 | ავტორი: პალადა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 12 იანვარი, 2018 |
შობა - ახალ წელს გილოცავთ, მართლმადიდებელნო, საუკეთესო სურვილებით და ვაჟას ბრწყინვალე "ვედრებით":
ჩემი ვედრება / ვაჟა - ფშაველა (1893 წ.) . ღმერთო, მიიღე ვედრება, ეს ჩემი სათხოვარია: არ დამეკარგოს გულიდან მე შენი სახსოვარია! გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში, მამყოფე შეუდრკელადა; ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო დაჩაგრულების მცველადა. ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა; ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა; არ წამიხდინო, მეუფევ, ეს ჩემი წმინდა ხელობა! მაშრომე საკეთილოდა, თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი, შვილთ საგმოდ არ გამიხადო ჩემი მუდმივი სამყოფი. გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა, მნათობს ტრფობისა შეშითა, ნუ მავლევ ქვეყანაზედა გაცივებულის ლეშითა, - თვალებში მადლ-დაკარგულსა, შუბლზე გაკრულის მეშითა. ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა, ნუ დაუძვირებ ოცნებას, შენს ხმას, სხივ-გამომღებელსა: სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა, ეძახის თავის მხლებელსა. გულს დარდი გამიდიადე იმ სანეტარო საგანზე, დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე ჩემის გონების საბანზე!.. გონებას ფიქრი სტანჯავდეს, გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი, მშიოდ-მწყუროდეს კეთილი, ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი… ნუ დამასვენებ ნურა დროს, მამყოფე შეძრწუნებული, მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული; როცა გულს ცეცხლი მედება, გონება მსჯელობს საღადა, - მაშინ ვარ თავისუფალი, თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა. მფარავდეს შენი მარჯვენა, კალთა სამოსლის შენისა, სანამ არ მოვა დრო-ჟამი სულ ბოლოს ამოქშენისა. სული - შენ, ლეში - მიწასა, აღარა ვგლოვობ ამასა; თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი, შვილი - დედას და მამასა.
აქვე, განსაკუთრებული პატივისცემით, მინდა მივულოცო შობა - ახალი წელი ამ საიტის დამაარსებელს და მინდა ვუსურვო, პირველ რიგში, ბედნიერება, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ამასთან - ყველაფერში ისე მომართვოდეს ხელი, რომ კიდევ ბევრი კეთილშობილური საქმის გაკეთება შეძლოს თავისი ერისთვის და ხალხისთვის!
აგრეთვე, განსაკუთრებული სითბოთი, მინდა მივულოცო შობა - ახალი წელი: შუშის კაცს, დათო ქარჩავას, განთიადელს, მუხას, თაზო ქიზიყელს, ნ.ფხოველს, ბლაგვს, ნექტარს, ნათთიას, ნეფერტარს, ლელა მგელაძეს და ვუსურვო მათ ყველა კეთილი სურვილის თუ ოცნების ასრულება, ბედნიერება, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა!(პირადად მილოცვებს - ალბათ უფრო შემდეგ შემოსვლაზე მოვახერხებ)
P.S. დაგვიანებისთვის, იმედია მომიტევებთ: როგორც იქნა შემოვაღწიე... :)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. სამწუხაროდ, ეს არანაირი ჟანრის საკუთარი ნაწარმოები არ არის. წაიშლება სამწუხაროდ, ეს არანაირი ჟანრის საკუთარი ნაწარმოები არ არის. წაიშლება
|
|
მონაცემები არ არის |
|
|