ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2018


წერილი სიზმრიდან

გულს ნუ გაიგლეჯ...
სხვაგვარად არ ხდება...
ხელებზე სისხლია მელნისფერი,
თვალებში - ტყვია -
მარტოობის მთელი სიმძიმე...
ხე ხომ არა ხარ,
ხელები ტოტებივით რომ ააყოლო
ქარს...
შენ თვითონ ტორტმანებ -
როგორც ოკეანის ზვირთებზე - გემი,
რომლის კაპიტანიც და კოკიც თავად ხარ...
ოთახი - უჩემობით სავსე
და მელნისფერი თითები,
მე რომ დამეძებენ,
ჰო, ჩემი მაძებარი თითები...
ჩემ სიზმრებს დარაჯობ...
არ ხდება ამგვარად:
სიზმრებში კი არა,
ფიქრებშიც ვეღარასდროს გიღალატებ...
სიტყვების მეუფევ,
სიტყვები ითხოვენ სულს...
ჰო, ხე ხომ არა ხარ, რომ სული არ მისცე
ან ქარს ხელები ააყოლო -
ტოტებივით...
არადა, თითები დამეძებენ...
ნუ წვალობ...
სიტყვებთან რა მაქვს გასაყოფი...
შენ წერე...
ხატე...
იქვე ვიქნები და შენ დუმილს
მოვუსმენ,
რომ ბაგეებზე ღიმილებად ამოგეზარდო,
რომ თვალებში სიყვარულად აგიციმციმდე,
რომ ტყვიასავით მძიმე მარტოობა
გავადნო და
მარტოსულის სევდად გარდავქმნა,
ქარვისფერ სევდად,
თაფლივით რომაა -
სქლად, ნება-ნება რომ გადმოდის
ქილიდან ლამბაქზე...
გულს ნუ გაიგლეჯ...
იებად რომ გექცა სისხლი
და ტალღებად - ქუჩა
და მარტოობას ტყვიის სიმძიმე
რომ აქვს -
ვხედავ...
შენი სუნი აქვს მიწას
და ოთახი - უჩემობით სავსე რომაა
და ყველა კუთხეში მე რომ ვარ
მაინც...
ჭერიდან ვიდრე იატაკამდე;
სარკიდან საწოლამდე და
პირიქით...
და ტერფები...
ტერფები...
ქალაქს რომ დაეტყო,
ქალაქმა რომ გაინაპირა...
შენ - ყველაზე მოტორტმანე გემო,
მე ერთადერთი მგზავრი ვარ შენი,
შენ იისფერ თითებს
საუკუნოდ დანდობილი...
გულს ნუ გაიგლეჯ...
მე ავავსებ ისევ მაგ ოთახს
სუნთქვით და სიზმრით
და შენ სიჩუმეს მოვუსმენ
და შენი სიმშვიდის დარაჯი ვიქნები...
მართლა ხე ხომ არა ხარ,
ქარს ხელები ტოტებივით რომ ააყოლო...
ეგ ხელები მე მელოდება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები