ნაწარმოებები


ურაკპარაკი 10 წლისაა.     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, თემაში “ურაკპარაკი 10 წლისაა“ http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1470&st=0     * * *    

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
12 იანვარი, 2018


გახსენება

1989 წლის იანვარ-თებერვალია, დედასთან ერთად ბაკურიანში ვისვენებ, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა სულ რაღაც ორი-სამი თვის დაწყებულია.

თებერვლის თვეში მერაბ კოსტავამ ისტორიული სიტყვა წარმოსთქვა პარლამენტის შენობაში: „ჩვენი გამარჯვების გზა დიდგორზე გადის!“

ცნობილია რომ მერაბი არაჩვეულებრივად მღეროდა „შავლეგოს“, რომელიც შალვა ახალციხელს ეძღვნება. მე თურმე დიდი სიამოვნებით ვუსმენდი, დედამ მითხრა: ჯერ კიდევ აკვანში იყავი, „შავლეგოს“ რომ ღიღინებდიო. :)

ისევ ავბღავლდი ხარივით,
მტკივა ქართული იარა,
არ დააყაროთ მარილი,
შველა მსურს, სხვა რამ კი არა.

რამე ისეთი მიმღერეთ
გულზედ მომხვდეს და წამლეკოს,
მახსოვს დედაც კი სტიროდა,
როცა ვმღეროდი „შავლეგოს“.

ამ სულისკვეთებით, ასეთი სულისკვეთებით გამზარდა, ყოველთვის მეუბნებოდა: „არასოდეს გადაუხვიო მერაბისა და ზვიადის გზიდან, ეს საქართველოს გზაა!“ მეც დღემდე ვაგრძელებ ქრისტესმიერ ძმათა გზით სიარულს.

მე მერაბის გზას ვადგავარ ისევ,
თუმც ვრწყავ ცრემლებით მიწას ქართველი,
როცა ტაძარში გალობას ვისმენ,
მდუმარედ ვიწვი როგორც სანთელი.

წუთი - წუთს... თვე - თვეს... წელი - წელს მისდევს,
ბლომად დაგროვდა გულში ნაღველი,
მთელ საქართველოს ვავედრებ ქრისტეს,
ბევრი კარგის თუ ცუდის მნახველი.

მხურვალედ ვკოცნი ნაომარ მიწას,
გათანგული ვარ ტკივილით ერის,
და ვინაც წითლად შეღება რიწა -
მან ამიცრემლა თვალები მერის.

ეს ვეუბნები ყველა მოკეთეს:
ბევრი რამ დაგვრჩა კიდევ სათქმელი,
გაგრის დაცემით ხელი მომკვეთეს
და გამიბზარეს სულის სარკმელი.

მე მერაბის გზას ვადგავარ ისევ,
განაწამები მქვია ქართველი,
ქართულ ტაძარში გალობას ვისმენ,
ისევ ანთია ჩემი სანთელი.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები