ნაწარმოებები



ავტორი: თეა ბეროზაშვილი
ჟანრი: პროზა
12 იანვარი, 2018


ზღაპრად ნათქვამი

ზღაპრად ნათქვამი.......................
იყო ერთი უხუცესი მუხის ხე, ჩემი ბაღის თავში, სიბერით დაღლილი ცას მიბჯენოდა, განივად გაბორჯღილი გიგანტური ტოტები მჭიდროს შემოეჯარა ცარგვალისთვის და იმ წელსაც ბლომად შეფოთლილიყო. დღისით გულმშვიდად შრიალებდა, ღამით კი ყველა საიდუმლოს ეხდებოდა ფარდა როგორც კი მის კენწეროზე შვიდი ელფერი ერთად აბრიალდებოდა, უწველად აალდებოდა და ელვარებით გიზგიზებდა. შინიდან კოკისთან ერთად მივიპარებოდი ხოლმე. კოკი ნამდვილი უღალატო მეგობარი და დარაჯი მყავდა, მელოდა წალმის ღობის საიდუმლო გამოსაძრომთან, სანამ მე ჩემს თვალთუჩინარ ნაგალა მეგობრებს ვსტუმრობდი. ისინი კი ისეთი მხიარულები და სტუმართმოყვარეები იყვნენ, რომ ხშირად აცისკრებამდეც კი ვერ ვთმობდი. მაგრამ კოკი რის ერთგული იქნებოდა, რომ არ დამლოდებოდა?!. თვითონაც ძალიან უნდოდა ჩემთან ერთად მუხის ბინადართ გათამაშებოდა, თუმცა ისეთი ზორბა იყო, რომ მხოლოდ ერთი თვალით თუ შემოიჭყიტებოდა, ნირწამხდარი ი უმალ მაცაცერა დრუნჩის ცეცებითა და ფრუტუნ-ფრუტუნით რამოდენიმეჯერ შემოურბენდა მასზედ ბევრად უფრო ვეება მუხას.
მე როგორ მოვხვდი იქ? --- შემთხვევით... ერთ-ერთი ხის ნაყოფის მეშვეობით, ახლა აღარც კი მახსოვს რომლის, მაგრამ როგორც კი დავაგემოვნე სკუპ... და ისეთი ციცქნა გავხდი, სულ მთლად უჩინარი. ჩემს გარშემო ყველაფერი გაიზარდა, შეიცვალა ფერი და ფორმა, ჩვენი მუხის ხე კი ცადატანილ ვაიუშველებელ ქალაქად მომეჩვენა, რომლის დაკოჟრილი ღრეჩოებიდან უამრავი ცქვიტი თვალი ხამხამებდა. სანამ გავიაზრებდი, რომ მუხა ცოცხალი არსებებით იყო დასახლებული, ციდა ფერად-ფერადი ადამიანები შემომეხვივნენ გარს. მალე მათი საუბარიც ცხადად გავიგონე, ჭიკჭიკის მსგავსი ხმით ამბობდნენ, რომ უხაროდათ ჩემი მათთან სტუმრობა, თუმცა არც კი გაკვირვებიათ, ძველი მეგობარივით ჩამკიდეს ციცქნაქულა ხელები და მუხის ფესვთან მოჭრიალე ზორბა კარიბჭისკენ გამიყოლიეს. ამას როგორ წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი მუხის ხე, რომელზეც საქანელაც გვქონდა გაკიდული, ჰამაკიც ზანტად ფრიალებდა და მთელი დღე იქვე მოკოტრიალე ზღაპრული თავგადასავლებით გავსებულ წიგნებს ვკითხულობდი, ერთ ვეებერთელა ქალაქად გადაქცეულიყო და მასში სიცოცხლე გუგუნებდა. რას არ ნახავდით აქ: ფერად-ფერად ბანიან სოკოსავით ჯარგვალა სახლებს გამოკიდული ჭრელა-ჭრულა სარეცხით, ცისფრად მობიბინე გულღია ყვავილებით დაფარულ დაფერდებულ ეზოებს, რომელთა შუაში ყველგან დიდი ქვის კერები იდგა ცეცხლის გასაჩაღებლად, წკირა კავზე წამოცმულ ჯვალოს საჩრდილობელებს, ბაწრის ჰაერში მოკონწიელე ხიდებსა და კიბეებს, მიკლაკნილ ქუჩებს მოგვერდულად მოქანავე რკოს კომბალა ურიკებით, ჭუკჭუკით მოკინკილე ბავშვებს და ჩქრიალა მდინარესაც კი, ანკარასა და ლიკლიკას. ჩვენი მუხის კეთილ ხეს ამ უწყინარი და უჩინარი ციდა არსებებით დახუნძლულს მთელი სამყარო ნებიერად დაუტევია ფესვიდან ცამდე: ძირ-ბორჯებზე , ღეროებზე, ფოთლებზე, ტოტების სამუხლეებთან და კენწეროებზეც კი. ვუყურებდი და გაოცებული ვფირობდი, აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე ამხელა საბინადრო აქვე, ასე გვერდით-მეთქი, მაგრამ ალბათ შეუძლებელია დაინახო ის, რაც შენს წარმოსახვასაც კი გაუჭირდება, როცა უფრო დიდრონად და ტანადად გაჩენა გერგება ბედად, რადგან, თურმე რაც უფრო იზრდები, მით უფრო გიჭირს შეამჩნიო და დაიჯერო ის რაც ასე ზღაპრულად მომაჯადოებელი და ამავ დროულად ნამდვილია.
ჩემი მეგობრები მთელი ძალებით ცდილობდნენ ეზრუნათ საკუთარ საბუდარზე. დღისით მუხლჩაუხრელად შრომობდნენ: წმენდნენ ხავსისგან, ხეჭამია მუხლუხოებისაგან, შემოყრილ მიწასაც კი უფუებდნენ, იცავდნენ აბეზარი მუმლის ჯარისგან ქარს აყოლილნი ასე შეუპოვრად რომ ცდილობდნე ხის ტანისა და ფოთლების შებურვას. სხვაზე არაფერზე წუხდნენ, მადლიერი ხეც სიფრთხილით იფარავდა მის გულსშეფარებულთ. როცა ჯიუტად დაჯერება მაინც მიჭირდა და ვიკვირვებდი, “ხეზე ცხოვრება არც ისე ადვილი უნდა იყოს-მეთქი”, “ მერე და რა-ო...” მხიარულად შემობზრიალდებოდა ხოლმე ყველაზე მეგობრული ცხვირპაჭუა, ყვითელქუდიანი და მწვანე კომპინიზონიანი ნაღიტა კაცუნა –“ ჩვენ გულივით ვართ მუხისთვის, ერთ დიდ მთელ სხეულს მორგებული გულივით, ზოგი ფესვთან მოყრილა, ზოგიც ტანზე, ან კენწეროზე და ამიტომაც კანაფა მზის სხივი ყველგან ვერ ჩავწანით, ყველას არ გვერგო, მაგრამ ხის კეთილსურნელოვანი ჰაერი ყველასთვის თანაბარია. ჟანგბადი ყველას გვყოფნის და ერთნაირად გვაჯანსაღებს .”
მხიარულება საღამოს მზის ჩასვლისთანავე იწყებოდა. მთელი ქალაქი იკრიბებოდა უზარმაზარ თვალსაცქერალზე და ერთვებოდა ცეკვა-სიმღერაში. ლხინი რაც უფრო გალაღებაში შედიოდა, მით უფრო მეტი ფერი ციმციმდებოდა მუხის ტანზე, საიდან მოდიოდა ეს შუქმდინარე, როგორ ნათდებოდა და ბრჭყვიალდებოდნენ ფოთლები, დღესაც არ ვიცი. ნაღიტასაც სწორედ მაშინ ევალებოდა შეეკრიბა ციმციმა შვიდფერი და დღეჭარბი მუხის ფესვთან ამოზრდილ მორცხვად თავჩაღუნულ პატარა ყლორტისთვის შემოეფრქვია ციცქნა ბოლქვებზე, რომლის ლორთქო ღეროები ამის შემდეგ კიდევ უფრო ხასხასდებოდნენ. მხიარულება და თამაში იზრდებოდა, როცა ჯადოსნური ციალი მუხის ტანიდან წამოიშლებოდა, აიზიდებოდა, ასცდებოდა ტოტებს და უთვალავსხივა ფეიერვერკად აიჭრებოდა ზეცაში, იქ კი საბოლოოდ ფეთქდებოდა დილის ალიონს შეერთებული. გულამოვარდნილი ვერთვებოდი ნარნარა ცეკვებში, რომლებიც ყვავილების ფერადი ფურცლებით სრულდებოდა, ხმას ვუწყობდი უმშვენიერეს სიმღერებს, ვუკრავდი ლაინისფერ თარზე, ისეთი ბედნიერი და მომაჯადოებელი იყო პატარა ადამიანებით აჟრიამულებული ჭარმაგი მუხა, რომ მეც ვივსებოდი სილაღით და მეგონა, მასავით ცისტოლა ვხდებოდი და თან ამავდროულად ჩემს გულ-პირმხიარულ თვალთუჩინრამდე ცია მეგობრებსაც სიხარულით ვედარებოდი.
მთავარ ბჭესთან მიმაცილებდნენ თუ არა, უცაბედად ისევ გამალებით ვიწყებდი გამაღლებას. კოკი ზანტი ზმორვით წამოიმართებოდა ჩემს დანახვაზე, ხმადაბლად წამოიყეფდა, თითქოს მეუბნებოდა, უნდა ვიფრთხილოთო და წალმის გვერდმორღვეული ღობიდან უხმაუროდ მიმიძღვებოდა შინ ჩვენივე გაკვალული მოღერღეცო ბილიკით.
ნაშუადღევს , პაპანაქება სიცხის ჩამოფენისთანავე მე , კოკი, კვიცი ბუნა, ნიკორა, თუთიყუშები - მიკი და მაკი და არწივის ბახალა ბაგუ შევიყუჟებოდით ბუმბერაზი მუხის სასიამოვნოდ მოჩრდილულ სიმყუდროვეში და ვუკითხავდი ჯადოსნურ ზღაპრებს, ვიგონებდი ათასგვარ თავგადასავლებს ჩვენზე;ან ამ შემაღლებულიდან გადავყურებდით საძოვარ ქედს შეფენილ ცხვარს, ვენახების ფირუზისფერ ზვრებს, მზესუმზირის ყვავილებში ყვითლად აალებულ მინდვრებს და შორს ცადდაკიდულ მუდამ თოვლიან თეთრ მთებს. მხცოვანი მუხა კი დუმდა და თვლემდა, თითქოს ისვენებსო. ვეღარ ვამჩნევდი მასში მოფუთფუთე სიცოცხლეს, თვალშეუმდგარად ქცეულიყო. როგორც არ უნდა მეცადა, არაფერი გამოდიოდა. გაზრდილი და შინ დაბრუნებული თითქოს უსმენო და უთვალისჩინო გავმხდარიყავი. ახლა მხოლოდ წარმოსახვა შემეძლო იმის, თუ როგორ დაფუსფუსებდნენ მუხლჩაუხრელად ხისტანსშეკუნჭული პატარა ბინადრები და თან მთელი გულით იცინოდნენ, ბევრს იცინოდნენ და უსაზღვროდ უხაროდათ ბედკეთილად დაბადება.
მერე რა მოხდა? - მოხუცი მუხა მოჭრეს. როცა ერთხელაც იქ ზაფხულში დავბრუნდი, აღარ დამხვდა, არც პატარა არსებები და მათი გაფერადებული გულმხიარული სამყარო იყო სადმე, ძირიან-ფესვიანად ამოეღოთ ნიადაგიდან და გადატკეპნილ ადგილას სარწყავი წყლი სმარაგისთვის ვეება თუჯის კასრი მოეთავსებინათ, მის გარემო კი ცხვრებით შეთეთრებული მდელოს მაგიერ, ზვრებს შეფენილი ახალი ვაზები სარებზე წამოწოლილიყვნენ. იქვე , მუხის საბუდანზე, ერთ ტანმორჩილ ყლორტს აქანავებდა ქარი, მაღალ-მაღალი გაზრდილიყო და მხნედ ეჭირა თავი. თვალშიცრემლჩამდგარი მეტს ვეღარაფერს ვარჩევდი, გადმომსკდარი ჯავრი რომ შემეკავებინა, შემოვბრუნდი და წამოვედი. მრავალი წელია ჩემი სოფელი მეც მივატოვე. ხშირად წარმოვიდგენ, თუ როგორ წამოზიდა ტანი ნაღიტას პატარა მორცხვმა ნერგმა და მუხის აშოლტილ ხედ იქცა, იქნებ კიდეც დაისახლა ჩემი ნაგალა ძველი მეგობრები, ვინ იცის. იქნებ კიდეც მოვახერხო და ვესტუმრო.…



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები