ნაწარმოებები



ავტორი: ქეთიკა
ჟანრი: პროზა
12 იანვარი, 2018


მზის ჩასვლა 17 - დასასრული

    ზაფხულის იმ ორმა კვირამ, რომელიც ურეკში და რაჭაში გავატარე, სამუდამოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება. გავცოცხლი. თავიდან დავიბადე. სხვა თვალით დავინახე ცხოვრება და ბევრ რამეს უფრო მარტივად მოვეკიდე.
    არ იყო გვიან. არასდროს არის გვიან. ყოველთვის უნდა ვცადოთ და შევიცვალოთ იმისთვის რომ უკეთესად ვიგრძნოთ თავი.
თუ მართლა არსებობდა ეზოტერიკა*, მთელი თავისი მაგიური თვისებებით ქვებზე და ბედნიერი რიცხვებით, მაშინ სრულიად შესაძლებელი იყო მე და ოთარი ისევ შევხვედროდით ერთმანეთს. ბევრი არ მიფიქრია. უბრალოდ მინდოდა მისი ნახვა. მასზე არ ვბრაზობდი, არც საკუთარ თავზე ვიყავი გულმოსული. ჩვენი საზღვაო „რომანის“ დამსახურება იყო მე რომ ბედნიერი ცხოვრება შევიქმენი. მინდოდა მისი ნახვა და მომდევნო თვეს 7 ოქტომბერს
საღამოს 7 საათზე მივედი ჩაიხანაში. ერთ საათს გავჩერდი. ჩაი და ნამცხვარი მივირთვი. ისე წამოვედი ოთარი არ შემოსულა.
    მომდევნო თვეებშიც მივდიოდი. ყოველ 7 რიცხვში და 7 საათზე. თითო საათით ვჩერდებოდი და სხვადასხვა არომატის ჩაის მივირთმევდი.
    7 თებერვალი იყო. საშინლად წვიმდა. ერთი გაფიქრება გავიფიქრე თავიდან ამომეგდო ახირება და ჩაიხანაში სიარულისთვის თავი დამენებებინა. მაგრამ საღამოს 7 საათი რომ მოახლოვდა, სახლში ვეღარ გავჩერდი და მიუხედავად ცუდი ამინდისა მაინც წავედი. გული მიგრძნობდა მოვიდოდა. ჩაი და შაქარ-მოყრილი ლინომი ავიღე. ჩემს ადგილად მიჩნეულ კუთხის მაგიდასთან დავჯექი. გარეთ ძალიან წვიმდა. ხალხი კანტი-კუნტად მოძრაობდა ქუჩაში. ჩაიხანაში კი მხოლოდ მე ვიყავი. თბილად და კომფორტულად მოკალათებული შუშაზე ჩამომავალ წვიმის წვეთებს ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი რაღაც სისულელეებზე. ამ დროს კარის თავზე დაკიდებულმა ზარმა გაიწკრიალა და კაფეში ოთარი შემოვიდა. თავიდან ვერ დამინახა. მერე დახლთან მისულმა უკან მოიხედა. დამაკვირდა, მაგრამ მგონი ვერ მიხვდა მე რომ ვიყავი. მერე კიდევ მოიხედა და უფრო ხანგრძლივი მზერა მომაპყრო. მე გავუცინე.
- ლალი?! - წამოიძახა მან და ჩემსკენ წამოვიდა. - შენ ხარ?! - მე მხოლოდ თავი დავუქნიე. რატომ ვპატარავდებოდი მასთან დღემდე ვერ ვხვდები. წამოვდექი და შევეგებე. ის გადამეხვია და დიდხანს ვყავდი გულში ჩაკრული. - როგორ გამიხარდა შენი ნახვა?! როგორ ხარ?
- კარგად ვარ. შენ როგორ ხარ?
- მეც კარგად ვარ. რატომ არ დამირეკე?
- მოვედი.
- რატომ აქამდე არ მოხვედი?
- აქამდეც მოვედი.
- ანუ?
- ყოველ 7-ში 7-ზე აქ ვიყავი.
- არა!
- კი.
- ანუ რა გამოდის... - თითებზე გადაითვალა, - ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი? - მე თავი დავუქნიე თან მეცინებოდა მის რეაქციაზე. - ესეიგი მეხუთედ ხარ აქ და მე მხოლოდ ახლა გნახე?!
- ასე გამოვიდა.
- რატომ არ დამირეკე ლალი?
- შენ ხომ გჯერა 7 რიცხვის. ხოდა გადავამოწმე მართალი იყო თუ არა.
- საოცარი ქალი ხარ ლალი!
- თუ ბედი იყო მოხვიდოდი.
- როგორ გელოდებოდი ვერ წარმოიდგენ?! ყოველი უცნობი ნომერი, რომელიც მირეკავდა შენ მეგონე. მომიყევი რა ხდება შენსკენ?
- ბევრი რამ. შენსკენ?
- ჩემსკენაც არის სიახლეები.
- ჯერ შენ მოყევი.
- კარგი. ჩემმა ბიჭმა ცოლი მოიყვანა. ძალიან კარგი გოგოა. ბუღალტერია პროფესიით.
- აჰა, რადგან ბუღალტერია მაგიტომაა კარგი ხომ?! - გამეცინა მე.
- არა, ბუნებითაც კარგი გოგოა. ახლა აღარ ვნერვიულობ ტყუილად ვიშრომეთქო. რამე რომ მომივიდეს. მთელი ჩემი ნაშრომი წყალში აღარ ჩაიყრება.
- ჯერ ერთი, რას ნერვიულობდი, წყალში ისედაც არავინ ჩაგიყრიდა და მეორეც, ჯერ რა დროს შენი „რამე რომ მომივიდესაა“.
- თან ორსულადაა. ბიჭს ველოდებით.
- უკვე?
- ხო ეტყობა მოასწრეს მანამდე... ახალგაზრდების ამავი არ იცი?!
- არაუშავს.
- უკეთესი იქნებოდა... მაგრამ არაუშავს...
- კაი გაჩერდი, შენ მაინც ხარ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი.
- მე კი ვარ, მაგრამ ჩემი შვილი და ოჯახი მაინც სხვა თემაა. კარგი არ გვინდა მაგაზე. შენი ამბები მითხარი.
- ჩემი შვილიც დაოჯახდა.
- მართლა?
- ასე გამოვიდა. კარგი ბიჭი ჩანს. იანვრის ბოლოს იქორწინეს. სამოგზაუროდ იყვნენ ეგვიპტეში. რაც მთავარია, ანათებს და ბრწყინავს ჩემი შვილი.
- ძალიან კარგი მიხარია. შენზე არაფერს მეტყვი?
- მე? აღარ ვარ ისე დატვირთული როგორც ადრე. ერთი ობიექტი მაქვს. ჩემი დაქალის მაღაზიაა და ქმრის ფინანსებსაც ვაქცევ ყურადღებას. ახლა ბევრი დრო მაქვს იმისთვის რომ ცხოვრებით დავტკბე.
- ყოჩაღ შენ! ანუ ქმარი დაიყოლიე და მის ფინანსებში ჩაყავი ცხვირი?
- თვითონ მთხოვა, ძალა არ დამიტანებია.  - ვუპასუხე ღიმილით.
- რამ გამოიწვია?
- მეტი დრო დავუთმე მას და ალბათ იმიტომ. რაც ჩვენი გოგოები გადავიდნენ ახალ სახლში საცხოვრებლად, დავრჩით ბებრები მარტო.
- ვახ, ვახ... - გაიცინა ოთარმა.
- კიდევ მანქანა მიყიდა.
- უყურე შენ?! მერე მართვა ისწავლე?
- კი. ყველაფერი ვისწავლე. ისეთი პატარა მანქანაა საერთოდ არ გამჭირვებია.
- რა მანქანაა.
- ადრე, ჩვენს ახალგაზრდობაში რომ ნაბეღლავის მანქანები დადიოდნენ გახსოვს?
- ძალიან პატარა „სმარტი“?
- ხო ეგაა. ვერ წარმოიდგენ რა მოსახერხებელია. ყველაგან ეტევა და ადგილი რომ არ იყოს მაგისი პარკირება მაინც არ არის პრობლემა. თან ძალიან სასაცილოა.
- თან „ბებრებს“ გეყოფათ.
- ხო, მართალია. მერე შვილიშვილი სკოლაში რომ მივა, ყველგან მე ვატარებ.
- ცხოვრებით ვტკბებიო ეგ იყო სულ?
- არა, კიდევ განახებ რასაც ვაკეთებ. წამოვდექი და ჩაიხანის მეორე ბოლოში დეკორაციისთვის დადგმულ პიანინოსთან მივედი. ძალიან ძველი იყო და ალბათ აშლილიც იქნებოდა. მტვერიც კი ედო კლავიშებზე. ოთარი მომიახლოვდა. გაოცეული ადევნებდა თვალს შემს მოქმედებას.
- ერთი მეზობელი მყავს, მედიკო ჰქვია. მუსიკის მასწავლებელია. ამ ბოლოს დიდ დროს ვატარებთ ერთად და გადავწყვიტე დაკვრა მესწავლა. თავიდან მიჭირდა, მაგრამ მერე რომ მივეჩვიე, საოცარი სიამოვნებაა, ვერ აგიხსნი. - მრგვალ სკამზე დავჯექი და გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლები“ დავუკარი.
    დაკვრა რომ დავასრულე, ოთარმა აღფრთოვანება ვერ დამალა.
- დაკვრა რა კარგად გისწავლია?!
- ხომ იცი, თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოგივა ადამიანს.
- შემდეგი 7-თვის პიანინოს აწყობილს დაგახვედრებ.
- კიდევ ტანგოს გაკვეთილებზე დავდივართ მე და ჩემი ქმარი.
- გამაოცე. მიხარია კარგად რომ ხარ.
    ორი საათი ვისაუბრეთ. ის თავის ბიზნესებზე მიყვებოდა. მე ვურჩიე პიანისტი დაექირავებინა და მეტი კლიენტი ეყოლებოდა, ცოცხალი მუსიკის მოსასმენად შემოვიდოდა ხალხი. ძალიან მოეწონა ჩემი შეთავაზება.

    მას შემდეგ ყოველი თვის 7 რიცხვში 7 საათზე მივდიოდი ჩაიხანაში. ნამდვილ მეგობრებად ჩამოვყალიბდით. ერთმანეთს ჩვენს ამბებს ვუზიარებდით. ერთად ვიცინოდით და თუ რამე პრობლემა იყო, ერთად განვიხილავდით. მის ფინანსებზე კონტროლსაც კი ვაკეთებდით.
    კაფეში სასიამოვნო გარემო იყო, ცოცხალი მუსიკა, პიანინოზე შესრულებული კომპოზიციები და სიმყუდროვე. იშვიათი ჩაი და გემრიელი საჭმელი მათ შორის მენიუში ახლად დამატებული ხაჭაპურიც.

    7 აგვისტო იყო. ჩაიხანაში მივედი, მაგრამ ოთარი იქ არ დამხვდა. დაველოდე. არ მოსულა. გულმა ცუდი მიგრძნო. დავინახე მენეჯერი მიმტანს რომ ესაუბრებოდა. მივუახლოვდი და ვკითხე ოთარის შესახებ თუ იცოდნენ რამე. მენეჯერმა მითხრა. ერთი კვირაა საავადმყოფოშია გულის შეტევა ჰქონდაო. გამოვკითხე რომელ კლინიკაში დააწვინეს და იქეთ გავემართე.  მიმღებში უარი მითხრეს შეშვებაზე, ნახვის საათები ამოწურული იყო. ბედად ნაცნობი ექიმი დავინახე და დავუძახე. მას ვთხოვე ავადმყოფის მონახულების უფლება მოეცა. ოთარი მამიდაშვილად წარვუდგინე.
    ყველგან ნაცნობი გინდა ადამიანს და ყველა კარს გააღებ. პალატაში რომ შევედი გული ამოვარდნას მქონდა. ვღელავდი მის გამო. თვალ-დახუჭული გულ-აღმა იწვა. ჩუმად მივუახლოვდი და ხელზე ფრთხილად შევეხე. თვალები გაახილა.
- ლალი, მოხვედი?!
- როგორ ხარ ოთარ?
- ვიცოდი რომ მოხვიდოდი.
- მოვიდოდი, აბა რას ვიზამდი?! რა მოგივიდა ჰა?
- გახსოვს რომ მითხარი ექიმთან მიდიო?! უნდა დამეჯერებინა შენთვის.
- ყველაფერი კარგად იქნება.
- უკვე გვიანია.
- რას შეშინებულხარ ადამიანო. მალე გამოკეთდები. აი ნახავ.
- ეხ ლალი, უნდა დამეჯერებინა შენთვის.
- ნუღარ ფიქრობ მაგაზე.
- ერთი იცოდე ლალი, მე შენ არადროს მომიტყუებიხარ. - ისეთი საბრალო იყო გული შემეკუმშა. მივუახლოვდი და სახეზე მოფერება დავუწყე. შუბლიდან თმა გადავუწიე. თვალებზე და საფეთქლებზე ვაკოცე.
- ნუ გეშინია ოთარ კარგად იქნები.
- სიკვდილის არ მეშინია.
- ჯერ ადრეა სიკვდილი.
- მე ბედნიერი კაცი ვარ. - ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი და ვცდილობდი შეუმჩნევლად შემემშრალებინა. - ნუ ტირი ლალი... - ხმა სუსტი და უსიცოცხლო ჰქონდა. მისი სუნთქვაც ძალიან სუსტად შესამჩნევი იყო. შემებრალა და დამენანა.
- ჯერ ადრეა გესმის?! ჯერ ადრეა, არ უნდა მოკვდე. გაუძელი გთხოვ. არ დანებდე.
- იცი ლალი?! სიცოცხლის ბოლო წუთები მზის ჩასვლას ჰგავს. თბილია და ნელნელა ცივდება. ნათელია და თანდათან ქრება... ისეთივე ლამაზი და მრავალფერია...

    იმ ღამეს გარდაიცვალა. 7 აგვისტო იყო...

  საავადმყოფოს დერეფანი გაივსო ოთარის ახლობლებით. საშინელი ამბავი ტრიალებდა. მე მის პალატასთან მოშორებით, სკამზე ვიჯექი და ჩუმად ვტიროდი. არავინ იცოდა, მეც რომ მისი ჭირისუფალი ვიყავი.



დასასრული
12.01.2018       
01:30
ქეთევან ბარნაბიშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები