ნაწარმოებები


ურაკპარაკი 10 წლისაა.     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, თემაში “ურაკპარაკი 10 წლისაა“ http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1470&st=0     * * *    

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
15 იანვარი, 2018


მამაო, შუქი როდის მოვა?

გიჟია ჩვენი დირექტორი, დარწმუნებული ვარ თეთრი ბილეთიც ექნება და მალავს, არც რეჟისორია ნაკლები. უპატრონობაში, უსინათლობაში, შილერის „ყაჩაღების” დადგმა მოინდომა. ყვარყვარეში ბევრი ქეიფის სცენებია და ბუტაფორულ პურ-მარილს ხალხი ისეთი ნერწყვის ყლაპვით უყურებს, რეპერტუარიდან უნდა მოვხსნათო. ისე ნაწილობრივ არის ამაში სიმართლე. სპექტაკლების დროს უკვე სამი მაყურებელი გახდა ცუდად. სანამ სასწრაფო მოვიდა, თეატრის ექიმმა, რომელიც უხელფასოდ მუშაობს (სამაგიეროდ სპექტაკლებს ესწრება უბილეთოდ - საკუთარი სკამით) სამივე მოაბრუნა, დიაგნოზი სამივე შემთხვევაში ერთი და იგივე იყო: გულის წასვლა შიმშილის ნიადაგზეო. ახლა ხალხს კიდევ ყაჩაღები უნდა? გადი ქუჩაში ყაჩაღობა და ძარცვა არ არის ყველგან? კი ვუთხარით ეს მაგრამ ზუსტად იმიტომ უნდა დავდგათ, რომ ნაკლები ყაჩაღობა მოხდესო, თან ორ თვეში ნაცნობი გერმანელი პროდიუსერი ჩამოდის და შილერს თუ დავდგამთ, იქნება დავაინტერესოთ და გერმანიაშიც მიგვიწვიონ, გაზაფხულზე ლაიფციგში შილერის დღეებიაო. როდის გაზაფხული მოვა, ნოემბრის ბოლო დღეებია ჯერ. მერე მეც ამოვიღე ხმა, შილერს გერმანელები უკეთესად დადგამენ, არა სჯობს, რაიმე ქართული ვაჩვენოთ-მეთქი. შენ მაინც გაჩერდი, თორემ წაგართვი ამალიას როლიო. წართმევაზე და ყაჩაღობაზეა ყველა. მერე აგრძელებს, კარლის როლზე მსახიობი უკვე შერჩეული მყავს, ხვალ მომყავს და აბა თქვენ იცით ნორმალურად მოექეცით არ გამიქციოთ, ძლივს დავითანხმეო.
დავურეკო ერთი სვეტას მოდის თუ არა, გუშინ მეუბნებოდა, თხლად მეცვა, გავიყინე დარბაზში, ფილტვების ანთება თუ ავიკიდე, მივახრჩობ დირექტორსო, თან ამას ისე საყვარლად ამბობს... რისი მიმხრჩობია, თაგვის კუდი რომ დაინახოს ისე კივის, სამჯერ გამოიძახეს მეზობლებმა პოლიცია, აყაჩაღებენო. მოსვლით მხოლოდ ორჯერ მოვიდნენ, მესამედ იგივე მისამართი რომ იყო ალბათ თაგვის ამბავია ისევო და არ მოსულან, ალბათ არც მოვლენ აწი, გინდაც რომ მართლაც დააყაჩაღონ. სვეტა ჩვენი ბუღალტერია და მზარეულობასაც ითავსებს, მდივანიცაა, სატელეფონო ზარებსაც ის პასუხობს და მოლარეობასაც ითავსებს, თან მეზობელ კორპუსში ცხოვრობს. თეატრში თითქმის სულ ერთად დავდივართ, ჯერ მეტრომდე ფეხით და მერე თუ გაგვიმართლა და შუქი იქნა, მეტრო. ცოტა მაგვიანდებაო, მაშინ მე წავედი-მეთქი. დღეს თორმეტზე სცენარის წაკითხვა გვაქვს, თან ახალი მსახიობი გვაინტერესებს ყველას, ვინ იქნება ტყეში ყაჩაღად გავარდნილი ჰერცოგი კარლ მოორ. რეჟისორს გეპეის თეატრში უნახავს, ზედგამოჭრილი კარლიაო, ამბობს. მთელი დილა იმაზე ვოცნებობდი, მარჯანიშვილამდე მეტროში დენი არ გამოირთოს-მეთქი და ა, ბატონო, რომ მიხაროდა, ერთი სადგური რჩებოდა მხოლოდ, უცებ ათამაშდა შუქი, ერთი დაიხრიგინა და დადგა ჩვენი ვაგონი ჯორივით. ატყდა ყაყანი და ვაი-ვიში. ჩემს პირდაპირ სკამზე შუახნის ქალი ზის, მატარებელი რომ გაჩერდა, დაიჩოქა და ლოცვა დაიწყო ,,ღმერთო, მილხინე მე ცოდვილს ამას და შემიწყალე მეო...“ განუწყვეტლივ იმეორებს. მე, პირველი რაც გავაკეთე გულში დავწყევლე ყველა მთავრობა, მივაყოლე ყველა მინისტრი, ენერგეტიკის და ტრანსპორტის თამადობით, მინისტრის ყველა მოადგილე და ის იყო უფრო ქვედა ეშელონებზე გადავედი, რადიოთი გამოაცხადა ვიღაცამ, დენი შეიძლება ოცდაოთხი საათი არ მოვიდესო და სადგურამდე ფეხით უნდა წახვიდეთო. რეპეტიციამდე ერთი საათი დრო რჩება, არა უშავს-მეთქი, გულში ვფიქრობ. კიდევ კარგი სვეტას არ დაველოდე, იმას ახლა ფეხით მოუწევს ალბათ თემქიდან მარჯანიშვილამდე გამოსვლა. კარები გაიღო ხალხმა ნელ-ნელა დაიწყო ჩასვლა. ის, ჩემს წინ მჯდომი ქალი ისევ ლოცვას აგრძელებს. ვაგონის მეორე თავში ვიღაც ქალი ყვირის: ,,გაისად, გაისად... “ მე ხო ასეთი რაღაცეების ინტერესში ვვარდები, მისკენ წავედი. ქალბატონო, ხომ არ დაგეხმაროთ, ვეუბნები. ისეთი თვალით შემომხედა, ისღა გავიფიქრე, ახლა ეს ქალი თუ ფიქრობს რომ ვაღადავებ და მეცა წელში, ან თმებით მითრია, ნეტა მე ვინ დამეხმარება-მეთქი. ქალმა ისევ გააგრძელა: ,,გაისად, გაისად...“ მაინც შეუპოვარი ვარ, ქალბატონო, რა ხდება გაისად-მეთქი. გაისად კი არა ვაი სად, შვილო, ვაი სად წავიდე, პურის რიგი მეკარგება, აი ნახე ორასსამოცდამეშვიდე ვიყავი (ხელის გულს მანახებს, მართლაც აწერია ორასსამოცდაშვიდი), ერთი საათით მივატოვე, ბავშვებს დავხედე და ახლა ისევ რიგში მივდივარ და იგი თუ დავკარგე, სახლში უპუროდ როგორ წავიდე და მერვაი სად წავიდეო... ქალბატონო, შეიძლება დენი ოცდაოთხი საათი არ მოვიდეს, ფეხით უნდა გავიდეთ სადგურამდე, აქ მარტო ხომ არ იქნებით წამოდი-მეთქი. დამიჯერა, გენაცვალე, რა კარგი ბიჭი ხარო. ბიჭი რომ ვგონივარ ხალხს, ამას შეჩვეული ვარ. მარტო თუ მიწევს სადმე წასლვა  ქუჩაში ბიჭის როლს ვთამაშობ, ხმასაც ვიბოხებ, ორ საქმეს ერთად ვაკეთებ, თან ვრეპეტიციობ.  სანამ შილერზე გადავიდოდა, რეჟისორი ამბობდა, მაია წყნეთელი ხო არ დავდგათ, ზედგამოჭრილი მათე ბიჭი ხარ, ხალხს ჩვენი გმირული წარსული გავახსენოთო. გარდა ამისა თავიდან ვიცილებ აბეზარებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ გოგო თუ მარტო მიდის გზაზე, აუცილებლად გაქვს შანსი და უნდა დაელაპარაკო, ეტყობა არ ასწავლიან ამ ხალხს სახლში, რომ უცნობს გამოელაპარაკო ქუჩაში უზრდელობაა. მანამდე ორჯერ სახლისკენ მიმავალ გზაზე სერიოზულ შარსაც გადავრჩი, თუ შეიძლება შარი დავარქვა სექსუალურად აღტკინებულ გამოტვინებულ ორ მამრს, რომლებსაც მთელი ჭკუა ფეხებს შორით ჰქონდათ წასული. კიდევ კარგი სკოლაში კარატეს წრეზე დავდიოდი და ახლაც მახსოვს რამდენიმე მტკივნეული ილეთი. ორივეს სულ ვაიმე დედა ვაძახე ლირიკული მეცო სოპრანოთი, ხოდა ის ორივე მოძალადე მინიმუმ სამი თვე ქალისკენ გახედვასაც კი არ დააპირებდნენ, დარწმუნებული ვარ. იმის მერე ისევ არ დამხვდენენ-თქო და ბიჭის მასკიროვკას ვიკეთებ. თმებს კაკარდიანი ქუდის ქვეშ ვიმალავ, გავროშს რომ ეხურა ისეთში. ბიჭური სიარულის მანერაც დავამუღამე... რაც მთავარია არავინ მაწუხებს, ორ გოგოს თუ არ ჩავთვლი, თვალი რომ ჩამიკრეს, თავიდან კი ვიფიქრე, მომეჩვენა-მეთქი, მაგრამ ისევ რომ ჩამიკრეს თვალი, მე, ვითომ ვერ შევნიშნე, თვალი ავარიდე. სამაგიეროდ მივხვდი, ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს და გინდა ამძუებული...
ქალი გამოყოლაზე დამთანხმდა, იქვე მისი გვერდით სავარძელზე ბიჭს სძინავს, მთვრალი არ უნდა იყოს, ვიცი ლოთებს რა სუნი ასდის. ასეთი სურნელით მუდამ სავსეა მეტროს ვაგონები. შეიძლება ღამით მუშაობდა სადმე და დაღლილია. ვაღვიძებ, ჩემი ძმა, მოვედით-თქო. თვალებს ახელს:
- შენ ვინა ხარ, სიმონ! - მეკითხება.
თუმცა ძლივს ბჟუტავს ვაგონის შუქები, ვამჩნევ რა ამღვრეული აქვს თვალები. მგონი განგრეულ კაიფშია. ესეც ახალი შარი, წადი რა შენს გზაზე, ჩემს თავს ვეუბნები. რაც შეიძლება ხმას ვიბოხებ და ახლა იმას ვეუბნები:
- ბრატ, მეტრო არ მუშაობს!
- მერე მე რა ვქნა, სიმონ! მემანქანე ვარ თუ დისპეტჩერი?!
- ჩემი ძმა, ოცდაოთხი საათი შეიძლება დენი არ იყოსო და ფეხით უნდა მივიდეთ სადგურამდე. გაგაღვიძე რომ ღამე აქ არ დარჩე მარტო და არ გაიყინო, აწი შენი საქმის შენ იცი!
- აუ, მართლა, ტო... მაგარი ხარ ძმა... იმენნა რო დაგინახე, ვისქესე მაგარი კაი ტიპია, ჩემი კარგის მხვნელი ვიყო თუ ასე არ იყოს, იმენნა მაგრად დამევასე, წამო ჩემი ძმა, სასტავს ჩაგახუტო, მაგარი საძმოა, აკაესი ორი სავსე აბოიმით ჩემზე იყოს!
- არ მინდა ბრატ, ვარ უკვე ერთ საძმოში, მუხები გვილაგია ოხრად! - ამას კი ნაღდად არ ვიტყუები, მართლა მოიტანა დირექტორმა შეშის ბაზრობიდან რამდენიმე მუხის დიდი მორი, „ყაჩაღებში“ ტყის დეკორაციისთვის გამოგვადგებაო. ამ საუბარში ვართ, უცებ შუქი მოვიდა, რადიოთი გამოაცხადეს, ათ წუთში მატარებელი დაიძვრება, ვაგონებში დაბრუნდითო. თუ ვინმემ უკვე დაბლა იყო ისევ უკან დაიწყეს ამოსვლა.
ხო ხდება საოცრებები, მართლაც ათ წუთში, როცა ყველა მგზავრი ისევ უკან ამოლაგდა, მატარებელი დაიძრა. ის მლოცველი ქალი, საერთოდ არ ჩასულა დაბლა, ლოცვა არ შეუწყვეტია, იქნები მის ლოცვამ ჩართო დენი, რა ვიცი. ვკითხავდი რა ლოცვას კითხულობდა, მამაო ჩვენო კი ვიცი, ჰოდა აგერ ამ ქალისთვის თუ მიიცალა ღმერთმა და შუქი ჩართო, იქნებ მეც მიშველოს, რა ვიცი როდის გამიჭირდება. მინდა იმ ქალთან მივიდე და ის ლოცვა ვთხოვო მასწავლოს, მაგრამ ამ ბიჭს, აკა ესი რომ დამპირდა, მაგარი დერზკი როჟა ვგონივარ და ქალთან რომ მივიდე ლოცვა მასწავლე-მეთქი, ხო აეშალა კუჭი სიცილით. მივედით ამასობაში „მარჯანიშვილამდე", იმ ტიპს ვემშვიდობები. ესკალატორი გამორთულია, ავდივართ ფეხით... დაახლოებით ისე ვმოძრაობთ, როგორც საკეპ მანქანაში მწყობრი ნაბიჯებით მიმავალი ხალხი „პინკ პლოიდის“ კლიპიდან The Wall.
ზემოდანაც მოდიან ქვემოთ, გვირაბში, გაურკვევლობაში... იქ შეიძლება ისევ გამოირთოს შუქი და მატარებელი ისევ გაჩერდეს, ზემოთ კი სადაც მივდივართ სინათლე მაინც დაგვხვდება, მზის. რა კარგია რომ მთავრობა ტარიფს არ აწესებს მზის შუქზე, ეს მაინც არის უფასოდ, ეს ღრუბლები რომ არ გვიწესებდნენ ლიმიტს, ან ვინ იცის იქნებ ჯერჯერობით არის უფასო.
მოვედი თეატრში. ხო, თეატრს ქვია „თეატრი სხვენზე“, თუმცა ერთ ყოფილი უნივერმაღის სარდაფში ვართ. დირექტორია თეატრის ნათლია. აი ეს ხო წრეა, დედამიწაზე ამბობს, ლაუაზიეს კანონია, შუა ადგილას დედამიწის გულია, ჩვენ ვართ ზედაპირზე ანუ დედამიწის სხვენზე. მთლად სხვენი არც არის შეიძლება, მაგრამ არც მთლად სარდაფია, იმიტომ რომ ფანჯრები სანახევროდ არის მიწაში, ანუ ნახევრად სარდაფია, ნახევრად სხვენი. სამაგიეროდ უკანა ეზოში პატარა ბაღიცაა და ზაფხულობით ამ ბაღში შაშვებიც გალობენ და ნარკომანები წამალს იკეთებენ და მერე გამოაბდლებული მზერით უსმენენ შაშვების გალობას თან სიცილით სკდებიან, ნახე სიმონ ეს პატარა ყვავები იმენა რას გალობენო. თავიდან მეც მიკვირდა შაშვები ქალაქის ცენტრში, თან რომ გალობენ კიდეც, მაგრამ შაშვს და ყვავს ვარჩევ ჯერ კიდევ.
თეატრში შევედი, ვხედავ რეჟისორი ვიღაც ქერათმიან ტიპს ებაასება, რომელიც სახით რიჩარდ ბარტონს ჰგავს ახალგაზრდობაში, ელიზაბეტ ტეილორის ორჯერად ქმარს. ეს არ ვიცი და ის მართლა მაგარი იყო, აბა ელიზაბეტ ტეილორი ორჯერ რატომ გაყვებოდა ცოლად. ანუ მართლა ჩამოვიდნენ გერმანიიდან? რეჟისორმა დამინახა და მოდიო, მეძახის. მერე იმ ტიპს ეუბნება, ქართულად, აი გაიცანი შენი სატრფო ამალია ფონ ედელრაიხიო. იმან ცალი თვალით გამომხედა, ეტყობა დიდად არ მოხიბლა ჩემმა გამომეტყველებამ, რეჟისორს ეუბნება, კი კარგია მაგრამ იქნებ და ქალს ეთამაშა ამალიას როლი, ძველი დრო ხომ არ არის, ყველა როლს რომ კაცები თამაშობდნენო. ანუ ეს არის კარლ მოორ? რეჟისორი იცინის და მეუბნება, ქეთ, ეს ფრიდონია, კარლის როლზე მოვიწვიეთო. მიყურებს ეს ფრიდონი თუ კარლ მოორი, დაახლოებით ისეთი მზერით, ვის დაკარგვიხარ რომ იკითხება. არც ხელი გამოუწვდია გამარჯობის ნიშნად, ვფიქრობ ერთი მტკივნეული ილეთი ამასაც ხო არ ჩავუტარო, მაგრამ უცებ მახსენდება რომ გავროშის როლში ვარ ახლა, ქუდს ვიხდი და კულულებიანი თმები მხრებზე მეშლება. ისევ რომ გამომხედა, უხერხული ღიმილი შეაშრა სახეზე და ბოდიშითო, ჩაიბუტბუტა, - კარგად შეინახოს.
კოკა მეუბნება, რაღაც სხვანაირად უყურებ ეს ფრიდონია თუ ვიღაც ჩემ ფეხებსო. როგორ სხვანაირად, მე ვეკითხები. აი სხვანაირად, ჩემთვის არასდროს არ შემოგიხედავს ასეო. როგორ ასე, ვეკითხები, რა ვიცი სხვანაირად, თითქოს თვალები გიბრწყინავს, რომ უყურებ. შეყვარებულის როლს ვთამაშობ და აბა სხვანაირად როგორ შევხედო, არა რეპეტიციას არ ვგულისხმობ, სხვა დროსაც ასე უყურებ, თუნდაც შესვენებაზე, ან მაშინ ჩაის რომ ვსვამთო. თვით კოკა ფრანცის როლი აქვს. როგორც ფრანცია უსიამოვნო ტიპი, ისიც ისეთია, მომაბეზრებელი, მატყუარა, ერთხელ გეტყვის ადამიანი არ მომწონხარ, გაიარე  რა. ხო შეიძლება ვიყოთ მეგობრები? არ შეიძლება კაცის და ქალის მეგობრობაო, ამბობს. კლასელი გოგო არ გყავს, არ ემეგობრები-მეთქი. კლასი სხვააო, მაგრამ იმათთანაც არ ვმეგობრობ, ნახევარი გაბოზდაო. საზიზღარი ტიპია, დარწმუნებული ვარ იტყუება. ან თუნდაც ასე იყოს, კლასელზე ასე უნდა თქვა? მე რომ თეატრის დირექტორი ვიყო ან რეჟისორი, ამას თეატრს არ გავაკარებდი, მაგრამ სარდაფი კოკას მამას ეკუთვნის, უნივერმაღის ყოფილ დირექტორს და იჯარა რომ არ გაზარდოს იძულებული არიან როლებიც მისცენ.
თან ეს სხვანაირად ყურება რას ნიშნავს, არ ვიცი. აბა ყველას ერთნაირად ხო არ შეხედავ, ზოგის ყურება გსიამოვნებს, ზოგის არა, ასეა ყველა. ნანკას ვეუბნები, ჩემს დაქალს, ერთ სადარბაზოში ვცხოვრობთ, არ გინდა თეატრში მოდი, ფრიდონი გაგაცნო-მეთქი. ეს რომელი ფრიდონია, მულღაზანზარის მეფე, ანუ მტირალა ტარიელის და ავთანდილის ძმაკაციო, მეკითხება. არა, გეპეის თეატრიდან გადმოვიდა ჩვენთან. თან ავთანდილს და ტარიელს მტირალა ეძახე, ჯერ ლომებს და ვეფხვებს გაავლეს მუსრი, მერე ქაჯებს ნესტანი მოსტაცეს-მეთქი. არ მინდა რა შენი ჭირიმე, მტირალა სახლში ბებიაჩემიც მეყოფა, მოკლა კასანდრას დარდმაო. ყოჩაღ შენ, ანუ შუქი გაქვს-მეთქი, არა მამაჩემმა პატარა ტელევიზორი მოუტანა და აკუმულატორით უყურებსო. აბა მომიყევი რამეო. ვისზე, კასანდრაზე-მეთქი, არა გოგო რა კასანრდა, შენს ფრიდონზეო. რა მოგიყვე, ამ სამყაროში თუ ასეთები არსებობდნენ, ვერ წარმოვიდგენდი, დახვეწილი, ინტელიგენტი... მოიცაო, - მაწყვეტინებს, - შენ არ მითხარი, გეპეის სტუდენტიაო? კი-მეთქი. კარგი რა, გეპეის სტუდენტი და დახვეწილი სად გინახიაო, - იცინის. მე ვაგრძელებ, საგრიმიოროში... საგრიმიოროც გაქვთ - ნანკა მაწყვეტინებს, მაცალე რა, მე ვეუბნები, - ხო, საგრიმიოროში მაგიდაზე აუწყობელი რუბიკის კუბიკი უდევს, ლოცვასავით აქვს, რეპეტიციის წინ ჯერ ააწყობს და მერე გადის სათამაშოდ, ამას რატომ აკეთებ-მეთქი, ვეკითხები... სამუშაოდ განმაწყობსო. მერე იცი თეატრის საკუჭნაოში... საკუჭნაოც გაქვთ - ისევ მაწყვეტინებს ნანკა, მაცალე რა, ხო ვიოლინო ნახა, თავიდან ისიც ბუტაფორია მეგონა, თურმე ნამდვილია, ააწყო და შესვენებისას უკრავს. კაცი თუ ვიოლინოს უკრავდა, პირველად ვნახე. მოიცა, - ნანკა მაწყვეტინებს, შერლოკ ჰოლმსი რა კაცი არ იყო? არა, ის ხო წიგნის გმირია, ვეუბნები. იქნებ და ის შენი ფრიდონი გმირია, მეუბნება. ხო არაფერი, შენი ფრიდონიო, რომ მითხრა, თან ორჯერ, მესიამოვნა.
რეჟისორი აგვიანებს, ფრიდონს ვეუბნები, ამ რუბიკის კუბიკის ყველდღე დაშლა-აწყობა სადაური წესია-მეთქი. სამყარო რუბიკის კუბიკია, ამბობს, უფრო სწორად ადრე იყო აშლილი რუბიკის კუბიკი, მერე უფალმა მოიღო ნება კეთილი და ააწყო. მეც კუბიკის აწყობა მსოფლიო ქაოსიდან წესრიგისკენ მაბრუნებს, მეხმარებაო. აწყობა მასწავლე-მეთქი. კიო, პრობლემა არ არის, მხოლოდ დაკვირვება უნდა და რამდენიმე უბრალო კომბინაციაო, ჯერ ჯვარით უნდა დავიწყოთ, ნებისმიერი ფერი აარჩიე, თუნდაც თეთრი, იდეალური ფერია, შეგვიძლია წითელი ავარჩიოთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მაინც თეთრი ფერი სჯობია, ყველაფერია მასში, თან არც არაფერიო. მთავარია ჯერ ვაწყობთ ჯვარს და საოცარია, საპირისპირო მხარეს ჯვარითვე ვამთავრებთო. ხან ერთ მხარეს ატრიალებს კუბიკს, ხან მეორე მხარეს, თან ხელის ყველა თითი ციბრუტივით მუშაობს, თან რაღაცეებს მიხსნის, მე კი უცებ თვალწინ წარმომიდგა უფალი როგორ ზილავს თიხას და უნდა ადამი შექმნას. რამხელა მკრეხელობაა, ალბათ ჩემი ფიქრები... ვინმემ რომ გაიგოს, ცეცხლზე დამწვავენ. ის თან აწყობს, თან საუბრობს, კუბიკები მეზობლის ფერს უნდა შევუხამოთ, ამბობს. ყურს კი ესმის მაგრამ ტვინი გათიშულია, ხელებში ვუყურებ, როგორ სწრაფად მოძრაობს, ამას რა დაიმახსოვრებს, რა მრჯიდა, ახლა რომ მითხრას გაიმეორეო, მიხვდება რა დებილიც ვარ. ალბათ ვერასდროს ვერ ვისწავლი რუბიკის კუბიკია თუ რაღაც ჯანდაბა მის აწყობას. უცებ ააწყო ყველა ფერი და ხო მარტივიაო, მეკითხება. კი ძალიან-მეთქი დავეთანხმე. სვეტა გვეძახის, სიგუას ხაჭაპურები არ გინდათო. ასე არასდროს გამხარებია სვეტას ხმა. არადა აშკარად მეტყოდა, აბა სცადეო, გადავრჩი.
უშაქრო ჩაის ვსვამთ და უყველო ხაჭაპურებს ვაყოლებთ. ფრიდონის გვერდით ვზივარ, ისევ მინდა საუბარი გავაგრძელო.
- ანუ შენ ღმერთი გგონია თავი რადგან რუბიკის კუბიკს აწყობ? - ვეუბნები.
- არა, ეს რა შუაში, მე თავისუფალი ადამიანი ვარ, თა-ვის-უფა-ლი! - დამარცვლა.
- ანუ შენი თავის ღმერთი ხარ, გამოდის?
- ყველა ადამიანშია ღმერთი, უნდა დაინახო!
- ყველა ადამიანშია მზე, აცალე ანათოს! - ვამბობ მე.
- ეს ვინ თქვა? - გაკვირვებული მეკითხება დირექტორი.
- სახლიკაცია ჩემი! - ვშაყირობ მე და ფრიდონს შუმჩნევლად თვალს ვუკრავ.
- ვიცნობ მაგას, სოკრატე ქვია ხო? - ხიბლში ჩავარდნას არ მაცდის ის. თან აგრძელებს. მაგი იმასაც ამბობდა უნდა ჭამო იმისთვის რომ იცოცხლო და არა იმისთვის უნდა იცოცხლო, რომ ჭამოო.
- იცი რა, გემრიელად თუ არ ჭამე, არაფერიც არ არის ცხოვრება! ახლა აქ რომ ხაშლამა შემოიტანონ, მოთანთალე, ორთქლადენილი, მარილმოყრილი, ოდნავ ქონშეპარული ხორცით სავსე დიდი გობით და გინდაც ჩამოტარებით, რომელი იტყვის უარს? - ამ დამშეულ ხალხს ჭრილობაზე მარილს გვაყრის დირექტორი.
- უარს არავინ იტყვის, უბრალოდ ჭამაში არ არის ბედნიერება! - ამბობს ყაჩაღი მოორ.
- მართალი ხარ, ბედნიერება გემრიელად ჭამაშია! - უკან არ იხევს დირექტორი.
- შენ ხო ჭკვიანი გგონია თავი, აბა ადამიანი როგორ შეიქმნა? - ეკითხება კოკა, ჩასაფრებული.
- თავი ჭკვიანი არ მგონია, ადამიანი კი უფალმა შექმნა, დარვინი ვერანაირად ვერ იქნება მართალი, ადამიანის დნმ-ი ვირთხის დნმ-თან უფრო ახლოსაა ვიდრე მაიმუნთან. მაიმუნი მაიმუნად შეიქმნა, ადამიანი ადამიანად, ვირთხა ვირთხად!
მე რატომღაც კაციჭამია ვირთხები გამახსენდა „დათა თუთაშხიადან“, მაგრამ არაფერს ვამბობ.
- კარგი, რა რას გვაბოლებ! - ამბობს კოკა.
- ნება შენია, გინდა დაიჯერე გინდ არა! აი შენ შეგიძლია უბრალო ჭიანჭველა შექმნა?!
- არ მიცდია! - ამბობს კოკა
- მე შემიძლია, - ვამბობ უცებ, - აი, თუ ვნახე ნორმალური ადამიანი, ვისთანა გაღვიძება გამიხარდება, იმასთან შევქმნი ცხრა თვეში!
- წარმატებებს გისურვებ, - იღიმის ფრიდონი, - ოღონდ ეს იქნება ბავშვი და არა ჭიანჭველა! ადამიანს, ყველაზე გონიერ არსებას არ შეუძლია პაწაწინა ჭიანჭველა შექმნას, რომელიც ხედავს დადის, ომობს, თავის წონაზე ათჯერ მეტ ტვირთს მიათრევს ოჯახში...
- შენ კიდე რა ჭიანჭველას მიაჟინდი, რამე უფრო დასტოინი გეთქვა! - ამბობს სვეტა.
- თქვენ, ფიქრობთ ჭიანჭველა დასტოინი არ არის? - ისე გაუკვირდა თითქოს გაეროში ჭიანჭველის საკითხების მომგვარებელი ყოფილიყოს. მერე დგება და მიდის, სიგარეტი უნდა მოვწიოო, ეს კარგი იცის თუ რაიმე არ მოწონს დგება, ისე მიგატოვებს, ვითომც არაფერი. მის გარეშე ისედაც ცარიელი სუფრა ცარიელდება. მეც ვდგები, ეზოში დგას და ეწევა.
- სიგარეტი მომე! - ვეუბნები.
- არა! - თავს აქნევს.
- გენანება!
- შენ უნდა გათხოვდე, ცხრა თვეში ჭიანჭველა გააჩინო! - იცინის, - სიგარეტი ნაყოფს ვნებს!
- უსტვენ ხო იცი! ახლა მომეცი, რომ გავთხოვდები, აღარ მოვწევ!
- არა-თქო!
- გენანება?
- არა! - ამბობს უცებ და ორ ღერ სიგარეტს იღებს კოლოფიდან ხელით ფშვნის და ჰაერში ფანტავს.
- ცოტა გიჟი რომ ხარ, იცი?!
- კი!
- კარგი, მაშინ სხვა გამოვართმევ! - ვამბობ, მაგრამ არსად მივდივარ. - კუბიკის აწყობა მასწავლე რა! წეღან ვერაფერი ვერ გავიგე.
- ერთი პირობით! სიგარეტს თუ არ მოწევ!
- არ მინდა ეს პირობები, არც შენი სწავლება მინდა, ისეც ვისწავლი.
- ნება შენია! აბა სოკრატე შენი სახლიკაცია? - იღიმის უცებ.
- სკოლაში სპექტაკლს  ვდგამდით და იქედან მახსოვს!
- იცი სოკრატე სიკვდილით დასაჯეს! მოსწავლეებმა გაგაპარებთო და უარი თქვა!
- ალბათ სოკრატეც გიჟი იყო, სიცოცხლეზე უარი რატო უნდა თქვა?
- კანონის უზენაესობა არჩია!
- ნეტა მაშინ რა კანონები იყო, ახლა ნახე რა ხდება ქვეყანაში!
- ისტორია სპირალურია, სკოლაში არ გასწავლეს!
- სკოლაში ის მახსოვს, სამჯერ ვინასკვავდი თმას გაკვეთილი არ მკითხონ-მეთქი...
მოვიდა, ყველანი რეპეტიციაზე, იძახის სვეტა. რეპეტიციებს შორის შესვენებაზე სვეტას დაბადების დღე აღვნიშნეთ, მეფური სუფრა გაიშალა. სადილზე ღვინოც ჰქონდა და სოფლიდან გამოგზავნილი ამოლესილი ლობიო, ჭადები, პრასი. იუბილარის საპატივცემულოდ ფრიდონმა ვიოლინოც დაუკრა, მერე ,,My Way“ იმღერა, სვეტა ხო ნეჟნი კაროჟნაა, სულ ღაპა-ღუპით სდიოდა ცრემლები.
დღეს რეპეტიციის წინ ყვირილი მორთო, კუბიკი სად არისო... ვიღაცას აუღია, სულ აქ იდოო... არასდროს მინახავს ასე ანერვიულებული. მართლაც აუწყობელ კუბიკს ჰგავდა, აჭრელებული, აშლილი და ნერვებ მოშლილი. არ ვიცი როგორ გავბედე, მივედი, მოდი ჩაგეხუტო, მე ვიქნები შენი რუბიკის კუბიკი, ან სულაც ახალს მოგიტან, ახლა დამშვიდდი და რეპეტიციისთვის გაემზადე-მეთქი და მართლა ჩავეხუტე, ლოყა ლოყაზე მივადე, ისიც კატასავით გაიტრუნა, ერთი ეს არის კრუსუნი არ დაუწყია, - ვის აუნდა აეღოო, ჩაილაპარაკა, მაგრამ მივხვდი, როგორ დამშვიდდა. თვალში სითბო დაუბრუნდა, მართლა შენ იქნები, შენ რა აგაწყობსო, გაიცინა უცებ... სიტყვა რაც ენის წვერზე მადგა, იყო საზიზღარო, მაგრამ არანაირად არ იყო საზიზღარი და ამას ვერ ვეტყოდი...
რეპეტიციაზე მაინც დაძაბულია, არადა რამდენიმე დღეში პრემიერა გვაქვს, აფიშები გამოკრულია უკვე. რეჟისორს ეტყობოდა რომ არ მოწონდა რაღაც, მართლაც არაბუნებრივი იყო, ალბათ მე შევაჩერებდი რეპეტიციას, ცოტა ავყვირდებოდი კიდეც. რეჟისორმა დღეს საკმარისია, ხვალ რეპეტიციაზე არ დააგვიანოთო. გვერდით რომ ჩავუარე, ქეთ საქმე მაქვს, ჩემთან შემოდიო. სამგზავრო ტანსაცმელი გადავიცვი და რეჟისორის ოთახში შევედი. იმ კუბიკს თუ ჯანდაბას ვინ აიღებდაო, ფრიდონს ვეღარ ვცნობო, - მეუბნება. მე ვიცი ვინც აიღებდა, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, იმიტომ რომ არ დამინახავს-მეთქი. ოო, ვიცი ვისზეც ფიქრობო, ახლა გამოძიების თავი არა მაქვს, დღეს ან ხვალ ეს კუბიკი თუ ჯანდაბა უნდა იშოვნო და უნდა უთხრა რომ შენ ეხუმრეო, არა მაგას ვერ ვეტყვი, ვერ მოვატყუებ, რუბიკის კუბიკს კი ვიშოვნი, მგონი მეზობლის ბავშვს აქვს ან სადმე მაღაზიაში იქნებ იყოს-მეთქი. კარგიო.
სვეტა მელოდებოდა, მეტროსკენ წავედით. რა ცუდი დღე იყოო, ამბობს, კოკას აღებულია, დარწმუნებული ვარო, ნერვიულობდაო. დაინახე მეთქი, - ვეკითხები. არა, საიდანო. ჩანთით მძიმედ მოჰქონდა რაღაცა, რა არის-მეთქი ვეკითხები, ხერხი და ნაჯახი მომაქვს დირექტორს ვთხოვე, სოფლიდან შეშა გამომიგზავნეს და იმისთვის მინდაო.
ჯერ პიკის საათი არ იყო, მეტროს ვაგონში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იდგა ფეხზე. მე და სვეტა შუა ადგილას ვისხედით. დიდუბეს რომ გავცდით, ვიღაცამ ვაგონის წინა თავში დაიყვირა, აბა დროზე, ოქრო და ფულიო, მგონი სამნი იყვნენ, ერთი, ვინც იყვირა, მასთან კი კიდევ ორი იდგა, მერე ერთი იქვე დარჩა და მგზავრების ჩანთებში ქექვა დაიწყო, მეორე შუაში ჩვენს სკამთან მოვიდა, მესამე კი კურტკიანი, კოკა იყო. იმან ვერ გვიცნო და ვაგონის მეორე თავში მივიდა ხალხთან, იმანაც იყვირა, აბა დროზე ფულიო. იცანი-მეთქი, ვეუბნები. კიო, მითხრა ფერდაკარგულმა სვეტამ. ამასობაში ჩვენ სკამთან მოვიდა ბიჭი, ხელში პისტოლეტი უკავია. შევნიშნე, რომ იარაღი მხოლოდ ერთს ჰქონდა. დროზე ბეჭედი მოიძვრე, თორემ მიგახერხე თითიო, მიყვირის. ეს დედაჩემის ნაჩუქარი ბეჭედია, ესეც მასკიროვკა, მარჯვენა ხელის არათითზე ვიკეთებ, ვითომ გათხოვილი ვარ. ვერ ვიხსნი, აჰა მომაძვრე-მეთქი, ვეუბნები და ხელი გავუწოდე. იარაღი სანამ მარცხენა ხელში გადაჰქონდა უცებ სწრაფი მოძრაობით წავართვი, თან ცალი ფეხი ისე ამოვცხე, აშკარად გავიგონე კვერცხების მსხვრევის ხმა, დაახლოებით ისეთი, გლაზოკებს რომ ვაკეთებ სახლში და კვერცხებს ვამტვრევ. ბიჭმა, ვაი დედაო, - ამოიკვნესა, ჩაიკეცა და ვაგონის იატაკზე გველივით დაიკლაკნა. ვხედავ ის ორნი ჩვენსკენ მორბიან, სვეტა, ნაჯახი და ხერხი დააძრე-მეთქი, ვუყვირე. ჩვენ წინ ქალი იჯდა, ადგა და ახლა გული წამივაო, თქვა და ისევ დაჯდა. მე პისტოლეტს ორივე ხელში ვიკავებ და ხანე კოკას ვუმიზნებ ხან  მეორე ბიჭს, სვეტას ფერი დაუბრუნდა, ხერხი ვიღაც გამხდარ გოგოს მიაჩეჩა და თვითონ ნაჯახით ხელში დადგა ჩემს გვერდით ვიკინგი მეომარ ქალივით. კოკამ ახლაღა გვიცნო და ახლა იმან დაკარგა ფერი. ის მეორეც შედგა, შეიარაღებით ჩვენ ვიყავით წინ. ვინმეს თუ რამე წაართვით, დაუბრუნეთ და აქედან მოუსვით-მეთქი. არაფერი არ აგვიღიაო, მეორე ბიჭმა ამოღერღა.
ამასობაში მატარებელი გურამიშვილის სადგურს მიუახლოვდა. ამათმა ტრამვირებულ ძმაკაცს ხელი მოკიდეს, რომ გარეთ გაეყვანათ. დახრისას კოკას კურტკის ჯიბიდან რუბიკის კუბიკი ამოუვარდა, აშლილი... ისე იყო დაბნეული და შეშინებული, ისე გავიდა გარეთ იმ მეორე ბიჭთან და მესამე ნახევაბიჭთან ერთად, ვერაფერი შენიშნა.
მე კუბიკი ავიღე. სვეტამ ხერხი და ნაჯახი ისევ ჩანთაში ჩააწყო. ხალხი ზოგი შეშინებული გვიყურებდა, ზოგი აღტაცებით და მადლობას გვეუბნებოდა. ერთი მეკითხება, სპეცნაზიდან ხართო. კი-მეთქი, აბა იმას ხო არ ვეტყოდი, ყაჩაღის სატრფო რომ ვიყავი. ეტყობა იარაღები არ გყოფნით, ხერხით და ნაჯახით რომ დადიხართო, ერთმა.
სახლში რომ მივედი, ჩემს ოთახში ჩავიკეტე და კუბიკის აწყობდა დავიწყე, დედა მეძახის, საჭმელი ჭამეო, არა მშია-მეთქი. იმ კომბინაციებს ვიხსენებ რასაც ფრიდონი მაჩვენებდა: ვიწყებ თეთრი ჯვრით, თან ფერებს ვუხამებ, მერე სამფერები კუთხეებში, მერე ზედა წახნაგი და ორი ზოლი, ახლა მეორე ჯვარი და ბოლოს კომბინაციებს ვიხსენებ... მერე შუქი ჩაქრა და ლამპის შუქზე გავაგრძელე აწყობა, ალბათ ღამის საათი იქნებოდა, ყველა გვერდი დაჯდა... მგონი მეორედ დავიბადე, ხვალ როგორ გაუკვირდება?
მაგიდაზე რომ კუბიკი დახვდა, ძალიან გაუხარდა, ვინ მოიტანაო, ყველას ეკითხებოდა. ქეთიმო უთხრეს, სად იყოო მეკითხება, თან აუწყობელი იყო, ვინ ააწყოო. მე-მეთქი. შეიძლება ჩაგეხუტოო და ნებართვას არც დალოდებია ისე მიმიხუტა გულზე, თითქოს ყველა რეპეტიციის დროს არ მკლავდეს. გავბედე და დღეს ვუთხარი საყვედური. მეც არ მომწოონს ეს სცენა, არ მემეტებიო, - გაიცინა.
რეპეტიცია დაიწყო, კოკა არ იყო, მის როლს დუბლიორი თამაშობდა თემო, რომელიც თან დარაჯიცაა, ისე როლს კოკაზე ბევრად კარგად ასრულებს. ახლა მახსენდება გუშინდელი დღე, ნეტა კოკა სად არის? მე არაფერს ვიტყოდი, თვითონ თუ არ იტყოდა რამეს. ახალი დაწყებული გვქონდა რეპეტიცია, მე კულისებში ვარ, ჯერ ჩემი როლი არ არის. კარებთან რაღაც ხმაური ატყდა. კულისებიდან ვიზედები, ვხედავ ხუთი ბიჭი,  ყველანი ავტომატებით... წინ ვიღაც ნაცნობი ბიჭი მოდიოდა, ისიც ავტომატით, გამახსენდა - ის ბიჭი იყო, ვაგონში რომ გავაღვიძე. სულ უკან კოკა მოყვებათ.
- რა ხდება სიმონ, აქ? - იკითხა წინ მომავალმა და ავტომატი ისე შეათამაშა ხელში, მელიტონ ქანთარია ყოფილიყოს ვითომ რაიხსტაგზე.
- ახლავე დატოვეთ სცენა და მიბრძანდით აქედან! - თქვა რეჟისორმა.
- კოკა, ბრატ, ეს კაცი ვინ არის?
- რეჟისორია! - უთხრა ნირწამხდარმა კოკამ უხალისოდ.
- ბიძა კაცო, თქვენი სახელი?!
- გთხოვთ დატოვოთ სცენა და დატოვოთ დარბაზი!
- სახელი მითხარი, თუ არა დაგაცალე ახლა აბოიმა! არ გაატრაკა ამან!
- ნოდარი ქვია! - თქვა კოკამ.
- ხოდა, ნოდარი ბიძია, ყაჩაღებს რომ დგამთ, არ გეთაკილებათ რომ არ გვეძახით! ჩვენზე უკეთესი ყაჩაღი გეგულებათ სადმე?
- გთხოვთ დატოვოთ დარბაზი! - თქვა ისევ რეჟისორმა.
- ამან ხო ჩაიხვია რა, მოკლედ აბა სად არის ის გოგლი-მოგლს რომ გოგო ამზადებს, მეორე დღეა კაცი ვერ ავაწყვეთ!
გასაგებია შურის საძიებლად მოვიდნენ. მე ჩანთაში გუშინდელ წართმეულ პისტოლეტს ვეძებ, ისიც არ ვიცი დატენილია თუ არა, იქნებ სათამაშოცაა, თან ვუსმენ დარბაზში რა ხდება. ის ლოცვა, ღმერთო გამახსენე, მეტროში შუქი რომ მოვიდა, უცებ დავიჩოქე, ახლა მიშველე უფალო. ,,ღმერთო მილხინე მე ცოდვილს...“
- ახლა კუკუდამალობანა არ მინდა აქანა მე, სამ დათვლაში ის გოგო თუ არ იქნება სცენაზე, რეჟისორით ვიწყებ.
თქვა და ავტომატი ისროლა. სცენის იატაკზე ხმაურით ჩამოცვივდა ბათქაში. ავდექი და სცენაზე შევედი. გაკვირვებულმა შემომხედა.
- მოიცა, სადღაც მინახიხარ, მგონი! აა, გამახსენდა, მუხები გვიწყვიაო, ჰი-ჰი-ჰი, ეს რა მაგარი კულულები გქონია გოგო! - და ხელით მოუნდა თმებზე მწვდენოდა. მე თავი უკან გავწიე.
- ხელები დაიმოკლე, შე ახვარო! - იღრიალა უცებ ფრიდონმა, ამ ბიჭისკენ წამოიწია, მაგრამ სხვა ავტომატიანმა შეაჩერა.
- ბრავო, ბრავო, უნაკლო შესრულებაა! და ვითომ რატო უნდა დავიმოკლო ხელები?
- საცოლეა ჩემი და დავაი დაახვიეთ ახლა აქედან!
- ვაჰ, რა მაგარი მითხარი, ტო, არ გინდათ ჯვარი დაგწეროთ!
ვინც ფრიდონი შეაჩერა, იმ ბიჭს ანიშნა გაიწიეო და ავტომატის ჯერი მიუშვა. ლულამ თითქოს მართლაც ჯვარი გამოსახა ჰაერში.  ფრიდონი დაეცა, კოშმარული სიზმარი მეგონა ყველაფერი, ვატყობდი გონებას ვკარგავდი და სანამ თვალი დამიბნელდებოდა, ამ ბიჭისთვის თვალების ამოთხრა მინდოდა ფრჩხილებით და მისკენ წავედი, უცებ გამახსენდა, რომ ჯიბეში გუშინდელი წართმეული პისტოლეტი მედო, ამოვიღე,  იმ ბიჭს დავუმიზნე და ჩახმახს თითი გამოვკარი. სროლის ხმა არც გამიგია, ბიჭს ჯერ ავტომატი დაუვარდა და მერე თვითონ წაიქცა. მერე ვიგრძენი როგორ მომხვდა თავში რაღაც და თვალი დამიბნელდა...
... თურმე ყველანი აქ არიან, მოხუცი მოორ, კოლონსკი, ფრანციც, მოხუცი დანიელ - ოღონდ კოკა არა, კოკა დაიჭირესო, ბატონო რეჟისორო, ეს ვინ მოგიყვანიათ კარლის როლზე, ფრიდონზე უკეთ ხომ ვერავინ ითამაშებს, დებილები, დეგენარეტები, სულელები, ხმას არასოდეს გაგცემთ...
... რა გიჟებია არიან, რატო ფიქრობს ყველა, რომ გავაფრინე. რატო გგონიათ ყველას რომ ფრიდონი მოკვდა, ფრიდონი ახლა აქ არის, აი ნახეთ, როგორი სიმპატიურია, რიჩარდ ბარტონს ჰგავს... მამაო, თქვენ ხო მაინც გესმით ჩემი, ხალხს ვერ ვაგებინებ, ყველას ჰგონია რომ ეს უბრალოდ რუბიკის კუბიკია, ის ხო ჩემი ფრიდონია, იცით ცოტა მორიდებულია და სიტყვა ძუნწი, მაგრამ სამაგიეროდ ვიოლონოს უკრავს და იცით რა ტკბილად მიმღერის My Way. იცით, მამაო, მე ვიცი როგორ ავაწყო, თუ დამეშალა ჩემი ფრიდონი, პირველად ჯვარს გავაკეთებ, მერე კუთხის კუბიკებს მერე ორ ზოლს და ბოლოს ისევ ჯვარი, ჩვენ ჯვარი გვინდა დავიწეროთ. ხო დაგვწერთ ჯვარს, ანუ თქვენც უარს გვეუბნებით... თქვენ შეიძლება უარი გვითხრათ, მაგრამ ჩვენ მაინც ერთად ვიქნებით. ის მაინც გვითხარით, მამაო, შუქი როდის მოვა...
- ქეთ, საყვარელო, ნანკა ვარ!
- ნანკა...
-  ქეთ, გესმის ჩემი?!
-  ნანკა,  სად ვარ? 
- ქეთ, გესმის ჩემი, ქეთ, მიხაილოვის საავადმყოფოში ხარ, თხუთმეტი დღე გათიშული იყავი, წეღან კი ბოდავდი, რუბიკის კუბიკზე ჯვარის დაწერა მინდაო, თითქოს მამაოს ეხვეწებოდი, კიდე კარგი დედაშენი არ გისმენდა, მაგრად დამაფრთხე.
- დედა სად არის?
- დღეს მე ვმორიგეობ შენთან, დილით შევცვალე!
- ვინ მამაოს ვეხვეწებოდი ჯვარის დაწერას?
- აქ ფრიდონი იყო, მისი ხელი ხელში გეჭირა და რუბიკის კუბიკი ჩემი ფრიდონიაო, მამაოო, ეუბნებოდი! ის კი ტიროდა, ასე კაცი ცრემლებს აღვარღვარებდეს, არ მინახავს ჯერ, ტარიელი მონაგონია.
- ნანკა, როგორ თუ ფრიდონი, ფრიდონი ხო მოკვდა! ჩემი თვალით ვუყურებდი ავტომატი როგორ დააცალეს!
- არ მომკვდარა, გადარჩა. ფეხში და ხელშია დაჭრილი, ერთი კვირაა გამოწერეს საავადმყოფოდან, იმის მერე არ მოგცილებია, ყველა დღე აქ არის. ახლახან გავიდა, ცოტა ხანში მოვალო.
- მატყუებ, ნანკა?!
- არ გატყუებ, აბა რატომ უნდა მაგატყუო!
- მე რა ვიცი, გეცოდები, ისევ გონება რო არ დავკარგო ალბათ!
- არ გატყუებ-მეთქი, შენებს თეატრში როგორ ყვარებიხარ, ყოველდღე მოდიან და გეფერებიან, ეს სვეტა რა საყვარელია, მოვა და სისხლი ხო არ გინდათო, ყველა დღე გვეკითხება.
- ის ბიჭი, მე რომ ვესროლე?
- გადარჩა, მხარშია დაჭრილი, შენ რომ თავში ავტომატის კონდახი ჩაგარტყეს, სპეცნაზი შემოცვენილა დარბაზში, დირექტორს დაურეკია, მისი ძმაკაცი ყოფილა იმათი უფროსი და ყველანი აიყვანეს, კოკაც, ვერც მამამისმა უშველა.
- ნანკა, სიმართლე მითხარი რა, ფრიდონი მართლა ცოცხალია?
- უიმე, ცოცხალია-მეთქი გოგო, იცი საერთოდ ხმას არ იღებდი, ექიმებმა ჩუმად მითხრეს, დედაშენს რომ არ გაეგო, შეიძლება გონება არც დაუბრუნდეს და შეიძლება ვერც ილაპარაკოსო, იცი როდის ამოიღე ხმა, ფრიდონმა დღეს ხელი მოგკიდა ხელზე და არ გინდა ქეთ, კუბიკი მოგიტანოო, გითხრა და უცებ ბოდვა დაიწყე! რატო ტირი, ქეთ...
მოდი და ნუ ატირდები, პალატის კარებში ხელშეხვეული, ყავარჯნიანი ჩემი ფრიდონი იდგა და მიყურებდა, საღ ხელში აუწყობელი რუბიკის კუბიკით და თვალზე ცრემლით...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები