ნაწარმოებები



ავტორი: ნია-კო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 იანვარი, 2018


გამარჯობა შენი, სიყვარულო!!! (ბეღურას წერილი მწვერვალს)

აი, ის ნისლები მიყვარს, მწვერვალს რომ მოეხვევიან თავზე... სულ მინდა მათ ნაცვლად მე ვიყო და გავიგო რას ფიქრობს მწვერვალი... ან ფიქრობს კია საერთოდ? მე მინდა, რომ ფიქრობდეს და თავს ვარწმუნებ, რომ ფიქრობს...
ზოგადად, ძალიან ჯიუტი ვარ. მხოლოდ მაშინ ვერ ვჯიუტობ, როდესაც მიყვარს...
ჰო, კიდევ?
თეთრი ბილიკები მიყვარს... შენ იცი რა არის თეთრი ბილიკი? რომ გაგიმხილო, მთელი ხიბლი დაეკარგება... მინიშნებას გეტყვი: ცაზეა...
აბა, თეთრ ბილიკს მიწაზე რა უნდა, შე კაცო...
ბეღურა ხარო... ჰო, ვარ... არ ვტოვებ, არ გტოვებ... აქ ვარ და შენთან ვარ... თუ გინდა ნისლები შემოიხვიე მწვერვალებივით, მაინც არასოდეს მიგატოვებ... შორს დავიწყებ ფრენას და დარაჯს, როდის გადაიყრი ნისლებს, როდის მოიცლი ჩემთვის, რომ ისევ მოვფრინდე, შენთან ახლოს დავსკუპდე და ათასი ამბავი გიამბო ათას რამესა და ვინმეზე, თუნდაც სისულელე, მერე რა, შენ მაინც მომისმენ, ღიმილით... გიყვარვარ და...
არა თქვას ვინმემ, რომ ბეღურები მწვერვალებამდე ვერ ფრენენ... მე ხომ ავფრინდი... უფრო სწორად, შენ დამრთე ნება და ამოვფრინდი მეც, თორემ რა შემძლე ვიყავი...
არ მიყვარს დაკრეფილი ყვავილები, ასე მგონია, კლავენ... ერთადერთი დღეა და ერთადერთი ყვავილი, როცა დაკრეფილ ყვავილს ვიტან და ვიყვარებ: იასამნები ჩემი დაბადების დღეს... ჰო, ვიცი, რომ გიყვარს იასამნები და თვეც, როცა მე დავიბადე... ნუ იღიმები, ვიცი... ჰო... ანუ...
ისა, ეგოისტიაო, იტყვიან ჩემზე... ბეღურას ეგოიზმი ვინ თქვა... ბეღურა არის თავისთვის. არავის არაფერს უშლის. ფანჯრის რაფებზე საკენკს თუ დაუყრიან, აკენკავს, თუ არადა, არც მაგისთვის ჯავრობს. ის კი არა, იმდენად შტერია, დიახაც, შტერი, გულდანდობილად შეუძლია მოგენდოთ და ხელისგულებიდანაც კი აკენკოს საკენკი... ოღონდაც თუ მოატყუეთ, მის ბასრ ნისკარტს აუცილებლად იგრძნობთ ხელისგულზე...
უჰ, როგორი ჟღურტული იციან ბეღურებმა... მეც ვიცი, როგორ არა, ხმამაღალი, გულიანი... აბა, როგორ. ისედაც ძალიან ცოტა ხნით ვარ მოსული და რა ვქნა, არ ვიჟღურტულო??? თან შენ ხომ გიყვარს ჩემი ჟღურტული... ჰოდა... სხვებმა რაც უნდათ, თქვან... რა მნიშვნელობა აქვს სხვებს...
ნახე, თეთრი ბილიკი ისევ... გითხრა? არაა... იყოს რა ეგრე... ცაშია ოღონდ და მიხვდები, ვიცი... ისე ლამაზია... აი, საღამოობით მაინც. ჩამავალი მზის სხივები მეწამულისფერს რომ ურევენ ამ გასაოცარ სითეთრეში... რთული? არაა, არ გაართულო... არსებობენ ამქვეყნად ადამიანი-ბეღურები, სულშიბავშვობაშენახულები... იმათი ხათრით მაინც ნუ გაართულებ თეთრს... ჩემ თეთრ ბილიკებს, კარგი?
დეკემბერია... დიდად კი არ მიყვარს ზამთარი, მაგრამ არა უშავს... შენ მყავხარ და გავუძლებ აუცილებლად... და რაც მთავარია, ზუსტად ვიცი, რომ ოთხ თვეში გაზაფხული მოვა, მერე ჩემი თვეც, უფრო სწორად, ჩვენი, იასამნების თვე...
ჰო... ვერ ვჯიუტობ, როდესაც მიყვარს...
დეკემბერია... თოვდეს მინდა...
დილა წვიამმშვიდობისა, დილა ჩემიანი...
გამარჯობა შენი, სიყვარულო!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები