთს იარაღი.

ქურუმთა გუნდში უფრო მშვენი, უფრო ფრთამალი,
წყლისკენ გაიქცა ურიცხვ გულთა მშანთავი ნივთით,
მხურვალე გზნების წარმომშობი მთავარსარდალი,
განიარაღდა მეშვეობით ქალწული ნიმფის.

ნიმფამ ჩააქრო ჩირაღდანი ცივი ბინულით -
ტრფობის ხანძარით ცხელ წყაროდ რომ მერე ქცეულა,
მაცხოვნებელი აბაზანით  მარადიულით,
კურნება ჰპოვა ათასგვარი სენით სნეულმა.

მეც საკურნებლად წაველ, თუმცა ტრფობის სახმილით
გამთბარი წყლებით, სიყვარული ვეღარ გამივლის.

3 სექტემბერი, 2015 წ.


სონეტი „რომეო და ჯულიეტადან“

Romeo and Juliet: Prologue

რომეო და ჯულიეტა (წინათქმა)

წარჩინებულმა ორმა გვარმა,  ღირსმა ტოლფარდად,
მშვენი ვერონის, სადაც ამბის მსვლელობა მიდის,
ძველი მტრობიდან გააჩაღა ქიშპობა კვლავაც,
ხელი გასვარა მშვიდობიან მცხოვრებთა სისხლში.

მტრადქცეულ გვართა სხეულებმა, ბედასლმა, ვაგლახ, 
ვარსკვლავებ-შეყრილ მიჯნურების დაბადეს  წყვილი,
სიცოცხლეს ბედმა ვინც უდროოდ გამოასალმა,
წინაპართ მტრობა დაშოშმინდა მათი სიკვდილით.

სევდიან ამბავს კვდომის ნიშნით აღბეჭდილ ტრფობის,
მიჯნურთ მშობლების გაგრძელებულ ცილობა-დავას,
რასაც შვილების მიცვალება ოდენ აღმოფხვრის,
ორი საათით ამ სცენაზე თავადაც ნახავთ.

ხსენებულ დადგმას ყურადღებით ადევნეთ თვალი,
რაც ამ წინათქმით გამოვტოვეთ, განახებთ ჯაფით.

11 იანვარი, 2015 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები